პოლიტიკური წნეხი გადალახულია - საკონსტიტუციო სასამართლომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ შეაჩერა

პოლიტიკური წნეხი გადალახულია - საკონსტიტუციო სასამართლომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება არ შეაჩერა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე მხარე ითხოვდა სადავო კანონის აღსრულება შეეწყვიტათ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების ნაწილი. მოსარჩელე მხარეა პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, რამდენიმე არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის არასკონსტიტუციური. მოპასუხე მხარე სასამართლოში პარლამენტია.

ორ მოსამართლეს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებას აქეყნებს.

კერძოდ, ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნვენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამთავრბო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს“ , - ნათქვამია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო სექტორის განცხადების თანახმად, სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შესწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს.

რაც შეეხება პოლიიტკურ განცხადებებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს“, - ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ვერ და არ დაიცვა.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით.

„მთავარი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით. ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. ის არ შეჩერდება და ის იმოქმედებს არსებითად განხილვამდე და დარწმუნებული ვარ, არსებითად განხილვის შემდეგაც, იმიტომ, რომ იმდენი არგუმენტი გვაქვს იმის სასარგებლოდ, რომ იქ არაკონსტიტუციური არაფერი არ არის, პრაქტიკულად, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ეს სარჩელი ჩვენ წავაგოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედაც რომ პოლიტიკურ წნეხს გაუძლო და მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც წესით, ორივე მხარისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. საყვარელიძის თქმით, ზეწოლა მოსამართლეებზე ხორციელდებოდა, არა თუ „ოცნების“ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის და დასავლელი აქტორების მხრიდან.

„როგორ შეიძლება ოპოზიციმ და მესამე სექტორმა ისაუბროს „ოცნების“ მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლაზე, როცა საჯაროდ და ღიად ამ ზეწოლას მათზე თავად ახორციელებდნენ. ხდებოდა ბულინგი და დამუნათება იმაზე, რომ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო. სწორედ ამიტომ გაიწელა დროში ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ. კანონის არაკონსტიტუციურობაზე მე ჯერ არგუმენტირებული მსჯელობა არ მომისმენია. მხოლოდ საუბარი მიდის იმ პირების და პოლიტკოსების მხრიდან, რომელთაც „ოცნების“ მიმართ პოლიტიკური შუღლი აქვთ. როგორ შეიძლება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე იყოს საუბარი, როცა ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო ქვეყანამ.

კანონი, რომელიც ამერიკაშია და ევროპის არაერთ ქვეყანაში, პრობლემა არაა, საქართველოში რატომ გახდა პრობლემა? არადა ვხედავთ, რომ ამ კანონმა არავის არანაირი ზიანი არ მოუტანა, როგორც ამას ფუთავდნენ, როგორც შეიყვანეს შეცდომაში ახალგაზრდები და მაისში ვნახეთ ის წარმოუდგენელი აჟიოტაჟი, რამაც ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზიანა. ამიტომ მოსამართლეების გადაწყვეტილება ძალიან სწორია. მათ რომ მიეღოთ ან პირდაპირ „ოცნების“ სასარგებლო ან კიდევ ოპოზიციის სასარგებლო გადაწყვეტილება, მაშინ შეგვეძლო გვესაუბრა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული. თუმცა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგანაც თავი შეიკავეს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, არავინ სვამს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას, რატომ დააბრუნა „ოცნებამ“ ეს კანონი უკან და რეალურად ამის მიღმა რა პოლიტიკური გათვლა იდგა.

„რეალურად არავის უჩნდება კითხვა რატომ გარისკა ისევ ხელისუფლებამ და ეს კანონი უკან შემოაბრუნა. ბიძინა ივანიშვილმა გასაგებად განმარტა და ამას ყურადღება არავინ მიაქცია. მან თქვა, რომ გვქონდა ინფორმაცია, არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება. ამიტომაც კანონი დააბრუნა იმის დასანახად, ვის რა რესურსი ჰქონდა, ვინ რას აპირებდა და მათი ბოლომდე ლუსტრაცია მოახდინა. მათ დროზე ადრე გამოაჩინეს სახე და გახარჯეს ის რესურსი, რაც არჩვენების შემდეგ უნდა გამოეყენებინათ.

ახლა კი „ოცნებამ“ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. დავინახეთ, როგორ მოხდა არასამთავრობო სექტორის სრულად ლუსტრაცია, როცა მათ პირდაპირ პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვნენ. ეს მესამე სექტორი აღარაა უკვე, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოპასუხე პოლიტიკური აქტორები. ამიტომ ამ კანონის მიღმა სხვა პოლიტიკური გათვლა დგას, რასაც ოპოზიცია დღემდე ვერ მიხვდა. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან სამართლიანი და სწორი ამ დაძაბულ და წინასაარჩევნო გარემოში“, - ამბობს საყვარელიძე.