„თავხედური ლობიზმით ნაკარნახევი რეზოლუცია“, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც კოლექტიური გიგაურების კარნახით, საუბარია იმაზე, რომ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა და გამჭვირვალობა თურმე ანტიდემოკრატიულია, ხოლო სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოს დემოკრატიის გზაზე ერთ-ერთი კომპასია.
ევროპარლამენტის რეზოლუციას წინ უძღოდა გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუცია, რაც „ქართული ოცნების“ წევრებმა იუმორით შეაფასეს: „ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაელ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ უკვე გასაკვირი არაფერია“.
ამის მიუხედავად, ჰანს გენშერის ქვეყანაშიც არიან ადამიანები, ვინც ბუნდესტაგის რეზოლუციის სულისკვეთებას არ იზიარებს. რეზოლუციის გამოქვეყნება ყველა გერმანელ დეპუტატს ერთნაირად არ მიუღია. იყვნენ ისეთნიც, რომლებმაც გააკრიტიკეს საკუთარი ქვეყნის პოზიცია და დამოუკიდებელი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვეს.
ბუნდესტაგის დეპუტატი რობერტ ფარლე აცხადებს, რომ ევროკავშირში ბევრი რამ ყარს, რადგან კორუმპირებული ხელმძღვანელობა მუშაობს და ეროვნულ დამოუკიდებლობას გაკარგვინებს. რობერტ ფარლე საქართველოში ხედავს მოვლენების ისეთ განვითარებას, როგორიც უკრაინაშია, სადაც ამერიკელებმა მოაწყვეს გადატრიალება და საბოლოოდ ამას ომი მოჰყვა.
გერმანელი დეპუტატი რაინერ როთფუსიც არ ჩამორჩა რობერტ ფარლეს და საკუთარ კოლეგებს მიმართა: „თქვენი „მზრუნველობა“, სინამდვილეში, ევროკავშირის კანდიდატ საქართველოსთვის საფეთქელზე იარაღის მიბჯენაა“.
გერმანელმა დეპუტატმა შტეფენ კოტრემ კი პირდაპირ ამხილა მიხაელ როთი, რომელიც სხვა უცხოელ აგენტებთან ერთად თბილისში დემონსტრაციაზე გავიდა და პროპაგანდას ავრცელებდა არჩეული მთავრობის და პარლამენტის წინააღმდეგ.
რას მიაღწევენ საქართველოსთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკის გამაკრიტიკებელი ევროდეპუტატები და ბუნდესტაგის დეპუტატები?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ პეტრე მამრაძეს უჭირს იმის თქმა, რას მიაღწევენ განსხვავებულად მოაზროვნე ევროდეპუტატები, რომლებიც საკუთარი ქვეყნების პოლიტიკას აკრიტიკებენ საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ეს პროტესტი დასავლეთ ევროპაში გაძლიერდება. შემთხვევითი არც ისაა, რომ ავსტრიაში „მემარჯვენეებმა“ გაიმარჯვეს და ასეთი რეაქციები ბუნებრივია, რადგან ლგბტ საკითხი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ლამის საკრალური გახადეს.
„დაცული უნდა იყოს სექსუალური უმცირესობის უფლებები, რაზედაც არავინ დავობს, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები, რომლებიც კანონს არ არღვევენ, დანაშაულს არ ჩადიან, დაცული უნდა იყოს. იმის გამო, რომ ადამიანები უმცირესობას წარმოადგენენ, არ უნდა დაიჩაგრონ. მაგრამ სულ სხვაა, ცხოვრების ამ წესის დღენიადაგ პროპაგანდა, ამ წესის ყოველმხრივ ხელშეწყობა, სულ სხვაა, როცა მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ და ლამის კვოტებია დაწესებული მხოლოდ იმ ნიშნით, რომ უმცირესობას წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საიდუმლო სამსახურის უფროსი ქალბატონი გადადგა მას შემდეგ, რაც ტრამპს ესროლეს და ყურში მოარტყეს, ეს ქალბატონი დანიშნული იყო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურის უფროსად მხოლოდ იმის გამო, რომ ლესბოსელი იყო. ამერიკელმა კოლეგამ მითხრა, არავითარი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ ადამიანების მიმართ, ბევრი მათგანი ნიჭიერია, თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს, მაგრამ როდესაც ამ ნიშნით აწიანურებენ, თანაც სახელმწიფო სამსახურში და არა პროფესიული ნიშნით, ეს არის ამაზრზენი. ამაზე კომიკური ფილმებიცაა გადაღებული“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ერთ ფაქტსაც იხსენებს, როცა წლების წინ ევროკომისრის თანამდებობაზე იტალიამ წარადგინა ცნობილი მოღვაწე, მინისტრად ნამყოფი, მონოგრაფიების ავტორი ბუტილიონე. ამ ადამიანს იოანე-პავლე მეორეზე დაწერილი ჰქონდა მონოგრაფია, ევროპარლამენტში მას ჰკითხეს: „თქვენ რომ თქვენს სტატიებში წერდით, რომ არ დაუჭერთ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, შეიცვალეთ თუ არა აზრი?“ ამ ადამიანმა უპასუხა, „მე გახლავართ მორწმუნე კათოლიკე, ჩემი რწმენა არ შემიცვლია და ახლაც გეტყვით, არ დავუჭერ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას“. მაშინვე უკუაგდეს მისი კანდიდატურა და ამის გამო მოუწიათ მთელი ევროკომისიის თავიდან დაკომპლექტება.
პეტრე მამრაძის თქმით, ცხადია, რეზოლუციას გარკვეული წონა აქვს, ეს არის რეკომენდაცია და არა გადაწყვეტილების აღსრულება, მაგრამ რეზოლუცია მაინც არის საზოგადოებაზე ზემოქმედების მექანიზმი, რაც მთავარია, ეს არის ზეწოლა საქართველოს ამომრჩეველზე უშუალოდ არჩევნების წინ. ამის მიუხედავად, უფრო ადრეც ევროპარლამენტშიც გამოვიდნენ ადამიანები და განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, ანუ არ დაუჭირეს მხარი ამ ტიპის რეზოლუციებს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საბჭოურ ცხოვრებას, რომ თუ ვინმე იტყვის ერთს, ყველამ აბსოლუტური თანხმობა უნდა გამოუცხადოს. ვინც თანხმობას არ უცხადებს და მმართველ პარტიას არ ეთანხმება, ის მოღალატედ, ქვეყნის გამყიდველად ცხადდება. ეს მაშინ, როცა დასავლეთში ასეთი დებატები ჩვეულებრივი ამბავია.
„სტატისტიკა არ შემისწავლია, მაგრამ არა მგონია, დასავლეთის რომელიმე პარლამენტში ერთხმად ყოფილიყო მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება. ადამიანები ვართ და სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. მთავარია, უმრავლესობამ გადაწყვიტა ასე და უმრავლესობა მართავს დღეს გერმანიას. თუკი ბუნდესტაგზე ვილაპარაკებთ, არაფერი მოულოდნელი და გასაკვირი არ არის იმაში, რომ გერმანიაში აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ეს რეზოლუცია მძიმეა, იმიტომ რომ გერმანიის ბუნდესტაგის უმრავლესობა თვლის ასე, თორემ განსხვავებული აზრი ყოველთვის და ყველა პარლამენტში იყო და იქნება. საქართველოსთან მიმართებით კი არა, საბჭოთა კავშირთან მიმართებით იყო აზრთა სხვადასხვაობა გერმანიასა და ამერიკაშიც კი.