„მერყევი“ და „გაბრაზებული“ ამომრჩევლის არჩევანი

„მერყევი“ და „გაბრაზებული“ ამომრჩევლის არჩევანი

რისთვის მიდის არჩევნებზე „გაბრაზებული ამომრჩეველი?“ იმისათვის, რომ საკუთარი ხმით გამოხატოს პროტესტი და შეცვალოს მისთვის მიუღებელი მოცემულობა. მას უკვე აქვს გაკეთებული მკაფიო არჩევანი. 

ოდნავ განსხვავებულია ე.წ. „მერყევი ამომრჩეველი.“ ის იმედგაცრუებულია არსებული მოცემულობით, ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი დაპირებებით, მაგრამ არ არის „გაბრაზებული.“

შესაბამისად, ოპოზიცია და მისი დასავლელი მხარდამჭერები აქტიურად ცდილობენ, რომ „მერყევი“ ამომრჩეველი „გაბრაზებულ“ ამომრჩევლად გადააქციონ და ამით ე.წ. „პროდასავლური“ ოპოზიციის ელექტორატი გაზარდონ. ყველა ვინც ფართოდ დახუჭული თვალებით არ უყურებს წინასაარჩევნო პროცესებს, მარტივად შეამჩნევდა ბოლო თვეების მანძილზე როგორ მეთოდურად ხდება დასავლეთის მიერ „გაბრაზებული“ ამომრჩევლის დაიმედება და „მერყევ“ ამომრჩევლებზე ზემოქმედება მათი გადმობირების მიზნით.

ზემოქმედების „კოქტეილი“ კი საკმაოდ მრავალფეროვანია. „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების მიმართ წრეგადასული კრიტიკა და ზოგჯერ მუქარაც, ფინანსური თუ სავიზო სანქციები, ახალი უფრო მწვავე სანქციების დაპირებით, აბსურდამდე დასული უსამართლო რეზოლუციები საქართველოზე, პოლიტიკური კონტაქტების შეზღუდვა, ოპოზიციის წინასწარ გამოცხადება გამარჯვებულად და მოწოდებები ხელისუფლების გადაბარებაზე, დამატებითი მილიონების ჩაყრა ე.წ. „სამოქალაქო სექტორის“ (იკითხე „რევოლუციის“) მხარდაჭერისთვის, და ასევე, „პრეზიდენტ“ ზურაბიშვილის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის მხარეს და ბრიუსელში მომზადებული ე.წ. „ქართული ქარტიის“ თავს მოხვევა ქვეყნისთვის.

ამ დამსჯელი ღონისძიებების მიზანია, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ მისი მხარდამჭერი ელექტორატის გამოცლა, ისე „მერყევი“ ამომრჩეველის მოტივირება. ეტყობა, მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პროცესების შემყურე „მერყევი“ ამომრჩეველი, უნდა გაბრაზდეს და არჩევნებზე ხმა აუცილებლად ოპოზიციას მისცეს იმის შიშით, რომ დასავლეთმა ახალი და უფრო მკაცრი სანქციები არ დაგვადოს, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება არ გაუარესდეს, ევროპაში უვიზოდ ვეღარ იარონ და ა.შ.

ჩვენი არჩევნების გამოცდილება და პრაქტიკა აჩვენებს, რომ სწორედ „ზომიერი“ ამომრჩეველი შეადგენს „მერყევი“ ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობას. თუმცა მისი ზომიერების მიუხედავად, ის თავის მენტალობით და კულტურით, მემარჯვენე და მემარცხენე კონსერვატიზმის ნაზავს წარმოადგენს. სხვათა შორის, „გაბრაზებული“ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო კონსერვატიულია, ვიდრე ლიბერალური. იქნებ ამიტომაც არის რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო გზავნილები და ბანერები სწორედ კონსერვატორთა ხმების მოზიდვაზე მუშაობს. ყველა წინა არჩევნებზე ამ მეთოდმა წარმატებით იმუშავა და ერთგვარად გააცამტვერა მითი ევროინტეგრაციის 85%-იან მხარდაჭერაზე.

რადიკალური ოპოზიციური პარტიების ირგვლივ კონსოლიდირებულ „გაბრაზებულ“ ამომრჩევლებს რაიმე განსაკუთრებული მობილიზაცია არ სჭირდებათ, მით უმეტეს ამა წლის აპრილ-ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ. სხვათა შორის, ამ მოვლენებმა ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება მისცა მეტ-ნაკლებად ზუსტად გამოეთვალა „გაბრაზებული“ ამომრჩევლების რაოდენობა. რაც მათში საზოგადოებამ დაინახა, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო პოლიტიკური ექსტრემიზმი - ფენომენი რაც მიუღებელია „მერყევი“ ამომრჩევლისათვის.

ამავე დროს, „მერყევი ამომრჩეველი“ გადაიღალა დაუსრულებელი პოლიტიკური პოლარიზაციისგან და მისი სიმპათიები უფრო იმ პოლიტიკური ძალებისკენ გადაიხრება, ვინც პოლარიზაციის დასრულების რეალისტურ და ცივილიზებულ მექანიზმებს შესთავაზებს, ვინაიდან „მერყევი“ ანუ პოლიტიკურად არააფილირებული ამომრჩეველი დღეს აქტიური მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. მან იცის თავის ელექტორალური ფასი და ამიტომაც უფრთხილდება საკუთარ ხმას. ასეთმა ამომრჩეველმა შესაძლოა სახლში დარჩენა ამჯობინოს, თუკი ჩათვალა, რომ ეს არჩევნები ვერ მოიტანს მისთვის სასურველ ცვლილებებს და ყველაფერი ისევ იმავე წრეზე იტრიალებს. იმავდროულად, ახლა ამომრჩევლის სწორედ ეს მობილური ნაწილი ხდება გადამწყვეტი ძალა საარჩევნო პროცესში. მზარდი პოლარიზაცია სწორედ „მერყევი“ ამომრჩეველის (ზოგჯერ მათ „ბირთვულ“ ელექტორატს უწოდებენ) გავლენის ზრდის დროა. სწორედ ეს ამომრჩეველი არის ის ნანატრი „ფრინველი,“ რომელზედაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნადირობენ ჩვენი არჩევნების ფორმალური თუ არაფორმალური მონაწილეები შინ თუ გარეთ. დასავლეთს ჰაერივით სჭირდება მერყევი ამომრჩევლის მიბმა მის პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და ღირებულებით დღის წესრიგზე. ამიტომაც მიდის საარჩევნო გარემოს „ვულკანიზაცია“ პოპულისტური დაპირებებით და ამომრჩევლების დაშინებით, რომ დასავლეთი საქართველოს საშინელ სასჯელს უმზადებს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

ჰიბრიდულ ომს მარტო რუსეთი არ აწარმოებს, მას აწარმოებს ყველა დიდი სახელმწიფო, ოღონდ თავისებურად. მაგალითად, საქართველოს ე.წ. „პროდასავლურ ოპოზიციაში“ თავმოყრილი ძალების გამარჯვებას აშშ (და მასზე მიბმული ევროპა), არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ კონტექსტში განიხილავს. ეს გულისხმობს მსოფლიოს ყველა წერტილში მარიონეტული ელიტების ხელისუფლებაში მოყვანას. მათ ბევრი არაფერი მოეთხოვებათ, ისე როგორც 2003-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს. მათ მოეთხოვებათ დემოკრატიის ფასადის შენარჩუნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების უსიტყვოდ შესრულება, ფულადი მართვის ეროვნულ სისტემებზე უარი თქმა, ეკონომიკის მიბმა საერთაშორისო კორპორაციების ინტერესებზე, თუნდაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მედიისა და ტელეკომუნიკაციების კონტროლი და ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის კალაპოტში მოძრაობა. სწორედ ამისათვის დასავლური ფინანსური ინექციებით გამოზარდეს ადგილობრივი „კონტრელიტები“, რომლებმაც პერსპექტივაში საკვანძო ხელმძღვანელი პოზიციები უნდა დაიკავონ სხვადასხვა სფეროში. შემდეგ კი ისინი „ცალ ფეხზე მდგომნი“ უსიტყვოდ და ენთუზიაზმით შეასრულებენ გარედან წამოსულ დირექტივებს და ამ პროცესში საკუთარ ჯიბესაც არ დაივიწყებენ.

„მერყევი ელექტორატი“ ჩვენი საზოგადოების ის ფენაა, რომელსაც მეტ-ნაკლები დოზით ფინანსურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობა და კრიტიკული აზროვნების უნარი გააჩნია. „თაფლაკვერის და მათრახის მეშვეობით“ მათი მართვა, დასავლეთს საშუალებას მისცემს მეტი კონტროლი ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის არჩევნების შედეგებზე. ამიტომაც, დასავლეთში, ერთი მხრივ, ცდილობენ საქართველოს „მერყევი“ ელექტორატი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ, მეორე მხრივ კი, ეშინიათ, რომ ზეწოლის მიუხედავად, ეს ხალხი არჩევანს მაინც ქვეყნის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ გააკეთებს.

 

მერაბ.g მსჯელობა ლოგიკასთან ახლოსაა, მაგრამ ის "მერყევი" ფიქრის მერე ხაზარაძეს, ჩახდილს, გვარამიას, ვაშაძეს, ან ხაბეს,~ თუ მისცემს ხმას, მერყევი კი არა გამოყლევებული ყოფილა და არა მგონია ასეთი ძალიან ბევრი იყოს ქვეყანაში
1 თვის უკან