სუს-ის ინფორმაციით პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ. ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.
როგორც სუს-ში განმარტავენ, აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.
კერძოდ, ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სუს-დან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის.
„აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
მეტი დეტალების გახმოვანებისგან სუს-ი თავს იკავებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სუს-ის განცხადებაში იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ასეთ აქტებს არჩევნებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა.
„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციამ ვერ შეძლო, ისტერია შემოეტანა წინასაარჩევნო გარემოში და მიზანი შეიძლება ამ ისტერიის შემოტანაა.
„არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება. მათ ვერ შეძლეს, რომ ისტერია შემოეტანათ წინასაარჩევნო გარემოში, ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშიც და ზუსტად ეს შეიძლება იყოს მიზანი, რომ შემოიტანონ ისტერია საზოგადოებაში, დააბნიონ საზოგადოება, არჩევნებზე მოახდინონ უკანონო გავლენა და ამომრჩევლის ნებაზე მოახდინონ გავლენა.
რაც შეეხება მეთოდებს, ორშაბათიდან მოყოლებული, რაც ეუთო/ოდირის ანგარიში გამოქვეყნდა, რაც იყო დიდი იმედგაცრუება ოპოზიციისთვის, მიზანმიმართულად ხდება საინფორმაციო ხმაური და ისეთი საინფორმაციო ველის შექმნა, რომ შეუქმნან აღქმა დამკვირვებლებს, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოში, ადმინისტრაციული რესურსის სახით, ძალადობის სახით თუ რაიმე ასეთის სახით. ასეთი ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად მოახდენს გავლენას მათ ნებაზე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სუს-ი აანონსებს, რომ ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. ამის მიუხედავად რადიკალური ოპოზიციის წევრი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სუს-ი 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს, რაზეც მისი თქმით, ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს ხელი მოწერილი.
„მეტი რა მხილება სჭირდება „ქართულ ოცნებას“? ამერიკა, ევროპა: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი - მასთან ურთიერთობა ყველას შეწყვეტილი აქვს. აი, კიდევ რით უნდა ამხილო, მართლა ეს მავნებელი ძალა? ახლა მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ. კითხვა დავსვათ, რას აკეთებს სუს-ი საქართველოში? რომ იცოდეთ, თქვენც გაკონტროლებთ, მარტო ჩვენ კი არა. ვისაც სამთავრობო მედია ჰქვია, იმათაც აკონტროლებს, თქვენც გისმენთ, ხომ იცით, რომ გისმენთ? ხომ იცით, რომ რამეს სხვანაირად თუ იტყვით, მერე შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოთ, ეს რატომ თქვიო. ვის ვატყუებთ? სუს-ი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ კონტრდაზვერვა, დაზვერვის სამსახური, ანტიტერორისტული სამსახური. სუს-ი არის KGB-ს გადმონაშთი, რომელსაც გავაუქმებთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ვაშაძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თვლის, რომ ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. მეზვრიშვილი აანონსებს, რომ სუს-ი არჩევნებამდე სერიებად შესთავაზებს საზოგადოებას სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს.
„სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტ ტვ“-ისთან“ ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება, იმიტომ რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭირს.
ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
რადიკალებისგან განსხვავებით, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ რადიკალების მიზანია პოლიტიკური დესტაბილიზაცია და შესაბამისად, სუს-ის ნებისმიერი განცხადება ეს არის პრევენციული საშუალება. მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირება ეს არის ერთ-ერთი ხელსაყრელი პირობა იმისათვის, რომ საზოგადოებამ მოახდინოს საფრთხის იდენტიფიცირება, რომ კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში იმოქმედოს საკუთარი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
„რაც შეება სუს-ის განცხადებას - ეს არის ყველა იმ უცხო ძალის ინტერესი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციით. სუს-ის განცხადება მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს უცხო ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებთან და პოლიტიკური დაზვერვის გააქტიურებასთან. რატომ არის სამიზნე მართლმადიდებლური ეკლესია? - იმიტომ, რომ ის სარგებლობს ნდობით და არის ყველაზე მეტი ავტორიტეტული ინსტიტუტი და ზოგადად, დღეს არ გამხდარა უცხო ქვეყნების სამიზნე საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია.
რეალურად, წლების განმავლობაში, რაც კი დამოუკიდებელი გახდა საქართველო, პერმანენტულად ხორციელდება თავდასხმები, რისი მიზანია მუდმივად არსებობდეს განხეთქილება ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. თუ მიიღწევა განხეთქილება, ეს ნიშნავს, რომ უცხო სახელმწიფოებს ექნებათ ხელსაყრელი პირობები პოლიტიკური დესატაბილიზაციის ინსპირირებისათვის“, - ამბობს კუხალაშვილი.
როგორც ექსპერტი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მასმედიის ყველა საშუალება, პრაქტიკულად, ნადირობს და სამიზნე ობიექტი არის საქართველოს მართლმადიდებული ეკლესია მისი კომპრომეტაციის კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელს უწყობენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების განხორციელებას საქართველოში.
„დააკვირდით არც ერთი მასმედიის საშუალება არ განიხილავს სხვა რელიგიური მიმდინარეობების ქმედებებს საქართველოში, თუ რა ცხოვრების წესით ცხოვრობენ ისინი და რა საზიანო საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზანი, რაც აქვთ უცხო სახელმწიფოებს, ვინც დაინტერესებულია საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციით, არის ამ კავშირის წყვეტით რეალურად თავიანთი მიზნები განახორციელონ საქართველოში და განსაკუთრებით დღეს, როდესაც კარზე გვაქვს მომდგარი არჩევნები. მათი მიზანია დაპირისპირება გააღვივონ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, გასაგებია, რომ არჩევნების წინ კომპრომატების ომი მიმდინარეობს, მაგრამ საინტერესი არის ოპოზიციის ორიგანილი ახსნა სუს-ის განცხადების, რომ სუს-მა თვითონ დადგა იმ შინაარსის ჩანაწერები, რომელიც ზიანს აყენებს ხელისუფლებას და თვითონვე განაცხადა ამის შესახებ, რომ ჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდება, იქნება სუს-ის გამოქვეყნებული.
„აი, ეს არის მათი ნარატივი, რაც გასაგებია. ძალიან საინტერესო ნარატივია, თუმცა აბსოლუტური სიგიჟეა საღი აზრის თვალსაზრისით. რა რაციონალური მოსაზრება დევს ამ ნარატივში, როგორ უნდა დაიჯეროს ადამიანმა, რა ინტერესი ექნებოდა სუს-ს რომ ამაზე წასულიყო? ოპოზიციის „უმწიკვლო“ რეპუტაციას მიადგებოდა ზიანი იმის გამო, რომ ისინი დგამენ რაღაცა კადრებს? ვარწმუნებ მათ, რომ მეტ რეპუტაციულ ზიანს ვერავინ მიაყენებს რასაც აყენებენ თავის თავს. განუწყვეტლივ საფრთხის შემცველ ქმედებებს ახორციელებენ ამ უღრანი რუსოფობიით.
„ლელოს“ ძირითადი ნარატივი რა არის? აგერ, ელისაშვილმა აღმოაჩინა, რომ თურმე რუსულ ზეთს ჭამს ჯარი და ფიქრობდა, რომ ამით გამოიწვევდნენ საზოგადოების აღშფოთებას. საინტერესოა, თვითონ სადაურ ზეთს ჭამს პატივცემული ელისაშვილი? იქ ანა დალიძემ ჩოხატაურში აღმოაჩინა, რომ მას გაუმასპინძლდნენ რუსული ხორცით და ბიძამისმა ბოდიში მოუხადა. თუმცა, ისტორია დუმს იმის შესახებ მიირთვა თუ არა ქალბატონმა ანამ რუსული ხორცი თუ ამაყად უკუაგდო. ეს არის გონებრივად ჩამორჩენილი, სულიერად მწირი ადამიანების ოხროკრატიული დემოკრატია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ვინც ავრცელებს ის უნდა იყოს დამტკიცებაში ვა;დებუ;ი!
კომპრომატის ობიექტმა სად ეძებოს სამართალი? თვეები იაროს სასამართლოში და რა?
დააბრალე რაც გინდა, გადაიყვანეს თავის მართლების რეჟიმში, გააბრიყვე ანალიზის უნარის არმქონე ფართო მასები და მერე გინდ ომი დაიწყე, გინდ რევოლუცია.....