ირაკლი ალასანია დავით უსუფაშვილს დახურულ ფორმატში შეხვდა

ირაკლი ალასანია დავით უსუფაშვილს დახურულ ფორმატში შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს დახურულ ფორმატში შეხვდა.

ირაკლი ალასანია ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოს დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე ესტუმრა და უწყებაში დაახლოებით ორი საათი გაჩერდა.

თუ რა საკითხებზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა, ეს for.ge-სთვის ამ დრომდე უცნობი რჩება, რადგან თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილთან მუშა შეხვედრა ჰქონდა.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა მქონდა. დასავლეთ საქართველოში ვიყავი და აქ შემოვიარე. როცა დასავლეთ საქართველოში ვარ, აქ ყოველთვის მოვდივარ, რომ სპიკერი ვნახო“, - დასძინა ალასანიამ, რომელმაც მედიის წარმომადგენლებთან საუბარი არც იმ საკითხზე ისურვა - თუ რატომ შეუმცირეს მინისტრებს ხელფასები 6300 ლარიდან 5000 ლარამდე და რას ფიქრობს, ახალ გენერალურ პროკურორზე.

თუ რატომ ესტუმრა თავდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს, for.ge ამ საკითხის გარკვევას შეეცდება, რადგან მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში მოსული ირაკლი ალასანია არ ახსოვთ, განსხვავებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისგან, რომელიც უწყებას სამუშაო შეხვედრის მიზნით, გასულ წელს ესტუმრა. კერძოდ, თეა წულუკიანმა პარლამენტში სვანეთიდან „შემოიარა“. მაშინ, ალასანიას მსგავსად, თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა.