რა პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს 20 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული სახალხო მსვლელობა? ცდილობს თუ არა მესამე სექტორი და ოპოზიცია დასავლეთისთვის იმის ჩვენებას, რომ მათი მხარდაჭერა საზოგადოებაში მაღალია, რათა 26 ოქტომბერს არჩევნების ე.წ. გაყალბების გეგმა მარტივად გაასაღონ? მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ ძალის დატოლებაზე და მხარდაჭერების რაოდენობაზე მიდგება საქმე, არჩევნების წინ თავად უფრო მეტი ხალხის გამოყვანა შეუძლიათ, მით უმეტეს ეს 17 მაისს და 9 აპრილს უკვე გამოჩნდა, სადაც უამრავი ადამიანი იყო მისული.
უკვე ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება თბილისში, გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, მასშტაბურ მსვლელობას გამართავს. მათი ინფორმაციით, მსვლელობა დედაქალაქში 20 ოქტომბერს გაიმართება.
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, მსვლელობას ასეთი სახელი ექნება და მისი ორგანიზატორი ორგანიზაციების გაერთიანება, „ჩემი ხმა ევროკავშირია“.
„საქართველო ირჩევს ევროპას“ - 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მსვლელობა 4 ლოკაციიდან დაიწყება. შეკრება კი მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, რესპუბლიკის მოედანზე და 300 არაგველის მოედანზე მოხდება. შემდეგ კი მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.
„20 ოქტომბერს თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს - საქართველო ირჩევს ევროკავშირს, რომელზეც გეპატიჟებით აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.
მისი თქმით, ამ საკითხზე თბილისის მერიას მოკლე ხანში მიმართავენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური კი ამბობს, რომ „ეს მარში განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ირჩევს ევროკავშირს“.
„ჩვენ გვახსოვს დიდი ერთობა, რომელიც მარტის აქციების დროს გვქონდა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვანახოთ, რომ საქართველო ირჩევს ევროკავშირს და ჩვენ გაერთიანებულები ვართ ამ მიზნის გარშემო. სხვადასხვა ჯგუფებს ექნებათ თავიანთი ლოკაცია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სხვადასხვა მხრიდან მოხდეს ხალხის გაერთიანება, უკვე თავისუფლების მოედანზე. რა თქმა უნდა, მსვლელობა იქნება ორივე სანაპიროზე. ჩვენც, სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენი ლოკაცია გვექნება და ინფორმაციასაც გავავრცელებთ“, - განაცხდა ეკა გიგაურმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს აქციის ჩატარების უფლება აქვს და საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. თუმცა, სამწუხაროდ, ნაცოპოზიციის და მათი ენჯეობის მიერ ორგანიზებულ აქციებს დაკვირვება სჭირდება, რადგან მათ დესტრუქციისკენ და სიტუაციის არევისკენ აქვთ მიდრეკილება.
„არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ოპოზიციიდან თუ მმართველი პარტიიდან, ნებისმიერს აქვს უფლება გადამწყვეტი არჩევნების წინ, მხარდამჭერების მობილიზება მოახდინოს. საკუთარი პოლიტიკური გზავნილების გამოთქმის უფლება ყველას აქვს. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, არაერთხელ ვიხილეთ, რომ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ გადახვევა, ექსტერმიზმი და კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. ამას კი, ბუნებრივია, დემოკრატიული და აპოლიტიკური პოლიცია აღკვეთს, განსხვავებით „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მყოფი პოლიციისგან, რომელიც პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები იყვნენ. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება და პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
ქართველი ხალხი დიდი ხანია მიხვდა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. არ მინდა ჩავიკარგო ჩამონათვალში „ნაცმოძრაობის“ წევრებს რამდენი ბიზნესი აქვთ სამასპინძლო სფეროში და როგორ ხეირობენ იმ მშვიდობით და სტაბილურობით, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას აქვს. თუ „ოცნება“ გამოაცხადებს მხარდამჭერთა შეკრების მოწოდებას, რა თქმა უნდა, იმაზე მეტი მხარდამჭერი მოვა, ვიდრე ნაცრადიკალების მოწოდებებზე. თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ დასავლელი პოლიტიკური ბულინგის საპასუხოდ, 17 მაისს ჩვენმა საზოგადოებამ თავისი სიტყვა უკვე თქვა. ჩვენ ვიხილეთ მოსახლეობის უპრეცედენტო რაოდენობა, რომელიც ქუჩაში იყო გამოსული. მილიონზე მეტი ადამიანი იყო და მათ მკაფიოდ აჩვენეს სად დგას ქართული სული. ამიტომ, კი ბატონო, ე.წ. გაფართხალება ექნებათ ნაცრადიკალებს, მაგრამ საარჩევნო შედეგები სრულიად სხვა იქნება“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამით ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ თითქოს ქვეყანაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შემდეგ არჩევნების ვითომ გაყალბების თეორია მარტივად განავრცონ, რაც არ გამოუვათ.
„ავიღოთ მაისის საპროტესტო აქციები, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, მანიპულაციებით მოატყუეს და ეუბნებოდნენ, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღება ხდებოდა. რა მოხდა? პარლამენტმა ეს კანონი მშვიდად მიიღო, მავნებელი ზურაბიშვილის ვეტოც გადალახა. სად იყო მერე პროტესტი და ა.შ. საზოგადებაზე მასობრივი მედიით მანიპულაციები მარტივია, რაც ერთი პერიოდი შეძლეს, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხეს. ახლაც ასე იქნება, რაღაცა მცდელობა ექნებათ, რომ ეს დიდ მარშად გაასაღონ, მაგრამ არ გამოვა. მაგაზე ორჯერ მეტის გამოყვანა „ოცნებას“ შეუძლია“, - ამბობს აბაშიძე.