ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი წინააღმდეგია, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში ნატოს მისიაში მიიღონ მონაწილეობა. ინფორმაციას The Kyiv Independent-ი ავრცელებს.
მილანოვიჩი შიშობს, რომ ამის გამო კონფლიქტი შესაძლოა ხორვატიაზე გავრცელდეს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
გამოცემის მტკიცებით, ხორვატიის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დახმარების იმ პაკეტს, რომელიც ივლისში ნატოს სამიტზე დამტკიცდა. პაკეტი ითვალისწინებს ნატოს სპეციალური პროგრამის შექმნას, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარებას გაუწევს და მისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას მოახდენს.
ხორვატიის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვბიჩის მხრიდან, რომელმაც მისი ეს განცხადება „მანიპულაციად“ შეაფასა, რომელიც ხორვატიის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს.
პლენკოვიჩის განცხადებით, საქმე რამდენიმე ხორვატი ოფიცრის გერმანიაში ნატოს სარდლობის შტაბ-ბინაში გაგზავნას ეხება და არა ხორვატიის პირდაპირ მონაწილეობას კონფლიქტში.