დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაციები იკვეთება და ამ საკითხით საქართველოს გარდა უცხო ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურებიც არიან დაინტერესებულები. კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატების განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება იარაღის უკანონო ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.
რა კავშირი ჰქონდა კეზერაშვილის იარაღის ბიზნესთნ, ამ საკითხის გამოძიება მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო.
ექსპერტი, კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე იარაღის უკანონო ვაჭრობაში დავით კეზერაშვილის, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის თემურ ალასანიას ჩართულობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა კეზერაშვილზეა დამოკიდებული, ამ კრიმინალურ საქმეში ამოტივტივდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის გვარი.
For.ge. მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
იარაღის ბიზნესში კეზერაშვილის მონაწილეობის საკითხზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. რამდენად ხმაურიანი იქნება გამოძიების დეტალები?
- კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის თემა ძალიან მაღალ ეშელონებშია გასვრილი. მასალები, რომელსაც დასავლური მხარე ფლობდა იმ ფირმებთან დაკავშირებით, რომლებიც იარაღს აწარმოებენ და ეწევიან იარაღის ტრანზიტს ახლო აღმოსავლეთის ხაზით, იყო ფაქტიური და ეს ყველაფერი დალაგდა, რასაც მიეცა უფრო კონკრეტული სახე.
ამ საქმეში ჩართული აღმოჩნდა ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ბულგარეთი, ასევე იარაღით ვაჭრობაში ჩართული აღმოჩნდა ფინანსურად ისეთი შეძლებული ცნობილი ადამიანი, როგორიც არის გაიდამაკი, ებრაელი მილიარდერი. ეს ადამიანები ცნობილნი არიან მყარი კავშირებით მსოფლიოში. მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან შორს მიდის. კეზერაშვილი არის ამ კრიმინალური უზამაზარი ბორბლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ადრე თუ გვიან, სულ მცირე, მოწმის სტატუსით მაინც უნდა მომხდარიყო კეზერაშვილის ახლობლის, ვინმე ნინუას დაკითხვა. არსებული ინფორმაციით, ნინუა იყო იმ რამდენიმე ადამიანს შორის, ვინც ხშირად ჩადიოდა დუბაიში ცნობილი იარაღით მოვაჭრე ბუტის ოფისში. ბუტი ამერიკის ფედერალურ ციხეში იხდის სასჯელს, მის ადვოკატებს მომზადებული ჰქოდათ სარჩელი ამერიკის სააპელაციო სასამართლოში და კეზერაშვილის დაპატიმრების შემდეგ, სარჩელის შეტანისგან თავი შეიკავეს.
გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ კეზერაშვილის დაკავებამ ბუტის სარჩელს სააპელაციო სასამართლოში აზრი დაუკარგა.
კეზერაშვილი დაკავებულია არა მხოლოდ საქართველოს მხარის მოთხოვნით. იგი არც ისე სულელია, როცა იცოდა, რომ საქართველოს მხარე ეძებდა, თავისუფლად ესეირნა მსოფლიოში. რასკვირველია, მას დასავლეთში, სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურებისგან ჰქონდა გარკვეული გარანტიები, რომ ხელშეუხებელი იქნებოდა. მაგრამ, როდესაც მისით საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოები და პირველ რიგში ამერიკული სპეცსამსახურები დაინტერესდნენ, ყველა ეს გარანტია მოიხსნა. ფორმალურად, საფრანგეთის პოლიციის მიერ ის დაკავებულია საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამაში დიდი როლი ითამაშა ამერიკულმა მხარემ.
ამერიკული მხარის გარდა, რომელი ქვეყანაა ამ საკითხით დაინტერესებული?
- როგორც ამერიკელები, ასევე ბულგარელები, ზოგიერთი სხვა ქვეყანაც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამაში ჩართულია ამერიკული მხარე. საფრანგეთში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მხარის მოთხოვნით მოხდა მისი დაკავება, მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ, რომ, ვიმეორებ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ამაში ჩართული და ამის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია.
მე შეგახსენებთ აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის გაგზავნილ წერილს, რომელიც „ვიკილიკსში“ გამოქვეყნდა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარე და მათ შორის, დავით კეზერაშვილი ეჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაში. ამერიკელებისთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ ისინი ეხმარებოდნენ ქვეყანას, საქართველოს აძლევდნენ საშუალებას, რომ შეეძინა იარაღი თავდაცვის მიზნით და ეს იარაღი, კეზერაშვილის მეშვეობით, მესამე ქვეყანაში ხვდებოდა, სადაც ამერიკელ ჯარისკაცებს ხოცავდნენ - ფორმალურად ეს ასე გამოიყურებოდა.
როგორ ფიქრობთ, არსებობდა თუ არა კავშირი იარაღის ვაჭრობის უკანონო საქმესთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტის თემურ ალასანიასა და დავით კეზერაშვილს შორის? ცნობილია, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობის საქმეში მუდმივად ასოცირდებოდა მამა-შვილი ალასანიების სახელი...
- კეზერაშვილი თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთ მძიმე საქმეს რომ ვერ აწევდა, ამაში დარწმუნებული ვარ. კეზერაშვილი ერთი პატარა ქვეყნის რიგითი ჩინოვნიკი იყო, ვიდრე თავდაცვის მინისტრი გახდებოდა. რომ არა გაკვალული გზები, კეზერაშვილი ასეთ საქმეს ვერ გააკეთებდა.
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მას ვიღაცა სერიოზული ფიგურა ეხმარებოდა საქართველოდან, ან საქართველოს გარეთ. ყველაზე უფრო სერიოზული ფიგურა, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო, ეს არის თემურ ალასანია. ამას მხოლოდ ლოგიკიდან გამომდინარე არ ვლაპარაკობ. მაქვს სხვა ტიპის ინფორმაციაც, კეზერაშვილს გზა გაუკვალა ალასანიამ. არა მხოლოდ მამა, არამედ შვილიც ჩართული იყო ამ საქმეში.
სააკაშვილის აქტივობა კეზერაშვილის დაცვის თვალსაზრისით ამ მოტივით არის განპიროვნებული?
- ეს განპირობებულია ორი ფაქტორით, ერთი ის, რომ კეზერაშვილი პარტიის ხაზინადარია და ძალიან კარგად იცის ყველა ის პარტიული და კერძო ფული სად არის გადამალული, რომელ ოფშორში, რომელ ანგარიშზე რა ფული დევს. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ვერაფრით ვერ დაამტკიცებს სააკაშვილი იმას, რომ მან არ იცოდა კეზერაშვილი რას აკეთებდა, იმიტომ, რომ კეზერაშვილი ბიუჯეტის ფულს ხარჯავდა და ეს არ იყო მარტო „შავი ფული“. ბიუჯეტის ფულის ასეთი რაოდენობით დახარჯვა ვერ მოხდებოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების გარეშე.
ის, რომ საქართველოში უვარგისი იარაღი ჩამოდიოდა, ეს ხომ სააკაშვილმა იცოდა? თუ არ იცოდა, მას აუცილებლად შეატყობინებდნენ უკვე მომდევნო თავდაცვის მინისტრები -ახალაია და შაშკინი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა ყველაფერი იცოდა, იცოდა იმ საქმიანობის შესახებ, რასაც კეზერაშვილი ეწეოდა.
მაგალითისთვის ავიღოთ იგივე უკრაინაში ნაყიდი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება „ბუკი“, ეს იარაღი სწორედ, რომ უახლესი უნდა ჩამოსაულიყო და ჩამოვიდა ძალიან ძველი, 9 კომპლექტიდან, რომელიც საქართველომ შეიძინა, მხოლოდ ორმა ივარგა. სინამდვილეში, უახლესი „ბუკები“ რომელიც საქართველოს ვითომ უნდა შეეძინა, ის მოხვდა მესამე ქვეყანაში. ამბობენ, რომ ირანში. აქედან გამომდინარე, თავისთავად, სააკაშვილი საქმის კურსში იყო იმ საქმიანობისა, რასაც კეზერაშვილი ეწეოდა.
როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ის გადავიდა კერძო სექტორში, 800-მილიონიანი ბრუნვა მხოლოდ 2012 წელს ჰქონდა. მხოლოდ იარაღის ბიზნესიდან ჰქონდა მის კომპანიას მილიარდნახევრიანი ბრუნვა?
-იარაღის ფულიც იყო და სხვა ტიპის უკანონო გზით მიღებული ფულიც. მაგალითად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბიზნესმენების რიგი იდგა, რომლებიც თვის გარკვეულ მონაკვეთში იხდიდნენ შესაბამის ხარკს, შესაბამის ანგარიშზე, რომელსაც ხან შსს-ს განვითარების ანგარიში ერქვა, ხან კიდევ - რა. ეს ფულიც მიდიოდა იმ ოფშორებში.
სქემა ასეთი იყო - ოფშორებში წასული ფული ნაწილობრივ ილექებოდა, ნაწილობრივ იარაღის უკანონო შეძენა ხდებოდა. ის ფული ნაწილობრივ ბრუნდებოდა საქართველოში, როგორც უცხოური ინვესტიცია - იხარჯებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში, შემდეგ, ამ ფულის გადაცემა ფსევდო ტენდერების მეშვეობით საკუთარ ფირმებზე ხდებოდა და ისევ უკან ხდებოდა ამოღება, რომელიც ისევ ოფშორებში მიდიოდა. ახლაც, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები, ასევე, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, დღემდე ამ ფულით ფინანსდება.
იარაღის ბიზნესში კეზერაშვილი 2008 წლიდან ჩნდება?
- შეიძლება 2008 წელს გააქტიურდა, მაგრამ „ბუკების“ ისტორია, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ეს 2008 წლამდე მოხდა. კეზერაშვილმა სტარტი აიღო იმ წუთიდან როგორც კი გახდა თავდაცვის მინისტრი. რაც მეტი ფული დააგროვა და მეტი კავშირები შეიძინა, მით უფრო აქტიური გახდა.
არსებობს ინფორმაცია, რომ კეზერაშვილის საქმიანობა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს...
- ეს საქმე გაშიფრული იყო. ნუ დაგავიწყდებათ ამერიკის ფედარალური ბიუროს წარმოამდგენლების საკმაოდ სერიოზული ვიზიტი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ზუსტად ამ თემაზე იყო ლაპარაკი, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობაში ხდება საქართველოს მონაწილეობა და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს, რომ ყურადღება მიექცია ამისთვის. სხვათა შორის, „თეთრი სახლის“ მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერაზე უარის თქმის მიზეზი სწორედ ეს საქმიანობა იყო, რომელსაც ჩადიოდა საქართველოს ხელისუფლების ერთი რგოლი თავდაცვის მინისტრის თუ პრეზიდენტის სახით.
გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ კეზერაშვილს კავშირი ჰქონდა ალ-ქაიდასთან. როგორ ფიქრობთ, ექნებოდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამ დაჯგუფებასთან კავშირი?
- ბუნებრივია, ასეთი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მას გარკვეული ჯაჭვი აკავშირებდა. გავანებოთ ალ-ქაიდას თავი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ალ-ქაიდას გარდა, მას კონტაქტი ჰქონდა კოლუმბიის მაქსისტურ იატაქვეშეთთან, მათაც ამარაგებდა იარაღით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რადგან მაქსისტური იატაქვეშეთი მჭიდრო კონტაქტშია ნარკოკარტერთან.
ვიდრე კეზერაშვილი არ იტყვის თავისი კავშირების, კონტაქტების, იარაღის უკანონო მოძრაობის თაობაზე, მანამდე ის სჭირდებათ ამერიკულ სპეცსამსახურებს. იქ საფარნაგეთში რომ ზის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრანგები აწარმობენ მარტო მის დაკითხვას. იქ ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები.
მინდა გითხრათ, რომ ისრაელის ხელისუფლებაც ძალიან აღრენილია კეზერაშვილზე. ისინი თვლიან, რომ კეზერაშვილმა 2008 წელს ომის დროს, რუსეთს საშუალება მისცა ხელში ჩაეგდო ის ტექნოლოგიები, რომელიც ებრაელებმა გადმოგვცეს. ამასაც კეზერაშვილს აბრალებენ. ასე რომ, ვიდრე არ მორჩება ეს პროცედურა, მანამდე იქნება იქ.
სააკაშვილამდე შეიძლება გავიდეს კვალი?
- კეზერაშვილზეა დამოკიდებული, ამ საქმეში ამოტივტივდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სახელი. სააკაშვილი რომც ასცდეს გამოძიებას, მისი ბიძაშვილი და ბიძა თემურ ალასანია გამოძიებას ვერ აცდებიან. გამოძიებას აქვს გარკვეული დოკუმენტაცია იარაღით ვაჭრობის საქმეში სააკაშვილის ჩართულობის შესახებ. იარაღით ვაჭრობა არის ერთი უბედურება, მაგრამ არის მეორე საკითხი, რომლებიც კონკრეტული ფირმების შესაძლებლობებს სცილდება. არის იარაღის ზოგიერთი სახეობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიძლება ყოფილიყო შეძენილი, მაგალითად, უკრაინაში, ბულგარეთში ან რუმინეთში ან ჩეხეთში. აქედან გამომდინარე, სულ მცირე, საჭირო იყო პრეზიდენტის განკარგულება, თუნდაც იმისთვის, რომ ამ საქმისთვის ფული გამოყოფილიყო. უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი წყდებოდა, მაგრამ საბოლოოდ წერტილს უსვამდა პრეზიდენტი. რასაკვირველია, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ პრეზიდენტი მოატყუეს, არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ შემდეგ ხომ უნდა მოეკითხა სააკაშვილს? რაც უნდა იმართლოს სააკაშვილმა თავი, მე მაინც მგონია, გარკვეული დოკუმენტაცია ამ საკითხში მისი ჩართულობის შესახებ, გამოძიებას აქვს. ამიტომ ცდილობდა სააკაშვილი, რომ კეზერაშვილი ძლიერი ადვოკატების მეშვეობით ყოფილიყო დაცული საფრანგეთის ციხეში.