არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყნის საარჩევნო პროცესში გარედან უპრეცედენტო ჩარევა მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდნენ ვინ ცდილობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას, დასავლეთი თუ რუსეთი? მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაცვლად საარჩევნო კამპანიას ევროკავშირი და ამერიკა ატარებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში „ოცნების“ შანტაჟს ახორციელებენ. ეს ხდება, როგორც რეზოლუციების მიღებით, ასევე საქართველოში მყოფი ევროკავშირის და ამერიკის ელჩების დაუფარავი განცხადებებით.
ოპოზიციაში კი პირიქით ფიქრობენ და ამბობენ, რომ ქვეყნის საარჩევნო პორცესში რუსეთი ერევა და მმართველი გუნდი ამის გადაფარვას დასავლეთზე გადაბრალებით ცდილობს. თუმცა კრემლიდან წამოსული გზავნილები, პირიქით, აქარწყლებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „ოცნება“ კრემლის ინტერესების გამტარებელია.
მმართველ გუნდის მტკიცებით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არჩევნებს აგებს და რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა ექნებათ. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის საელჩოს გაფრთხილება საკუთარ მოქალაქეების მიმართ.
რას ურჩევს ამერიკის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს და რას ამბობს რუსეთის დაზვერვა
აშშ-ის საელჩო საქართველოში მათი ქვეყნის მოქალაქეებს სკანდალური შინაარსის შეტყობინებას უგზავნის და მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.
შეტყობინებაში, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს ეხება, საელჩო აღნიშნავს, რომ „სპონტანური საპროტესტო აქციები, რომლებიც მოიცავდა ძალადობას, წარსულშიც ყოფილა საქართველოში“. შესაბამისად, მოქალაქეებს საპროტესტო ზონებისგან თავის არიდებას ურჩევენ და განსახორციელებელი მოქმედებების ჩამონათვალს უგზავნიან.
რუსეთის საგარეო დაზვერვა კი იტყობინება, რომ ამერიკელმა „კურატორებმა“ უკვე მისცეს ბრძანება საქართველოს ოპოზიციურ ძალებს, შეუდგნენ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვას არჩევნების დროისთვის.
„ხელისუფლების სტრუქტურების საწინააღმდეგოდ „ტარანი“ უნდა გახდეს თბილისის მოსახლეობა, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებული ანტისახელისუფლებო აქციებით „შეახურეს“. განიხილება „საკრალური მსხვერპლი“ პროტესტების მონაწილეებიდან, რათა ძალოვნებზე „ხალხი განრისხდეს“. პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს შესაბამისი დიდი გამოცდილება გააჩნიათ. საკმარისია გავიხსენოთ კიევის „მაიდანი“ ათი წლის წინ, სადაც „დემოკრატიის საკურთხეველზე“ ასობით ადამიანი გაწირეს, მათ შორის, ისინიც, ვინც ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს“, - წერია განცხადებაში.
„ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება“, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციური პარტიები ქართველ ხალხს არ ესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში და ამის სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან.
„ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება, ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს, თუმცა ეს გარე ჩარევა, საბოლოო ჯამში, ვერ მოახდენს რაიმე არსებით გავლენას ამომრჩეველთა ნებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და გადამწყვეტი. ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ოპოზიცია საერთოდ არ ატარებს სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას. აქვთ გარკვეული შეხვედრები, ზოგიერთ შემთხვევაში პარტიის ლიდერები ჩადიან მუნიციპალურ ცენტრებში, მაგრამ ამის იქით რეალურად კამპანია არ წარიმართება. ქართველ ხალხს ოპოზიციური პარტიები არ ესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარებას შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამის სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან, რაც არის ანომალიური მოვლენა“, - განაცხადა პრემიერმა.
დასავლეთის და რუსეთის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ დასავლეთის ჩარევა საქართველოს ქვეყნის შიდა და საარჩევნო პროცესში იმდენად ღიაა, რომ მსგავსი ჩარევის 1%-ც კი არ მოდის რუსეთიდან. უფრო მეტიც, ანალიტიკოსის აზრით, უარყოფას უკეთებს კრემლი „ოცნების“ პოზიტიურ განცხადებებს საქართველოს გამთლიანებასთან დაკავშირებით და საერთოდ აქარწყლებს ოპოზიციის ნარატივს იმაზე, რომ თითქოს „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა.
„საქართველოს არჩევნებში და ქვეყნის შიდა საქმეებში დასავლეთიდან რა სახის და რა ფორმის ჩარევა ხდება, ამის მსგავსი პრეცედენტი საქართველოს ისტორიის მანძილზე, რუსეთიდან არ მახსოვს. თუკი რუსეთი ცდილობს საქართველოს არჩევნებში ჩარევას, ხომ ყველაზე მარტივი იქნებოდა თავი შეეკავებინა არჩევნებამდე ასეთი განცხადებებისგან, როგორიც ლავროვმა აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით გააკეთა?! ამით ხომ საერთოდ უარყო ოპოზიციის და დასავლეთის ბრალდებები, თითქოს „ოცნება“ კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს. მაშ სად არის ჩვენს არჩევნებში ჩარევის რეალური ნიშნები? მოდი შევადაროთ მეორე მხარე, როცა დასავლეთიდან ყოველდღიურ რეჟიმში მოდის მუქარის და შანტაჟის ნიაღვარი. ღიად ხდება თითის ქნევა იმაზე, რომ თუკი „ოცნება“ გაიმარჯვებს, მაშინ მათი მხრიდან არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ვხედავთ რეზოლუციებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც ქართველ ხალხს პირდაპირ აშინებენ, რომ თუკი ამ ხელისუფლებას ხმას მისცემენ, მაშინ ვიზალიბერალიზაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება; თუ მმართველი გუნდი ისევ გაიმარჯვებს, ისინი საქართველოს იზოლაციაში მოაქცევენ. მსგავსი რაიმე განცხადება რუსეთისგან ყოფილა? საუბარი მიდის იმაზე, რომ თუკი მაგალითად, ოპოზიცია გაიმარჯვებს, რუსეთი ომს დაიწყებს და ა.შ. ვინ აშანტაჟებს ჩვენს მოსახლეობას, დასავლეთი თუ რუსეთი?“,-ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება რუსეთის დაზვერვის განცახდებას - არჩევნების შემდეგ, საქართველოში მაიდანის სცენარის გათამაშებას, - მამრაძე აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთის მოგონილი ამბავი, ისინი საუბრობენ იმაზე, რასაც დასავლეთში წერენ და ამბობენ. პირიქით, დასავლეთი აპელირებს არეულობაზე და ამის ნათელი მაგალითია ამერიკის საელჩოს მიერ საკუთარი მოქლაქეების გაფრთხილება.
„ნებისმიერი დასავლური ორგანიზაციის ანგარიში და მედია რომ ვნახოთ, სწორედ იქ წავიკითხავთ საქართველოში არჩევნების შემდეგ შესაძლო არეულობის შესახებ ინფორმაციას. მაგალითად, „ჯორჯ მარშალის“ ფონდი, მაკკენის ინსტიტუტი და სხვები, სადაც პირდაპირ ანგარიშები იწერება საქართველოზე. რეკომენდაციებია პირდაპირ მოცემული, რომ თუ მაინც ამ არჩევნებზე „ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაშინ საჭიროა, რომ ყველამ ხმა აღიმაღლოს და შედეგი გააპროტესტოს. დასავლეთის ლიდერებმა მაშინვე უნდა დაგმონ, თუკი „ოცნებამ“ ხელისუფლება ხელში „ჩაიგდო“. ამას ხომ რუსებიც კითხულობენ და ანალიზს აკეთებენ, მხოლოდ დასავლეთის დაზვერვა ხომ არ მუშაობს, იგივეს აკეთებენ რუსებიც. ამიტომ ამაში რაიმე ახალი და უცნაური არაფერია. მერე რა, რომ „ოცნების“ და რუსების განცხადებები ემთხვევა, სწორედ იგივეს დასავლეთი არ ამბობს? ამერიკის საელჩომ არ დაუგზავნა თავის მოქალაქეებს, რომ 26 ოქტომბრის და მას შემდეგ დღეებში ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ მათმა მოქალაქეებმა?!“,-ამბობს მამარძე.
მისივე თქმით, აქვე აცხადებენ ლუკაშენკოს, როგორც მაგალითს. ანალიტკოსი ამბობს, საერთოდ დაიკარგა იმაზე საუბარი, რომ „თუ დამტკიცდა გაყალბება, ამ შემთხვევაში მოხდება არჩევნების არაღიარება“, - ეს აღარ წერია მათ ანგარიშში, პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ხალხის 80%-ს ევროპა უნდა, ე.ი. „ოცნება“ 20%-ზე მეტს ვერ აიღებს.
„ზუსტად იგივეა ნათქვამი რუსეთის განცხადებებში, რომ „მაიდანი“ მზადდება. 20 ოქტომბერს ხომ იქნება მარში, ეს არის რეპეტიცია. ასეთი მარში ზუსტად უნდა განხორციელდეს, მოხდეს მთავრობის შენობების ბლოკადა, შეჭრის მცდელობა. მათ შორის გვახსოვს 2020 წელს ამის მცდელობა, იგივე იქნება ახლაც. ვინ იცის კიდევ ნაცები რას ამზადებენ, რომელთაც 2-3 გვამის გამოჩენა არასდროს უჭირთ და არეულობის პროვოცირება უნდათ. ამ ყველაფერს ხომ რუსებიც აანალიზებენ, ამაში რა არის უცნაური და გასაკვირი?! საქართველო რეგიონში ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამიტომ ყველა მხრიდან დაკვირვების და ანალიზის ობიექტია“, - ამბობს მამრაძე.