საკრებულო მერიის მმართველი გუნდის გადადგომას მოითხოვს

საკრებულო მერიის მმართველი გუნდის გადადგომას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს შვიდი ფრაქცია თბილისის მერიის მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებს და ქალაქის მთავრობის გადადგომას მოითხოვს. მიზეზი ის საბოტაჟია, რომელიც მერიამ გუშინ ტელეანძის განათების გათიშვით მოაწყო.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია მთელ რიგ პროვოკაციებს გეგმავდა და საბოტაჟის განხორციელებას აპირებდა. ამიტომაც მერიამ თვითნებურად ჩააბნელა თბილისის ტელეანძა. უფრო მეტიც, თბილისის მერია საბოტაჟის გზით კიდევ შეეცდება პროვოკაციის მოწყობას.

„ამის გამო თბილისის მთავრობას ვუცხადებთ უნდობლობას და მოვითხოვთ, რომ ქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნა მოხდეს საკრებულოსთან შეთანხმებით“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ განაცხდა, რომ თბილისის მერიის არსებული შემადგენლობა უნდა გადადგეს.

„თბილისის ბიუჯეტის განხილვის პროცესში მერიამ დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა და დანაშაულიც კი. ვფიქრობთ, რომ მერია კვლავ დაუშვებს შეცდომას, რაც საფრთხეს შეუქმნის არა მარტო თბილისს, არამედ შეიძლება, მთელს საქართველოზეც კი გავრცელდეს მათი არაადეკვატური მოქმედებები. ამდენად, მიგვაჩნია სწორად შევუერთდეთ მოსაზრებას თბილისის მერიის გადაყენებასთან დაკავშირებით“,- განაცხდა ზუმბაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი კი აცხადებს, რომ თბილისის მერიის მესვეურები ემსგავსებიან ბავშვებს ასანთით ხელში, რომლებსაც უნდათ ცეცხლთან თამაში.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კრიტიკულ განცხადებაზე უნდა ველოდოთ, რომ ისინი გააჩერებენ მეტროს, გამორთავენ შუქნიშანს და ასე შემდეგ. ეს იყო კლასიკური საბოტაჟი და შანტაჟი. მათ მიერ შემოტანილ ბიუჯეტზე მუშაობის ნაცვლად, გუშინ ანძის ასანთებად მომიწია სიარული“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ მას სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა, რომ სატელევიზიო ანძის გამორთვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო. თუმცა შიხიაშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი აბესაძე ამ გადაწყვეტილებას გიგი უგულავას გარეშე ვერ მიიღებდა. ამასთან, შიხიაშვილი უერთდება საკრებულოს პოზიციას მერიის მმართველი გუნდის გადადგომასთან დაკავშირებით.

რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს დედაქალაქის მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით?!

ამასთან დაკავშირებით „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, სამართლებრივი ვაკუუმი იქმნება, თუ ვინ აკომპლექტებს ახალ მთავრობას და რა ტიპის მმართველობა შემოდის თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ სტრქუტურაში. ისე კი, მამუკა კაციტაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მთავრობა არ გადადგება.

„თუ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური განცხადება და პოლიტიკური სვლა, მაშინ ეს სხვა საკითხია, ის მიზნამდე ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივა, ანუ თბილისის მთავრობა არ გადადგება, ხოლო, თუ პრაგმატული ნაბიჯია და აქვთ იმის იმედი, რომ თბილისის მთავრობა გადადგება, მაშინ, იქნებ, ვიფიქროთ, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ახალი მთავრობა. ამ თვალსაზრისით, დედაქალაქის შესახებ კანონში არსებობს ვაკუუმი, რადგან არ არსებობს პირდაპირ არჩეული მერი, ვინც ამას უზრუნველყოფს და დღეს მისი უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიტომ, თბილისის საკრებულოს გარკვეულ ჯგუფს უპირველესად უნდა დაეყენებინა საკითხი დედაქალაქის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც ამ სამართლებრივ ვაკუუმს აღმოფხვრიდა, სადაც საუბარი იქნებოდა გადამდგარი მთავრობისა და არარსებული მერის შემთხვევაში, რა უნდა მოხდეს დედაქალაქის საკრებულში და ვინ უნდა განახორციელოს ეს ყველაფერი“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისი თქმით, რადგან პირდაპირ არჩეული მერი რეალურად აღარ არსებობს, მთავრობის ახალ დამაკომპლექტებულ პიროვნებას ან ორგანოს კანონი არ იცნობს.

რაც შეეხება მერიის მიერ სატელივიზიო ანძის გარე განათების გამორთვას, მისი თქმით, ეს საბოტაჟი კი არა, უბრალოდ, ანგლობა იყო, რაც დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობას არ ეკადრება. თუმცა, არც ისაა სწორი, ეს ქმედება საბოტაჟად დავაკვალიფიციროთ და ვიფიქროთ, ხვალ მეტრო რომ არ გააჩერონ, ამიტომ დღესვე გამოვუცხადოთ მერიას უნდობლობა.

„ეს არ მიმაჩნია პრობლემის სწორ კვალიფიკაციად. ჩემი აზრით, თუ თბილისის საკრებულოში დაისმება თბილისის მთავრობის ნდობა-უნდობლობის საკითხი, აქ არაფერ შუაშია არც ანძა და არც გარე განათება, გაცილებით უფრო სერიოზული და მეტი პრობლემები არსებობს, მათ შორის, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი. აჯობებს, აქცენტები ამ მიმართულებით გაკეთდეს და არა რაღაც მესამეხარისხოვანი ნათების ანთება-ჩაქრობის პრობლემაზე“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯინჭრაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მერიას აღარ აინტერესებს თბილისელების ბედი და მათ ეპაექრება საშინელი მეთოდებით, რაც მიუღებელია. ამიტომაც მიიღო საკრებულომ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ფრაქციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, სევდია უგრეხელიძემ, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, გადააყენოს მთავრობა.

„ვისაც ახალს დანიშნავს და, ვინც იზრუნებს თბილისსა და თბილისელებზე, შეგვითანხმოს. არ უნდა იყვნენ პარტიის თავმჯდომარეები, რაიონის გამგებლები, რადგან გამგებლობა და მერია არ არის პარტია და „ნაცმოძრაობის“ ოფისი. ეს არის შენობა და ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ თბილისელებზე უნდა ზრუნავდეს. ამიტომ, შეიძლება სარეკომენდაციო წერილი შევქმნათ და უმრავლესობის სახელით გავუგზავნოთ ქალბატონ სევდიას“, - აცხადებს დავით ჯინჭარაძე, რომლის აზრითაც, სევდია უგრეხელიძე არაორდინარული პიროვნებაა და მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უცნობია.

მისი განმარტებით, წინა თვეში მერიიდან საკრებულოში განსხვავებული ბიუჯეტი შევიდა, 730 მილიონის ოდენობით, თუმცა რეალურად, სხდომაზე მერიამ წარადგინა 785 მილიონი, რამაც დაბადა ბევრი შეკითხვა და შენიშვნა. ამიტომაც ჩავარდა ბიუჯეტი. მერიამ სულ ახლახანს კვლავაც შეიტანა ახალი ბიუჯეტი, რის განხილვაზეც საკრებულო უკვე მუშაობს და, რომ არა მერიის ზღვარგადასული საქციელი, საკრებულოს წევრებს მუშაობის ნაცვლად, ანძაზე ასვლა არ მოუწევდათ.

თავის მხრივ, მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე უმეცრების გამოხატულებას უწოდებს საკრებულოს უმრავლესობის ერთი ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებას თბილისის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

„კანონის მიხედვით, უნდობლობის გამოცხადების რაიმე მექანიზმი თუ აქვთ, თქვან. ჩვენც არ ვენდობით მათ, მაგრამ არ გაგვაჩნია მექანიზმი მათზე რაიმე ზემოქმედების. ასე რომ, ეს არის წმინდა პოლიტიკური განცხადება და მას არანაირი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.