ქართული მხარე ფილიპ ლეფორს სკანდალურ განცხადებაზე პასუხს სთხოვს

ქართული მხარე ფილიპ ლეფორს სკანდალურ განცხადებაზე პასუხს სთხოვს

ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარემ, ფილიპ ლეფორმა ცხინვალში სტუმრობისას სკანდალური განცხადება გააკეთა. როგორც სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება, ევროპელმა დიპლომატმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი რესპუბლიკის მოსახლეობის მიერ დიდი ხანია განსაზღვრულია და ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფილიპ ლეფორმა, რომელმაც ცხინვალში ვიზიტისას, რეგიონში არსებული ვითარება განიხილა, აღნიშნა, რომ არსებობს ახალი რეალობა, რომელსაც ყველა უნდა შეეგუოს და ამ პირობებში მუშაობა ისწავლოს.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხი პირველ ადგილას დგას.

„სამხედრო შეტაკების რისკი უნდა გამოირიცხოს. ამ გარანტიების მისაღებად, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, სამხრეთ ოსეთის მხარეც და ჩვენც დიდ ძალისხმევას მივმართავთ. სხვა თანამდებობაზე გადასვლის შემდეგაც კი, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას გავაგრძელებ, მათ შორის იმ პირებისაც, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებიან. სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია. ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა ლეფორმა, რომლის განცხადებასაც ოფიციალური თბილისის გამოხმაურება უკვე მოჰყვა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ფილიპ ლეფორს სკანდალურ განცხადებაზე პასუხს ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მოსთხოვს, მისი მოადგილე დავით ზალკალიანი კი აცხადებს, რომ თუ ჟენევის დისკუსიებში თანათავმჯდომარის განცხადება დადასტურდა, ქართული მხარე ევროკავშირს მიმართავს.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველო თავისი ტერიტორიების დაკარგვას არასოდეს არ შეეგუება.

მინისტრის მტკიცებით, მისთვის უცნობია, ფილიპ ლეფორის ეს განცხადება რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

„ფილიპ ლეფორი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია და მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება მნიშვნელოვანია. ჩვენ მას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, არის ოსური მედიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის ნამდვილობაში უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო. თუმცა, თუკი ოსური მედიის მიერ გავრცელებული ფილიპ ლეფორის განცხადება მართალი აღმოჩნდება, მაშინ ლეფორს პრობლემები ექნება არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ თვითონ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან“, - აცხადებს მინისტრი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, ფილიპ ლეფორი ხვალ, საქართველოში ჩადის, სადაც მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„ძალიან მაინტერესებს, რა იქნება მისი პასუხი. თუკი ეს ისეა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება მედიის საშუალებით, მაშინ ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება, რომელიც უაღრესად მკაცრი იქნება. ბატონი ლეფორი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი გახლავთ და იცით, რომ ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ევროკავშირი არის მონაწილე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და როგორც ევროკავშირი, ასევე მისი ყველა წევრი სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენელს უფლება არ აქვს განცხადება გააკეთოს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თავად ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების პოზიციასთან“, - აცხადებს ფანჯიკიძე, რომლის პათოსსაც მისი მოადგილეც იზიარებს.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ფილიპ ლეფორს საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება არასდროს გაუკეთებია, თუმცა, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ოფიციალური თბილისი შესაბამის ზომებს მიმართავს, როგორც თბილისში, ევროკავშირის მისიის წინაშე, ასევე ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.

„ფილიპ ლეფორი როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, მიუკერძოებელი იყო და ამ მოლაპარაკების პროცესს ყოველთვის შესაბამისად უძღვებოდა. ეს ინფორმაცია ძალიან გამიკვირდა და არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის სიმართლე და რომ ეს არ წარმოადგენს ჟურნალისტების ინტერპრეტაციას“, - აღნიშნავს ზალკალიანი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მსგავსად, ფილიპ ლეფორისგან კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვენ საქართველოს პარლამენტშიც.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თვლის, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, რომელიც ქვეყნის განუყოფელი ნაწილი იყო და იქნება.

„ამ საკითხზე, საჭიროა საუბარი უშუალოდ ფილიპ ლეფორთან გაიმართოს. არასოდეს არ შევეგუებით იმას, რომ ცხინვალი და სოხუმი დამოუკიდებელ სახელმწიფო წარმონაქმნად განვიხილოთ. ეს შეიძლება ვინმეს გარკვეული სურვილი, ან მოსაზრება იყოს, მაგრამ ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მყარი პოზიცია აქვს“, - განუცხადა for.ge-ს ბესელიამ, რომლის მსგავსადაც თამარ კორძაია თვლის, რომ ფილიპ ლეფორმა განცხადება თავად უნდა დააზუსტოს.

როგორც for.ge-სთან საუბარში კორძაიამ განაცხადა, აღნიშნული განცხადება გადამოწმებას საჭიროებს იმიტომ, რომ ეს სერიოზული განაცხადია ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ.

„ეს განცხადება პრინციპში სახელმწიფოს ინტერესებს ლახავას, რის გამოც, ჩვენი უწყებები განცხადების სიზუსტეს გაარკვევენ. იმედს გამოვთქვამ, რომ განცხადების ინტერპრირება მოხდა“, - დასძინა მან.

ცხინვალში ფილიპ ლეფორის განცხადების ინტერპრირება მოხდა, თუ თავად ლეფორი თვლის, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამაზე პასუხის გაცემა მას ხვალ მოუწევს.