26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და აშშ-ის ელჩის შეხვედრა გაიმართება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უკვე დაუკავშირდა ამერიკის ელჩს და შეხვედრის თაობაზე მზაობა გამოთქვა, რაზეც რობინ დანიგანისგან თანხმობაც მიიღო. როგორც ივანიშვილი აცხადებს, გუნდისთვის ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული და იმედი აქვს, რომ ომის დასრულების პარალელურად, ორი ქვეყანა აუცილებლად მოახერხებს უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შეცვალონ უფრო პოზიტიურად.
ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი. მისი თქმით, ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შეერთებოდა, რაზეც კაბინეტებში ძალიან დიდი ზეწოლა იყო.
„მინდა გავიხსენო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაყოლი, როდესაც მასთან ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა: კი, მაგრამ, როგორ წარმოგიდენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია, რომ ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? - 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუპავთო? - თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო. შემდეგ შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთო და ჩვენ დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. ეს იყო რეალობა. ამ ყველაფერმა გამოიწვია გუნდში ეს გადაწყვეტილება. გუნდი გამყარდა, გამკაცრდა, გააგრესიულდა. გუნდმა უფრო ადრე იცოდა ეს ყველაფერი, ვიდრე საზოგადოებამ. საქართველოს ამზადებდნენ ომისთვის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს ომისთვის კი აშშ ამზადებდა. ცნობილი შეხვედრა, რომელზეც პარტიის საპატიო თავმჯდომარე აცხადებს, მთავრობის კანცელარიაში მოხდა, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო კაბინეტში. for.ge სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ირაკლი ღარიბაშივილის პრემიერობის დროს, ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კელი დაგნანმა საელჩოს სპეცრაზმელებთან ერთად, პირდაპირ რომ ვთქვათ, კაბინეტში ჩაკეტა პრემიერი და მოითხოვდა მისგან, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, რომ ცა გაეხსნათ ქართველი მებრძოლებისთვის.
პარალელურ რეჟიმში, იგივე სცენარით აიძულებდნენ თავდაცვის მაშინდელ მინისტრს ომში სამხედროების გაგზავნას, იგივე ხდებოდა ვეტერანთა დეპარტამენტშიც. მას შემდეგ, რაც საქართველოსგან მტკიცე უარი მიიღეს, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის დაპირისპირება, რაც გამოხატებოდა ე.წ. სანქციებით, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციებით და რადიკალების დაფინანსებით. საბოლოო ჯამში, აშშ საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებდა და პირდაპირი ტქსტით ეუბნებოდა, რომ თუ მეორე ფრონტის ხაზს არ გახსნიდა, ამერიკა უზრუნველყოფდა საქართველოში სახელწმიფო გადატრიალებას.
ამერიკული მუქარის კვალდაკვალ ოპერატიულად მუშაობდა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურიც. for.ge-ს ინფორმაციით, სწორედ სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის აშშ-ში ვიზიტს უკავშირდება ბოლო დროს ამერიკის საელჩოს შეცვლილი პოზიცია. შეგახსენებთ რობინ დანიგანის ბოლო ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. როგორც აშშ-ის ელჩი აცხადებს, ამერიკა არ ირჩევს, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. ამერიკელი დიპლომატი საქართველოს მთავრობასთან ღია და კონსტრუქციული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აშშ-ს სურს, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა.
აშკარაა, რომ რიტორიკა შეიცვალა და აშშ უკვე ძველებურად აგრესიული არ არის. ეს კი, ლოგიკურად რაღაცაზე მიუთითებს. ცხადია პირველი წყაროს ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ვრცელდება რამდენიმე ვერსია - ამერიკის და საქართველოს ხელისუფლებას შორის მოხდა შეთანხმება გარკვეულ კონფიგურაციაზე, რის სანაცვლოდაც აშშ-მა რევოლუციის პროცესი შეაჩერა. მეორე ვერსიით, ევროკავშირმა და აშშ-მა როლები გაიყვეს. ევროკავშირი იქნება სასტიკი და აგრესიული საქართველოს მიმართ, აშშ კი ირჩევს როლს, რომელიც კრიზისების დროს დაიტოვებს საუბრის საშუალებას.
შეცვლილი რიტორიკის მიზეზად აშშ-ში სუს-ის ხელმძღვანელის ვიზიტს ასახელებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა, რომლის განცხადებით, სულ რაღაც ერთი თვის წინ ლილუაშვილი იყო აშშ-ში, სადაც, სავარაუდოდ, შეხვდა გადაწყვეტილების მიმღებ ხალხს, თავის კოლეგებსაც და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებსაც აუხსნა რეალური სიტუაცია, რაც არის მიწაზე.
„ანუ, უნდა ვთქვათ, რომ ქართული უშიშროება საკამოდ მაღალ დონეზეა, ტექნიკური საშუალებებითაც და პროფესიონალურადაც, ეს ეტყობა სიტუაციასაც. ეს ოპოზიცია ვერაფერს ვერ აკეთებს ისეთს, რომელიც სურპრიზი შეიძლება იყოს სპეცსამსახურებისთვის. ხანდახან არის ლაფსუსები, მაგრამ ძირითადად ქვეყანაში კონსტიტუციური რეჟიმი, სტაბილურობა არსებობს. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქართველოს უშიშროებამ ამერიკელებს წარუდგინა რეალური სურათი, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ გადატრიალების მოწყობით და რეჟიმის ძალადობრივი გზით ცვლილების, როგორც ეს გააკეთეს 2003 წელს საქართველოში, შემდეგ უკრაინაში, სერბეთში, არაბული გაზაფხული და თუ ამ გზით წავლენ, ანუ დამხობის გზით, ეს საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს პირდაპირ მიდევნიან რუსეთისაკენ. ამ ვიზიტის შედეგად კონკრეტული განცხადებები მაშინ არ გაკეთებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სურათი გააანალიზეს, დარწმუნდნენ, რომ მათ არაფრის საშუალება არ აქვთ. აცალეს ამ თავის აგენტურა პარტიებს, რომ ემუშავათ პოლიტიკურ ველზე ქართველ ამომრჩეველთან.
ამერიკელები რეგულარულად აკეთებენ სოციალურ გაზომვებს, მაჯაზე თითი უდევთ, შესაბამისად, ნახეს, რომ არანაირი შანსი მათ დაქირავებულ ხალხს არ აქვთ, არჩევნებს ეგენი ვერ მოიგებენ, პლუს ამას ვერც გადატრიალებას ვერ აკეთებენ. აშშ დადგა დილემის წინაშე - თუ არჩევნებს ვერ ვაგებინებთ ჩვენს დაქირავებულ ქართველ პოლიტიკოსებს, უმჯობესია შევცვალოთ პოზიცია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ელჩის შეცვლილი განცხადებები უკავშირდება სწორედ ლილუაშვილის ვიზიტს აშშ-ში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ რეალურად არც აპირებდნენ სერიოზულ შეტევას, თამაშობდნენ აღშფოთებას, რომ შევეშინებინეთ. მისი თქმით, ამას აფიქრებინებს სანქციების ბლეფი.
„თუ შეგვაშინებდნენ, მოიყვანდნენ მიშას. თუ ვერ შეგვაშინებდნენ, ითანამშრომლებდნენ როგორც თავნება ქვეყანასთან. ამ ვარიანტების ფონზე ბევრი არხის, მათ შორის ლილუაშვილის საშუალებით, ამერიკელები დაბომბეს ვერსიით, რომ რევოლუციის იმპორტი ვერ მოხდება. ამას ვფიქრობ იმიტომ, რომ თუ რამე აიკვიატეს, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო ამერიკის გადასარწმუნებლად.
ახლაც, აშშ დარბილდა, მაგრამ ევროპა ისევ ისტერიკაშია. შეიძლება, მართლაც გაიყვეს როლები, რომ მიწოლა ევროპამ გააგრძელოს, ცდა ბედის მონახევრეაო. ასევე, გამოსაფხიზლებელი შხაპიც იყო - ბრიკსის გაჩენა და იქ კავკასიის ქვეყნების შესვლა „მეგობრებისგან“ გადასარჩენად. საქართველოს დაკარგვით კავკასიას დაკარგავენ და ამან დააფრთხო ზოგიერთები. იმედია, ფრთხილად იქნებიან ბოლომდე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
თორემ, გახარია, როგორც პოლიტიკოსი, არავისთვისაა საშიში.