ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძესთან. გორდაძე საქართველოს ძირითადი წარმომადგენელია ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში
რა მიზნები აქვს საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში?
- საქართველოს სტრატეგიული ამოცანა ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოვება და „ოთხი თავისუფლების“ მიღწევაა. ესენია: საკუთრების, მომსახურების, ადამიანების და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. პირველ რიგში ჩვენ კონცენტრირებული ვართ 2012 წელს ასოციაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო ევროკავშირის წევრობას იმედოვნებს.
როგორ არის ორგანიზებული ევროკავშირთან მოლაპარაკებები?
- მე ვხელმძღვანელობ საქართველოს სამთავრობო კომისიის მუშაობას პოლიტიკის და უსაფრთხოების, თავისუფლების და სამართლის, ეკონომიკის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებში. სამუშაო ჯგუფები რეგულარულ შეხვედრებს მართავენ ქართული სამინისტროების, პარლამენტის და ქვეყნის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაცვლისა და მოლაპარაკებათა პირობების განხილვისთვის.
ყოველ კვირას ვმართავთ ბრიუსელის კომისიებთან ვიდეო კონფერენციას, ხოლო ექვს თვეში ერთხელ პლენარულ სხდომებს მორიგეობით ბრიუსელსა და თბილისში. 2010 წლის ივნისში თბილისში მოლაპარაკებები ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა გახსნა. ევროკავშირის ჩინოვნიკები იწვევენ ექსპერტებს და ჩვენ ვასწორებთ სამუშაო დოკუმენტებს. ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერამდე 45 მუხლის განხილვა დაგვრჩა. 2011 წლის დასაწყისში ექვსი მუხლი დროებით დაიხურა, თუმცა ჩვენ პრინციპული შეთანხმება გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც კრძალავს პრესისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, თუ კონკრეტულად რომელ მუხლებზეა საუბარი. ჯერ არ დაგვიწყია თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
ამ მხრივ ჩვენ ვცდილობთ დავუახლოვოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის დიპლომატიის ძირითად მიმართულებებს.
როგორი მხარდაჭერა გაქვთ?
- ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს კონსულტაციებს უწევს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და არა აშშ. ვაშინგტონი ფაქტობრივად არ მონაწილეობს თბილისის და ბრიუსელის ურთიერთობების განვითარებაში. ჩვენ ევროკავშირთან ნატო-ს თემას არ განვიხილავთ. ეს სხვადასხვა საკითხებია, თუმცა რა თქმა უნდა, მათ შორის ირიბი კავშირი არსებობს.
აშშ პირველ რიგში ცდილობს ურთიერთობების მოგვარებას რუსეთთან. ზოგიერთები შიშობენ, რომ ობამას მიერ დაწყებული „გადატვირთვის“ გამო საქართველო შეიძლება „თანმდევი ზიანის“ სიაში აღმოჩნდეს, თუმცა ის უამრავი მაღალი დონის ვიზიტი, ჰილარი კლინტონის და ჯოზეფ ბაიდენის თბილისში სტუმრობის ჩათვლით, გვაფიქრებინებს რომ საქართველო „გადატვირთვას“ არ შეეწირება. პირიქით, თბილისი ამ პროცესიდან გარკვეული სარგებლის მიღებაზეც ფიქრობს.
ახლა საქართველოსთვის ხელსაყრელი მომენტი დადგა?
- ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები არიან, საქართველომ მთელი ათი წელი დაკარგა. საბჭოთა კავშირიდან ჩვენი გამოსვლა უფრო პრობლემური აღმოჩნდა და იმ დროს დასავლეთი ჩვენი რეგიონით არ იყო დაინტერესებული. დასავლეთში ყველა უსიტყვოდ ეთანხმებოდა იმას, რომ კავკასია რუსეთის საქმე იყო. დასავლეთმა ინტერესი კავკასიის მიმართ მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოავლინა. საქართველოს პრობლემა ის იყო, რომ ამ პერიოდისთვის რუსეთში ღიად დაიწყო იმპერიული ამბიციების გამოვლენა, მაშინ როდესაც ევროკავშირი (და ნატო-ც კი) ერთგვარად დაღლილი იყო 2004 და 2007 წლების გაფართოვების შემდეგ. ბალტიის სახელმწიფოებმა გვითხრეს, რომ მათ არ უყენებდნენ ჩვენსავით დრაკონულ პირობებს ასოციაციაზე და თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებების (Deep and Comprehensive Free Trade Area) გაფორმებისთვის.
ამგვარად, ჩვენ შეგვექმნა ერთგვარი წინააღმდეგობა ჩვენს მისწრაფებებსა და საგარეო გარემოებებს შორის. გასაგები მიზეზების გამო, ბრიუსელს ქვეყნების გაერთიანების საფუძველზე ურჩევნია მუშაობა. ჩვენთვის კი უფრო ახლოა ინდივიდუალური მიდგომა, დაფუძნებული თითოეულის მიღწევებზე, რადგან ყველა ქვეყანას (მაგალითად უკრაინას და მოლდავეთს) მოძრაობის საკუთარი ტრაექტორია აქვს და არ გვინდა რომ ჩვენს პრობლემებს მათი პრობლემებიც დაემატოს. ბრიუსელი ზუსტად ასე განიხილავს საკუთარი ურთიერთობების პერსპექტივებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ბელორუსია ცალკე შემთხვევაა. ჩვენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრის მსგავსად, გვჯერა ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელორუსიასთან დიალოგის აუცილებლობის, რათა ეს ქვეყანა არ დარჩეს ერთი-ერთზე მედვედევის და პუტინის რუსეთთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირი არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, სადაც საქართველო და უკრაინა გაწევრიანებას გეგმავენ. 2010 წლის იანვარი-თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მსგავს პერსპექტივას ნატო-ც განიხილავდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს დღეს სხვაგვარად აფასებენ, ვიდრე უკრაინას, როგორც ეს 2010 წლის ნოემბრის ლისაბონის სამიტზე მიღებული დოკუმენტებიდან ჩანს. ესენია ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და კომუნიკე.
ჩვენმა პარტნიორებმა პოზიტიურად უნდა შეაფასონ საქართველოს სხვაობა ბიზნეს კლიმატთან და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
რა ტიპის სირთულეებს ხვდებით?
- საერთო ჯამში ასოციაციაზე შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ჩვენ პროცესის წინსვლის ამჟამინდელი ტემპებით კმაყოფილები ვართ. ზოგადად არ ვიღებთ ევროკავშირთან დაახლოვების სფეროში ვალდებულებებს, თუკი ვიცით რომ მათ ბოლომდე ვერ შევასრულებთ. ამ მომენტისთვის ძირითადად პრობლემა ეხება მოლაპარაკებების დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე. ევროკავშირი პროცესს ანელებს, მაშინ როდესაც ჩვენი აზრით, ყველა ის წინასწარი პირობა შევასრულეთ, რომელიც 2008 წელს დაგვიყენეს. დროთა განმავლობაში ევროკავშირის რეკომენდაციები შეიცვალა, რაც რა თქმა უნდა მათ შესრულებას ართულებს. მაგალითად, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის რეკომენდაციები დღეს ისეთივე მკაცრია, როგორც ისინი რომლებიც 2008 წელს მოლაპარაკებების დახურვისთვის გამოცხადდა.
ევროკომისია პროცესის შენელებას უკრაინასთან მუშაობის ნეგატიური გამოცდილებით ხსნის. უკრაინამ მოლაპარაკებები თითქმის სამი წლის წინ დაიწყო, მაგრამ პროგრესს ვერ მიაღწია. ჩვენ ვსვამთ კითხვას, რამდენად გამართლებულია ასეთი შედარება, რადგან ჩვენი ეკონომიკა ლიბერალური და რეფორმირებულია. გარდა ამისა, ის გაცილებით პატარაა და არ შეიცავს ისეთ პრობლემურ სექტორებს, როგორებიცაა მძიმე მრეწველობა, სამთო-მომპოვებელი სფერო და ა.შ. საქართველოში ზოგიერთები შიშობენ, რომ ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ზონის პრობლემის გადაწყვეტას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს უკავშირებს. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ეს ეჭვები დაუსაბუთებელია, რადგან ამ ორ საკითხს არაფერი აქვს საერთო და მსგავსი კავშირი სუფთა პოლიტიკური ხასიათის იქნებოდა.
რისი გეშინიათ?
- საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებას უამრავი პოზიტიური შედეგი მოჰყვება, თუმცა აუცილებელია პოტენციური სირთულეების გათვალისწინებაც. ჩვენ ვშიშობთ ჩვენი შრომის კანონმდებლობის გამო, ასევე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს თურქეთი. თუკი ძალიან ყურადღებით არ ვიქნებით, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება დაინგრეს. ასეთ შემთხვევაში, როგორ გავზარდოთ ევროპული იდეების პოპულარობა ქართველებში?
მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვიქნებით დიდ რისკებზე წასასვლელად, თუკი ევროკავშირისგან გაწევრიანებაზე თანხმობას მივიღებთ, თუნდაც ეს გაწევრიანება სწრაფი არ იყოს. ჯერ-ჯერობით კი ჩვენ გვეუბნებიან: „მოახდინეთ თქვენს ქვეყანაში ერთიანი ევროპის მიღწევათა მაქსიმალური რეალიზაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანება გარანტირებული გაქვთ“. ამავდროულად საქართველოს მთავრობა მიდის სოციალურ და შესაბამისად პოლიტიკურ რისკებზე. ჩვენს ქმედებებს თავისი ფასი აქვს, რომელთა გადახდაც 2013 წელს მოგვიწევს. ბალტიის ქვეყნებმა სირთულეების მიუხედავად საზოგადოებაში ლიბერალური განწყობები შეინარჩუნეს, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ამას? დანის პირზე დავდივართ.
გარდა ამისა, უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს წონა ძალიან მცირეა: ევროკავშირის მშპ-ს 0.04% და მისი სავაჭრო ბრუნვის 0.06% ბრიუსელი ბუნებრივად ანიჭებს უპირატესობას თავის სავაჭრო მოლაპარაკებებს… უფრო წონად სახელმწიფოებთან.
რას იტყვით რუსეთთან ურთიერთობაზე?
- საქართველოს სურს რუსეთთან დიალოგის წარმოება მიუხედავად ადგილისა, დროისა და რანგისა. საქართველო ამბობდა და იმეორებს, რომ მზადაა რუსეთთან აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციის საკითხის განსახილველად.
მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს გამარჯვებად წარმოაჩენს, თუმცა რუსეთმა ფაქტობრივად ვერ შესძლო მხარდაჭერის მიღწევა ოსების და აფხაზების აღიარების საქმეში, თუ არ ჩავთვლით ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს. ამ სამ შემთხვევაშიც 2010 წლის დასასრულისთვისაც კი აღიარების იურიდიული პროცედურა ვერ დასრულდა. შარშან ნოემბერში, საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმოდ გასცა დაპირება, რომ ცალმხრივად არ გამოიყენებს ძალას ქვეყნის გაერთიანებისთვის. ეს დაპირება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ითქვა. ჩვენ რუსეთის მხრიდან ველოდებით ანალოგიურ ვალდებულებას. ყველა შემთხვევაში, საქართველო აგრესიული სახელმწიფო არ არის: ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებში ყველაზე მცირეა.
რატომ გაგზავნეთ ჯარისკაცები ავღანეთში?
- 2011 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში, მათ შორის ჰელმანდის პროვინციაშიც, 937 ქართველი ჯარისკაცია. იქ არიან ჩვენი ექიმებიც, მაგალითად - მთებში ჩაგჩარანის ჰოსპიტალში. იმასაც დავძენ, რომ ინსტრუქტორების გაგზავნაზეც ვიღებთ ვალდებულებას, რომლებიც ავღანელ პოლიციელებს და სამხედროებს მოამზადებენ.
საქართველო ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცების რიცხვით ავსტრალიის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის. გარდა ამისა, ის მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით. იმედი გვაქვს, რომ ეს აღქმული იქნება, როგორც ჩვენი წინასწარ გამოვლენილი კეთილი ნება, პირველ რიგში ნატო-სთან მიმართებაში. ამით ჩვენ იმის დემონსტრირებასაც მოვახდენთ, რომ საქართველო არის არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ მისი ექსპორტიორიც და შეუძლია თანამედროვე ოპერაციებში მონაწილეობა.