ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ დასავლეთი თანამონაწილეა საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის და წარმატებით ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლითაც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შეცვლას. ამჯერად, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მოსახლეობას უთხრეს, რომ საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გავრცელებაში დაადანაშაულეს და ისმოდა შემდეგი სახის შეფასებები: „საქართველოს ხელისუფლება ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მუშაობს“; „საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით - ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ“; „თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“.
აშკარაა, რომ დასავლეთი და უპირველესად აშშ საქართველოს ემუქრება და არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. კერძოდ, საქართველომ უნდა გაამწვავოს ვითარება იმ კონდიციამდე, რაც რუსეთს იძულებულს გახდის, რომ შეიარაღებული ძალები უკვე საქართველოში გადმოისროლოს. ხელისუფლება ამ ულტიმატუმის შესრულებაზე უარს აცხადებს და აგრძელებს სუვერენიტეტისთვის ბრძოლას, შესაბამისად, აშშ და დასავლეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დამხობით ემუქრება.
იმისათვის, რომ საქართველო არ თმობს სუვერენიტეტს, საქართველოს ხელისუფლებაზე ხორციელდება წარმოუდგენელი ზეწოლა. ვრცელდდება ინფორმაცია, რომ ოპოზიცია 26 ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებით შლის დაპირისპირების კერას. დღის მეორე ნახევრიდან სამიზნე ხდება ცესკო და დაგეგმილია ცესკოს ბლოკირება, ასევე სამიზნე არის საოლქო კომისიები და, რა თქმა უნდა, დაძაბულობის მესამე წერტილი იქნება რუსთაველზე - პარლამენტის შენობის წინ, სადაც გაკეთდება განცხადება არჩევნების გაყალბების შესახებ.
ამ დროს უკვე საქართველოში დამკვირვებლის სტატუსს ამოფარებული უცხოელები იტყვიან, რომ ეს არ იყო დემოკრატული არჩევნები, რასაც დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყანაში იწყება საპროტესტო აქციები ხმების დაცვის მოტივით. ასეთია რადიკალების გეგმის ერთი ნაწილი. სახელმწიფო გადატრიალების სათავეში დგას სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ორბელიანების სასახლეში კონსულტაციებს მართავს მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე.
ანალიტიკოსები პრეზიდენტს პროცესების რადიკალიზაციისა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ყველა ნიშნია იმისა, რომ ოპოზიცია ორ სცენარზე მუშაობს. პირველი - ისინი ეცდებიან არჩევნების ჩაშლას, რაღაცა მეთოდი მოიფიქრონ, რომ არჩევნები ჩაიშალოს, 26 ოქტომბერს ქართველი ერი ვერ მოახერხებს საკუთარი ნების გამოხატვას და პირდაპირ ხელი შეეშლება არჩევნების ჩატარებას, რაც, მისი თქმით, იქნება სამართლის, კონსტიტუციის უხეში დარღვევა, რაც სრულად ცხადად იქნება სისხლის სამართლის დანაშაული.
„ბუნებრივია, ეს უნდა აღკვეთოს შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა. ეს არის ერთი გზა, რომ 26 ოქტომბერს ჩაშალონ არჩევნები. მეორე, არის ის, რომ არჩევნების შემდეგ და უკვე 27 ოქტომბერს არალეგიტიმურად გამოაცხადონ არჩევნების შედეგები და არ დაუშვან საქართველოს პარლამენტის შეკრება. პარლამენტი რომ შეიკრიბება და 100 დეპუტატი თუ იქნება, იმ დღესვე გამოუტანენ იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას პრეზიდენტს და ის პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩაერევა, დამთავრდება, დასრულდება, მაგრამ აქ არის რისკი, რომ ზურაბიშვილის გარშემო მოხდეს ე.წ. პარლამენტის ფორმირება, ანუ, გახლეჩვა.
როგორც მაშინ მოხდა, როცა ნაწილი დეპუტატებისა პარლამენტში არ შევიდა, ეს იყო საკითხის უფრო მარტივი გადაწყვეტა. ახლა საბოტაჟს არ აპირებენ, ახლა აპირებენ შექმნან ალტერნატივა. ანუ, ზურაბიშვილის გარშემო შეიკრიბება რაღაცა რაოდენობა. კერძოდ, ბარიერს ალბათ, ორი ოპოზიციური პარტია გადალახავს დაპარლამენტში 30-დან 40 დეპუტატამდე მოხვდება და ამ 40 ადამიანს შეუძლია რაღაცა პოლიტიკური ორგანო შექმნას. იტყვიან, რომ ქარტიაზე აქვთ ხელი მოწერილი და ეს ქმნის ქაოსს ქვეყანაში და მერე იწყება ლეგიტიმურობის გადამოწმება. მიდიან შსს-ში და ეუბნებიან, აი, დასავლეთი ჩვენ გვიჭერს მხარს, ელჩები ჩვენთან მოდიან, თქვენ ვისკენ ხართ? „ოცნების“ მხარეს თუ იქნებით თავები არ შეგრჩებათ მხარზე და მაგის იმედი აქვთ, რომ ნაწილი გადავა ოპოზიციის მხარეს და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება. ეს არის მათი სცენარი, ბოროტი გეგმები“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, როგორც კი დააპირებენ გადატრიალებას, არაკონსტიტიუციური შეკრებას, ან რომელიმე პოლიტიკურ ორგანოს გამოაცხადებენ არსებული ხელისუფლების ალტერნატივად და დაიწყებენ სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზებას, ეს იმ წუთასვე შეფასდება ამბოხებად.
„ეს უკვე არ იქნება შეთქმულება, ეს იქნება ამბოხება და ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. საერთოდ, უმძიმესი დანაშაულია და ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით. ეს ადამიანები წავლენ ციხეში და მთელი ცხოვრება იქნებიან იქ. მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც აპირებს ამაში მონაწილეობას და მათ შორის ის გულანთებული ახალგაზრდები, რომელსაც ამზადებენ ამ სცენარებისთვის, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, რევოლუცია, რისთვისაც ემზადება რადიკალური ოპოზიცია, საბოლოოდ იქნება ამ ქვეყნის დაღუპვა, საბოლოოდ რუკიდან წაშლა. როგორც გვენეტაძე აცხადებს, რადიკალ რევოლუციონერებს აქვთ დაკვეთა გარედან იმ გლობალური ძალების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სამხედრო სამრეწველო კომპლექსს.
„მათი უმთავრესი ამოცნაა, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება და ამის შემდეგ საქართველოს ჩაბმა ომში. ამისთვის ისინი ყველაფერზე მიდიან. ამიტომ, მე უარესს ველოდები და ველოდები, რომ ამ დღეებში შესაძლოა ვიღაცა მოკლან, არა ერთი, არამედ ორი და სამი კაცი. მოკლან ცნობილი პიროვნებები, რომელზეც შემდეგ შეეცდებიან სიტუაციის აგორებას. შეგახსენებთ რას ლაპარაკობდა მათი ბელადი - ფეხმძიმე ქალი მოკალითო, ესენი ბავშვების დახოცვასაც არ მოერიდებიან, რადგან გაღმელი და გამოღმელი პატრონები გაუპრავებენ ამას. დამერწმუნებთ, რომ ისინი უკან არ დაიხევენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.