საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წლის ბოლოს 3%-იან ნიშნულს მაინც გადააბიჯა. ის კი არადა, ეკონომიკის მინისტრი დაზუსტების შედეგად სულაც 3,6%-იან მატებას ელის.
მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიმოხილვა მოითხოვა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ცხელ-ცხელი ციფრები წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ - 4,1%, ნოემბერში - 8,1%, ხოლო დეკემბერში კი, სავარაუდოდ, 8,5% შეადგინა. ამ მონაცემების გათვალისწინებით, წლიური ეკონომიკური ზრდა 3,1% იქნება.
„მარტში დაზუსტდება სოფლის მეურნეობის მაჩვენებელი, რაც, სავარაუდოდ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5-3,6%-ის დონეზე დაფიქსირდება. ეს გათვლები საკმაოდ საინტერესო ფაქტობრივ მასალას ემყარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია გაგრძელდება და თუ ეს ასე მოხდა, 2014 წლისთვის სრულიად რეალისტური იქნება მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც ამბობს, რომ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,3%-ზე გაიზრდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობის პროგნოზი, ეკონომიკის 5%-იან ზრდასთან დაკავშირებით 2014 წლისთვის პესიმისტური აღმოჩნდება და ზრდა დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბებს. როგორც ხადურმა აღნიშნა, წინა წლის განმავლობაში 20%-ზე მეტით გაიზარდა ექსპორტი, შემცირდა უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი 500 მილიონი დოლარით, რაც დამაიმედებელი მაჩვენებლებია.
ფინანსთა მინისტრს მხარი აუბა კოლეგამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართლებით. გიორგი კვირიკაშვილი 2013 წელს საქართველოში არსებული „დაძაბული პოლიტიკური ვითარების“ გათვალისწინებით ეკონომიკური მაჩვენებლებით კმაყოფილია. მან ისიც დააზუსტა, რომ მესამე კვარტლის ჯამური ზრდა 6,8% იყო.
„წლიურ მაჩვენებელში ეს გვაძლევს 3,1%-ს. ამ ციფრში გასათვალისწინებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაჩვენებელი. წინასწარი მონაცემებით, დაფიქსირდება დაახლოებით 12%, რაც პროგნოზირებულ ციფრთან შედარებით მაღალია. მთლიანობაში, სავარაუდოდ, წლიური ეკონომიკური ზრდა 3,5-3,6% იქნება. გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, როგორც წესი, შემოდგომაზე ქვეყნდება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ინვესტიციებს, მინისტრის ინფორმაციით, სამი კვარტლის მონაცემებით ინვესტიციებმა 697 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 4%-მდე აღემატება.
„თუ გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რაც წლის განმავლობაში გვქონდა, საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია, თუმცა მომავალ წელს უფრო გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს ველოდებით. მთავრობას დაგეგმილი აქვს 5%-იანი ზრდა.
ძალიან სასიამოვნოა, რომ მსოფლიო ბანკი ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებელს გეგმავს და თუ გამართლდება, ძალიან გაგვიხარდება. ჩვენი ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან რეალურ ზრდაზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება წლევანდელ პროგნოზს აქ უფრო ოპტიმისტურადაა საქმე. საქართველოს მთავრობა 5%-იან წინსვლას ელის, რასაც ასე თუ ისე ადასტურებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ის კი არადა, მსოფლიო ბანკი უფრო მეტსაც ელის. გავლენიანმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ შარშან, ივნისში გამოცხადებული პროგნოზი დაადასტურა, რომლის საფუძველზე ირკვევა, რომ გაისად საქართველოს 6,3%-იანი ზრდა ელის და ასეთივე ტემპი შენარჩუნდება 2015 წელსაც.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შედარებით მოკრძალებულ მაჩვენებელს აქვეყნებს. „ბიპიენის“ ცნობით, ევრობანკმა 2014 წლისთვის ეკონომიკური ზრდის საქართველოსთვის განკუთვნილი საპროგნოზო მაჩვენებელი 5%-დან 4%-მდე შეამცირა.