„უკრაინის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა კვლავ გაიმართება“, - ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, ელენა ლუკაშმა განაცხადა, რომელსაც შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.
უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები - არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ისე გამოვიდნენ, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ შეხვედრის შესახებ სახალხო შეკრებაზე ისაუბრებენ.
რაც შეეხება შეხვედრას, ის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დარეგულების თაობაზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ხელისუფლების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უკრაინის უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მდივანი ანდრეი კლიუევი, პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი პორტნოვი და იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში.
შეგახსენებთ, რომ კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე სიტუაცია დღის მეორე ნახევარში უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალოვანებმა მომიტინგეების განდევნა დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა „ბერკუტის“ მისამართით ქვების და აალებადი ნივთიერებების სროლა დაიწყეს. „დინამოს“ სტადიონთან მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასება for.ge-მ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს სთხოვა.
ბატონო სოსო, კიევში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, როგორც ჩანს, მხარეები ვერ თანხმდებიან. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თითქმის მთელი მსოფლიო საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. რამდენად აისახება კიევში მოვლენათა განვითარება საქართველოზე?
- დღეს საქართველოს ევროპული მომავალი კიევის მაიდანზე წყდება, თუ რუსეთმა მოახერხა და იანუკოვიჩი დატოვა თანამდებობაზე, თუ არაფერი შეიცვალა და ეს რამდენიმე მიცვალებულით, მსხვერპლით დასრულდა, თუ ევროპა შემოიზღუდა მისთვის ტრადიციული შეშფოთება-აღშფოთებით და შუბლის შეჭმუხვნით, უნდა ველოდოთ, რომ კარგი არაფერი მოხდება - მადა ჭამაში მოდის - რუსეთი კი ასეთ საკითხებში უმადობას არასოდეს უჩიოდა თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მაძილზე.
ჩემი აზრით, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაივლის ასოცირების ხელმოწერა, საქართველოსთან, მაგრამ შემდგომ ისეთი ბარიერები გამოჩნდება, თვითონ ევროპის მხრიდან, რომ დამუხრუჭდება ეს პროცესი. ამის შემდეგ გადამწყვეტი აღარ იქნება ჩვენი რეფორმები, სურვილები, სწრაფვა...
გამოდის, რომ ევროპა თვითონ ამბობს უარს დსთ-ს სივრცეზე და სწორედ ამისი მაგალითია დღეს უკრაინა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ რა შეიძლება ვიღონოთ საკუთარი ქვეყნისთვის?
- ეჭვი გეპარებათ, რომ ევროპა სიფრთხილით ეკიდება პუტინის ნერვების აშლის საკითხს? ევროპისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად პუტინის მშვიდი ძილი იქცა. თუ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კომკავშირული სიმშვიდით გაკეთებული განცხადებები გარწმუნებთ საწინააღმდეგოში? განა შემთხვევითია, რომ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს თურქი ქალბატონი თმით ათრევს, შემდეგ კი ეს გოგონა ამბობს, რომ ჩივილს არ აპირებს და ისიც კი არ იცის, რომ ამ შემთხვევაში მის პირად წყენას კი არა, საქართველოს ეხება საქმე - თვითონ საქასრთველო ათრიეს თმით. ეს არ შეიძლება შევარჩინოთ ვინმეს - ჩვენი პრეზიდენტი ჩადის და თურქეთის პრეზიდენტი იმასაც არ კადრულობს, 5 კილომეტრი გაიაროს და აეროპორტში დახვდეს! ლაფორი ჯერ ერთ განცხადებას აკეთებს, შემდეგ მეორეს და ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი არ მოსთხოვა. აქ ჩამოვა და იტყვის, ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებთო, მაგრამ თბილისს გარეთ სულ სხვანაირად ლაპარაკობს - ეს ერთი ჯაჭვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სათანადო დონეზე და სათანადო პოლიტიკური ნებით ვერ იცავს ქვეყნის ღირსებას. რაც არ უნდა გამინაწყენდეს ქართული დიპლომატია, რეალურად ასეა. თუ ვინმეს სწყინს, მზად ვარ ნებისმიერ საჯარო დისკუსიაში ეს დავუმტკიცო და მოვიყვანო უამრავი მაგალითი, როგორ იცავენ სუსტი ქვეყნები საკუთარ ღირსებას. დე გოლი გაცილებით უარეს დღეში იყო 1941-42 წლებში, როდესაც სამათხოვროდ ჰქონდა საქმე და ლონდონის მოწყალებით ცხოვრობდა, სისხლს უშრობდა და აცოფებდა ჩერჩილს როგორც კი ეს უკანასკნელი შეეცდებოდა ოკუპირებული საფრანგეთისათვის სათანადო პატივი არ მიეგო.
რაც შეეხება უკრაინას, შეიძლება ითქვას რომ დღეს უკრაინაში ხდება ის, რაც არა ევროპულ არამედ რუსულ ინტერესშია?
- უკრაინა დღეს არის ღია გაკვეთილი. პუტინს თითქოს არ აინტერესებს უკრაინა, მაგრამ შემთხვევითი არ არის, რომ ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის სტუდენტებთან საუბრისას პირდაპირ აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის სიძლიერე მათზეა (სტუდენტებზე) დამოკიდებული, რომ გააძლიერებენ ბირთვულ პოტენციალს და ა.შ. აი, ეს ხდება ერთი მხრივ.
პრაქტიკულად სწორი იყო უკრაინული ოპოზიცია, როდესაც აცხადებდა, რომ ამ დღეებში პრაქტიკულად, უიანუკოვიჩი თანახმა იყო, გადამდგარიყო, მაგრამ მოსკოვიდან დაურეკეს და გადააფიქრებინეს.
რითი დამთავრდება ეს პირისპირ დგომა მნიშვნელოვანია - თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეს ჩვენი გამარჯვებაც იქნება. პარალელურად, გაუგებარია რატომ აკეთებს ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე იმაზე რბილ განცხადებებს, ვიდრე ბარუზო, რომელიც მთელ მსოფლიოში თავისი ელასტიური დიპლომატიითაა ცნობილი. ნახეთ, ბარუზო უკვე სანქციებზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“ ორივე, ოპოზიციის და ხელისუფლების მხრიდან.
ყველაფერთან ერთად, ჩვენ ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა დავაფიქსირიოთ, იმიტომ, რომ ეს პრინციპულია ჩვენთვის. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ პირისპირ დგომაში მოსკოვმა თავისი გაიტანოს.
უკრაინა ყოველთვის იყო სანიშნე - თუ უკრაინას შეათრევს რუსეთი ევრაზიის კავშირსა და საბაჟო კავშირში, ეს შეიძლება ჩვენ ძალზე ძვირად დაგვიჯდეს. თუ უკრაინა შეძლებს, რუსეთისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ეს ჩვენთვის გაცილებით დიდი მორალური დახმარება იქნება. იმაზე მეტი, ვიდრე მთელი ევროპის დახმარება იქნებოდა პოლიტიკური ნების თვალსაზრისით.
თუ რამე აკლდა ქართულ დიპლომატიას 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს იყო პოლიტიკური ნება, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. დღეს თუ უკრაინელი ხალხი თავის პოლიტიკურ ნებას სისხლით იცავს, ჩვენთან ასე არ ყოფილა. უკრაინელებმა დღეს თუ სისხლი დაღვარეს, ჩვენი ევროპული მომავლისთვისაც დაიღვარა ეს სისხლი.
შეიძლება ითქვას, 2008 წლის ომის შემდეგაც კი, დასავლეთი რუსეთს სათანადოდ არ დაუპირისპირდა, უკრაინის მოვლენები უფრო ძლიერი დაპირისპირებაა ფართო გაგებით.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი, მაშინ, როდესაც უკრაინელი ხალხი თავისი ევროპული მომავლითვის იბრძვის, საქართველოს მთავრობა ანტიევროპულ ღირებულებებში ეფლობა - თუ კულტურის მინისტრი მილიონებს ხარჯავს რესტორნებში და თურმე ერთმანეთს აუცილებლად „აიფონ 5“ -ით უნდა ელაპარაკონ, გეკითხებით, განა რა ინფორმაციას გადასცემენ ერთმანეთს მინისტრის მოადგილეები, რომ ეს ჩვეულევრივი ტელეფონით არ შეიძლება?! - ეს არ არის ევროპული გზა. ასე ევროპამდე ვერ მივალთ... ეს ევროპულ კი არა ზნეობრივ ნორმებზე მეტყველებს.
პრემიერ-მინისტრმა კოლეგიალობა გამოიჩინა და დაიცვა, არ იციან კანონით რისი უფლება აქვთო, - გეკითხებით, სად არის ახალი საქართველოს მშენებელთა მორალური ეთიკა? კანონი და სწავლება სჭირდება მინისტრს, რომელიც მუდამ ფეხით დადიოდა, მანქანაც კი არ ჰყავდა, რომ 200 ათასიან „ჯიპში“ არ ჩაჯდეს და 40 ათასიანი იკმაროს? ამისთვის კანონი უნდა დაიწეროს? ჩვენ ევროპისკენ მხოლოდ დეკლარაციებით მივდივართ და 100 ასოცირების ხელშეკრულებაც რომ დავდოთ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის ზნეობრივი ნორმებით ვერაფერს მივაღწევთ.
არ მესმის, რა ნორმებში ჯდება, როდესაც საკრებულოს არჩევნებნამდე სამიოდე თვეა დარჩენილი და დელეგაცია ჩინეთში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიდის. ვინ აფორმებს არჩევნების წინ ხელშეკრულებებს? მსგავსი რამ მსოფლიოში არ ხდება, რომ არჩევნების წინ რაღაც ვალდებულებები აიღო და მემკვიდრეობით დაუტოვო ახლად არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებას - ეს არ არის ევროპული გზა!
რაც შეეხება უკრაინას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთელი ევროპის ფეხბურთელები აპირებენ კიევში ჩასვლას და მომიტინგეების გვერდით დადგომას. არის თუ არა ეს ის ჟესტი, რომელიც რაღაც გავლენას მოახდენს მოვლენათა განვითარებაზე?
- ეს სიმბოლური ჟესტია. კალაძეც წავიდოდა, მაგრამ დღეს ის მინისტრია და სხვანაირად შეფასდება - შესაძლოა, ეს საშინაო საქმეებში ჩარევად ჩათვალონ. რუსეთის დუმამ ისედაც მიიღო უკვე ორი გადაწყვეტილება, ძირითადად, ევროპის ლანძღვა-გინება, ან - უკრაინის საშინაო საქმეებში ერევიანო - თვითონ უკრაინის მთავრობა ამაზე არ საუბრობს.
სავარაუდოდ, მოლაპარაკება, რომელიც უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაიმართა, კვლავ უშედეგოდ დასრულდა, რადგან ამ ეტაპზე მხარეები კომენტარს არ აკეთებენ. ალბათ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, რა შედეგი შეიძლება დადგეს?
- თუ იანუკოვიჩი საბოლოოდ დათანხმდება ოპოზიციის მოთხოვნებს, სულ რომ „ყურებზე დადგეს“ პუტინი და მედვედევი, ვეღარაფერს გააკეთებენ.
არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, რუსეთმა ყირიმის თემა წამოწიოს და იქამდე მიიყვანოს საქმე, ჯარიც კი შეიყვანოს...
- ვერ ვიტყვი, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. უკრაინაში უკვე დაიწყო სამოქალაქო ომი, მართალია ერთ ქუჩაზე, მაგრამ ეს უკვე სამოქალაქო დაპირისპირებაა.
პრაქტიკულად, დღეს რუსები და უკრაინელები დაუპირისპირდნენ ერმანეთს - ერთს ჰქვია მომიტინგეები და მეორეს - „ბერკუტი“. ეს არის ლუგანსკიდან და ყირიმსა და სიმფეროპოლიდან ჩამოსული ხალხი.
როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ამბები, უკრაინა ძალიან დიდი ხნით ეთნიკურად გახლეჩილი რჩება და ეს იანუკოვიჩის დამსახურება იქნება. ის უკვე შევიდა უკრაინის ისტორიაში, როგორც ბოგდან ხმელნიცკი, რომელმაც თავის დროზე უკრაინა საჩუქრად მიართვა მოსკოვს. დღეს იანუკოვიჩმა ამოუვსები უფსკრული გათხარა რუსებსა და უკრაინელებს შორის.
ძალზე შორსმიმავალი შედეგები უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს... რაც დღეს მაიდანზე ხდება, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს უკრაინისთვის.
ევროპაზეც ძალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვნახოთ, ევროპა მოიქცევა ისე, როგორც 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც თავისი დანაშაული ფულით გამოისყიდა - 4 თუ 5 მილიარდით, მაგრამ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ფულით არ იზომება და რა ღირს, არავინ იცის.
ვნახოთ, დღესაც ასე მოიქცევა? ის, რაც ხდება, ევროპის სინდისზეა, მას რომ არ გაეხადა საკულტო ნიშნად კორუფციაში ჩაფლული ტიმოშენკოს ციხეში ყოფნა-არყოფნა, მსგავსი არაფერი მოხდებოდა.
ვითომ პრინციპულობა გამოიჩინეს, მაგრამ ხშირად პრინციპულობას თავადვე ფეხქვეშ თელავენ ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკები - ესეც რეალობაა. დღეს ევროპა იმას იმკის, რაც მან დაიმსახურა ბელორუსთან, უკრაინასთან მიმართებაში და ღმერთმა არ ქნას, ჩვენთანაც ასე მოიქცეს, ოდესმე, რუსეთ-საქართველოს თუნდაც დიპლომატიური დაპირისპირების საკითხი თუ დადგა.
როგორც ახლა უკრაინასთან მოიქცევა, უნდა ველოდოთ, რომ მსგავსი პოზიცია ექნება ევროპას ხვალ საქართველოსთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა მოხდება, ბარუზოც, ვაშინტონიც უკვე დაიმუქრა სანქციებით და ვნახოთ თუ დარჩა იანუკოვიჩი პრეზიდენტად, დაუწესებენ კი უკრაინას სანქციებს? - ძალზე მეეჭვება, რომ ასე მოხდეს, მირჩევნია ვცდებოდე.