საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავარ პროკურორის თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი დანიშნა, რომელიც ამავე უწყების საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო.

თეა წულუკიანმა გიორგი ბადაშვილის კანდიდატურა ირაკლი ღარიბაშვილს „პროკურატურის შესახებ კანონის“ გათვალისწინებით წარუდგინა და ოთარ ფარცხალაძის შემთხვევისგან განსხვავებით, მთავარი პროკურორი სწორედ კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, მთავარი პროკურორის კანდიდატურისა და ზოგადად პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურა მისი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და კარგი რეპუტაციის მიხედვით შეირჩა.

თუ ვინ არის გიორგი ბადაშვილი, ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატები არ ფლობენ, თუმცა, მის საქმიანობას მისი ბიოგრაფიიდან იცნობენ.

კანონმდებლები ქვეყნის მთავარ მბრალდებელს წარმატებას უსურვებენ, თუმცა, ამავე დროს მას ურჩევენ, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ტემპი შეინარჩუნოს და საქმეების გამოძიება მოკლე ვადებში აწარმოოს, რადგან მათი შეფასებით, საზოგადოების დიდი ნაწილი შელახული უფლებების აღდგენას ელოდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ახალ პროკურორთან შეხება არ ჰქონია, თუმცა, ამბობს, რომ უმრავლესობას ახალი პროკურორის მიმართ სანდოობა აქვს და ამავდროულად, დიდი მოლოდინი.

„ძალიან მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი პროკურორი მართლაც სწრაფ ტემს გააგრძელებს როგორც რეზონანსული, საზოგადოების მაღალი ინეტერესის მატარებელი საქმეების გამოძებისას, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტების გამოძიების შემთხვევებზე. იმედი გვაქვს, ის ტემპი იქნება შენარჩუნებული, რომელიც პროკურატურამ მისი წინამორბედის პერიოდში დაიწყო. კერძოდ, მაშინ, როცა საზოგადოების მაღალი მოლოდინების ფონზე, პროკურატურამ რეაგირება და მოქმედება დაიწყო. ბუნებრივია, ახალი პროკურორის მიმართ სანდოობა და მაღალი მოლოდინი გვაქვს“, - აცხადებს ბესელია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ ეტაზე, როცა, პროკურატურის ირგვლივ ძალიან დიდი იმედებია აკუმულირებული და საზოგადოების დიდი ნაწილი შელახული უფლებების აღდგენას ელოდება, საგამოძიებო უწყებას დიდი მასშტაბის საქმე აქვს გასაკეთებელი.

კანონმდებელი თვლის, რომ უწყებას საკმარისი კადრები ჰყავს, თუმცა, პროკურატურაში კადრების განახლება შესაძლებელია.

„ვფიქრობ, რომ საქმეების გამოძიების თვალსაზრისით, ამ უწყების მუშაობა წარმატებული იქნება. მართალია, მასთან შეხება არ მქონია, მაგრამ მისი გამოცდილება რაც ჩემთვის ცნობილია, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია და კარგი დამხმარე ძალა იმ რთულ საქმეში, რომლის შესრულებაც მთავარ პროკურორს მოუწევს. რაც მთავარია, მას აქვს გუნდის ნდობა და პრემიერის გადაწყვეტილებაც ამაზე მიუთითებს“, - დასძინა ეკა ბესელიამ, რომლის პათოსსაც მისი თანაგუნდელი გია ვოლსკიც იზიარებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი დადებითად ხასიათდება და მას იმედი აქვს, რომ მისი შემართება და პროფესიონალიზმი მასში გაერთიანდება.

„ახალი პროკურორის კანდიდატურაზე საუბარი იყო. რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციებს თვალ-ყურს ვადევნებდით. გარდა ამისა, საზოგადოების დიდი ინტერესია, რომ სამართლიანობა აღდგეს, დამკვიდრდეს და არავითარი მიკერძოვება არ იყოს პროკურატურაში. დარწმუნებული ვარ, ეს არც იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობისგან განსხვავებით, ახალ პროკურორთან მიმართებაში ნაკლები მოლოდინი აქვთ უმცირესობაში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძის კადრია და ოპოზიციონერები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ პროკურატურის არაფორმალური მმართველი ისევ ფარცხალაძე იქნება.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გიორგი ბადაშვილი ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია და მისი ამ პოსტზე წარდეგნა, სწორედ ფარცხალაძის მიერ მოხდა.

„ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია იუსტიციის სამინისტრო და ღიმილის მომგვრელი იყო ის წარდგინება, რაც იუსტიციის მინისტრმა გაკეთა. ახალი პროკურორის ყველაზე მთავარი ტესტი იქნება ის, თუ როგორ გამოძიებს პოლიტიკურ საქმეებს. როგორც ბაჩო ახალაიას საქმეებს, ასევე ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს და მასზე განხორციელებულ არაფორმალურ ზეწოლას“, - აცხადებს წიკლაური, რომლის გუნდის წევრებიც უფრო ვრცელ კომენტარებს არ აკეთებენ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ნაციონალები გიორგი ბადაშვილის ბიოგრაფიას სწავლობენ, როგორც ეს ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა. კერძოდ, ფარცხალაძის „გერმანული წარსული“ შესახებ ინფორმაცია სწორედ ნაციონალებმა გაავრცელეს.

მათი ცნობით, ფარცხალაძე გასამართლებული იქნა აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით - ყაჩაღური ქურდობისთვის. თავად ფარცხალაძემ ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა, მუხლი უარყო და დეკემბრის ბოლოს, პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

რაც შეეხება გიორგი ბადაშვილის ბიოგრაფიას, 1981 წელს დაბადებულმა ბადაშვილმა 2003 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ კი, კარიერა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან დაიწყო და 2013 წლის მაისამდე მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.