რაც დრო გადის, ნაკლებად ვიხსენებთ ირაკლი ოქრუაშვილს, სააკაშვილის მეორე „მე“-ს - შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ყოფილ გენ. პროკურორს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რთველის გენერალს, ქართველი გლეხებისა და ქართველი ჯარისკაცების რისხვას, რომელმაც ეკონომიკის მინისტრობა ვერ აიტანა, პირველ „მე“-ს გაემიჯნა, ე.წ. „ვარდების რევოლუციის მეოთხე წლისთავზე მეორე „მე“-ს გარეშე დატოვა და საკუთარი პარტია შექმნა.
მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, თარგამაძე, ნადირაძე, კეზერაშვილი, ბეგაშვილი... - ეს სულ ცნობილი გვარ-სახელებია, მაგრამ იყვნენ სააკაშვილის „უცნობი ჯარისკაცებიც“. აღარავის ახსოვს „კმარა“ – 90-იანი წლების პოლიციის, საგადასახადო სამსახურის, კონტროლის პალატის და სხვა მაკონტროლებელი სტრუქტურების ე.წ. „პუსტა-პუსტა“ თანამშრომლებით შედგენილი ბანდა, რომლის წევრთაგან შემდგომში ზოგი სახელგანთქმული ჯალათი გახდა, ზოგი კი რიგით ზონდერობას ვერ გაცდა, თუმცა, კი ეცადნენ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ვერ გაქაჩეს, რადგან, იმ პატიმრისა არ იყოს, შესაბამისი იმპროვიზაციის უნარი არ აღმოაჩნდათ.
ასეთების შესახებ არის ეს ამბავი. ვინც შეესწრო, იმან მოყვა, მე კი თქვენ გიყვებით:
„თბილისთან ძალიან ახლოს, მცხეთამდე არმისული, ერთი პატარა სოფელია. ტყეშია ფაქტობრივად, სულ რამდენიმე ოჯახი სახლობს. იქ ცხოვრობს ერთი პროფესიონალი ბრაკონიერი (არა ნადირ-ფრინველისმჟლეტი, არამედ - შეშის განხრით). ამ საქმით ირჩენს თავს - უნებართვოდ ჭრის ხეებს, შეშას ამზადებს და ყიდის. ცუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყნის დამქცევს ჯობია და შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ბევრ ეკო-ჩინოვნიკზე მეტად უყვარს და უფრთხილდება ტყეს და იქ ჭრის, სადაც ბევრი არაფერი დაშავდება...
ერთი სიტყვით, მოვიდნენ ნაცები, დაინიშნა მინისტრად გოგა ხაჩიძე, რეინჯერები თავიანთი ლამაზი ფორმებითა და “ტოიოტას” პიკაპებით იმ ხელისუფლების ერთ-ერთ სიამაყედ იქცა.
ახლა კი, მთავარი ამბავი: ზამთრის პირია - შეშა საღდება მაგრად. თბილისში ერთი ციცქნა ტომარა ხუთი ლარი ღირს. ამ ჩვენს ტყისმჭრელს გახურებული სეზონი აქვს. ჰოდა, სისხამ დილით გასულმა, ტყის სიღრმეში წამოაქცია ორი რცხილა სდა შეშად დააპო, იქვე წინა დღეს მოჭრილი გამხმარი მუხაც წრაფად ჰქონდა, გაავსო თავისი დანჯღრეული “კოლხოზნიკი” (დახელოვნებული იყო - ისე კომპაქტურად ჩააწყო, ღრიჭოც კი არ ჩანდა შეშებს შორის, მაგრამ რეზინის ხომ არ არის - 2 კუბურ მეტრზე მეტი ვერაფრით ჩაეტევა). დაბრუნდა სოფელში. მიაყენა მანქანა ღობესთან და სახლში შევარდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, თბილისში ეჩქარება შეშის ჩატანა, იქნებ მეორე გზაც მოასწროს. გამოვიდა გარეთ და... დახვდა კოხტა “ტოიოტა ჰაილუქსით”, სამი ასევე კოხტა რეინჯერი!
შეშის საბუთიო. კარგითო რა, სახლისთვის ერთი “ვილისი” შეშა მომიტანია, არ გრცხვენიათო?! შემოდითო, გიორგობაა ხვალეო, თითო ჭიქით დაილოცეთო...
მოკლედ, უბრძანეს მანქანის დაქოქვა და “სატყეოში” წაყოლა. ამან უთხრა: ეს მანქანა არ იქოქებაო. არ დაუჯერეს. გასაღები მოგვეციო. გასაღები არა, ისაო. ოცი წლის წინ დავკარგე მაგის გასაღებიო. გადააბ-გადმოაბეს მავთულები, უჩხიკინეს, ვერ დაქოქეს - მართლა ვერავინ ქოქავდა პატრონის მეტი. ხომ გითხარითო. კარგი, გადმოტვირთეო. რა გადმოვტვირთო, წელი მტკივა, თანაც არ ვარ ვალდებულიო. რაღა ექნათ - გადმოტვირთეს, თავის პიკაპზე დატვირთეს და დაჯარიმების ოქმი შეუდგინეს.
ეს დიალოგი კი ღირსია, რომ მაქსიმალური სიზუსტით მოვიყვანოთ:
- მოდი რა ეხლა, ნუ გვაზომინებ, შენც გეჩქარება, ვაჟკაცურად გვითხარი, რამდენია ეს შეშა.
ჩვენი ბრაკონიერი უკვე მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე.
- შვილებს გეფიცებით, 60 კუბზე მეტი თუ იყოს. მაგდენიც არ იქნება, მაგრამ ჰა, ჩაწერეთ 60. თუ გინდათ გაზომეთ.
- კარგი, შენც ხო იცი, რომ მეტი იქნება, მაგრამ ჯანდაბას, 60 იყოს.
ჩაწერეს: “უკანონოდ მოჭრა 60 კუბური მეტრიშეშა”. (ცნობისათვის: ამდენ შეშას დაახლოებით რკინიგზის ორი ვაგონი დაჭირდებოდა.)
- რა ჯიშებია?
- 12 კუბამდე ბაობაბი იქნება, ცოტა მეტი, ეგრე 18-მდე - სეკვოია, დანარჩენი მაკაგონია.
ჭკვიანმა რეინჯერმა უცებ იანგარიშა, რომ “მაკაგონი” იქნებოდა 60-12-18=30 და ხუთოსანი მესამეკლასელივით ჩამოაწიკწიკა ყველაფერი. ჯარიმაც გამოუწერა - 320 ლარი.
მისცა ამას საბუთის მეორე პირი და წავიდნენ. ეხლა ნახეთ, რა მოხდებაო - უთხრა შეკრებილ მეზობლებს და ხელები მოიფშვნიტა.
ზუსტად საათნახევარში თავისი ჯიპით ამოქანდა და ქოთქოთით წამოვიდა “ბირჟისკენ” სატყეოს უფროსი (ეს ძველი იყო, რატომღაც არ შეუცვლიათ ნაცებს):
- კარგი რა, ამის დედა ვატირე, აღარ უნდა მოიშალო ეს მაიმუნობა? რა არის ეს?! რა დააწერინე ამჩემისებს?! მომე საბუთი, შევცვალოთ, დავწეროთ წესიერად.
- ხო, სუ მაგ ჭკუაზე ვარ. მოკლედ ესე ვქნათ, ხომ იცი, სიტყვას არ გადავალ: ეს საბუთი მე მექნება და არავის ვაჩვენებ, მაგრამ ერთი პირობით - ხვალ ორ საბუთს მომიტან: ჩემი ჯარიმის გადახდის ქვითარს და ხუთი კუბომეტრი შეშის ბილეთს.
ორივე მიუტანა მეორე დღეს.
გული მხოლოდ იმ სამი კრეტინის გამომგზავნების დედების ღრმა და საფუძვლიანი მოკითხვებითღა მოიოხა“.
სასაცილოა? სრულიადაც არა. ვინ იცის, იმ სამმა გაბოროტებულმა, უბრალო ზონდერებად ჩამოლაბორანტებულმა რეინჯერმა რამდენს გაუმწარა ცხოვრება, რამდენს წაართვა ნახევარი სიცოცხლე იმ გამჭვირვალე შენობებში, ერთბაშად, სოკოებივით რომ ამოიზარდნენ და ახლა, ნელ-ნელა რომ ვიგებთ, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა.
დავით გ: „...გამიმეორეს სანოძის სიტყვები „თანამშრომლობის“ შესახებ, ოღონდ დამატებით მითხრეს, რომ უარის თქმის შემთხვევაში 25-წლიანი პატიმრობა გარანტირებული მექნებოდა. მე მათ განვუცხადე, რომ ჩემი ცხოვრების პრინციპი არ არის საკუთარი ბედნიერების აგება სხვისი უბედურების ხარჯზე. მითხრეს, რომ შევხვდებოდით 25 წლის შემდეგ... რვათვიანი პატიმრობის შემდეგ, შემომთავაზეს საპროცესო შეთანხმება ხუთწლიანი პირობითი მსჯავრით, 5000-ლარიანი ჯარიმისა და ვითომცდა მიყენებული ზარალის 15 ათასი ლარის ანაზღაურების სახით. ციხის აუტანელი ყოფისა და 25-წლიანი მუქარის გამო მე დავთანხმდი შემოთავაზებულ წინადადებას. ჩემი თანხმობის მიღების პარალელურად, ჯონი ო. და დიმიტრი ვ. თურმე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ჩემ ძმასთან იმის თაობაზე, რომ „ჯენტლმენური შეთანხმებით“, არაოფიციალურად, მე ჩემი სახსრებით დამეფინანსებინა გარდაბნის რაიონის, სოფელ თელეთის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი და მარნეულის რაიონის, სოფელ ალგეთის პოლიციის მშენებლობა. ვინაიდან ჩემმა ძმამ იცოდა მათი მუქარის შესახებ და რომ იმ რეჟიმის პირობებში სიმართლის დამტკიცება გამორიცხული იყო, დაეთანხმა მათ შემოთავაზებას.
2007 წლის 9 ნოემბერს, გირაოს სახით 20 ათასი ლარის გადახდის შემდეგ, გამათავისუფლეს პატიმრობიდან და ე.წ. „ჯენტლმენური“ გარიგების შესარულებამდე საპროცესო შეთანხმება არ გამიფორმეს. ამავე დროს, კატეგორიულად ვიყავი გაფრთხილებული, რომ „ჯენტლმენური შეთანხმება“ არ გახმაურებულიყო. მათ ჩემ ნაცნობ მშენებელს დააწერინეს ხელწერილი მასზედ, რომ ის თავისი კეთილი ნებით და მატერიალური სახსრებით შეასრულებდა ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს უსასყიდლოდ. რეალურად კი, სამუშაოებს ეტაპობრივად ვაფინანსებდი მე. გარემონტებული ობიექტების მიღების შემდეგ, ჩემთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მომისაჯეს 5-წლიანი პირობითი სასჯელი და 20 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმისა და ე.წ. ზარალის ანაზღაურება“.
ზარალიც გადაახდევინეს! ასე აშენებდნენ. ასეთი დავალება ქონდათ. ბევრი დავალება ქონდათ და ასრულებდნენ, როგორც შეეძლოთ.
სულ რამდენიმე გვარი შეგახსენეთ და რამდენიმე ამბავი გიამბეთ, მაგრამ საქმე ხომ რაოდენობაში არ არის, საქმე ხარისხშია. თუმცა, არც რაოდენობა იყო მცირე. ხომ გახსოვთ მასტერები, მაიმუნები, მკურნალიძეები, ბუთლიაშვილები, ქარდავები, დონაძეები... ამ სიას აღარ გავაგრძელებ. სხვა სიისა ვთქვათ.
„ორი გვამი მინდა. პრემია იქნება დიდი“
ალბათ, ყოველ ჩვენთაგანს, რომელიმე ფილმის, თრილერის ან დეტექტივის ყურებისას ერთხელ მაინც გაგვკვირვებია დანანებით - „რა იოლად კლავენ ადამიანებს...“ თუმცა, ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ზოგმა მოწიფულ ასაკში, ზოგმა ახალგაზრდობაში, ზოგმა კი ბავშვობაში 90-იანი წლები რომ გამოვიარეთ, მთელი ათი წელი, როდესაც სროლა და აყალმაყალი კი არა, სიკვდილიც კი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ყველაფერი ძვირდებოდა. იაფდებოდა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლე. იმდენჯერ ჩაგვიხედავს თვალებში სიკვდილისთვის, რომ სხვისი კი, არა, საკუთარი სიკვდილიც კი ჩვეულებრივი ამბავი გახდა.დაზღვეული არავინ იყო.
ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა 90-იანი წლები დააბრუნეს, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მკვლელობის დამკვეთი ხელისუფლება გახდა, მკვლელობის შემსრულებელი კი ის, ვისაც, წესით და რიგით სამსახურებრივადაც და მორალურადაც, ადამიანების დაცვა ევალებოდა.
ძალიან იოლად უკვეთავდნენ გვამებს - ორი გვამი მინდაო... უნდოდათ და იღებდნენ კიდეც.
ე.წ. ვარდების რევოლუციის ერთი წლის თავზე თბილისში, გიორგობა დღეს, ეკლესიის მახლობლად, დიდუბეში, იქ, სადაც 900 წლის წინ ჯვარი დაიწერეს თამარ მეფემ და დავით სოსლანმა, ძალიან იოლად, მშვიდად და ძალდაუტანებლად, პოლიციელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 19 წლის ახალგაზრდა, ბუტა რობაქიძე.
წელიწადნახევრის შემდეგ, თბილისის გარეუბანში, ოქროყანაში, იქ სადაც 90 წლით ადრე სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გმირულად იღუპებოდნენ 19-20 წლის გოგო-ბიჭები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა წამებით ამოხადეს სული სანდრო გირგვლიანს.
ცოტა ხანში სამი უდანაშაულო ახალგაზრდა ჩაცხრილეს ნავთლუღში. სპეცოპერაცია იყოო...
თბილისის ცენტრში, დღისით, მზისით, უამრავი გამვლელის თვალწინ, მანქანაში ჩაცხრილეს ორი ახალგაზრდა. ე.წ. კორტების სპეცოპერაცია...
გიორგი გამცემლიძე პოლიციელებმა თბილისში, 2008 წლის 8 მაისს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. მკვლელებმა არ იცოდნენ, რატომ კლავდნენ. დაკვეთა იყო.
გლდანში მოკლეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში გადარჩენილი გენერალი კრიალაშვილი.
სვანეთში, შვილებისა და შვილიშვილების თვალწინ ჩახოცეს მამა-შვილი აფრასიძეები, სახლი გადაწვეს, ოჯახის რძალი ფსიქიურად შეირყა. ერთი ოჯახის ამოსაწყვეტად მობილიზებული იყო ორასამდე სპეცრაზმელი, სპეციალური ტექნიკა, შვეულმფრენები. მოითხოვეს გვამები და მიიღეს გვამები. მოითხოვეს კუბდარი და კუბდარიც მიიღეს.
კლავდნენ სრულიად მიზანმიმართულად, განსაკუთრებული სისასტიკით. იყო შემთხვევითი მსხვერპლიც, თუმცა შემთხვევით მკვლელებს მაინც აჯილდოვებდნენ, რადგან მართალია უნებლიედ, მაგრამ მათაც შექონდათ მცირედი წვლილი იმ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში, რასაც საზოგადოების დაშინება ერქვა, დაშინებული საზოგადოება კი იმის გარანტია იყო, რომ 20 წელი მაინც იქნებოდნენ ხელისუფლებაში, დანარჩენი შემდეგ გამოჩნდებოდა.
აგვისტოს ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული როინ (რომა) შავაძე, 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. "ძირს დაგდებულ ქართველ ჯარისკაცს დაახლოებით 20 ნიღბიანი სპეცრაზმელი რომ ურტყამდა, გვეგონა მტერი შემოვიდა და ჩვენი ოქროულობის ჩალაგება დავიწყეთ, პანიკაში ჩავვარდით; ისიც კი ვიფიქრეთ, ტყვედ არ აგვიყვანონ–თქო. ძალიან დაუნდობლად და საცოდავად აიყვანეს", – ეს ამბავი მომხდარიდან სამი კვირის შემდეგ, ბათუმში ყოფნისას, თვითმხილველებმა მოყვნენ.
საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს.მათზე ზეწოლა რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.
როინ შავაძის დაკრძალვამდე მისი ცხედარი ოჯახის ახლობელმა ექიმმა დაათვალიერა: "წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში "დუბინკა", ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხირულული".
დამკვეთი იყო სააკაშვილის რეჟიმი - ნახევრადშეშლილ, ფსიქიურად და მორალურად არასრულფასოვან არსებათა მცირე ჯგუფი, რომელიც სისხლით, ძალაუფლებით და ამ სიით ერთდროულად და ერთნაირად ტკბებოდა.
ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს); ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას); დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას); ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას ); ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ ); ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში დაკავებისას); მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა); სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს); აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას ); ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას ); ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას); ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივენი ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაკავებისას); თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას); ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივენი ერთად მოკლეს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას); ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას ); რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას); ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას); გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს ); ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას); ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას); ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე); მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას); გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს); ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა); ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას); ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა); მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა); გიგაჭარბაძე (მოკლული იქნათელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახებით); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნათბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად); ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას); თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში სპეცოპერაციისას); როლანდ მახარაძე (მოკლეს ბათუმში მძევლების გათავისუფლებისას) როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ); ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას); მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში).
ეს არ არის სრული სია. ხშირ შემთხვევაში "სპეცოპერაციები" კარგად დაგეგმილი და ცივ გონებაზე განხორციელებული მკვლელობები იყო.
ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ბიჭებს 10-11 ტყვია ქონდათ მოხვედრილი. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-ის შენობიდან სკანდალური ვიდეომასალამ გამოჟონა, ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სპეცოპერაციის ადგილზე ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ახალაია კმაყოფილი და ღიმილიანი სახით ხსნის ავტომატს და დაბლა უშვერს, გურამ დონაძე გვერდზე ხტება.
სამივე ლიკვიდირებული ახალგაზრდა აჭარიდანაა, ორი ხულოს, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. რომანი და მარად ართმელაძე თანაკურსელები იყვნენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ, პარალელურად კი, თურქეთში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. თურქეთში მათთან ერთად მუშაობდა შოთა (მურად) გორგაძეც. რომანი მეგობრებთან და მამასთან ერთად საქართველოში საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა. 15 იანვრისთვის კი ისევ თურქეთში უნდა წასულიყვნენ.
ამ სპეცოპერაციას ჰყავს თვითმხილველები. ერთ-ერთმა თვითმხილველმა გარდაცვლილის მამას, ოთარ სურმანიძეს უთხრა, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ ესროლათ. მის შვილს მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული. რაც ადასტურებს იმას, რომ მათ დაჩოქილებს ესროლეს.
მოითხოვეს ორი გვამი და მიიღეს სამი გვამი. გეგმა გადაჭარბებით შესრულდა.
იოლად კლავდნენ, შემდეგ იოლად ტოვებდნენ დანაშაულის ადგილს, გამოდიოდნენ ტელევიზიით და მაღალ მატერიებზე საუბრობდნენ: ჰუმანიზმზე, ტოლერანტობაზე, შემწყნარებლობაზე, პოლიტკორექტულობაზე, სოლიდარობაზე, ფასეულობებზე, განსაკუთრებით - ძირეულ ევროპულ ფასეულობებზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ადამიანისა და კანონის პატივისცემა, ადამიანისა და კანონის უზენაესობა...
კანონები საკუთარ ფსიქიკურ გადახრებს მოარგეს, ადამიანი ძულდათ.
„2009 წლის 19 იანვარს, ჩემი დაკავებისას წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ჩემ მიმართ ადგილი ქონდა ცემა-წამებას და არაადამიანურ მოპყრობას... კერძოდ, დაკავებისას გამისწორდნენ სასტიკად, მცემდნენ და მაწამებდნენ, რითაც მომაყენეს ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებები. მარცხენა წარბის მოგრძო ფორმის უსწორმასწორო, კიდეებიანი და ბლაგვი ჭრილობა, მარჯვენა ხელის მტევნის მოტეხილობა და ღია ჭრილობა, მარცხენა თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთები და ასეთივე სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის არეში. ჭრილობები განლაგებულია მარცხენა წარბის მიდამოზე და გაკერილია კვანძოვანი ფორმით. აღნიშნული სამედიცინო ჩარევა თვით პოლიციის თანამშრომელთა ინიციატივით მოხდა, ვინაიდან ვიყავი უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად კომაში და ჩემი სიკვდილის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა“, - იხსენებს სოსო ჭ. ყოფილი პატიმარი.
ვალერი ზ: „23 სექტემბერს გლდანის ციხიდან ეტაპით გადამიყვანეს რუსთავის #15 დაწესებულებაში, სადაც მოხდა ჩემი წამება და არაადამიანური მოპყრობა, რამაც დააზიანა ჩემი ჯანმრთელობა და ჩემი სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ. ცემის დროს ჩამიმტვრიეს კბილები, გამისკდა მარცხენა ყურის ბარაბანი, რამაც გამოიწვია სმენის დაკარგვა, იმ დღიდან ვარ ნერვოზით დაავადებული, მაქვს სუნთქვის სერიოზული პრობლემა...“
გიორგი ბ: „დამაკავეს 2011 წელს, როცა ნაცრეჟიმი თავისი მოღვაწეობის პიკში იმყოფებოდა. ჩამიდეს „მარიხუანა“ და ორი კვირის შემდეგ მომიყენეს ორი წლის წინანდელი ყაჩაღობა, რომელიც მე არ ჩამიდენია და შესაბამისად, ბრალიც არ ვაღიარე, რასაც მოყვა ჩემი ცემა-წამება, რომელიც ჩემი დაინვალიდებით დამთავრდა და დღეს ინვალიდის ეტლში ვზივარ. ამდენ უსამართლობას ვერ გაუძლეს ჩემმა მშობლებმა და ნერვიულობის ნიადაგზე ორივე დამეღუპა. დამენგრა ოჯახი...“
აი, რას ყვება გარდაცვლილი პატიმრის დედა, დარეჯან მ: „ჩემმა შვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა დაახლოებით ოთხი წელი. 2012 წლის 19 ივნისს მაცნობა მისი საკნის პატიმარმა, რომ ირაკლიმ თავი ჩამოიხრჩო. იმავე ღამით ჩემი მეორე შვილი ნათესავებთან ერთად წავიდა ციხეში და მეორე დღეს ჩამოასვენეს ირაკლი სახლში. მე თავად პროფესიით ვარ ექთანი, დავათვალიერე ჩემი შვილის ცხედარი და ვნახე, რომ მარცხენა ხელი მაჯის ზევით ჰქონდა გადატეხილი, თავის არეში, უკანა მარჯვენა მხარეს დარტყმისგან ჰქონდა გატეხილი და შეენიშნებოდა გამონადენი სისხლიც, ასევე დაზიანებული ჰქონდა შუბლიც, იგი რაღაც ბლაგვი საგნით იყო ჩაზნექილი, ყელის არეზე ირგვლივ ჰქონდა სიშავე... მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი ჯერ ცემეს, აწამეს და მერე თვითონ გააკეთეს ჩამოხრჩობის სცენა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი თავს არ მოიკლავდა. აქვე მინდა მივუთითო, რომ იმ დაზიანებებით, რაც მას ჰქონდა, იგი ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რომ თვითონ ჩამოეხრჩო თავი. ასეთი რამ შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მოკლეს საპატიმროს თანამშრომლებმა“.
იმედა ბ: „ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ერთდროულად მქოლავდა, სახეში მაფურთხებდა, მაგინეს და მემუქრებოდნენ - დედას მ...თო, დას გაგიბოზებთო, მამაშენს დავიჭერთ და შენც 18 წელი გემუქრებაო, ციხეში ჩვენი ძმაკაცები მუშაობენ და საქათმეში შეგაგდებთო. დაიწყეს ჩემს მიმართ პრესი და რომ ვერაფერს მიაღწიეს, ექვსივემ გამაშიშვლეს და გაუპატიურებით მემუქრებოდნენ... ჩემი ღრიალი ალბათ მთელ ქუთაისს ესმოდა. ვეღარ გავუძელი და ძალადობით მომაწერინეს ხელი რაღაც ფურცლებზე...“
„ქრთამის ვითომდა მიმცემად და პროვოკაციის განსახორციელებლად გამოიყენეს ცნობილი აგენტი, რუსლან მამედოვი, რომელმაც, როგორც მისთვის მიძღვნილი ორსაათიანი სატელევიზიო გადაცემიდან შევიტყე, ანალოგიური პროვოკაციით დააჭერინა ოცი ადამიანი. ხუთ შემთხვევაში პროკურორი და მოსამართლე ერთი და იგივე პიროვნებები არიან. ჩემი ერთ-ერთი სასამართლო სხდომიდან ხუთ წუთში ამ დუეტმა „ქრთამზე“ გაასამართლა პიროვნება, სადაც მოწმე კვლავ მამედოვი იყო“ - ყვება ყოფილი პატიმარი, ირაკლი ნ.
(გაგრძელება იქნება)