2008 წლის ომმა საქართველო ახალი ტრაგიკული რეალობების წინაშე დააყენა. ერთ–ერთი შედეგი ის არის, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია იცვლება. დოკუმენტის გადახედვა პარლამენტის აქტიური მონაწილეობით წარიმართება.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უნდა ემყარებოდეს. საპარლამენტო უმცირესობა და ექსპერტები კონცეფციის განახლებას მიესალმებიან.
დღეს ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ელოდებიან, რომელიც უსაფრთხოების ახალ ხედვებსა და წინადადებებზე უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.
„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგომი საფრთხეების შესაბამისად, მუდმივ გადახედვას, ცვლილებებს, ახალ ხედვებსა და მიდგომებს საჭიროებს“, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არ არის ერთი კონკრეტული უწყების დოკუმენტი და მასში ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის ფართო მონაწილეობით უნდა შევიდეს“.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უნდა ემყარებოდეს“.
„ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჩვენი მიზანი მოდერნიზაციაა, მაგრამ ის ძირითადად ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკასა და დემოკრატიას უნდა ეფუძნებოდეს. აღნიშნული საკითხი მხოლოდ ერთი პარტიის პრეროგატივა არ არის და მის მონოპოლიას ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც სხვა რომელიმე პარტია მოახდენს. სწორედ ამიტომ იწყება კონცეფციის გადახედვა ოპოზიციასთან ერთად“, - აცხადებს მაჭავარიანი.
საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნული კონცეფციის განახლების პროცესის დაწყებას მიესალმება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს პარლამენტის მოწოდებები, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავებას შეეხებოდა. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები და წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში არაერთხელ შევიკრიბეთ და მივიღეთ პირველადი ინფორმაცია იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომლის გამოყენებითაც უსაფრთხოების ახალი კონცეფცია მომზადდებოდა.
კარგია, რომ ამ პროცესმა გარკვეული სახე შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურის, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის უსაფრთხოების კონცეფცია, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
პროცესში მონაწილეობის მიღების თაობაზე განაცხადები პაატა დავითაიამ და გია თორთლაძემ გააკეთეს.
ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შეცვლის გადაწყვეტილებას ასევე მიესალმება.
როგორც „პირWელს“ სესიაშვილმა განუცხადა, „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის წინაშე წარმოქმნილი ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების შესაბამისად უნდა იცვლებოდეს, მოქმედი კონცეფცია კი, რომელიც დაახლოებით 2005-2006 წლებში იქნა მიღებული, ახალი რეალობების მიუხედავად, ამ დრომდე არ შეცვლილა“.
„2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც უსაფრთხოების კონცეფციის შეცვლის საფუძველი უნდა გამხდარიყო და სასურველი იყო, დოკუმენტის საფრთხეების შეფასებით ნაწილში, ასევე ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში ცვლილებები ადრევე განგვეხორციელებინა“, - განაცხადა სესიაშვილმა, რომელიც სხვა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტის საფრთხეების შეფასებითი ნაწილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.
მისივე ინფორმაციით, ექსპერტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საკმაოდ ბევრი შენიშვნა და რეკომენდაცია წარუდგინეს.
„შენიშვნები როგორც საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიული პარტნიორობის განსაზღვრის საკითხებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პოლიტიკას ეხებოდა. პირადად მე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გამაჩნდა. უპირველესად, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს ვხედავდი.
კერძოდ, ჩემი აზრით, ამ კონცეფციაში ხელისუფლება საკუთარ წარმატებებს გადამეტებულად წარმოაჩენდა. გარდა ამისა, რიგ შემთვევებში ხელისუფლებას სახელმწიფოს ინტერესები და შესაბამისი ქმედებები მკაფიოდ არ ჰქონდა წარმოჩენილი.
საერთო ჯამში, ეროვნული უსაფრთხოების კონცენციის „შავი“ ვარიანტი მისაღები იყო. მინდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ ჩვენს შენიშვნებსა და წინადადებებს სათანადო ყურადღება დაუთმო. ახლა მთავარია, იქნება თუ არა გათვალისწინებული ეს რეკომენდაციები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში, რომელსაც მხოლოდ პარლამენტში წარდგენის შემდეგ გავეცნობით“, - აღნიშნა სესიაშვილმა.