რა სცენარის განვითარებაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში, თუკი 26 ოქტომბერს ოპოზიციამ მოახერხა და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო? ივანიშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მხადამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე თუ მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება. საპატიო თავმჯდომარე ამბობს, რომ არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომ არა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ინარჩუნებს „ქართული ოცნება“.
„თუ დანის პირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი და ნგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის ამ განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამით „ქართული ოცნების“ წაგება დაუშვა. „ის შიში, რაც მას არჩევნების დღესთან დაკავშირებით აქვს, ამ მიმართვაში ღიად გამოჩნდა“.
„ოცნება“ ბევრს საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა ვერასდროს გვექნება, თუკი სუსტი, იზოლირებული და მეგობრების გარეშე ვიქნებით“, - ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე, რომელმაც ბრიფინგზე ისაუბრა მილიონობით ლარის შეწყვეტილ დაფინანსებაზე რომელსაც საქართველო პარტნიორებისგან იღებდა. ოპოზიციონერის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა და ურთიერთობები ევროპულ სახელმწიფოებთან „კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე გადავიდა“.
„ნამდვილი მშვიდობა არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და ძლიერი საქართველო - ამას ივანიშვილის პარტიასთან ერთად საქართველო ვერ შეძლებს, ამიტომ, 26-ში ისინი უნდა წავიდნენ“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი 4 ფლანგად გაშლილ რადიკალურ ოპოზიციაში გულსიხმობს პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლონ და თუკი საჭირო გახდა, კოალიციაც კი შეუქმნან. მისი თქმით, ამას გააკეთებს, როგორც „ახალი“, ასევე „ლელო“ და გიორგი გახარია.
„ივანიშვილს არ უთქვამს არაფერი ისეთი, რაც რეალობა არ არის. გიორგი გახარია, რომელსაც რამდენიმე საკრებულოში ნაციონალებთან კოალიცია აქვს გაკეთებული, უცნობი ხომ არავისთვის არ არის. მამუკა ხაზარაძე და ნაციონალური მოძრაობა, წარსულშიც ერთი მთლიანობა იყო და მის საფარქვეშ თავს მშვენივრად გრძნობდა. ასევე, ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ნაციონალებთან კოალიციის შექმნას, რაც მათ ერთობაზე მეტყველებს. რაც შეეხება გვარამიას და მელიას, რა თქმა უნდა, ამაში ეჭვიც არავის ეპარება, რომ ისინი ნაცმოძრაობის განშტოებაა და ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შეუერთდება. მათაც ზუსტად იგივე დამფინანსებელი ჰყავთ კეზერაშვილის სახით, რაც ნაციოანლებს. ასევე რეგიონებში ოფისებიც საერთო აქვთ და მხარდამჭერებიც საერთო ჰყავთ. ამიტომ ივანიშვილის განცხადება არის ზუსტად იმ რეალობაზე საუბარი, რაც მოხდება 26 ოქტომბერს, თუკი „ოცნება“ თეორიული დაშვების დონეზე ვერ გაიმარჯვებს. ოდნავ პოლიტიკურ რელობაზე წარმოგენა ვინმეს საქართველოში მაინც თუ აქვს, ამაზე კითხვები არავის გაუჩნდება“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, „ნაციოანლური მოძრაობა“ პირობას აძლევს მიხეილ სააკაშვილს, რომ მას ციხიდან გამოიყვანენ. ამის ფონზე კი, მთელი ოპოზიცია, როგორც კი მას თავისუფალს დაინახავს, მის გარშემო დაიწყებს ტრიალს. ვეღარც გვარამია, მელია, ხაზარაძე და გახარია ვეღარ იქნებიან ლიდერები.
„ნაცმოძრაობამ როცა ვარდების რევოლუცია მოახდინა, ერთგვარი კოალიციის გაერთიანების სახით წარსდგა. 4-5 პოლიტიკური ძალა იყო ნაცმოძრაობაში გაერთიანებული. ეს კი იმისთვის იყო, რომ წარმოეჩინათ, როგორ ერთად არის მთელი ოპოზიციური სპექტრი. ბუნებრივია, სააკაშვილი, რომელიც ყოველდღიურად ნაცმოძრაობის ანასხლეტების გაერთიანებას ითხოვს, ბუნებრივია, მათ გაერთიანებას ყველანაირად შეეცდება. ეს ძალა კი ათჯერ უფრო საშიში იქნება, ვიდრე ეს იმ სისხლიანი 9 წლის განმავლობაში იყო. ახლა ამ ძალას აქვს რევანშისტული განწყობები. ყველას და ყველაფრის მიმართ შურისძიების სურვილით არიან განმსჭვალულები. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ მთელს საზოგადოებაზე, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლებიდან გააპანღურა და ახლა უკან დაბრუნების საშუალებას 12 წელია არ აძლევს. თეორიულად რომ დავუშვათ ნაციონალების ისევ დაბრუნება, დარწმუნებული იყოს ჩვენი მოსახლეობა, რომ ყველას მიმართ შურისძიებას დაიწყებენ. ეს იქნება ქვეყანაში ანგარიშსწორების არნახული რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში კიდევ უფრო საშინელ რეალობას შექმნის, ვიდრე 2012 წლამდე იყო“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, აღარ არის საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, პირდაპირ უკრაინის ომში ქვეყნის მხარდამხარ ბრძოლაზე საუბრობენ. ახვლედიანის განცხადებით, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ისინი თავიანთი პარტნიორების მოთხოვნებს უპირობოდ შეასრულებენ, როგორც ეს 2008 წლის ომის დროს გააკეთეს. ამიტომ ივანიშვილი აფრთხილებს მოსახლეობას იმ საშიშროებაზე, რომელიც ამ ოპოზიციურ პარტიების გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს.