დასაბამიდან კაცობრიობა ცდილობს პრიმიტიული ურთიერთობებიდან (ქაოსიდან) კომუნიკაციისა და თანაცხოვრების ცივილიზებული ნორმების ჩამოყალიბებას, სოციალური წესრიგის აგებას. რამოდენიმე ათასი წელია ადამიანი, საზოგადოება, თანაცხოვრების ოპტიმიზირების მიზნით, მოწადინებულია შექმნას და სრულყოფილებამდე დახვეწოს საერო-სამართლებრივი კანონები და რელიგიური დოგმები, ეთიკური წესებისა და ფორმების ის ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ ურთიერთდამოკიდებულებას ადამიანებს შორის და მათ ქცევას საზოგადოებაში. დროთა განმავლობაში, ამგვარ აპრობირებულ ნორმებზე დაყრდნობით იქმნებოდა უფლება-მოვალეობისა და ვალდებულებების ისეთი საზღვრები, რომლის ფარგლებში არსებობა კომფორტული იქნებოდა როგორც ცალკეული ინდივიდისათვის, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის.
ინდივიდის სოციუმში ქცევის ყველაზე მარტივი „ინსტრუქცია“ ათი მცნებაა.
შემდგომი რელიგიური სწავლებები, ვთქვათ ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლო (ნათლისღება, სინანული, ქორწინება....) ან შვიდნი მოწყალებანი საქმენი ხორციელნი (ჭმევა მშიერთა, სმევა მწყურვალთა, მოკითხვა სნეულთა, მიცვალებულთა დაფლვა....) და სხვა ქრისტიანული შეგონებანი კიდევ უფრო აკონკრეტებენ საბაზო ღირებულებებს და სოციუმში ინდივიდის ვალდებულებებს.
სათნოებაზე, სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე სწავლებებით ხელმძღვანელობდნენ როგორც ქრისტიანული კონცესიები, ისე აღიარებული ძირითადი რელიგიები და ცალკეული სექტებიც კი.
რელიგიური დარიგებების მსგავსად საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმების რეგულაციას განსაზღვრავს სამართლებრივი და მეცნიერული კანონების განვითარება-დამკვიდრება. გარდა ამისა, ამგვარი ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობებად იქცნენ ფიზიოლოგიური თავისებურებებისა და ზნეობრივ-ეთიკური ნორმების გათვალისწინება, რომელთა მეშვეობითაც საყოველთაოდ მისაღები გახდა ბიოლოგიური და სოციოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე გარკვეული საბაზისო წარმოდგენები, ისეთები როგორიცაა ქალი-კაცი, ტყუილი-მართალი, სიკეთე-ბოროტება...
ანუ რელიგია, მეცნიერება, სამართალი, ეპოქების განმავლობაში, მიმართულნი არიან ადამიანებს შორის ურთიერთობის ველური-ქაოსური ფორმებიდან შექმნან საზოგადოების ფუნქციონირებისა და თანაცხოვრების ოპტიმალური ჰარმონიული პირობები, ცდილობენ ადამიანს მიაწოდონ სიღრმისეული ცნებები სიკეთისა და სიყვარულზე დაფუძნებული ჰუმანური ღირებულებების შესახებ და დაეხმარონ უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი. ცივილიზაციამ, თანდათანობით, ჩამოაყალიბა ისეთი გარემო, სადაც ადამიანები რელიგიაზე და სამართლებრივ სისტემაზე დაფუძნებული, გარკვეული საერთო კანონებითა და ფასეულობებით ცხოვრობდნენ.
ამ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაყრდნობით შეიქმნა მსოფლიოს მოწინავე, ეგრეთ წოდებული დასავლური ცივილიზაცია, რომლის ნაყოფი კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი მიღწევების უდიდესი ნაწილია. სწორედ ცივილიზაციის ამ ავანგარდის ღირებულებების პროგრესული რღვევის პროცესი იკვეთება და სულ უფრო თვალსაჩინო ხდება უკანასკნელი რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ამგვარი „მისწრაფება“ თუ „ტრენდი“ ახალი არ არის. ადამიანების გარკვეული ნაწილი, მათში არსებული „გენეტიკური კოდის“ საფუძველზე, სხვადასხვა ფორმით და დოზით, მუდმივად „მიილტვის“ ველური დასაბამისკენ. ჯერ კიდევ ბიბლიიდან ცნობილია, რომ ისრაელის ხალხმა, აარონის „თავკაცობით“, უარყო პირველივე ორი მცნება და თაყვანისცემის საგნად ოქროს ხბო გაიხადა. მას შემდეგ, უამრავი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა თუ რევოლუციის ძირითადი პოსტულატი რელიგიასთან ბრძოლა, ღმერთთან ჭიდილია, მაცხოვრის ნაცვლად საზოგადიოებისათვის საკუთარ ღმერთისა და კერპების შეთავაზებაა.
ყველაზე ცნობილი პოლიტიკური გადატრიალებების - საფრანგეთისა და რუსეთის რევოლუციების მნიშვნელოვანი ამოცანასაც რელიგიასთან ბრძოლა წარმოადგენდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი სისტემების სერიოზულმა მცდელობებმა მოერყიათ საზოგადოებაში ბუნებრივად ჩამოყალიბებული სოციალური ინსტიტუტები, მარცხი განიცადა. თუნდაც გავიხსენოთ საბჭოეთის საწყის ეტაპზე თავისუფალი სიყვარულისა და საერთო ცოლების ყოლის მიზანმიმართული კამპანიები, რომელიც ორგანიზებული იყო საბჭოთა ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირის მიერ (არც საფრანგეთის რევოლუცია არ აკლებდა ამ მიმართულებით მცდელობას). თუმცა საბჭოეთის ქვეყანაში, უკვე ოციანი წლებიდანვე, მეორედ დაოჯახება პარტიული თანამდებობის პირს უარყოფით მომენტად ეთვლებოდა. საზოგადოების ნებისმიერი წევრი და განსაკუთრებით პარტიული ელიტა ვალდებული იყო პატივი ეცა ოჯახური ღირეულებებისათვის, მოყვასისათვის, სამშობლოსათვის, მოხუცისათვის, მშობლისათვის...
რა თქმა უნდა, ეს მაგალითი საბჭოთა სისტემის იდეალიზებისათვის არ მომიყვანია. უფრო მეტიც, მინდოდა მეჩვენებინა თუ რაოდენ რადიკალურად მახინჯია თანამედროვე ლიბერალისტული იდეოლოგიები სრულყოფისაგან საკმაოდ შორს მდგომ საბჭოთა სისტემასთან შედარებით.
მიმდინარე პერიოდში სახეზე გვაქვს ასეულობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ყველა სისტემის (პოლიტიკური, ესთეტიკური, მორალური, რელიგიური), მათი საბაზო საფუძვლების, არა მხოლოდ რევიზიონიზმის, არამედ სრულად მოშლის მცდელობა.
ხდება სოციალური და ბიოლოგიური კანონების, რელიგიური სწავლებების დამახინჯება და გაუბრალოება, საზოგადოდ დამკვიდრებული ეთიკურ-ზნეობრივი ნორმების უგულვებელყოფა, ტრადიციული წეს-ჩვეულებების უარყოფითი კონტექსტით ინტერპრეტირება, დამკვიდრებული ღირებულებებისა და სოციალური ვალდებულებების გაუფასურება (პატრიოტიზმი, უფროსის პატივისცემა, დამოკიდებულება მშობლებისადმი...). ცდილობენ ასეულობით წლების განმავლობაში ნაგები საბაზო საფუძვლების მორღვევას. მაგალითისათვის - ეჭვქვეშ აყენებენ ისეთ სოციალურ კონსტანტებს როგორიცაა ქალი და კაცი; დასაძრახი და დასაცინი გახდა ქორწინებამდე ქალიშვილობის შენარჩუნების სურვილი; საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძნელად თუ ვინმე დაუთმობს ადგილს მოხუცს, ქალბატონს, ორსულს...
დამკვიდრებული წეს-ჩვეულებისა და ჩამოყალიბებული წარმოდგენების გაშარჟების ან/და დამახინჯებული კუთხით გაშუქების საშუალებით ხდება მათ მიმართ მიუღებლობისა და შიშის გაღვივება. და პირიქით, წარმოუდგენელი რესურსები იხარჯება მავნე ჩვევებისა და მისწრაფებების წახალისებისათვის, ოდიოზური და ამორალური ადამიანებისაგან წარმატების მაგალითების შექმნისათვის.
აშკარა და თვალსაჩინოა ნიჰილისტური დამოკიდებულების გაღვივება-გაძლიერების მცდელობა არსებული ღირებულებების მიმართ. როგორც ცნობილია, ნიჰილიზმი ქმნის სიცარიელეს იქ, სადაც ადრე არსებობდა გონებრივი სისტემები და ჩვენ შეგვეძლო ამ სისტემების რაციონალურად გამოყენება. ცხოვრების უაზროდ მიღება - ნიშნავს გადავხედოთ საკუთარ წარმოდგენებს მნიშვნელობაზე, ღირებულებებზე, დროზე, ბედნიერებაზე, წარმატებაზე, კავშირებზე. როგორც დოსტოევსკის ერთ-ერთი გმირი იტყოდა - ნიჰილიზმი ქმნის სიცარიელეს, ცარიელ ადგილს კი ადვილად ეუფლება ეშმაკი.
ანუ, ყველაფერი ეს გადის სოციალური და ბიოლოგიური კანონებისა და უფლის უგულებელყოფაზე, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე, აზროვნების დაშლაზე რამოდენიმე ისეთ პარალელურ მიმდინარეობად, რომ მათი გზების გადაკვეთამ მხოლოდ მწვავე კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს.
რისთვის კეთდება ყველაფერი ეს, მსოფლიოს აბსოლუტური ბატონობისათვის, მოსახლეობის ზრდის რეგულირებისათვის, კიდევ უფრო მეტი კაპიტალის დაგროვებისათვის თუ ყველაფერი ჩამოთვლილისათვის ერთად და ვინ აკეთებს ამას, ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა აშკარაა, რომ მიმართულება იმ ვაკქანალიური (ბაკქანალიური) პროცესისაკენ, რაც გაჟღერდა ივანე კარამაზოვის პირით - „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია“-ო.
„თავისუფლების“ ცნების ბუნდოვანი ინტერპრეტირებით ხდება ასეულობით წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ღირებულებების, ვალდებულებებისა და კავშირების რღვევა. შეტევის ძირითადი სამიზნე კვლავ რელიგია და ტრადიციული ღირებულებებია. მოწოდებით, რომ ადამიანი არის ემპირიული არსება, ხდება გარკვეული პარადიგმის ჩამოყალიბება. კერძოდ საზოგადოებას სთავაზობენ, რომ ისინი უბრალოდ არ ენდონ 10 მცნების და სხვა რელიგიური სწავლებებსა და შეგონებებს. მათი აზრით, 10 მცნება შესაძლოა მისაღები იყო მამა ღმერთისათვის, მაგრამ რატომ უნდა მიიღოს ეს მოსაზრებები ჩვეულებრივმა ადამიანმა პირდაპირ, გამოცდის გარეშე? იქნებ მას სულ სხვა პრიორიტეტები აღმოაჩნდეს? ადამიანი თავისუფალია, მან არ უნდა მიიღოს მშობლისაგან რაიმე სახის რჩევა-დარიგება და თავად უნდა გაიარ-გამოსცადოს ეს საკითხი, თუნდაც შეცდომა დაუშვას. სამაგიეროდ ის თავად გამოიტანს (ან ვერ გამოიტანს) დასკვნებს ყველა სავარაუდო შემთხვევისათვის. ამასთან, ეს დასკვნა შესაძლოა სავსებით განსხვავდებოდეს მიღებული რელიგიური, ეთიკურ-ზნეობრივი ან სამართლებრივი ნორმებისაგან. და უფრო მეტიც, მშობლის მიერ მიცემული რჩევა გაგებული იქნება როგორც გარკვეული დაძალება-ძალადობა და უკვე იოლად ხდება მშობლის წარმოდგენა მოძალადე-ტირანის რანგში. ოჯახის ასაკობრივად ან ფიზიკურად უმწეო წევრი კი ტვირთად და გამომძალველად აღიქმება.
ოჯახის წევრებთან დამოკიდებულების მსგავსად იცვლება დამოკიდებულება მეგობრების, პედაგოგების, ტრადიციული ღირებულებების, თავად სამშობლოს ცნების მიმართ...
„სუსტნი და უნიათონი უნდა დაიღუპონ: ეს არის ჩვენი გულმოწყალების პირველი პრინციპი. ასევე, უნდა დავეხმაროთ კიდეც მათ ამაში. რა არის უფრო მეტად საზიანო, ვიდრე ნებისმიერი სათნოება? ქრისტიანობა ქმედითი თანაგრძნობაა სუსტთა და უნიათოთა მიმართ… კაცობრიობა არ არის ვალდებული, თავისი არსებობისათვის მადლიერი იყოს შემწყნარებლობისა და კაცთმოყვარეობისადმი“, - ამას ქადაგებდა ლუთერანი მღვდლიოს ოჯახში დაბადებული ფრიდრიხ ნიცშე, რომელსაც სძულდა ქრისტიანობა, როგორც სუსტების იდეური თავშესაფარი. იგი სამ ქრისტიანულ სათნოებას - რწმენას, იმედსა და სიყვარულს სამ ქრისტიანულ გამოგონებას ეძახდა. მისი აზრით სამყარო მხოლოდ ძლიერებისთვისაა.
ნიცშესთან „ბოლო ადამიანი“ არის ნიჰილიზმით შეპყრობილი შეშინებული, უმწეო, საბრალო არსება. მის საპირისპიროდ ნიცშეს შემოაქვს „ზეკაცის“ იდეა, რომელიც ღმერთის ნაცვლად თავად დგება სამყაროს ცენტრში. მის ცნობილ ნამუშევარში „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ სულმა ზეადამიანამდე (ზეკაცამდე) სამი სახეცვლილება უნდა განიცადოს აქლემის („შენ უნდა“), ლომისა („მემ მინდა“) და ბავშვის (ახალი ღირებულებების შექმნა) სულების გარდასახვით. იგი უარყოფს სუსტებისათვის შექმნილ ქრისტიანულ რელიგიას (სხვა ძირითად რელიგიებსაც, ბუდიზმის გარდა), არის განსაკუთრებული ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდი, რომლისთვისაც არ არსებობს შიში, დაბრკოლება, არ უფრთხის ნებისმიერ საფრთხეს, არ ეშინია თავგანწირვის და სხვისი მსხვერპლად შეწირვის, ოღონდაც მიაღწიოს დიად მიზანს და საკუთარ თავზე ამაღლდეს.
თუნდაც საზოგადოების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილისათვისაც კი ნიცშესეული ზეადამიანობისაკენ სწრაფვა, საკუთარი უფლებების უკონტროლო, განუსაზღვრელი ზრდა გამოიწვევს სხვადასხვა სუბიექტის უფლებების გადაკვეთას, რაც თავის მხრივ, კონფლიქტური ვითარების გარდაუვალი წარმოქმნის პირობაა, სადაც სათნოება, სასოება, სიყვარული აღარ არსებობს, ეთიკისა და ზნეობის ადგილი დავიწყებულია და უპირატესობას სხვადასხვა ფორმის ძალადობა (სოციალური, ფინანსურ-ეკონომიკური, ფიზიკური) იკავებს. გამარჯვებული და შესაბამისად მართალია ის, ვინც ძლიერი და ცბიერია, თუმცა საკმაოდ მცირე ხნით, რადგანაც მოკლე პერიოდში შესაძლოა მასზე უფეო მეტად ვერაგი ზეადამიანი გამოჩნდეს. ამგვარი სოციალური ურთიერთბა, საწყის ეტაპზე აუცილებლად წარმოშობს ტირანიას, ხოლო შემდეგ შექმნის გარემოს, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ იქნება, ანუ საზოგადოება საწყის ურთიერთობებს - ქაოსს დაუბრუნდება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში მიმდინარე ღირებულებათა დაპირისპირების ერთ-ერთი, შედარებით მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი, ცხელი კერა საქართველოა, რაც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აისახება. ამ ბრძოლის ძირითადი ამოცანა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაა. მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკური ძალაუფლება მხოლოდ საშუალებაა, წარმოუდგენელად მძლავრი ბერკეტია მოახდინონ გავლენა მოსახლეობის მნიშვნელოვან რაოდენობაზე მათი ცნობიერების სასურველი კუთხითა და დროით ცვლილების მიზნით. მავანთათვის მისაღები იდეების გავრცობა და ცნობიერებაზე ზემოქმედება ხდება მასმედიის, სოციალური ქსელების, ლიტერატურის, ფილმების, სხვადასხვა სააგიტაციო არხების საშუალებით, გარკვეული უმაღლესი სასწავლებლებისა და საშუალო სკოლების, მცირეწლოვანი ბავშვებისათვის განკუთვნილი ლიტერატურის მეშვეობითაც კი.
აღარავინ ცდილობს მცირედით მაინც შენიღბოს ის, რომ დროთა განმავლობაში, საქართველოში ჩამოყალიბდა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებზე დამოკიდებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოლოსალური სისტემა. სხვა ქვეყნების უკიდეგანო-დაუშრეტელი ინტელექტუალურ-მატერიალური რესურსების მეშვეობით ადგილობრივი რენეგატები, ყოველგვარი დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდების გამოყენებით, მოქმედებენ ქვეყანაში აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ ძალებმა ერთხელ უკვე მოახერხეს საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნა და საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობის დატოვება, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე მართვის ამორალური სტილის „წარმატებულად“ დამკვიდრების კუთხით.
როგორც უკვე ვთქვით, ღირებულებათა გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მწვავე წერტილი საქართველოს ტერიტორია და პოლიტიკური სივრცეა. გამწვავების დეტონატორად კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია შერჩეული.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავჯდომარის მიხეილ როთის განცხადება, შემდგომ კი ბუნდესტაგის რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოს ევროპული მომავალი“, შეერთებული შტატების საელჩოს ბანერები ფბ-ზე, ევროკავშირის ელჩის განმარტებები და ბოლოს ევროპარლამენტის 9 ოქტომბრის რეზოლუცია სათაურით - „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ არსებული საფრთხის შესახებ“ საქართველოს არჩევნებში ოპოზიციური ძალებისათვის ხელშეწყობა ან არჩევნებში ჩარევა კი არ არის მხოლოდ, არამედ ამ არჩევნებში და არჩევნების შემდგომი პერიოდისთვისაც ოპოზიციური ძალების პირდაპირი ხელმძღვანელობის დამადასტურებელია. და უკვე გასაკვირვიც აღარ არის, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი იგნორირებს როგორც ქართული ისე ევროპული სასამართლოს და საერთოდ, სამართლისა და სამართლიანობის ცნებებით. რეზოლუცია მოუწოდებს გაიყინოს საქართველოსათვის ყველა დაფინანსება ევროკავშირიდან; გააუქმონ საქართველოს პარლამენტის (ხალხის) მიერ მიღებული კანონები სხვა ქვეყნის აგენტებისა და ლგბტ პროპაგანდის გავრცელების შესახებ; დასანქცირდეს „ოლიგარქი“ ბიძინა ივანიშვილი; დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს როგორც საქართველოს, ისე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი????!!!!!......
რამდენად უცნაურად და აბსურდულადაც არ უნდა მოეჩვენოს უბრალო სტატისტიკურ ობივატელს, 26 ოქტომბრის არჩევნებში პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სოციალური, ეკონომიკური ან პატრიოტული იდეების ჭიდილი არც კი შეინიშნება. უმთავრესი ბრძოლა მიმდინარეობს ტრადიციული ცხოვრების წესების შენარჩუნებისა და ლიბერალისტური იდეოლოგიის მქადაგებელთა მიერ შემოთავაზებული ცხოვრების გარკვეული სტილს შორის, რომელსაც, როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ნგრევისა და ქაოსისაკენ მივყავართ.
1991 წელს, სუსტი ხელისუფლება, ჩანასახში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტებით, მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერის გარეშე დარჩა და უცხო ძალებმა, ადგილობრივი რენეგატების დახმარებით, მოახერეხეს კონსტიტუციური წყობის იოლად დამხობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. იმ პერიოდიდან მოყოლებული, 2012 წლამდე საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ქვეყნების მძლავრი გავლენა აშკარა იყო.
შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი არჩევნები უმნიშვნელოვანესია საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებს შორის, რადგან აქ მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების საკითხი კი არ ირკვევა, არამედ წყდება შეძლებს თუ არა საქართველოს პოლიტიკური სისტემა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის რელიგიურ სათნოებასა და სიყვარულზე დაფუძნებული არსებობისა და განვითარების პირობების უზრუნველყოფას. იმ პირობებში, როდესაც ანტირელიგიურ ძალებს უცხოეთის უკიდეგანო რესურსები უდგას უკან, არჩევნებზე გადამწყვეტი სიტყვის თქმა მხოლოდ ხალხს შეუძლია, ხალხის გადაწყვეტილების დაცვა კი - ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
ჩვენის მხრიდან იმედს გამოვთქვამთ, რომ ანტირელიგიური ძალები, თავიანთი იდეური მამის მსგავსად, თუნდაც საქართველოში, უახლოეს მომავალში თავადაც წარმოთქვამენ ფრაზას - „მაინც მაჯობე ნაზარეველო!“-ო.