საქართველო ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას უმიზნებს

საქართველო ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას უმიზნებს

საქართველოს მთავრობაში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების ირგვლივ განსხვავებული შეხედულებები ჩნდება. 13 იანვარს, ტალინში გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუკი მისი ქვეყანა 2014 წლის სექტემბერში ნატოს სამიტზე უელსში ვერ მიიღებს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP), ეს შეარყევს ქვეყნის შიდა სტაბილურობას და საფუძველს გაუჩენს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საქართველო არაფერს დაკარგავს, თუკი ძალით შეეცდება კონტროლის აღდგენას მისგან გამოყოფილ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე.

თუმცა, 16 იანვარს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ ეთანხმება უსუფაშვილის შეფასებას. იმავდროულად, ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია. მან დარწმუნებით განაცხადა, რომ „თუკი MAP ახლა არ იქნება, ის იქნება მოგვიანებით... ეს ვერ შეუქმნის საფრთხეს და ვერ შეცვლის ჩვენს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისკენ“.

უსუფაშვილმა გაიხსენა ისიც, თუ რა იმედგაცრუება მოჰყვა 2008 წლის აპრილის ნატოს სამიტს ბუქარესტში, როდესაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს (ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მომხრე იყო, გერმანია, საფრანგეთი და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა - წინააღმდეგი). პლებისციტში, რომელიც ამ სამიტამდე სამი თვით ადრე გაიმართა, ქართველების 61%-მა მხარი დაუჭირა ნატოს წევრობას, რაც მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი საგარეოპლიტიკური მიზანი იყო.

ამის ნაცვლად, ბუქარესტის სამიტის დასკვნით კომუნიკეში ჩაიწერა, რომ „ნატო მიესალმება უკრაინის და საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან. ორივე ქვეყნის წვლილი ალიანსის ოპერაციებში ძალიან ღირებულია. ჩვენ მივესალმებით დემოკრატიულ რეფორმებს უკრაინასა და საქართველოში და მოუთმენლად ველით მაისში თავისუფალი და სამართლიანი საპრალამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში. MAP-ი შემდეგი ნაბიჯია უკრაინისა და საქართველოსათვის გაწევრიანების გზაზე. დღეს ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნების განაცხადს MAP-ის მიღებაზე. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყებთ ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდს ორივე ქვეყანასთან მაღალ პოლიტიკურ დონეზე იმ დარჩენილი პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც მათ [MAP] განაცხადებს უკავშირდება“.

MAP-ის ძიებაში

სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობის მსგავსად, საქართველომ 1994 წელს ხელი მოაწერა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. 2004 წლის ბოლოს, ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც გააფორმა წევრობის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP). IPAP-ი მოითხოვდა თვალსაჩინო პროგრესს არა მხოლოდ სამხედრო რეფორმის მიმართულებით იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუძლია ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოების გვერდიგვერდ ბრძოლა, არამედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გაღრმავების სფეროშიც. ორივე ამ მიმართულებით შენიშვნების არსებობის მიუხედავად, 2006 წელს საქართველოს „ინტენსიური დიალოგი“ (MAP-ის წინა საფეხური) შესთავაზეს.

მაგრამ 2008 წლის მარტში, სულ რაღაც ოთხ თვეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პოლიციამ ძალადობრივად დაშალა ანტისამთავრობო დემონსტრანტები თბილისში, ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში რობერტ სიმონსმა განაცხადა, რომ საქართველომ დაარღვია MAP-ის მიღებისათვის აუცილებელი ზოგიერთი კრიტერიუმი, რის გამოც ბუქარესტის სამიტზე „წევრობის საქმომედო გეგმას“ ვერ მიიღებს.

რუსეთ-საქართველოს ომმა, რომელიც მოჰყვა თბილისის გაუაზრებელ შეტევას სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ეს საკითხი მარტივად მოხსნა დღის წესრიგიდან. 2008 წლის 18 აგვისტოს The Wall Street Journal-ში ექსპერტი რონალდ ასმუსი წერდა, რომ „წლები დასჭირდება იმას, რომ საქართველო ხელახლა მიუახლოვდეს ნატოს მიმდინარე კრიტერიუმებს ახალი წევრებისათვის“.

თუმცა, იმის გამო, რომ საქართველო რუსეთის საფრთხის წინაშე იდგა, ნატომ 2008 წლის ბოლოს ინტენსიური თანამშრომლობის პროგრამა წამოიწყო საქართველოს არმიის გასაძლიერებლად. შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რომელსაც თვალი უნდა ედევნებინა თანმიმდევრული „ყოველწლიური ნაციონალური პროგრამების“ განხორციელებისათვის, რომელიც MAP-ის სუბსტიტუტის სახით შეიქმნა. 2010 წლის ნატოს ლისაბონის სამიტზე, მონაწილეებმა ხელხლა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის კომუნიკესადმი ერთგულება, კერძოდ ის, რომ საქართველო საბოლოოდ ალიანსის წევრი გახდება.

პოლიტიკა

კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა, მუდმივად იმეორებს, რომ პროდასავლური, პრონატოური პოლიტიკის ერთგულია, პოლიტიკის, რომელსაც წინა რეჟიმი მხარს უჭერდა. მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს (30 აპრილი) კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველომ მიზნად უნდა დაისახოს ის, რომ ნატოს 2014 წლის სამიტზე „მინიმუმ“ MAP-ი უნდა მიიღოს. მაგრამ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებენ, რომ ეს წინასწარ განსაზღვრული შედეგი არ არის.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანება „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და თავად სააკაშვილი 2013 წლის დასაწყისში განაგრძობდნენ იმის მტკიცებას, რომ ივანიშვილის მთავრობას დროის უკან დაბრუნება უნდა და რუსეთთან ურთიერთობის სასარგებლოდ პროდასავლურ კურსზე უარის თქმას აპირებს.

მაგრამ ამ არგუმენტს ნატოს ლიდერების დამოკიდებულებაზე არ უმოქმედია. 29 მარტს, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუმ რუსულ რადიო „ეხო მოსკვის“ განუცხადა, რომ ნატო ვერ ხედავს სხვაობას საქართველოს წინა და დღევანდელი მთავრობების პოზიციაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თავის მხრივ ორჯერ შეაქო საქართველო იმ პროგრესისთვის, რომელსაც ის აღწევს ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზაზე. 2013 წლის ივნისში, თბილისში ვიზიტის დროს, მან თქვა, რომ საქართველომ „მნიშვნელოვნად წაიწია წინ ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით“ და რომ ის „ნატოს ღია კარისკენ“ მიმავალ „სწორ გზას ადგას“. „თანმიმდევრული და მტკიცე ძალისხმევით, თქვენ მიაღწევთ საბოლოოდ დანიშნულების ადგილს“, განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენმა განსაკუთრებულად აღნიშნა ის რეზოლუცია, რომელიც პარლამენტის წევრებმა, როგორც „ქართული ოცნებიდან“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთხმად მიიღეს მარტში და რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს პროდასავლურ საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას.

გასულ თვეში, ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რასმუსენმა გაიმეორა, რომ საქართველო „კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს“ და ეს მიუხედავად იმისა, რომ „წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა“. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა „შთამბეჭდავ“ რეფორმებს თავდაცვის სფეროში და „უფრო მოწიფულ დემოკრატიას“, რაც გამოიხატა „თავისუფალ და სამართლიან“ საპრეზიდენტო არჩევნებში 2013 წლის ოქტომბერში.

უსუფაშვილის არგუმენტი, რომ თუკი სექტემბერში საქართველოს MAP-ს არ მისცემენ, ეს ქვეყანაში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან მოსახლეობაში ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა მხოლოდ იზრდება. ამას ბოლოდროინდელი ორი კვლევა ადასტურებს: 2013 წლის სექტემბერში (სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო) ალიანსის წევრობას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 71%, ხოლო ნოემბერში - 81%.

იმავდროულად, გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“, პირველ რიგში, MAP-ის მიღება და ამ საქმეში წარმატება უნდა იმისთვის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამის გაკეთება ვერ შეძლო, და მეორეც, მას სურს ერთხელ და სამუდამოდ იმის დემონსტრირება, რომ სააკაშვილის ბრალდებები, თითქოს მმართველი კოალიცია პოლიტიკას ცვლის რუსეთის სასარგებლოდ, სიცრუეა.

თუმცა, რამდენიმე გაუთვალისწინებელი ფაქტორი მაინც რჩება. დიდი ალბათობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს „ქართული ოცნების“ დისკრედიტებისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში. ამ კვირაში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პენიტენციარული სისტემის მინისტრის, სოზარ სუბარის გადადგომა მოითხოვა, კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ბრალდების საფუძველზე, რომელმაც განაცხადა, რომ გასულ თვეში ის საიდუმლოდ გაიყვანეს ციხიდან მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად, რომელიც მის დაშინებას შეეცადა. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, მინისტრის პასუხი ამ ბრალდებებზე გარკვეულ კითხვებს ტოვებს.

მეორეც, გაურკვეველი რჩება, რა დოზით შეესაბამება ქართული არმია მთლიანობაში ნატოს სტანდარტებს, განსხვავებით იმ ბატალიონებისგან, რომლებიც 2009 წლიდან მსახურობენ ნატოს ავღანეთის მისიაში.

და მესამეც, ნატო აუცილებლად შეაფასებს იმ ნაბიჯის უპირატესობას, რაც საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ნეგატიური რეაქციის ფონზე. ეს რეაქცია კი გარდაუვალია. გასულ თვეში, ნატო-რუსეთის საბჭოზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ მოსკოვი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. ლავროვმა თქვა, რომ ნატო „ცივი ომის“ აზროვნების გადმონაშთია და „გულისხმობს არა მხოლოდ გამყოფი ხაზების შეანარჩუნებას, რომლის გაქრობასაც ყველა ვემხრობით, არამედ [ამ ხაზების] გაღრმავებას აღმოსავლეთისაკენ“. „არავინ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც პარტნიორების უსაფრთხოებას დაემუქრება“, დასძინა მან.