აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ს ებრაელი მგზავრების დისკრიმინაციის გამო რეკორდული, 4 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას BBC უწყების ოფიციალურ რელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინციდენტი 2022 წლის მაისში მოხდა, ნიუ-იორკი-ბუდაპეშტის რეისზე, რომელიც ფრანკფურტში გადაჯდომით სრულდებოდა.
ხომალდის კაპიტნის განცხადებით, ფრანკფურტამდე ფრენისას რამდენიმე მგზავრი ნიღბის გაკეთებისა და ადგილებზე დარჩენასთან დაკავშირებულ „ეკიპაჟის ინსტრუქციებს არ ითვალისწინებდა“, რის გამოც ავიაკომპანიამ ბორტზე მყოფი ყველა ებრაელი ერთი ჯგუფის წევრად მიიჩნია და მეორე ფრენაზე ჩასხდომაზე 128 მგზავრს უთხრა უარი.
ინციდენტის ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, რომ Lufthansa-ს თანამშრომლები მგზავრებს ეუბნებიან: „რამდენიმე ადამიანის შეცდომაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი“. გერმანული მედია წერს, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ჩასხდომაზე უარი იმ ადამიანებს უთხრეს, რომლებიც ჩაცმულობისა და შეხედულების გამო ებრაელებად ჩათვალეს. ამასთან, ბევრი მათგანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდა და ერთადაც არ მგზავრობდნენ. Lufthansa-მ კი ვერ მოახერხა ვერცერთი იმ მგზავრის იდენტიფიცირება, რომლებმაც ეკიპაჟის ინსტრუქციები არ შეასრულეს.
Lufthansa-ს ჯარიმა ყველაზე მსხვილია, რაც კი აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო უფლებების დარღვევის გამო დაუნიშნია. Lufthansa-მ კი მანამდე ბოდიში მოიხადა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის ზომებს იღებს.