უმუშევრობაში გალეული ახალგაზრდობა

უმუშევრობაში გალეული ახალგაზრდობა

მსოფლიოში ახალგაზრდების ნახევარი ან საერთოდ არ მუშაობს, ან მინიმალურ გამომუშავებაზეა. გლობალური ეკონომიკა უმუშევრობის დამარცხებას ვერ ახერხებს. ამ დროს რა გასაკვირია, რომ საქართველოშიც იგივე პრობლემებია, პერსპექტივა კი, ჩვენთანაც და სხვაგანაც - ბუნდოვანი.

ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 2014 წლის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა და როგორც ჩანს, ეს უახლოესი წლების პრობლემაც იქნება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვამ, რომელიც წამყვან ეკონომისტებს, პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს შორის ჩატარდა, მეტად არასახარბიელო შედეგები აჩვენა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და კანადის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, მსოფლიოში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობამ 12,6%-ს (73 მილიონი ადამიანი) მიაღწია. უმუშევრობის ყველაზე მაღალი პროცენტი ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდის.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთელი ახალგაზრდობის 25%, ანუ 300 მილიონი ადამიანი, თანხმდება სამსახურს, რომელიც არ შეესაბამება მათ კვალიფიკაციას.

ამას თუ დავუმატებთ კიდევ 300 მილიონ ადამიანს, რომლებიც დაბალანაზღაურებად სოფლის სექტორშია დასაქმებული და არ გააჩნია მუდმივი სამუშაო, გამოდის, რომ მსოფლიოს ახალგაზრდობის ნახევარი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

განვითარებადი ქვეყნების ახალგაზრდათა 2/3 საკუთარი პოტენციალის რეალიზება დღემდე არ მოუხდენია.

ყველაზე მძიმე სიტუაცია აფრიკის ქვეყნებშია. ახლა იქ 13-დან 23 წლამდე ასაკის 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2045 წლისთვის კი მათი რიცხვი გაორმაგდება. თუმცა კონტინენტის სახელმწიფოები, უბრალოდ, ვერ შეძლებენ ამდენი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი ახალგაზრდობა კი ნორმალური განათლების მიღებას.

მსოფლიოს მასშტაბით 375 მლნ ადამიანის ყოველდღიური ანაზღაურება დღეში 1.25 ან ამაზე კიდევ ნაკლებს შეადგენს. 839 მილიონზე მეტი ადამიანის ყოველდღიური შემოსავალი ოჯახში 2 დოლარზე ნაკლებია.

ანგარიშის მიხედვით, უმუშევართა ნახევარზე მეტი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, მას საჰარის აფრიკა და ევროპა მოჰყვება. ლათინურ ამერიკას 2013 წელს უმუშევრობის პრობლემა ნაკლებად შეეხო.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ბოლო 11 წლის განმავალობაში ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი არ შეცვლილა და დაახლოებით 620 ათასი ადამიანის ფარგლებში მერყეობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოფიციალური სტატისტიკა მაღალ მაჩვენებელს ასახელებს. წლების განმავლობაში უმუშევრობა 15-16,5%-ით ფარგლებშია და ეს იმიტომ, რომ სოფლად მცხოვრები ყველა ადამიანი დასაქმებულად ითვლება. არადა, შემოსავლის რა წყარო უნდა ჰქონდეს გაღატაკებული ქართული სოფლის მკვიდრს, ეს ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

რთულადაა ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით არსებული მდგომარეობაც. ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, შესაბამისად, მომავალი თაობა (უფრო სწორად „მოსული თაობა“) სტაბილურ შემოსავლებს მოკლებულია. მათი ცხოვრებისეული გეგმები ყოველდღიურობას ვერ სცდება.

თუმცა, სხვაგვარი მონაცემებით და ოპიმიზმით არის აღჭურვილი საქართელოს მთავრობა. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, 2013 წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით, დაახლოებით, 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დასკვნა კი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, უმუშევრობა მცირდება.

„წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით დაახლოებით, 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება. შესაბამისად, პროგნოზები უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა“, - განაცხადა ხადურმა.

მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანებს არ უნდა ასაქმებდეს, თუმცა ის, რომ ბიუჯეტში სახსრები იქნება მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე ბანკებისთვის გათვალისწინებულია 200 მილიონი, ეს ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას.

ოფიციალური სტატისტიკა კი მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებს ფინანსთა მინისტრის გავრცელებულ ინფორმაციას სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. „საქსტატის“ ცნობით, შარშან სამ კვარტალში 21 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 2012 წლის იგივე პერიოდში კი ეს ციფრი 46 ათასი იყო. 2013 წელს 16 ათასი სამუშაო ადგილი მშენებლობის სექტორში დაიკარგა, 2 ათასით გაიზარდა სოფლის მეურნეობაში და 7 ათასით - ჯანდაცვაში.