"კანონით გათვალისწინებულ წითელი ზღვრის" გადაკვეთის შემთხვევაში, "შესაბამისი ღონისძიების გატარებაზე" საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. საქმე ეხება სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ხმაურიან განცხადებას, რომლის გასაჯაროვებიდან მალევე, სოცქსელებში პირველი ჩანაწერი გამოქვეყნდა.
სუს-ის განცხადებით, პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პირები არჩევნების წინა დღეებში "ფალსიფიცირებულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ", რომლის მიზანია ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირება, ასევე ხელისუფლება დასავლეთსა და ხელისუფლება-ეკლესიას შორის შუღლის გაღვივება.
ეს განცხადება სუს-მა 16 ოქტომბერს დილის საათებში გამოავქეყნა, მალევე, დაახლოებით ორ საათში იუთუბ არხმა "კიბერ კმარა" გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფიგურირებს. დახალოებით 6 წუთიან საუბარში, სავარაუდოდ ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ უსმენს ივანიშვილის მეუღლეს, ლილუაშვილმა უპასუხა:
"ვისაც შეუძლია... ალბათ... არ ვიცი... ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა",-განაცხადა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილი დასძენს, რომ სუს-მა განცხადება პრევენციის მიზნით გააკეთა.
„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის, იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუს-დან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ, მშვიდობიან თანაცხოვრებაში",- განაცხადა ლილუაშვილმა.
დაიწყო თუ არა გამოძიება ბიძინა ივანიშვილის მეუღლეზე მოსმენის საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ "არ იცის".
"არ ვიცი, მაგრამ თუკი არსებობს რაიმე ტიპის უკანონო მიყურადება, რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება გამოძიებული",- ამბობს ბრეგაძე.
კითხვაზე, რა იგულისხმება სუს-ის უფროსის მიერ ნათქვამ "წითელი ზღვრის გადაკვეთაში", ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ისეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნის, ან ეხება პირად საუბრებს, მოქმედი კანონმდებლობითაა დასჯადი და ლილუაშვილი დიდი ალბათობით ამას გულისხმობდა.
"წითელი ზღვრის გადაკვეთა ისაა, რომ ყალბი ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უქმნის საფრთხეს, კანონის ძალით უნდა აღიკვეთოს. სუს-მა პრევენციული განცხადება გააკეთა, იმ სავარაუდო ბოროტმოქმედების საყურადღებოდ, რომლებმაც კანონდარღვევისგან თავი უნდა შეიკავონ. ეს აპრობირებული მეთოდია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში.
"ნებისმიერი ასეთი, განსაკუთრებით პირადი ინფორმაციის შემცველი ჩანაწერები, ეს ავთენტიკური იქნება თუ ხელოვნური ინტელექტით შეთითხნილი, მოქმედი კანონმდებლობით აღიკვეთება, შემდეგ ამაზე რევანშისტების ბოროტი ინსინუაციები, რომ თითქოს ვიღაცას დევნიან, ვიღაცას აპატიმრებენ, ეს მტკნარი სისულელე იქნება - დაარღვევ კანონს? მიიღებ პასუხს! არ აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ სფეროს დამსახურებული მოღვაწე ხარ, თუ მრავალწლიანი პოლიტიკური სტაჟი გაქვს.
"პრევენციული განცხადება გაკეთდა და რაც ყველაზე სასაცილოა, პირველი, ვინც ამას გამოეხმაურა, ნაცრადიკალები იყვნენ, რომლებმაც სუს-ის ე.წ. პოლიტიკური პოლიციის გაუქმება მოითხოვეს. ამას იმ ჯალათი ხელისუფლების ყოფილი ჩინოსნები ითხოვენ, რომლის დროსაც სოდ-ი და კუდ-ი საქართველოს მოსახლეობას ატერორებდა - ძარცვავდა, აწამებდა და ათასგვარ ბოროტმოქმედებას სჩადიოდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
"თავი უნდა შეიკავონ კანონდარღვევებისგან, ეს იქნება ხელოვნურად შექმნილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსტრემისტული გამოხტომები, სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმები თუ ა.შ. რაც არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია, როგორც წინა პრაქტიკამ გვიჩვენა.
აქ საინტერესო ისაა, რომ იმ ჩანაწერის გამოქვეყნების ავტორია ე.წ. ენჯეო ნაცგანშტოება კმარა, რომლის ქმედებები ყველამ კარგად ვიცით. ეს თუ გამიზნულად გააკეთეს და რასაკვირველია ასეა გაკეთებული, ამაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოთ.
"ეს ნამდვილი ჩანაწერია თუ შეთითხნილი, ფაქტია, რომ პირად საუბარს ეხება. მოვისმინე საუბარი და იქ ეხება ქალბატონი ეკასა და რუსი ქოუჩერის საუბარს გარკვეულ ტრენინგთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით ეს ნამდვილი ჩანაწერია თუ არა, ახლაა გაკეთებული თუ ადრე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პირადი ხასიათის საუბარია. პირადი ხასიათის საუბრების გამოქვეყნება, პირად ცხოვრებაში შეჭრაა და ასევე კანონმდებლობით ისჯება, რომელიც მიღებულია დასავლური შესაბამისი სტანდარტებით. კომენტარები პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში გაკეთდება, მაგრამ აწი უკვე სამართალდამცავების კომპეტენციაა, რომლებიც ისე იმოქმედებენ, როგორც აქამდე მოქმედებდნენ მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციას სუს-ის გაუქმება სურს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე ორჯერ გააკეთა.
„სუს-ი საქართველოში არის უკანონობის, აღვირახსნილობისა და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების, ყველა სიბინძურის წყარო. ვეუბნები სუს-ის უფროსს, თქვენი სამსახური გაუქმდება, როგორც კი ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „კაგებეშნიკურ" მოქმედებებს საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, ჩავაბარებთ წარსულს. პირობას ვდებ, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ გაისუსება და არასდროს აღარ იარსებებს! რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ყველა ეს ნარატივი ყალბია, ისევე როგორც ყალბია სუს-ის ანატომია.
"ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ეს სატყუარა, წლების განმავლობაში, არაერთხელ გამოავლინა. ამიტომ სუს-ი იქნება, პრემიერი თუ ვინც იქნება, ვეუბნები, შეეგუეთ მარცხს! ხალხი იმარჯვებს! საქართველო წავა ევროკავშირისკენ! კორუმპირებული ჩინოვნიკების ადგილი ამ ქვეყანაში არასდროს იქნება. ჩვენ წავალთ სწრაფი სვლით ევროპისკენ!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას".
სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.