„პრეზიდენტისთვის ხელმეორედ იმპიჩმენტის გამოცხადება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, სალომე ზურაბიშვილს არ აპატიოს ის ქმედებები, რაც მან ბოლო პერიოდში განახორციელა - ფაქტობრივად, დაუპირისპირდა მმართველ გუნდს და სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - ამბობს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში.
თქვენი აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ რამდენად წარმატებით დასრულდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი?
- ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უნდა მოიგოს, აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი წარმატებით დასრულდეს. მანამდე კი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი და გადაწყვიტოს დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ასე რომ, ეს არ არის მოკლევადიანი პროცედურა, მას გარკვეული დრო სჭირდება. პრეზიდენტისთვის ხელმეორედ იმპიჩმენტის გამოცხადება, რომ ის თანამდებობიდან წავიდეს, როგორც იმპიჩმენტით გადაყენებული პრეზიდენტი, შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, სალომე ზურაბიშვილს არ აპატიოს ის ქმედებები, რაც მან ბოლო პერიოდში განახორციელა - ფაქტობრივად, დაუპირისპირდა მმართველ გუნდს და სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
თუ ამ კუთხით წარმატებას მიაღწიეს, მივიღებთ იმ შედეგს, რომ სალომე ზურაბიშვილს ექნება სტატუსი იმპიჩმენტით გადაყენებული პრეზიდენტის, რაც მის რეპუტაციაზეც აისახება, მაგრამ ამან არ მგონია მას ხელი შეუშალოს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებაში. თუ ოპოზიციამ არჩევნები წააგო და სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი, გახდება ჩვეულებრივი ექს-პრეზიდენტი, მისი პოლიტიკური წონაც დაიკლებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ის აღარ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და დარჩება უარყოფითი სტატუსი, როგორც გადაყენებული პრეზიდენტის.
„ქართული ოცნების“ მიერ ამ პროცესის ხელახლა დაწყებას როგორ შეაფასებდით? რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება ახლა და ამ სიტუაციაში?
- ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია. თუ ეს იმპიჩმენტი წარმატებით განხორციელდა, ამაზე დასავლეთში აუცილებლად ატყდება ხმაური, რომ „ქართული ოცნება“ დევნის პროდასავლურ პრეზიდენტს. ეს „ქართული ოცნების“ მიმართ იქ უარყოფით სენტიმენტებს გააჩენს. სხვა მხრივ, აღნიშნული რაიმე პოლიტიკურ დივიდენდს „ოცნებას“ არ მოუტანს.
ასევე, რომ შევეხოთ იმ შეხვედრებს, რაც პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს. როგორც ვიცით, ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს მართავენ - თავად ამბობენ, რომ ეს არის წინასაარჩევნო პროცესის ნაწილი. აღნიშნულის შეფასება მინდოდა მეთხოვა და ამასთან, თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს წარდგენილი ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად? ანდა, საერთოდაც, ეყოლება თუ არა ოპოზიციურ სპექტრს საერთო კანდიდატი?
- შესაძლოა იმპიჩმენტმა იმდენი ზიანი არ მიაყენოს სალომე ზურაბიშვილს, რამდენიც იმ კონსულტაციების ჩაშლამ, ტექნიკური მთავრობის ფორმირებასა და ამ ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესახებ, რადგან პოლიტიკური პარტიების პირველი რეაქციები ამასთან დაკავშირებით მოწმობს, რომ მათი და ზურაბიშვილის პოზიციები განსხვავდება - ვფიქრობ, ოპოზიციის განწყობა არის, რომ ისინი შესაძლოა არც კი დათანხმდნენ ამ ტექნიკური მთავრობის შექმნას. პირველ რიგში, ეს ტექნიკური მთავრობა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუ ეს მოლაპარაკებები ჩაიშლება, ეს იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის უკვე მეორე რეპუტაციული და პოლიტიკური დარტყმა მას შემდეგ, რაც მან ვერ მოახერხა „ლელოს“ და გახარიას შორის წარმატებული მედაიატორობა მათი ალიანსის შექმნაზე. თუმცა, ეს საკითხიც მიბმული არის არჩევნების შედეგებზე.
რამდენად უშვებთ იმის ალბათობას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავად სალომე ზურაბიშვილი დასახელდეს?
- ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება ეს ვარიანტი. სალომე ზურაბიშვილმა გარკვევით განაცხადა, ქარტიაშიც არის ჩაწერილი, რომ პრემიერობის კანდიდატი არ უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვს.
ბევრი საუბრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული გეგმა აქვს 26 ოქტომბრისთვის. ასევე ვარაუდობენ, რომ ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს და ამას შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის მხრიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი 26 ოქტომბერს?
- ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ 26 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლეში შეიქმნება ე.წ. საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს, შემდეგ კი ერთად იზეიმებენ გამარჯვებას. მან ამით, ფაქტობრივად, წინასწარ გამოაცხადა არჩევნების შედეგები, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს - ის არ უშვებს სხვა შედეგს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მაღალი ალბათობით არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებს, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. შემდეგ უკვე, მოვლენები განვითარდება იმ სცენარით, რა სცენარითაც ვითარდება - ეს არის ტიპიური ფერადი რევოლუციის სცენარი: გაყალბებული არჩევნები, სახალხო პროტესტი და ხელისუფლების დამხობა, თუ ეს გამოუვიდათ - ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და ველოდები, რომ სწორედ ასე მოხდება.
თუმცა, ეუთო-ოდირის მისიამ 26 ოქტომბერს უნდა გამოაცხადოს თავისი პირველადი შეფასება. ეს იქნება იმაზე, ეუთო-ოდირი სცნობს თუ არა ამ არჩევნებს. თუ მან არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი არ შეიტანა, მაშინ სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს იტყვის, რადგან ის ეუთო-ოდირის დასკვნის წინააღმდეგ ვერ წავა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, მის სტრუქტურებზე და თავად ცესკო-ზე, რომ ყველაფერი ისე სუფთად ჩატარდეს, საერთაშორისო დამკვირვებელს და მათ შორის, ანგაჟირებულ, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ ჰქონდეთ არანაირი საფუძველი, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეიტანონ.