დღეს, 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭო სხდომას გამართავს, რომელსაც ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს. ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად, გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ასევე, მინისტრები 17-18 ოქტომბერს გასამართი ევროპული საბჭოს სამიტისთვის მოემზადებიან.
Reuters 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნების პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, მისი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის. ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებაში დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ იგივე საგარეო პოლიტიკა გააგრძელა, რასაც ახლა აქვს ადგილი, რთულია ვისაუბროთ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში საპარლამენტო კრიზისი შეიქმნას, რაც არჩევნების ხელახლა ჩატარების შესაძლებლობას გულისხმობს.
„თუ „ქართული ოცნება“ დარჩება პრორუსული ძალა და გააგრძელებს იმ პოლიტიკა, რაც ახლა გააჩნია, ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია. თუ არჩევნები გაყალბდა, ხალხი ისედაც გამოვა ქუჩაში - ეს დაამტკიცა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს, 2012 წლის პირველ ოქტომბერს და ბუნებრივია, ქართველი ხალხი მესამეჯერაც დაამკიცებს, რომ შეუძლია თავისი ხმა დაიცვას, თუ ვინმე მის მოპარვას დააპირებს. ყველაფერი დამოკიდებულია რა შედეგები დაიდება ამ საპარლამენტო არჩევნების დროს.
ვფიქრობ, რომ იქნება საპარლამენტო კრიზისი და დაიწყება მზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას ელექტრონული ხმის მიცემა გამორიცხავს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსი და აგრესიული პოლიტიკური მარკეტინგი გამოიყენოს. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობას ვერ იღებდა, ის წავიდა სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღეს, შესაძლოა წავიდნენ სამხედრო გადატრიალების მოწყობაზე“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.
სააგენტო Reuters წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან:
„ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს“, - ნათქვამია სამიტის დასკვნების პროექტში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. ჯოზეფ ბორელის თქმითვე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნები განიხილეს.
„საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია იღებს. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული. მისი შეფასებით, უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს.
„ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატი გამოვიდა და საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატი, არჩევნებამდე მათი წინასწარი განცხადებები ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ: უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს. უნდათ, ის ხელისუფლება იყოს, ვინც თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება უცხოურ ძალაზე, როგორც ამას ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ვხედავთ.
უცხოურ ძალას უკვე ხელი აქვს ჩაქნეული, რომ ოპოზიცია გამარჯვებას ოდნავ მაინც მიუახლოვდება. ეს ხელის ჩაქნევა იმაშიც გამოიხატება, რომ წინასწარი დასკვნა 20 ოქტომბრის ნაცვლად, 30 ოქტომბერს გადაიტანეს. უკვე განცხადებები კეთდება არა 26 ოქტომბრამდე სიტუაციაზე, არამედ მას შემდეგ. აშშ-ს საელჩოს შეტყობინებები იყო, რომ ქუჩაში გამოსვლისგან თავი 26-ის შემდეგ შეიკავონ და არა - მანამდე. იციან, რომ პირწმინდად წააგებენ და ახლა გეგმა „ბ“ აქვთ, რომ ქვეყანაში რადიკალური პროცესები იყოს.
იციან, რომ ესეც მათი გამარჯვებით არ დასრულდება და ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მაგრამ მცდელობა ექნებათ, რადგან სხვა გზა არა აქვთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.