კითხულობ და გიკვირს: საქართველოსთვის გამარჯვებები მოუპოვებიათ: ჯორჯ ბუშს და ანდრო ბარნოვს, ჯონ მაკკეინს და ერეკლე კოდუას, ლეხ კაჩინსკის და ვახტანგ კიკაბიძეს, ილჰამ ალიევს და ნიაზ დიასამიძეს, ვალდას ადამკუსს და გიორგი პაპუაშვილს, დავით ბაქრაძეს, დავით ბეჟუაშვილს, კოტე კუბლაშვილს...
კითხულობ და თვალები გიჭრელდება: თურმე, საქართველოს წინაშე აღმატებული წვლილი მიუძღვით დონალდ ტრამპს და ზუმბას, აკაკი ბობოხიძეს და ვიტალი კლიჩკოს, ალექსანდრე ლუკაშნკოს და მანანა მანჯგალაძეს, ვიქტორ იანუკოვიჩს და ნიკა გვარამიას, სერჟ სარგსიანს და ზაალ უდუმაშვილს, დონალდ ტუსკს და დავით კირკიტაძეს, მეჰრიბან ალიევას და ნათია ბანძელაძეს, ისლამ ქარიმოვს და აკაკი გოგიჩაიშვილს, ირმა ნადირაშვილს, დავით კიკალიშვილს, პავლე კუბლაშვილს, შოთა მალაშხიას...
კითხულობ და თვალთ გიბნელდება: ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე და ხატია ბუნიათიშვილი არიან ქალები, რომლებსაც ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით...
ეს ის ვიტალი კლიჩკოა, პატიოსან ბრძოლაში რომ უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს და ეს ის აკაკი ბობოხიძეა, პირდაპირ ეთერში რომ შემოელახა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. ეს ის ნათია ბანძელაძეა, ტვინის შერყევა თვით პრეზიდენტის ხელით რომ მიიღო და ლოგიკურია, რომ პრეზიდენტის ხელითვე მიიღო ბრწყინვალების ორდენი; ეს ის დავით კირკიტაძეა, პარლამენტის დაცვის წარმომადგენელი რომ ცემა და შემდეგ მსაჯი რომ ცემა ფეხბურთის მატჩის დროს; ეს ის ნანუკა ჟორჟოლიანია სვანი ბიჭების ცოდვა რომ ადევს კისერზე; ეს ის აკაკი გოგიჩაიშვილია, რამდენიმე წლის წინ ლამის ცოცხლად რომ დააწვევინა საზოგადოებისთვის საპატივცემულო პიროვნება; ეს ის შოთა მალაშხიაა... შოთა მალაშხიაზე ცალკე წიგნი უნდა დაიწეროს, ფილმი უნდა მიეძღვნას, თუ როგორ მოხვდა პარლამენტში, როგორ დაინიშნა კომიტეტის თავმჯდომარედ და რა ბედი ეწია მის პარტიას, რომელიც ოდენ ქაღალდზე არსებობდა და უცებ, რაღაც ჯადოსნობით, საქვეყნოდ რომ დაიქუხა სწორედ მაშინ, ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი მშობლიური პარტიის, მოქალაქეთა კავშირის გარეშე, სულ უპარტიოდ რომ დარჩნენ.
ეს ის ერეკლე კოდუაა...
ეს ის თემურ იაკობაშვილია, ძალიან სასაცილო ამბავი რომ გადახდა...
სწორედ ის პაპუაშვილი, სწორედ ის შალვა ჯანაშვილი და სწორედ ის ეკა კვესიტაძე...
მიხეილ სააკაშვილი კაკალაშვილის პოეზიის თაყვანისმცემელი იყო, დავით-დეფი გოგიბედაშვილს კი დღემდე ეთაყვანება და ისე როგორ იქნებოდა, ერთი ორდენი მისთვისაც რომ არ გაემეტებინა. ვერ გავიგებდით, რომ არა თავად მგოსანი, რომელმაც ეს სასიხარულო ამბავი მთელ ქვეყანას ამცნო: "დღეს მაცნობეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი და ეროვნული პრემია მომანიჭა. მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მიშა, თავისუფალ საქართველოს უკვდავება და გამარჯვება ყოველთვის".
ერთი სიტყვით, ორდენებთან ერთად 60-60 ათასი ლარი გადაეცათ ერეკლე კოდუას, ლადო გურგენიძეს, კახა ბენდუქიძეს, დავით ბაქრაძეს, გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე კუბლაშვილს, დავით ბეჟუაშვილს, ზურაბ ნოღაიდელს და სხვებს, რომლებისთვისაც 60 ათასი ლარი 60 გროშის ტოლფასია, მზესუმზირის ფული, მაგრამ ეს თანხა საპროცესო შეთანხმებებიდან გროვდებოდა - ადამიანებს ჯიბეში უდებდნენ იარაღს, ნარკოტიკს და ტელევიზორის ათლარიან ჩინურ პულტს, იჭერდნენ საკუთარი ქონების ქურდობაზე, ემუქრებოდნენ ოჯახის განადგურებით, ახლობლების დაპატიმრებით, ციხეში ამოლპობით, გაუპატიურებით... და წინ უდებდნენ საკუთარი გარდაცვალების დასკვნას.
ნანა თ: „დავკარგეთ ბინა, მანქანები. სანამ ვახერხებდით იპოთეკის სარგებლის გადახდას, უამრავი თანხა ვიხადეთ, შემდეგ უკვე გასაყიდიც არაფერი დაგვრჩა. ჩემი სიძის ბინა დაიკარგა ფანასკერტელის ქუჩაზე, დავკარგე ჩემი მეუღლის ექსკავატორი „კამაცუ“, რომელიც ჩემი ოჯახის საარსებო წყარო იყო. ბინაც და ექსკავატორიც იპოთეკარმა წაიღო, ისიც საგადასახადოს ყოფილი თანამშრომელია. საგადასახადოში ნაშოვნი ფული მევახშეობის ბიზნესში ჩადო. მასაც ბევრი ყავს გამწარებული. როგორც დავაკვირდი, სამართალდამცავებს ყველაზე კარგად მეორე პროფესია, მევახშეობა აქვთ ათვისებული.
ვცხოვრობთ 11 სული ნაქირავებში, სიმწრით ვიხდით ქირას. ამავდროულად, ჩემს მეუღლეს და ჩემ ძმასაც დაემართათ სიმსივნე ძალიან მძიმე ფორმაში, ორივეს მე-4 სტადია აქვს. მატერიალური მდგომარეობა კატასტროფულად მძიმე, მორალურად“.
შოთა ჭ: „...რაიონის პროკურორის კაბინეტში დამხვდა რამდენიმე უცნობი პირი, რომლებმაც პირდაპირ განმიცხადეს: ბატონო შოთა, ორი გზა გაქვთ, ან გვეჭიდავეთ, ან თქვენი ქონება უნდა აჩუქოთ სახელმწიფოსო. წინააღმდეგ შემთხვევაში 90-იან წლებში ობიექტის არასწორ პრივატიზებაში დამდებდნენ ბრალს, მომცეს რამდენიმე დღე. შევეცადე, მეგობრული კავშირებით გადამერჩინა თავიც და ქონებაც, თუმცა რამდენიმე დღეში დამიბარა რაიონის პროკურორმა და შეწუხებულმა განმიცხადა, რომ გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მითითებით, ან იმ დღესვე უნდა დამეთმო ქონება, ანაც დამაპატიმრებდნენ და ციხეში გამიშვებდნენ.
სხვა გამოსავალი არ მქონდა და დავთანხმდი. წამიყვანეს თბილისის მერიაში, რომელიღაც კაბინეტში, სადაც შემოიყვანეს უცნობი პირი (როგორც შემდგომ გაირკვა, ქალაქის აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს თანამშრომელი, რომელმაც სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ჩემი თანდასწრებით გამოთქვა პროტესტი, ეტყობა არ იყო პირველი შემთხვევა. შემდეგ მოიყვანეს ნოტარიუსი, რომელსაც გადასცეს ჩემი პირადობა, ქონების საბუთები და დაავალეს მოემზადებინა ჩუქების ხელშეკრულება. მერიიდან არ გამომიშვეს მანამ, სანამ ხელი არ მომაწერინეს „ჩუქების“ ხელშეკრულებაზე“.
ნაზიმ ბ: „აჭარაში მომხდარი ე.წ. რევოლუციის შემდეგ, უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს ჩემი შვილი. უკანონო ბრალდებების საფუძველზე აჭარის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჩამომერთვა ჩემი საკუთრება - საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქალაქ ბათუმში, ფალიაშვილის #14-ში და გადაეცა სახელმწიფოს. ყველა ინსტანციის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჩვენი საკუთრებიდან სპეცოპერაციით გამოგვასახლეს. სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა ე.წ. მესაკუთრე სახელმწიფო ორგანო, ბოლოს კი ის გადაეცა თავდაცვის სამინისტროს და სახლში ხშირად ხედავდნენ ბაჩო ახალაიას...“
სხვის სახლში დიდი ხნიის განმავლობაში ხედავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს. ნაცებს და მათ ახლობლებს ხშირად ხედავენ სხვის ბინებში, აგარაკებზე, ოფისებში და საწარმოებში. სხვის მიწაზე დააბიჯებენ ოკუპანტები, მაგრამ სააკაშვილს და კომპანიას ეს არ ადარდებდათ და არც დღეს ადარდებთ, სამაჩაბლო და კოდორის ხეობა მათთვის მხოლოდ ქვების გროვაა, რომელიც იოლად გაცვალეს ძალაუფლებაში და რომ დაცლოდათ, იოლად გაცვლიდნენ კახეთს, იმერეთს, რაჭას, სამეგრელოს, აჭარას და სრულიად საქართველოს და თაროზე ეულად შემოდებულ კინოშედევრს, „აგვისტოს ხუთ დღეს“, გვერდს დაუმშვენებდნენ „სექტემბრის ოთხი დღე“, „ოქტომბრის სამი დღე“. „ნოემბრის ორი დღე“ და „დეკემბრის რამდენიმე საათი“.
როგორ ყიდიდნენ, როგორ გარბოდნენ
მაშინაც და დღესაც აქტუალურია კითხვა - „ვინ დაიწყო ომი?“ მოკამათეები იკვლევენ ქრონოლოგიას, თუ რომელ საათზე და რომელ წუთზე გავარდა პირველი ტყვია, სად და როდის ჩამოვარდა პირველი ჭურვი, იყო თუ არა თავდასხმა რუს სამშვიდობოებზე, რატომ გაიყვანა კოკოითმა ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობა და რატომ არ გააკეთა იგივე სააკაშვილმა მაშინ მაინც, როცა ფრონტის ხაზი ადგილობრივების კარ-მიდამოებს მიუახლოვდა.
ეს ომი არ დაწყებულა 2008 წლის არც 7 და არც 8 აგვისტოს. ეს ომი დაიწყო გაცილებით ადრე, ხოლო ჩვენი თაობის მეხსიერებაში - 90-იანების დასაწყისში. მსხვერპლი იყო ორივე მხარეს, ორივე მხრიდან იყო არაადამიანობის გამოვლინების უამრავი ფაქტი, დაზარალდა ორივე მხარე. ორივე მხარეს სხვა მხარე აქეზებდა და ამ წაქეზების კონტექსტში უნდა განვიხილოთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველივე თვეებში განხორციელებული აქცია, როცა ნაცვლად იმისა, რომ ერგნეთის ბაზრობისთვის მიეცათ ცივილიზებული ფორმა, მოექციათ გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოებში და ხელი შეეწყოთ სახალხო დიპლომატიისთვის, რის გარეშეც ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული, ამის ნაცვლად, კონტრაბანდასთან ბრძოლის საბაბით, გადაიკეტა და გადაითხარა გზები, ორივე მხრიდან ადამიანებს მოესპოთ ერთადერთი საარსებო წყარო, მოხდა გაუცხოება და, როგორც ასეთ დროს ხდება, ფაქტობრივად შერიგებული ხალხი, ისევ გადაემტერა ერთმანეთს.
არადა, კონფლიქტი უკვე დარეგულირებისკენ მიდიოდა, გუშინდელი მტრები შერიგდნენ, გაიჩინეს საერთო საქმე, იყო მისვლა-მოსვლა, ისევ იქმნებოდა შერეული ოჯახები, ქართველები ნათლავდნენ ოსებს, ოსები - ქართველებს... რეგიონი დამშვიდდა.
ოქრუაშვილ-სუხიტაშვილ-ქარელის „ანტიკონტრაბანდისტულ“ ოპერაციას შეეწირა კონფლიქტის მოგვარების იმედი, მაგრამ არ შეეწირა თავად კონტრაბანდა. კონტრაბანდა რამდენიმე ადამიანის ხელში აღმოჩნდა. უკანონოდ ისევ შემოდიოდა საქონელი, ოღონდ, ამჯერად სულ რამდენიმე ადამიანი მდიდრდებოდა.
2001 თუ 2002 წლის ზაფხულში ცხინვალში ვიყავი დაკრძალვაზე. მახსოვს, სუფრაზე თამადა ოსი ეროვნების შუახნის მამაკაცი იყო. ჯერ ოსურად ამბობდა სათქმელს, შემდეგ - ქართულად. წესით და რიგით წარმართა სუფრა, ყველა გაიხსენა, ქართველებიც და ოსებიც, ყველას მოგვეფერა, განსაკუთრებით თბილისიდან ჩასულებს, მადლობა გადაგვიხადა, რომ მაისურაძეების ოჯახს პატივი ვეცით და სამძიმარზე ჩავედით. სუფრა ქუჩაში იყო გაშლილი. მიუხედავად შეკრების სამწუხარო მიზეზისა, ყველანი ვიყავით რაღაცნაირად მშვიდები, თითქმის ბედნიერები, გვქონდა განცდა, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა. მაგრამ ყველაზე ცუდი წინ იყო, წინ იყო სააკაშვილის რეჟიმი, ომი, სისხლი, დევნილები და ის საშინელი სიტყვები - „საქართველომ დაკარგა ქვების გროვა“.
ჯერ იყო ერგნეთის ეპოპეა, შემდეგ იყო 2004 წლის ზაფხულის „სამხედრო კამპანია“, რომელიც საქართველოსთვის უაღრესად მარცხიანი გამოდგა - საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგემ დაკარგა მხოლოდ ერთიმ ებრძოლი, ხოლო საქართველომ – 16 მეომარი; იმავდროულად, ქართულ სოფელ ვანათში ოსურმა სეპარატისტულმა ფორმირებებმა უბრძოლველად ტყვედ აიყვანეს 60-მდე ქართველი მეომარი, ჩაიყვანეს ცხინვალში და ცენტრალურ მოედანზე, ტელეკამერების წინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ დააჩოქეს, რაც საქართველოსა და ქართულ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდი გახლდათ. შემდეგ - შემოვლითი გზა, ბანკები, ფინანსები, კინოთატრები და ელიტელექტრონიქსები ქართულ სოფლებში და, პარალელურად, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნა. ამ ადმინისტრაციას დაუქვემდებარეს ახალგორის რაიონიც, ქსნის ხეობა.
ერთმა მაშინდელმა მაღალჩინოსანმა (რომელმაც 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა ნაციონალური მოძრაობა) მითხრა, ლამის დაჩოქილი ვეხვეწებოდი სააკაშვილს, რომ ახალგორი მცხეთა-მთიანეთის საზღვრებში დაეტოვებინა, ვაფრთხილებდით, რომ ეს ნაბიჯი ფატალურ შედეგებს გამოიწვევდა, მაგრამ არ მოგვისმინაო. არ მოუსმენდა. იმავე პერიოდს განეკუთვნება კოდორის ხეობის გადანათვლა „ზემო აფხაზეთად“ და ამ დასახელების გაპიარება. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველაფერს გააკეთებდნენ, ოღონდ ძალაუფლება შეენარჩუნებინათ, და გააკეთეს კიდეც და ვინ იცის, კიდევ რას დათმობდნენ მომავალში - ალაზნის ველს, კოლხეთის დაბლობს, გურიის მთებს თუ მარტვილის კანიონს.
ერგნეთით დაიწყო, სროლები მიაყოლა, რეზერვისტებით განაგრძო და „კოკოითი ფანდარასტით“ შეფუთა.
„კოკოითი, ფანდარასტ!“ («Кокойты, фæндараст!») ოსური და ქართული საზოგადოებრივი მოძრაობა 2007-2008 წლებში, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ. (სიტყვა „фæндараст“ ოსურიდანითარგმნებაროგორც ”მშვიდობით”, ”გზადამილოცნია”, ”წადიმშვიდობით”). ასევემოძრაობისერთ-ერთიმიზანიიყო საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისაღდგენა“, - ვკითხულობთ ქართულ ვიკიპედიაში. ვინ ჩაწერა და ვისი დავალებით - ეს ახსნას არ საჭიროებს, ისედაც გასაგებია.
„მუსიკალური ნაწარმოებიც“ კი შეიქმნა და კლიპიც გადაიღეს ამავე სახელწოდებით, შექმნეს ტელეკომპანია „ალანია“, მსუყედ ფინანსდებოდა დროებითი ადმინისტრაცია და, რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს რეზერვი და რეზერვისტები, წყალში თუ ვიღაცის ჯიბეში გადაყრილი მილიონები, ათეულობით მილიონი და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა დაეკარგა „ქვების გროვა, ხოლო საქართველოს - ძირძველი ტერიტორიების 20 პროცენტი, სამაჩაბლოელებს და კოდორელებს - სახლ-კარი, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები... სააკაშვილს, კოდუებს, ახალაიებს და გაბაშვილებს უნდა შეენარჩუნებინა და განემტკიცებინათ ძალაუფლება და შემდეგ დევნილებისთვის უნდა დაემადლებინათ, ნახეთ, რა ლამაზი სახლები აგიშენეთო.
თავად აგვისტოს ხუთდღიან ომზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა. ყველამ იცის, რომ სამხედრო ოპერაციებს გეგმავდნენ და წარმართავდნენ გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვები. გავა დრო და ისინი გიორგი ანწუხელიძეს და შინდისის გმირებს ამოეფარებიან, ხოლო გენერალი გოგავა ომში დამარცხების მიზეზების ჩამოთვლისას იტყვის: „ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ჯარისკაცებს მობილური ტელეფონებით სარგებლობა არ ავუკრძალეთ“.
აი, რას წერს გენერალი გიორგი ყარყარაშვილი: „ნათელია ის, რომ ცეცხლის ინტენსივობის ზრდის პირობებში რატომღაც არავინ ფიქრობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე. უპასუხისმგებლოდ უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, რომ მათ გააჩნდათ ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ და ამის მიუხედავად, არ მოხდა ქართველი მოსახლეობის ევაკუაცია.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში ყოფნისას გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად, არ შეკრიბა უშიშროების საბჭო და არ დაელოდა მის გადაწყვეტილებას. მან ჯიუტად გაიმეორა წინამორბედის მიერ 1992 წელს დაშვებული შეცდომები. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო რისხვითა და ბრაზით. სამწუხაროდ, ომისა და მშვიდობის საკითხებს საღი გონება და პასუხისმგებლობი სგრძნობა კი არ წყვეტდა, არამედ სიფიცხე და გახევება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში არ აღმოჩნდა არც ერთი ინსტიტუტი, არც პარლამენტი, არც მთავრობა, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ასეთ გადაწყვეტილებას. არც ერთ მინისტრს, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანს გამბედაობა და ვაჟკაცობა არ ეყო პრეზიდენტს წინ აღდგომოდა. ქვეყნისათვის ასეთ საპასუხისმგებლო დროს არ სრულდებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ქმედებათა თანმიმდევრობა, არ ჩატარებულა უშიშროების საბჭოს სხდომა.
7 აგვისტოს, საღამოს 19 საათზე კონფლიქტის ზონაში თავად გავემგზავრე, ვიმყოფებოდი ნიქოზში, ერედვში, ერგნეთში, თამარაშენის შემოვლით გზასთან, სადაც სამხედროებს და ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრე. მაინტერესებდა, რუსეთის 58-ე არმიის შესაძლო შემოჭრასა და კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია ჰქონდათ ერედვში მყოფ ოფიცრებს, ნიქოზის მოსახლეობას და დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პასუხი, რომელიც ცხინვალიდან გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამ ინფორმაციით, პუტინს კოკოითისთვის შემოუთვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო.
პრეზიდენტმა საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა: „მე ვუბრძანე საარტილერიო ცეცხლის გახსნა ცხინვალზე“. პრეზიდენტის ეს ბრძანება საბედისწერო აღმოჩნდა, ვინაიდან ცხინვალში კვლავ რჩებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი (თუმცა, მოსახლეობის უმეტესობა გაყვანილი იყო).
საწყისი წუთებიდანვე ჩანს, რომ სამხედრო ნაწილებს სავარაუდო მოწინააღმდეგედ ოსური შეიარაღებული ფორმირებები განესაზღვრათ და მათ ქმედებებს აღნიშნული სოფლების დაკავებისას არაფერი საერთო არ ჰქონდა აგრესიის მოგერიებასთან. ქართული მხარე ორჭოსანის და წინაგარას დაკავებაზე აკეთებდა განცხადებებს, მაშინ როცა აღნიშნული სოფლები იგოეთი-გორის ტრასის გზის პირიდან მე-12 კმ-ზე მდებარეობს, ხოლო რაც შეეხება დმენისს და ზნაურს, ჩვენი ინფორმაციით, იგი საერთოდ დაკავებული არ ყოფილა მაშინ, როცა ამის შესახებ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა. განცვიფრებას იწვევს, რა ჰქონდა საერთო აგრესიის მოგერიებასთან იგოეთი-გორის ტრასასთან ახლომდებარე სოფლების დაკავებას და რატომ მიიჩნევდა ამას წარმატებად ქართული მხარე!
8 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 03:00 საათზე განთავსდა სეპარატისტთა იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის არმიის კოლონები როკის გვირაბიდან გამოდიან და ჯავისკენ მოემართებიან. ე.ი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებული ინფორმაცია გააჩნდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი ნამდვილად ერეოდა სამხედრო კონფლიქტში და არამც და არამც არ დაუშვებდა საქართველოს პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ომის სავარაუდო ხასიათის გამოსაცნობად წესით გონება უნდა გახსნოდა და სამხედრო ნაწილებისთვის მომავალი სამოქმედო გეგმა დაესახა სწორედ აგრესიის შესაკავებლად, მაგრამ ჩანს, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას ორჭოსანის, წინაგარას და ზნაურის რაიონის სოფლების დაკავებით გამოწვეულმა სიხარულმა გონება დაუხშო... ცხინვალზე შეტევის დაგეგმვა არაფრით პასუხობდა აგრესიის შეკავების ამოცანას“.
„ცხინვალზე შეტევის დაგეგმვა არაფრით პასუხობდა აგრესიის შეკავებისამოცანას“... რა თქმა უნდა, მაგრამ არც არავის უკვირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვლავ და კვლავ ვკითხულობთ სააკაშვილის ამ სიტყვებს: “2008 წლის ივლისის ბოლოს იტალიაში, ერთ-ერთ სანატორიუმში ვისვენებდი და ტელევიზიით მოვისმინე რუსეთის სახმელეთო ჯარის ხელმძღვანელის განცხადება, რომ საქართველო რუსეთთან ომის დაწყებას ოლიმპიური თამაშების დაწყების დღეს აპირებდა. გადავურეკე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩემს მეგობარ გიგა ბოკერიას, რომელიც სარდინიაში ისვენებდა. ვკითხე “საქართველოში რამე ხდება?” არაფერიო, – მიპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრს შევეხმიანე, მანაც დამიდასტურა, ქვეყანაში არაფერი ხდებაო, თავდაცვის მინისტრმა კი მომახსენა: ყველა ოფიცერი შვებულებაში გავუშვითო. წარმოიდგინეთ: ვისვენებ იტალიაში, ბევრი მინისტრიც არ არის ქვეყანაში, ოფიცრების დიდი ნაწილი შვებულებაშია, ამ დროს შავი ზღვის ფლოტი ტოვებს ყირიმს, ჩრდილოეთ კავკასიაში პილოტების მობილიზაციას და ცხინვალის მოსახლეობის ევაკუციას აცხადებენ, ჩვენს საიტებს ბლოკავენ...”
მოკლედ, 8 აგვისტომდე ყველანი ისვენებდნენ - ირუჯებოდნენ სარდინიაში, თევზაობდნენ კარიბის ზღვაში, თამაშობდნენ მონტე-კარლოში და თვალყურს ადევნებდნენ, როგორ ახლოვდებოდა კატასტროფა. კატასტროფის დღეებში კი, ოფიციალური ინფორმაციით...
გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;
დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;
კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს;
კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;
გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოს;
ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;
ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;
რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს, 16:00 საათზე;
ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;
გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;
გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;
ნინო ენუქიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს;
მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 12 აგვისტოს, 00.02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა; დაბრუნდა 12 აგვისტოს, შუადღისას.
ამ დროს კი, სანამ ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები ერთმანეთს გაქცევას ასწრებდნენ, აგვისტოს თაკარა მზეზე უპატრონოდ ეყარა ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრები.
(გაგრძელება იქნება)
ეს მგონი არა ყავს მედლით დაჯილდოვებული
ეს ნახევარი ფარააა
..
ვააააა ............................... ამ ნაც ქალებს ყველაფერი ლუქსზე კიდიათ, ოღონდ თავისი გაისწორონ