„მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა“

„მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა“

11-12 თებერვალს დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რათა საქართველოში უმაღლეს დონეზე მოხდეს, რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში, სამხედრო-პოლიტიკური თემების, ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხების განხილვა. ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის 170-ე შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ცნობილი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გახდა. გენერალური შტაბის უფროსის რანგში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალ კნუტ ბარტელსს პირველად შეხვდა. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში, სადაც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე წარუდგინოს რეკომენდაციები და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მისცეს მითითებები. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოში წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი მნიშვნელოვანია და აქვე აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ჰქონდეს მკაფიო სტრატეგია ნატოში ინტეგრაციის კუთხით პროგრესის მისაღწევად.

დავით სიხარულიძემ for.ge-ს კითხვებს უპასუხა.

ნატოს სამხედრო კომიტეტი განიხილას სხდომის საქართველოში ჩატარების საკითხს, რამდენად მნიშვნელოვანია და რა პოზიტიური შედეგები შეიძლება ქვეყანამ მიიღოს?

დავით სიხარულიძე: ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვემზადებით ნატოს სამიტისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნატოს სამიტისთვის ხელშესახები და ფუნდამენტური პროგრესი იყოს საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე.

მაგალითად, ექსეპრტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ნატოს მხრიდან უნდა იყოს მკაფიო განცხადება გაკეთებული, სადაც ჩამოყალიბდება მათი პოზიცოა საქართველოს მიმართ, როდის მოხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება...

- გაწევრიანების კონკრეტულ თარიღზე და ამ თემებზე გადაწყვეტილებას იღებს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ბუქარესტის დასკვნითი კომუნიკე, სადაც პირდაპირ არის მინიშნებული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, როგორ ვაპირებთ ნატოში გაწევრიანებას და როგორ მივხვდეთ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ჩვენს მიზანთან, ნატოში გაწევრიანებასთან და ასევე, ყოველ წელიწადს მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმა. მაგალითად, წელს ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მივაღწევთ ნატოს სამიტამდე, რა მნიშნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, როგორ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან. კონკრეტულ ვადებზე საუბრისგან თავს შევიკავებდი, ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა გვაქვს იმისათვის, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ნატოს მომდევო სამიტისთვის.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება ნატოს სამიტი და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს 2014 წელი საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის კუთხით პროგრესის მისაღწევად. აქ შეფასებული იქნება საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის, ასევე სხვა მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია როგორც მთლიანი ერთიანი სტრატეგიული ხედვა, ანუ ჩვენი ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკისა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, ასევე კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს ხანში უნდა განხორციელდეს სამიტამდე. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ბევრი სამუშაო აქვს საქართველოს.

11-12 თებერვალს დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის კუთხით?

- ნატოს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით უკვე ორჯერ ჩატარდა ნატოს მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა. ახლა ჩამოდის ნატოს სამხედრო კომიტეტი, ყველა ასეთი ტიპის ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ამ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას, შემდეგომ ეს ვითარება წაიღონ ბრიუსელში და ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად განიხილონ. სწორედ, ეს არის ის ფორმა რა ფორმითაც მუშაობს ნატო. ინტეგრაციის გზაზე ასეთი სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს დაახლოებას და, საბოლოო ჯამში, ნატოში გაწვერიანებას.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, გენერალ-მაიორი კაპანაძის ვიზიტი და შეხვდერები ბრიუსელში ადასტურებს თუ არა, რომ საქართველო მიუახლოვდა ნატოს?

- თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩამოდის სამხედრო კომიტეტი და ზოგადად, ასეთი სახის აქტივობები, რა თქმა უნდა, პოზიტიურია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის.

უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ მიიღოს მაპი?

- ვარაუდებისგან თავს შევიკავებ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს მაპი, ან უკეთ რომ ვთქვათ, ხელშესახები მკაფიო პროგრესი გააკეთოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება იმას, რა ფორმა იქნება, ჩემი მოსაზრებაა და ვფიქრობ, რომ მაპი იქნება კარგი დამატებითი ინსტრუმენტი საქართველოში ერთი მხრივ, ნატოში ინტეგრაციის ხელშესაწყობად, მეორე მხრივ სისტემატიზაციისთვის იმ რეფორმებისა, რომელიც საქართვლოში უნდა გატარდეს ნატოში შესასვლელად.