„პოლიტიკური ბრძოლისთვის კასრების საქმეების გამომზიურება აუცილებელია“

„პოლიტიკური ბრძოლისთვის კასრების საქმეების გამომზიურება აუცილებელია“

პერიოდულად, როცა ნაცები აგრესიული რიტორიკიდან აგრესიულ ქმედებებზე გადადიან, მათი რეჟიმის მიერ დაზარალებული ადამიანები ნაცების მოთოკვის რეცეპტს სთავაზობენ ხელისუფლებას - აჩვენონ სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი საშინელი კადრები და გაუთვითცნობიერებელ ახალგაზრდობას დაანახონ მათი ნამდვილი სახე.

მართალია, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამ საშინელ კადრებს გაანადგურებდა და თავის დროზე ღარიბაშვილმაც დემონსტრაციულად გაანადგურა ეს ფაილები, მაგრამ საზოგადოებაში მაინც არის ეჭვი, რომ ამ მამხილებელ მასალებს არც ერთი გონიერი ხელისუფლება არ მოიშირებდა და მათი ეგზემპლარები სადღაც იქნება შენახული.

სულ ბოლოს ამ კადრების გასაჯაროების ინიციატივით მუხროვანის ამბოხის შემდეგ მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი გამოვიდა. მან მოუწოდა ახალგაზრდებს, ნუ წამოეგებიან იმ ანკესს, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები უგდებენ ევროპის სახით. ეს არ არის ის ევროპა და ამერიკა, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობაში იყო. ევროპა და ამერიკა ამ კაცთმოძულე, ადამიანისმოძულე კაცის მკვლელებს დემოკრატიის შუქურას უწოდებდა, აქ, როდესაც სისხლის კალოს ატრიალებდნენ. ისინი შეეხნენ თითოეულ ოჯახს, თითოეული ოჯახი გაამწარეს და არავინ დატოვეს ისე.

ლია კრიალაშვილმა ხელისუფლებასაც მოუწოდა, აუხსნან ახალგაზრდებს, აჩვენონ ის კადრები, რაც ნახეს იმ კადრებში, რაც ხდებოდა იმ ავადსახსენებელ წლებში და შეიგნონ ამ ახალგაზრდებმა, ნუ გახდებიან მსხვერპლნი.

მეცოდებიან ის ახალგაზრდები და ის ადამიანები, ვინც დღეს ნაციონალებს და მათ სატელიტებს მხარში დაუდგებიან და ხმას მისცემენ. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა, ვისი მოსვლა უნდათ ხელისუფლებაში. მართალია, ისინი ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდებიან, ნაციონალური მოძრაობა ყველამ აღიარა, რომ დამნაშავე პარტიაა და ის უნდა ამოიძირკვოს და გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, მაგრამ არა მარტო პარტია, არამედ მისი თითოეული წევრი უნდა გასამართდეს, რომელიც მაშინ მოქმედი იყო და ამ სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩადიოდა, - აცხადებს ლია კრიალაშვილი.

უნდა აჩვენოს თუ არა ხელისუფლებამ ე.წ. კასრების საქმეები დელიკატურად, რომ დაზარალებული ადამიანების ღირსება არ შეილახოს?!

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კასრებში აღმოჩენილი ჩანაწერები თავადაც ნანახი აქვს, რადგან ჟურნალისტებთან ერთად ექსპერტების რაღაც ჯგუფებიც დაპატიჟეს მათ სანახავად, იქვე რამდენიმე არასამთავრობომ პროტესტი გამოაცხადა და დატოვა დარბაზი, რადგან ჩანს მოქმედი პირიო, დაიწყეს კამპანია, ეს მასალები უნდა განადგურდეს, რათა არ შეილახოს იმ ადამიანების პირადი ღირსება, ვინც ასახულია კადრებშიო. მართლაც, რამდენიმე ხნის შემდეგ გამოცხადდა, რომ განადგურებულია ეს კადრები, ოღონდ ის მასალები, რამაც შეიძლება გამოძიების პროცესში ითამაშოს გარკვეული როლი, შენახულია. ღარიბაშვილი იყო იმ დროს მინისტრი და ის კურირებდა ამ საქმეს.

არის თუ არა ეს კადრები გამოსატანი სააშკარაოზე, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ბევრი ასპექტი აქვს ამ საკითხს.

მოგეხსენებათ, თავის დროზე შევარდნაძესთან ვმუშაობდი, ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით იყო საუბარი და მაშინ ვთქვი, გახსნან ეს არქივები და გავიგოთ, ვინ ვინ არის-თქო. ამომხედა შევარდნაძემ, ბიჭო, მე მაქვს ეგენი ნანახიო და არ შერჩება საქართველოს ადამიანიო. ე.ი. იმდენი ადამიანი იყო აგენტი და თან ისეთი ხალხი, ვერც წარმოიდგენთ. არის ამ ტიპის პრობლემა ყველაფრის გასაჯაროებაში, სულ ერთია, რაზეა ლაპარაკი. უნდა გავითვალისწინოთ, რა დღეში ჩაცვივდებიან იმ პიროვნების ახლობლები, მეგობრები, მით უმეტეს, შთამომავლები, რომლის შესახებაც მძიმე ინფორმაცია გასაჯაროვდება. კასრების საქმეში არის ორმაგი სიმძიმე, ერთი სიმძიმეა იმაზე, ვისზედაც მოხდა ძალადობა და მეორე, ვინც ახდენდა ძალადობას. ვინც ჩაიდინა ეს ძალადობა, მათი სახელები ისედაც ვიცით, მაგრამ ვისზეც მოხდა ძალადობა, ისინი არიან ცოდონი და, კაცმა არ იცის, მათთვის რა უფრო დიდი ტრავმა იქნება, მაშინდელი ძალადობა, თუ ახლანდელი მისი გახმაურება, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ დაზარალებული ადამიანების სახე დაიფაროს, ამის შესახებ რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ შეინახავენ ამ ჩანაწერებს, თუ გამოიყენებენ, სახეს დაფარავენ და თუ არ დაფარავენ, მაინც რისკი დევს ყველა ამ ტიპის მასალაში, ისევე, როგორც, დავუშვათ, რომ ლუსტრაციის კანონის შესაბამისად, ძველი არქივები გავხსენით, არ გავამხილეთ სახელები და მარტო ამბები მოვყევით, ხომ არის შანსი, რომ ამ ამბების თანმიმდევრობით მოყოლისას თითოეულ პიროვნებამდე მივიდეთ?! მეორეც, არსებობს კიდევ უფრო უარესი საშიშროება - გაუპიროვნებელი ტრავმა. დაახლოებით ამ შინაარსის, რა ყოფილა ჩვენი საზოგადოება, ეს ხომ ჩვენი სურათია.

ამ დელიკატური საკითხების მიუხედავად, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის კასრების საქმეების გამოყენება აუცილებელია, ოღონდ მთელი სისრულით კი არა, არამედ ძალიან დელიკატურად.

ასევე, გამოსაყენებელი იყო ციხის კადრები, რომელშიც იგივე საკითხები იდგა, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. იმ რეჟიმის დასამარცხებლად ციხის კადრებმა თავისი როლი შეასრულა, ხალხის უფრო მეტი მობილიზაცია მოახდინა. ანალოგიურად, კასრების კადრებიც რეჟიმის დამარცხებისთვის საჭირო იქნება. ოღონდ ეს იმაზეა დამოკიდებული, რას აპირებს ხელისუფლება, მართლა თუ აპირებს ნაცმოძრაობის გასამართლებას, ეს სხვა საკითხია. თუ არ აპირებს, მაშინ კასრების საქმეების გამოტანა და დამნაშავე პირების არ დასჯა კიდევ უფრო უარესი იქნება.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კასრებში აღმოჩენილ მასალებში გადაღებულია კადრები ადამიანებთან მიმართებით და მათი ჩვენება ყოვლად ამორალურია. აქ ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი.

ვანახოთ ხალხს, როგორ აწამებდნენ ადამიანებს? იმ ადამიანებს ვკითხოთ, ვისაც აწამებდნენ, სურთ კი ამ კადრების გამომზიურება? ეს კადრები 2012 წელს აჩვენებდა, რამდენად ამორალური იყო ნაციონალური მოძრაობა. დღეს კი ამ კადრების ჩვენება ქართული ოცნების ამორალობას წარმოაჩენს. რა მნიშვნელობა აქვს კადრების ჩვენებას, თუ ხალხის ნაწილი მაინც ხმას აძლევს ნაცმოძრაობას, ეს კადრები ვერანაირად ვერ შეუცვლის განწყობას იმათ, ვინც ნაცმოძრაობის მომრჩეველია, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ნაცმოძრაობამ წააგო არჩევნები 2012 წელს, მას შემდეგ აგებს ყველა არჩევნებს. ნაცმოძრაობის ლიდერი დღემდე პატიმრობაშია, მეორე ლიდერი-მერაბიშვილი ციხეში იყო თავიდან ბოლომდე, ციხეში იყო მელია, გვარამია, ახალაია.

სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი კადრების ჩვენებით ბარემ ამ ხალხის დახვრეტა გამოვაცხადოთ. პირადად მე დავამარცხე ნაცმოძრაობა 2012 წელს. სად იყვნენ მაშინ კობახიძეები, მდინარაძეები, დღეს მე მინდა, საქართველო შევიდეს ევროკავშირში. რა შუაშია ნაციონალური მოძრაობა, მაშინ ჰიტლერზე ვილაპარაკოთ, ვაჩვენოთ ბერიას, გებელსის კადრები, ჩინგიზ ხანით დავიწყოთ მხილება. ეს ხალხი წავიდა, არ არსებობს. თუკი დღეს ნაცმოძრაობა არსებობს, ეს მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებაა. მხოლოდ იმიტომ უნდა წავიდეს ოცნება ხელისუფლებიდან, რომ დღემდე შეინარჩუნა ნაცმოძრაობის სიცოცხლისუნარიანობა და მისგან ქმნის არარსებული მტრის ხატს. დღეს ნაცმოძრაობაზე ლაპარაკი უგუნურებაა. ჩვენ არ ვცხოვრობთ წარსულში, პოლიტიკა კეთდება დღევანდელ დღეს და ნაცმოძრაობამ თავისი უკვე მიიღო, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

თომა მართალია, ბატონი ზაქარეიშვილი, სად იყვნენ 2012 კობახიძები და მდინარაძეები?! ამასთანავე სად არის და სად დგას ეხლა თვითონ ზაქარეიშვილი?!
1 თვის უკან