თბილისში 11-12 თებერვალს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში გაიმართება. სწორედ, ამ საკითხზე ისაუბრა For.ge-ს პრესკლუბში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ. ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების გარდა დეპუტატმა ჟურნალისტების კითხვებს სხვა აქტუალურ თემებზეც უპასუხა.
ვიქტორ დოლიძე: 11-12 თებერვალს თბილისში გაიმართება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში. ნატო-ს სამხედრო კომიტეტი მთავარი მაკოორდინირებელი რგოლია ალიანსში - კოორდინაციას უწევს ნატო-ს სამხედრო ოპერაციებს დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობას შორის, ამავე დროს ნატო-ს მთავარ პოლიტიკურ ორგანოს აძლევს რეკომენდაციებს სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომიტეტის თბილისში ვიზიტი მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობას სხვადასხვა კუთხით განვიხილავთ, საუბარი იქნება პოლიტიკურ საკითხებზე. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე და ნატო-ს სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. შეხვედრები გაიმართება როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლების თბილისში ჩამოსვლამდე ბრიუსელში ნატო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრებს უკვე მართავს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. რა მოლოდინები გაქვთ ამ შეხვედრებისგან, რას შეიძლება მიაღწიოს საქართველომ წელს ნატოს-თან ინტეგრაციის თვალსაზრისით?
- გენერალ კაპანაძეს დიდი გამოცდილება და კარგი კომუნიკაცია აქვს ნატო-ს გენერალიტეტთან. ეს ვიზიტი, ვფიქრობ, მეტად შეუწყობს ხელს ნატო-სა და საქართველოს სამხედრო თავსებადობას.
არ მინდა, მოლოდინები გავზარდო იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ველოდებით ნატოსა და საქართველოს ინტეგრაციის კუთხით, მაგრამ მოგეხსენებათ, წელს, შემოდგომაზე ბრიტანეთში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომელზეც გლობალურ გამოწვევებთან ერთად საუბარი ნატო-ს მომავალზეც იქნება. ალბათ, იქნება მსჯელობა ინტეგრაციის საკითხებზეც, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის გაფართოება, როგორც ასეთი, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.
საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, პროგრამა მაქსიმუმი შესრულდეს, რა პროგრესი გვექნება, ამას მომავალი გვიჩვენებს.
წინა მთავრობა ხშირად ამბობდა, რომ ნატო-სგან საქართველომ „მაპზე უკეთესი“ მიიღო. რომ გვითხრათ, რა შეიძლება იყოს დღეს პროგრესი, „მაპის“ მიღებამდე რა რჩება?
- ავღანეთში დღეს 1600-მდე სამხედრო მოსამსახურეა, ისინი გმირულად იბრძვიან ანტიტერორისტულ კოალიციაში და საქართველოს ამ ბრძოლაში დიდი წვლილი შეაქვს. მაგრამ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია არ არის. ბრიუსელშიც მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, ნატო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია უფროა, თუ პოლიტიკურ-სამხედრო. ალიანსი დაფუძნებულია იმ ღირებულებებზე, რასაც ჰქვია პიროვნების თავისუფლება, დემოკრატიის მშენებლობა, კანონის უზენაესობა და ა.შ. საქართველოს წინგადადგმული ნაბიჯები აქვს ორი არჩევნების და ხელისუფლების ცვლილების კუთხით. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და სწორედ ეს გვრჩება „მაპის“ მიღებამდე. თუ რა იქნება პროგრესი და იქნება თუ არა ეს „მაპზე მეტი“, ამაზე საუბრისგან დღეს თავს შევიკავებ. მთავარია, ნატო-ში სრულფასოვანი წევრობისკენ იყოს გადადგმული სერიოზული ნაბიჯები.
რა პროგრესი შეიძლება ჰქონდეს უახოლეს მომავალში საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თვალსაზრისით?
- ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარალელურად მიმდინარეობს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება. სამოქმედო გეგმა 4 თავისგან შედგება, პირევლ თავს, ალბათ, მალე დავასრულებთ და შემდეგ თავებზე გადავალთ. მაქსიმალურად უნდა შევასრულოთ „საშინაო დავალება“ - ეს იქნება კონკრეტული საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება, თუ აღმასრულებელი ხელისუფელების მიერ მისაღები გადაწყვეტილებები. თუ დროულად დავასრულებთ, არსებობს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ 2015 წლისთვის შევძლოთ ვიზების გამარტივება ევროკავშირში საქართველოს ყველა თანამოქალაქისთვის. დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ რომ დავდივართ „შენგენის“ ზონაში, ეს უკვე არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს „სიკეთე“ უნდა მივიდეს ჩვენს თითოეულ თანამოქალაქემდე.
ევროკავშირის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის განცხადებაზეც გვაინტერესებს თქვენი პოზიცია - ოსური მედიის ინფორმაციით, ფილიპ ლეფორმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფოს სტატუსი რესპუბლიკის ხალხის მიერ უკვე განსაზღვრულია და ამ პოლიტიკის შეცვლა, პრქტიკულად, შეუძლებელია. თუ ეს განცხადება რეალურია, რა რეაგირება ექნება მასზე საქართველოს ხელისუფლება?
- გადასამოწმებელია, არის თუა არა ინტერპრეტირებული ეს განცხადება. თუ ნამდვილია, ბუნებრივია, მოგვიწევს კითხვების დასმა, როგორც ბატონი ლეფორისთვის, ასევე ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის.
ბატონო ვიქტორ, დღეს დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. ვიზიტს აკრიტიკებს პოლიტოლოგთა ნაწილი. მაგალითად, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ პროტოკოლის სამსახურმა ცუდად იმუშავა, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის პრეზიდენტი სათანადო პატივით - ტრაპთან არ დახვდა.
- პროტოკოლი საკითხის ტექნიკური მხარეა, თუმცა, ბუნებრივია, საკითხის პოლიტიკური მხარე აქაც იკვეთება ხოლმე. მთავარი, ალბათ, მაინც ვიზიტის თემატური და შინაარსობრივი მხარეა. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი მეზობელ ქვეყანაში. თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი პარტნიორი, ძალიან დიდი მხარდამჭერი ევროატლანტიკურ და მათ შორის, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. თურქეთი ჩვენი ენერგეტიკული და ზოგადად, ეკონომიკური პარტნიორია. შესაბამისად, ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მე მგონი, საუბარი ზედმეტია.
რატომ შეირჩა პირველი ვიზიტისთვის თურქეთი და არა რომელიმე სხვა ქვეყანა?
- გადამწყვეტ მნიშვნელობას ნამდვილად არ მივანიჭებდი, პირველი სად ჩავიდოდა პრეზიდენტი. ის, რომ თურქეთი გადაწყვიტა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ საქართველო რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას. პრეზიდენტს, ბუნებრივია, ბევრი ვიზიტი ექნება, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში და თავად ევროკავშირშიც, აშშ-შიც და პრიორიტეტები, რომელიც ქვეყანას აქვს, აპრობირებული იქნება საპრეზიდენტო დონეზეც.
რადგან ვიზიტების თემაზე ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ვიზიტებზეც გკითხავთ - მთავრობის პრესსამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და ასევე გაემგზავრება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ეს შეხვედრები რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის?
- დავოსის ფორუმი, ეკონომიკური კუთხით, უმნიშვნელოვანესი ფორუმია მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში საინვესტიციო გარემო დღითიდღე ვითარდება და ასევე იზრდება ექსპორტი. დარწმუნებული ვარ, პრემიერს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება დავოსში და ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას.
რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციას, ეს არის უსაფრთხოების თემაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ფორუმი, სადაც იკრიბებიან ქვეყნების ლიდერები. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მას უკვე მიეცა საშუალება 15-წუთიანი მოხსენებით წარსდგეს ამ კონფერენციაზე. წინა პრეზიდენტი კი, ბოლო პერიოდში ბევრს ცდილობდა, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსულიყო, მაგრამ ვერ მოახრეხა.
ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლის გარდა ორმხრივი შეხვედრები ექნება ბევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.