ქართულ-უკრაინული სტანდარტები დავით დარჩიაშვილის შემოქმედებაში

ქართულ-უკრაინული სტანდარტები დავით დარჩიაშვილის შემოქმედებაში

კიევის ცენტრში მიმდინარე მოვლენებს 2 ადამიანი ემსხვერლა. ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, მეორე კი - „დინამოს“ სტადიონის 13 მეტრიანი კოლონიდან ჩამოვარდა. 19 იანვრის შემდეგ მომიტინგეებისა და სამართალდამცავების შეტაკებისას 1 500-მდე ადამიანი დაშავდა. მაიდანის სამედიცინო სამსახურის კოორდინატორის, ოლეგ მუსის განცხადებით, თითქმის ყველა დაზარალებულს ტყვიითა და ყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ბერკუტის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ მომიტინგეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გარდა, -7 გრადუსიან ყინვაში არც წყლის ჭავლის გამოყენებას მორიდებია...

კიევში მიმდინარე დაპირისპირებების გამო ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის პრეზიდენტმა, დევიდ კრემერმა აშშ-ის ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღება შესთავაზა. უკრაინაში განვითარებული მოვლენები დასავლეთს ძალზე აშფოთებს და, ცხადია, ეს უკრაინის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაზეც აისახა.

"აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, უნდა დაურეკოს იანუკოვიჩს და უთხრას, რომ თუ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ შეწყვეტს, ის იმ სიას ჩაუდგება სათავეში, რომელთა წინააღმდეგ აშშ სანქციებს დააწესებს. მოვიდა დრო, რომ არა მხოლოდ განიხილებოდეს სანქციების დაწესების საკითხი, არამედ ეს განხორციელდეს", - განაცხადა კრემერმა კიევში მომიტინგეების დარბევის გამო.

ქართველები მღელვარებით ვადევნებთ თვალს მაიდანსა და გრუშევსკის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და ლოგიკურად გვახსენდება წლების წინ თბილისში მომიტინგეებზე არაერთხელ მოწყობილი სისხლიანი ანგარიშსწორება. რომელი ერთი გავიხსენოთ...მაგრამ ყველაზე მწარედ გასახსენებელი მაინც 7 ნოემბერი და 26 მაისია. ხელისუფლის გადაწყვეტილებას თუ ძალოვანების ქმედებას მაშინდელი მმართველი გუნდი გამამართლებელ ახსნას უძებნიდა, - სახელმწიფოებრიობას დაცვა სჭირდებაო და თურმე ქართული სახელმწიფო მაშინ „შედგებოდა“, თუ მმართველი გუნდით უკმაყოფილო მომიტინგეებს სპეცრაზმი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით გაუმასპინძლდებოდა და გვარიანად დაასისხლიანებდა.

უკრაინაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება უმაღლესმა რადას მიერ 16 იანვარს მიღებულ კანონებს მოჰყვა (ეს კანონი დღეს უკვე ამოქმედდა), რომელმაც აქციების გამართვის წესები გაამკაცრა და სამოქალაქო აქტივობები შეზღუდა. ასეთი შეზღუდვები ჩვენთან წლების წინ დაწესდა და სამთავრობო შენობებთან მიახლოების რადიუსიც მკაცრად შემოფარგლა, მაგრამ მსგავსი პროტესტი არავის გამოუხატავს. უკრაინელი მომიტინგეების მსგავსად, ქართველ მომიტინგეებს „მოლოტოვის კოქტეილები“ არ უსვრიათ, მაგრამ დროშის ტარების გამო უფრო მკაცრად დაისაჯნენ. როდესაც უკრაინელი მომიტინგეების დარბევის გამო ყოფილი ხელისუფლების უკიდურესი შეშფოთება ნახა, 26 მაისს გალახულმა მომიტინგემ მითხრა, - ჩვენი ცემა თუ ქართული სახელმწიფოს შედგომა-არშედგომის ტესტი იყო, „ნაციონალებისთვის“ დღეს რატომ გახდა გაუგებარი, რომ სააკაშვილის მსგავსად დემოკრატიულად არჩეული იანუკოვიჩიც ეცდება ხელისუფლების შენარჩუნებასო და იქვე დასძინა - უკრაინელ ხალხს ვენაცვალე, ეგ იანუკოვიჩი მართლაც მოსაშორებელია, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური ლოგიკა“ უკრაინული და თბილისური მიტინგებისადმი დამოკიდებულებისას წინააღმდეგობაში მოდისო.

თუმცა, უკრაინის მოვლენებსა და წლების წინ თბილისში გამართულ საპროტესტო მოძრაობას შორის მსგავსებას ვერ ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი , პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი, რომელსაც for.ge ესაუბრა:

- გამორიცხული არ არის, რომ კიევში მომხდარი შეტაკებები პროვოცირებული ყოფილიყო იანუკოვიჩის მხარდამჭერებისაგან. ამ მიტინგების დისკრედიტაცია და დასრულება საოცრად სჭირდება უკრაინის ხელისუფლებას. მასშტაბური მიტინგები პოლიტიკური კრიზისის ნიშნების შემცველი ხდება და მას დისკომფორტს უქმნის. უკრაინის ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი დაეწყო, მიტინგებში მონაწილეთა მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. სწორედ ხელისუფლების მხრიდან პროვოცირება იყო იმ კანონმდებლობის მიღება, როდესაც პიკეტირება და პროტესტის სხვადასხვა ფორმები სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გამოცხადდა. უკრაინის არასამთავრობო სექტორს დიდი დარტყმა მიაყენეს უცხოური დაფინანსების კონტროლის გამკაცრებით, რასაც მოაყოლეს რიტორიკა, - ამ ხერხით უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ ვმოქმედებთო. ამ ე.წ. „საბჭოთა პასუხებმა“ მაპროვოცირებელი როლი ითამაშა.

ხალხი დაიღალა, რადიკალიზმი გაიზრადა და პროტესტმა აჯანყების ნიშნების შეიძინა. ეს აუცილებლად ცუდად შემოუტრიალდება იანუკოვიჩის ხელისუფლებას. უკრაინის პრეზიდენტი არჩევანის წინაშეა: ან სახალხო პროტესტის ფონზე უნდა წავიდეს, ან მასობრივი რეპრესიები დაიწყოს. მასობრივი რეპრესიებსაც რომ მიმართოს, იანუკოვიჩს მაინც არ გამოუვა საბჭოთა კავშირის აღდგენა. ეს არ გამოვა უკრაინაში, სადაც ძალიან აქტიური ოპოზიცია და საზოგადოებაა. თუ უკრაინის მმართველი ელიტა ამ უკანასკნელ სცენარს აირჩევს, ეს იქნება ხელისუფლების კიდევ უფრო დრამატული დაკარგვა და მხოლოდ დროის ამბავია, როდის მოხდება ეს. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციის ლიდერების შემართულობას, პრინციპულობას და ერთიანობას. საბჭოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმით რეანიმაციის მცდელობები, რომელიც პუტინისაგან მოდის (რასაც იანუკოვიჩი არა იმდენად იდელოგიურად, არამედ ძალაუფლების გაყოფის უსურველობითა და ტიმოშენკოს შიშის გამო ემხრობა), სამწუხაროდ დასრულდება როგორც რუსეთის, ასევე მათთვისაც, ვინც ამ პოლიტიკას აჰყვება, საბჭოთა კავშირში დაბრუნებასა და ანტიევროპულ კურსზე იფიქრებს.

იანუკოვიჩის მომხრეები აქცენტს აკეთებენ, რომ კანონიერად არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დაიცვას წესრიგი და საკუთარი ხელისუფლება...

- პოლიტიკური კრიზისის დროს არაორდინარული ნაბიჯებია გადასადგმელი. იანუკოვიჩის თანამდებობას არავინ ემუქრებოდა ბოლო მოვლენებამდე. უკრაინელი ხალხი ითხოვდა, რომ უკრაინას ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და მეტი ანგარიშგაწევა ყოფილიყო ოპოზციის მიმართ. ყველა ამ მოთხოვნაზე ოპოზიციამ მიიღო ჩვეულებრივი საბჭოთა პასუხები და ბუნებრივია, რომ მათი მოთხოვნები ამის მერე უფრო გამწვავდა.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომებში ოპონენტები ორმაგ სტანდარტს ხედავენ და სვამენ კითხვას, - როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გმობს იმ მომიტინგების დარბევას, რომელთაც სამართალდამცავებს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს, თვითონ რატომ დაარბიეს ის მომიტინგეები, რომელთან ხელში მხოლოდ დროშის ტარები ეჭირათო?

- ძალიან სარისკოა გაუნათლებელი, ზედაპირული ადამიანების მიერ შედარებითი მეთოდის გამოყენება ისტორიული მოვლენების კვლევაში, რადგან ასეთ დროს დეტალებს არ ექცევა ყურადღება. პირველი, - 2011 წელს 26 მაისს გამოდიოდნენ არა პროევროპული, არამედ პრორუსული, ფეოდალური სულისკვეთებით. მეორე, -ხელისფლებისაგან არანაირი ხელშეშლა არ ყოფილა. იყო ნათქვამი, რომ საერთო ეროვნული დღესასწაული და მისი მთავარი კომპონენტი სამხედრო აღლუმი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო. ამის საპასუხოდ კი მივიღეთ რატომღაც ყველასაგან მივიწყებული ჩანაწერები: რუსეთის „სპეცნაზს“ რომ შემოვიყვანთ, მერე ნახონ რაც იქნებაო. ეს ანტისახელმწიფოებრვი პოზიციაა და არა ისეთი, რაც უკრაინში მაიდანზე მდგომთ აქვთ ბოლო ორი თვეა.

უკანონობის აღკვეთა ნებისმიერი ქვეყნის პოლიციას ხელეწიფება და აქვს კიდეც ამის უფლება. ამის მერე კი დიდი მნიშნველობა აქვს რა მოვლენები განვითარდება, შეიქმნება თუ არა პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლება როგორ იმოქმედებს. თუ მაინცდამაინც შედარება უნდათ, აჯობებდა 7 ნოემბერი გაეხსენებინათ. მაშინაც ძალიან ჭრელი და უცნაური ლოზუნგები იყო ოპოზიციის მხრიდან და არა ისეთი აბსოლუტურად კონსტრუქციული და საღ აზრზე დამყარებული, როგორიც აქვს უკრაინის ოპოზიციას. თბილისში მაშინ რაღაც ვიწრო ჯგუფი კი არ სჩადიოდა ანტისახელმწიფოებრივ და უკანონი ქმედებას, არამედ მთელ ქალაქში მოხდა მასობრივი არეულობა და დაპირისპირება. ქართულმა ოპოზიციამ მაშინ მოახერხა, რომ ხალხისთვის გონება დაებნელებინა და ქუჩაში გამოეყვანა.

ამ პროცესებში ტელეკომპანია „იმედმა“ ძალზე დესტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც რელიგიურ გრძნობებზე აღვივებდა დაპირისპირებას, მაგრამ როდესაც ეს დაპირისპირება უზარმაზარი მასშტაბის აღმოჩდა, პრეზიდენტი გადადგა. ამ დეტალებს თუ არ გაითვალსიწინებენ და იტყვიან, - ახლა რატომ ამბობენ ასე და მაშინ რატომ არ თქვესო, ღმერთმა მშვიდობაში მოამხაროთ ასეთი ანალიზი.

ასევე განსხავებული იყო დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოში და დღეს უკრაინაში განვითარებული მოვლენებისადმი. ეს იმით ხომ არ უნდა აიხსნას, რომ სააკაშვილი დასავლეთის ფავორიტი იყო?

- აბსოლუტურად განსხვავებულ მოვლენებთან, ლოზუნგებთან და მასშტაბებთან გვაქვს საქმე. 26 მაისს რუსთაველზე იყო 1000-მდე ეგზალტირებული ადამიანი ჯოხებითა და ქვებით, რომლებიც მიუხედავად ყველა კანონიერი საშუალების ამოწურვისა, არ დაიშალენ, საფრთხე შეუქმნეს აღლუმის ჩატარებას და ამ გზით სურდათ კრიზისში გადაყვანა. ამის მერე პოლიციას უკვე კანონიერი უფლება ჰქონდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ემოქმედა. ცნობილია, რომ იყვნენ დასავლელი მრჩევლები, რომელთა მხრიდანაც დადასტურებული იყო საპოლიციო ოპერაციის გეგმა. მერე რა მოხდა, ვინ როგორ შეასრულა და სად გადაამეტეს, უკვე ცალკე თემაა და ეს გაირჩევა. ამიტომაც ჰქონდათ ევროპელებს განსხვავებული რეაქცია ამ ორი მოვლენისადმი. უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის ნახევარს სრულიად მიუღებლად მიაჩნია ევროინტეგრაციის კურსზე უარის თქმა.

ასევე არის მთელი რიგი სხვა მოთხოვნები. თუნდაც იულია ტიმოშენკოს ძალზე კრიტიკული და ხმაურიანი თემა, რაც აფუჭებს უკრაინის ხელისულების ურთიერთობას ევროპასთან. პარალელურად უკრაინის ხელისუფლება საბჭოთა ტიპის კანონონებს იღებს, რომლითაც უპირისპირდება ყველას და ყველაფერს, ვინც კი გამოდის მის წინააღმდეგ. ძალიან ადვილია, შეცდომაში შეიყვანო გაუთვითცნობიერებელი ადამიანები, ვისაც არც ევროკავშირი გაუგია, არც იულია ტიმოშენკოს ისტორია. მერე ითვალთმაქცო, ეს ყველაფერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეადარო და შენს ოპონენტს ორმაგი სტანდარეტები დააბრალო. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი წამოეგება ხოლმე ასეთ შედარებებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2011 წლისა და უკრაინის დღევანდელი მოვლენები დიამეტრულად განსხვავებულია.