„ქართული ოცნება“ მიუხედავად დასავლეთიდან ყოველდღიურ რეჟიმში გაკეთებული მწვავე განცხადებებისა და რეზოლუციებისა, კვლავ იმედს იტოვებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ხალხი ხმას ისევ მათ მისცემს და ხელისუფლებაში დარჩებიან, დასავლეთი იძულებული იქნება რიტორიკა შეცვალოს და პოლიტიკის გადატვირთვა მოხდეს. ასევე მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ უკრაინის ომის დასრულება, საქართველოსა, ევროპასა და ამერიკას შორის, სრულიად ახალ ურთიერთობებს დაუდებს საფუძველს.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას.
მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულების შემდეგ სრულიად სხვა მოცემულობა იქნება საქართველოს მიმართ.
„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან. უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორც კი დასრულდება მეორე ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას“, - განაცხადა კობახიძემ.
პლატფორმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნებისმიერი რეზოლუცია და დასავლელი ლიდერების განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არჩევნები ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ არის. 26 ოქტომბერს „ოცნება“ თუ გაიმარჯვებს, მას დასავლეთთან პოლიტიკის გადატვირთვის არანაირი რესური აღარ რჩება.
„ნებისმიერი რეზოლუცია, ევროკავშირის ჩინოვნიკების განცხადებები, მიუთითებს ერთ რამეს, პირველი - საქართველოს არჩევნები არის ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ და უპრეცედენტო რაოდენობის სადამკვირვებლო მისიები ჩამოდიან. მეორე, ბიძინა ივანიშვილის დასაბრუნებელი გზა, დასალაგებლად ჩვენს პარტნიორებთან არ არსებობს, რადგან სანქციები გზაშია და ეს სანქციები მის წინააღმდეგ აუცილებლად იქნება. ამიტომ არ მესმის პრემიერის ოპტიმიზმის და ვერ ვხედავ რესურს ამ სიტუაციის გადატვირთვის“, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრემიერის განცხადებას ეთანხმება და „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დასავლეთი იძულებული გახდება ურთიერთობები გადატვირთოს, მით უმეტეს, თუკი მმართველი გუნდი გამარჯვებას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიპოვებს.
„მე არაერთხელ მისაუბრია ამაზე და მუდმივად ვიმეორებ, რომ ახლა დასავლეთის ამ კრიტიკას და შანტაჟს ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი. იმიტომ არის მოსახლეობაზე და საზოგადოებაზე ამხელა ზეწოლა. ხდება ზეწოლა იმის მუქარით, რომ აი, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთ, თუკი „ოცნებას“ აირჩევთ. დასავლეთშიც ხედავენ, რომ ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა არ არის და ამიტომ მოსახლეობის ზეწოლაზე გადავიდნენ. მე არ მახსოვს მსგავსი პრეცედენტი, რომელიმე ქვეყანასთან დაკავშირებით დასავლეთიდან ამხელა ზეწოლა ყოფილიყო. წარმოუდგენელი რამ ხდება, როცა დღეში რამდენჯერმეც კი, არ გამოვიდეს რომელიმე თანამდებობის პირი და ხელისუფლების მიმართ უმწვავესი განცხადებები არ გააკეთოს.
რეალობა კი ასეთია, რომ თუკი საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, დასავლეთი, ასევე სჭირდება მათაც საქართველო. სანამ იმ პოზიციაში ვიქნებით, რომ მათ გარეშე რა გვეშველება და ვაიმე ქვეყანა დაიქცევა თუ ევროკავშირის წევრები არ გავხდებით, იმდენჯერ იქიდან უფრო მწვავე მუქარები წამოვა. სამწუხაროდ, ბოლო დროს, ქართველების მიერ გაშლილმა ევროკავშირის დროშებმა და ე.წ. მარშებმა გააყოყოჩა ევროკავშირის ჩინოსნები. ჩვენი მოსახლეობის პოზამ შექმნა ის რეალობა რაც ახლა გვაქვს. ამიტომაც ახლა 26 ოქტომბერს აქვს ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. როგორც კი დასავლეთი რეალობის წინაშე დადგება და დაინახავს, რომ ხალხმა ისევ მიიღო გადაწყვეტილება „ოცნების“ არჩევის, იმ დღესვე სრულიად სხვა რიტორიკით საუბარს დაიწყებენ. თანაც ეს რიტორიკა იქნება არა ცალ ფეხზე დგომის მოთხოვნა, არამედ ღირსეულ პარტნიორთან საუბრის“, - ამბობს საყვარელიძე.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ჩვენს რეგიონში საქართველო დასავლეთისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე. ევროპელებს სჭირდებათ საქართველოზე გამავალი დერეფანი და საქართველოს იზოლაციაში ვერ მოაქცევენ.
„ბოლო დროს დასავლეთს პოლიტიკური სუიციდი ახასიათებს. მათი რიტორიკა ქართველი ხალხისთვის უკვე იმდენად მომაბეზრებელი და შემაწუხებელი გახდა, რომ ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. როდესაც ევროკავშირის და ამერიკის ელჩები პირდაპირ ოპოზიციის ტესქტებით საუბრობენ, ამას ხომ ჩვენი მოსახლეობა ისმენს. ნებისმიერ ქვეყანაში ელჩმა ეს რომ გააკეთოს, მაშინვე მას ქვეყნიდან გააძევებენ. ეს რიტორიკა უკვე ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იქნება, თუკი 26 ოქტომბრის შემდეგ, „ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში და დასავლეთმა გადატვირთვის პოლიტიკა არ განახორციელა. ისინი ამ რეალობის წინაშე აუცილებლად დადგებიან. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული სახის გამოსვლები, არეულობის ინსცენირება, მაგრამ თუ ამ ყველაფერს, როგორც მაისში მოხდა, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არ აჰყვა, ქვეყანა არ მოიცვა მასობრივმა აქციებმა, მაშინ დასავლეთი იძულებული იქნება, ურთიერთობის ფორმა შეცვალოს. ამ რიტორიკით ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებენ. თანაც „ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერი და მყარი პოზიციებით იქნება. თუკი საქართველოს ამ სიტუაციაში ვაჭრობა შეუძლია, ეს რატომ არ უნდა გააკეთოს? დასავლეთი ყოველთვის შეჩვეული იყო, რომ ყველაფერზე თავდახრილი ვეთანხმებოდით, ეს რეალობა შეიცვალა და მათი ეს ისტერიკაც ამის ნათელი მაგალითია“,-ამბობს საყვარელიძე.