დავით ონოფრიშვილი: „ლარის კურსი ვერსად გაიქცევა

დავით ონოფრიშვილი: „ლარის კურსი ვერსად გაიქცევა"

პროდუქტებზე ფასები იზრდება. მცირედით, მაგრამ უკვე გაძვირდა რძის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი და ნავთობპროდუქტები. დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილების შემდეგ აქტუალური ინფლაციის საკითხი ხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 1,77 ლარი ღირს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი კურსი კიდევ უფრო მაღალია. ეკონომიკის სპეციალისტები ეროვნული ვალუტის დაცემის მიზეზებზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან კონკრეტულ განმარტებებს მოითხოვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ლარის კურსის ცვლილებაში საგანგაშო არაფერია.

 ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ინფლაციასა და ვალუტის კურსზე გავლენას ეკონომიკის საერთო მდგომარეობასთან ერთად საზოგადოების განწყობა და მოლოდინიც ახდენს.

„ინფლაცია არის ყველზე სუბიექტური ეკონომიკური კატეგორია ობიექტურ ინდიკატორებს შორის. ზოგიერთი მწარმოებლისა და რეალიზატორის მიერ პროდუქტზე ფასის გაზრდა ლარის კურსის დაცემაზე მეტად „უსაფრთხოების ბალიშის“ წარმოქმნის აუცილებლობას უკავშირდება. მწარმოებელი, რომელიც დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე, ფასებს ლარის კურსის კვლავ დაცემის გათვალისწინებით ზრდის და ამით თავის დაცვას ცდილობს“, - აცხადებს for.ge-სთან სოსო არჩვაძე.

ექსპერტი განმარტავს, რომ ვალუტები ერთმანეთის მიმართ ცვლილებას მუდმივად განიცდიან და ლარის კურსის დაცემაშიც არაფერია გასაკვირი და ტრაგიკული. იგი მაგალითად ევროს შემოღების პერიოდს ასახელებს, როცა ევროსა და დოლარს შორის კურსი „საქანელას“ პრინციპით იცვლებოდა - ხან ევრო იყო „,მძიმე“, ხან - აშშ დოლარი.

„10 წლის წინ ლარის კურსი დოლართან მიმართებით იყო 2,11. ლარს ჰქონდა რეკორდიც - 1999 წლის გაზაფხულზე, 8 მარტს, კურსი 2.45-ით განისაზღვრა,“- აცხადებს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში ლარის კურსის ცვლილება მოსახლეობამ მტკივნეულად რომ არ აღიქვას, საჭიროა, საბანკო სტრუქტურის ხელმძღვანელებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტი განმარტებები გააკეთონ და თავიანთი დამოკიდებულებით მიმდინარე პროცესში გარკვეული სიცხადე შეიტანონ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ლარის კურსის ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას, ხოლო, ინფლაციური პროცესი - ეკონომიკის ზრდის სტიმულირებასაც უკავშირდებოდეს. მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს შიდა ბაზრის ფასები, თითქმის, გაორმაგდა და მსოფლიო ბაზრის ფასებს დაუახლოვდა. სამამულო წარმოების განვითარებისთვის ერთ-ერთი სტიმული კი, სწორედ, ლარის დევალვაცია შეიძლება გახდეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ლარის კურსი მნიშვნელოვნად არ დაეცემა და დაახლოებით, 1,7-სა და 1,8-ს შორის იქნება, უფრო კონკრეტულ მაჩვენებელს კი, მისი თქმით, ბაზარი განსაზღვრავს.

„თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ინფლაცია იქნება მაღალი, ან კურსი მნიშვნელოვნად გაიქცევა, გეუბნებით, ეს არ მოხდება,“- განმარტავს ონოფრიშვილი.

დეპუტატი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემის მიზეზებზეც საუბრობს და რამდენიმე ფაქტორს გამოჰყოფს - ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, საახალწლო პერიოდს და 2013 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასულ კაპიტალს, რამაც მოკლე პერიოდში ლარისა და დოლარის მასას შორის დისპროპორცია გამოიწვია და გავლენა მოახდინა ლარის კურსზე.

„წლის განმავლობაში ასეულობით დოლარი გავიდა ქვეყნიდან, ძირითადად, ეს, ალბათ, ის თანხებია, რომლებიც კორუფციული ან სხვა სახის ბიზნესები იყო“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, დღეს ხელისუფლება არც ცდილობს ლარის კურსის განსაზღვრას და ამ გზით საბჭოთა კავშირის ეკონომიკაში დაბრუნებას.

„საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ფიქსირებული კურსებით დასრულებულია. უმართებულოა საუბრები, რომ ეროვნული ბანკი ვერ იჭერს კურსს, არც ცდილობს ამას. შემიძლია, გადაჭრით გითხრათ, ლარის კურსი ვერსად გაიქცევა. ამისთვის რეზერვებიც არსებობს, ინსტრუმენტებიც აქვს ეროვნულ ბანკს და პარლამენტის საფინანსო კომიტეტიც აკვირდება პროცესებს, ისევე, როგორც სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. რამე განსაკუთრებული რისკები ჯერჯერობით არ არის. თანაც ამ პროცესის გამომწვევი რისკები, პრაქტიკულად, ნიველირებული ხდება - ახალი წელი გავლილია, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ბიუჯეტში გაწერილი გეგმით - თვეობრივად და გეგმაზომიერად განხორციელდება, თუ ვინმეს რაღაც შიში ჰქონდა და ქვეყნიდან ფულის გატანა უნდოდა, უკვე გაიტანა“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

მისივე თქმით, დღეს ინფლაციაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია, ბიუჯეტში წლიური ინფლაცია კი 5%-ით არის განსაზღვრული.