„თუ სხვა ადამიანურ რესურს პოულობს რუსეთი, რატომაც არა?! თანაც ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მას ძვირი არ დაუჯდება, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ძვირი არ დაუჯდება, რაც საკუთარი ჯარისკაცები უჯდება“, - ასე შეაფასა სამხედრო ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა ნოემბრიდან შესაძლოა ბრძოლებში 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჩართოს.
აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატები უკვე გამოეხმაურა. როგორც აშშ-ის თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, შონ სავეტმა განაცხადა, თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროებს გააგზავნის, ეს რუსეთის სასოწარკვეთაზე იმეტყველებს. სავეტის თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთში შეუერთდება, აშშ კონსულტაციებს გამართავს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან „ასეთი დრამატული ნაბიჯის“ შედეგებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი ასევე „იმეტყველებს რუსეთს მზარდ სასოწარკვეთაზე, ვინაიდან მას უკიდურესად დიდი დანაკარგები აქვს ბრძოლის ველზე უკრაინის წინააღმდეგ თავის სასტიკ ომში“.
- ჩვენ, ზოგადად, უნდა მოვისმინით ყველას შეფასება, რაც კეთდება ყველა მხრიდან, მაგრამ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ომს ყოველთვის ახლავს საინფორმაციო ომი და პოლიტიკური შეფასებები არის ამ საინფორმაციო ომის ნაწილი. შესაბამისად, ნებისმიერი მხარე, ეს იქნება უკრაინა და მისი პარტნიორები თუ რუსეთი, განცხადებებს აკეთებენ საკუთარი თავის სასარგებლოდ.
რუსეთს სჭირდება ადამიანური რესურსი, თუ რუსეთი ცდილობს ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს მიაღებინოს საბრძოლო გამოცდიელება და ეს შეიძლება იყოს თვითონ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სურვილი?! რისთვის შეიძლება ამზადებდეს რუსეთი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურებს?! - ეს ცალკე საფიქრალია. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რუსეთს სჭირდებოდეს დამატებითი ადამიანური რესურსები. რუსეთის ციფრებიც რომ ავიღოთ, საკმაოდ მაღალი დანაკარგები აქვს რუსეთს და, რა თქმა უნდა, არის იმის სურვილი, რომ სხვა ქვეყნის ადამიანური რესურსები გამოიყენოს.
რომ დავუშვათ ის ვერსია, რომ რუსეთს უჭირს და ამ რთულ პერიოდში დაიხმარა ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები, უკრაინამაც ხომ უნდა მოახერხოს დამატებითი რუსერსების მობილიზება, როგორც ადამიანური, ასევე შეიარაღების და ტექნიკის მხრივ. მასშტაბურ დახმარებას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. დაველოდოთ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს, ვინ გაიმარჯვებს, რა პოლიტიკა ექნება და ა.შ. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ და იკავებს სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას და არის საშიშრობა იმის, რომ ფრონტი ჩამოიშალოს.
თუ სხვა ადამიანურ რესურს პოულობს რუსეთი, რატომაც არა?! თანაც ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები მას ძვირი არ დაუჯდება, ყოველ შემთხვევაში, იმაზე ძვირი არ დაუჯდება, რაც საკუთარი ჯარისკაცები უჯდება.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რისთვის ამზადებს რუსეთი ჩრდილოეთ კორეის სამხრედრო ჯარს?
- ყურადსაღებია რისთვის ხდება ჩრდილოეთ კორეის ჯარისთვის საბრძოლო გამოცდილების მიღება. უმჯობესია ამაზე გააკოთეონ აქცენტი, ვიდრე იმაზე, რუსეთის ომს აგებს თუ არა. ვხედავთ საკმაოდ დაძაბულ ვითარებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საზღვარზე ააფეთქა ხიდები და გზები სამხრეთ კორეასთან და პარალალურად, ვხედავთ ამ ინფორმაციას ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის გადმოსროოლასთან დაკავშირებით. ეს ორი ფაქტი მიანიშნებს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ცდილობს საკუთარ ჯარს მიაღებინოს საბრძოლო გამოცდილება საკმაოდ მასშტაბურ და მაღალტექნოლოგიური ომის პირობებში, რასაც ჩვენ უკრაინაში ვადევნებთ თვალს.
ისეთი რაოდენობის დაჯგუფებაა უკრაინის ტერიტორიაზე ორივე მხრიდან, 10 ათასი კაცი გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ამ 10 ათასს მოჰყვეს კიდევ ბევრი 10 ათასი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რადგან ერთდროულად 200 ათასიანი ჯარისკაცის გამოგზავნას აზრი არ აქვს, რადგან მათ სჭირდებათ მომზადება, ეკიპირება და ა.შ.
აშშ-ს განცხადებიდან გამომდინარე, შესაძლოა თუ არა ვიფიქროთ, რომ რუსეთი მართლაც სასოწარკვეთილია და აგებს ამ ომს უკრაინასთან?
- ეს ყველაფერი უნდა შევაფასოთ ორ განზომილებაში: ერთი არის ის, რაც უშაულოდ ბრძოლის ველზე ხდება და მეორე არის რუსეთის რესურსები და შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენად დააწვება ეს რუსეთის ეკონომიკას და რა ზემოქმედებას მოახდენს მასზე. ვხედავთ, რომ რუსეთის ეკონომიკა იზრდება, რადგან მთალიანად გადასულია სამხედრო რელსებზე, ამასთან, რუსეთმა მოახერხა ენერგო მატარებლების ბაზრების ჩანაცვლება, იმ მოცულობით ვერა, რაც ადრე იყო, თუმცა, ბიუჯეტის შევსებას ახერხებს. ეს სანქციები და ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე, რასაც დასავლეთი ახორციელებს, შესაძლოა, აღმოჩნდეს ეფექტიანი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა დღესდღეობით რუსეთი ამას უძლებს.
დასავლეთი იმ მოცულოთ, რაც საჭიროა, რომ უკრაინას მეტი წარმატება ჰქონდეს, არ ან ვერ ეხმარება. თუ შევადარებთ ძალთა ბალანსს - რუსეთი და ნატო - რა თქმა უნდა, ნატო-ს ნებისმიერი სახის ტექნიკა დიდი რაოდენობით გააჩნია, ამ მხრივ, რუსეთს დასავლეთთან მიმართებაში უპირატესობა არ აქვს, მაგრამ რატომ არ ან ვერ გადასცა მან უკრაინას მეტი შეიარაღება, უცნობია.
გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ნატო-ს წევრი გახდებიან. რამდენად არის ეს შესაძლებელი?
- რადგანაც საჭირო რაოდენობით დახმარება ვერ მიიღო უკრაინამ, ამიტომ მივიდა ამ დასკვნამდე ზელენსკი და მისი შტაბი, მაშინ რაღაც სხვა სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ რუსეთის აგრესია შეაჩეროს. როცა ვერ იღებს შეიარაღებას და ტექნიკას, წავა სხვა გზით.
ზელენსკის შემდეგ მისი განცხადების კორექტირება მოუწია, რადგან ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ქვეყანა გახდეს ბირთვული, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების კლუბი ამას არ მიესალმება. მაშინ სხვასაც გაუჩნდება იგივე ამბიცია. ოდესმე დასრულდება ეს ომი და აღმოჩნდება, რომ უკრაინას ბირთვული იარაღი აქვს და მის მეზობელ ქვეყნებს არ აქვთ, რუსეთის გარდა. დასავლეთში ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ ასევე, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ იყოს ნატო-რუსეთის ომი. ნატო ხვალ შეიძლება ჩაებას ამ ომში, მაგრამ დღეს ეს არ სურს. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მძიმე შედეგები დადგეს.