საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები (ნაწილი პირველი)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები (ნაწილი პირველი)

საქართველოს გარდამავალ, ფორმირების სტადიაზე მყოფ მცირე ღია ეკონომიკაზე განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები, მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებული კრიზისები და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში განვითარებული მწვავე მოვლენები. არსებული რისკებისა და გამოწვევების მიუხედავად ქვეყანას დღემდე არ გააჩნია მეცნიერულად დასაბუთებული და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ეკონომიკის მართვის ეროვნული სტრატეგია.

აღნიშნულის შედეგად, ეკონომიკური განვითარება პოსტსოციალისტურ საქართველოში გამოირჩევა უკიდურესად წინააღმდეგობრივი ხასიათით, რასაც ადასტურებს შედარებით უახლოესი, ”ვარდების რევოლუციის“ შემდგომი პერიოდის გამოცდილებაც. აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკური ზრდისა (თუმცა მკვეთრად არასტაბილური ტემპებით) და ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მატების, ყოფით დონეზე კორუფციის აღმოფხვრისა და კონტრაბანდის გარკვეული შემცირების პოზიტიური პროცესების პარალელურად გამოვლინდა ისეთი ნეგატიური მოვლენები, როგორიცაა:

-ფასების დონის მნიშვნელოვანი მერყეობა, მაკროეკონომიკური დისპროპორციების გაღრმავება, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, უმუშევრობის დონის ზრდა, ელიტარული კორუფციის აყვავება, მიზანშეუწონელი და არაეფექტიანი, პიარ–კამპანიებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალურ სამართლიანობასა და ეფექტიანობას შორის ბალანსის გაუარესება, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპისა და კერძო საკუთრების უფლების შელახვა-დაკნინება;

-ეკონომიკის ცალკეული სფეროების მონოპოლიზაციის დაჩქარება (საუბარია ისეთ სფეროებზე სადაც მონოპოლიურ–ოლიგოპოლიური სტრუქტურების არსებობა ყოვლად გაუმართლებელია), რამაც გაუარესა გარემო–პირობები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და არსებითად შეაფერხა სამეწარმეო სფეროს განვითარება.

ამასთან, ხელისუფლების მხარდაჭერისა თუ დაუდევრობის შედეგად, იმპორტული საქონლის მხრიდან ტოტალური ხასიათი შეიძინა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გადაცილებულმა, სამამულო წარმოების დამანგრეველმა კონკურენციამ, რის შედეგადაც მკვეთრად გაუარესდა საგარეო ვაჭრობის ბალანსი. ასე მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეგისტრირებული იმპორტის რეგისტრირებული ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტი 2007–2008 წლებში დაეცა 23,7%-მდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტის ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტად 1992 წლიდან ჩამოყალიბდა, როცა შემოღებული იქნა ერთიანი საბაჟო ტარიფები, რომლის თანახმადაც იმპორტი იბეგრებოდა 2%–ით, ხოლო ექსპორტი 8%–ით (იხ.: პაპავა ვლ., პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკა. თბ., 2005წ, გვ.36). ასეთმა უგუნურმა პოლიტიკამ საფუძველი ჩაუყარა იმპორტული პროდუქციის მხრიდან ტოტალურ კონკურენციას, სამამულო პროდუქციის ყოველდღიურ ჩანაცვლებას იმპორტული ნაწარმით და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მიზანმიმართულ განადგურებას, რის შედეგადაც შეუქცევადი ხასიათი შეიძინა სამამულო წარმოების განადგურებამ, უმუშევრობის ზრდამ და შრომისუნარიანი მოსახლეობის ეკონომიკური მიზეზებით (პოლიტიკურის დამატებით) განპირობებულმა ემიგრაციამ.

პოსტსოციალისტურ პერიოდში ეკონომიკური განვითარების ასეთი არასტაბილური და ხშირ შემთხვევაში მკვეთრად დესტრუქციული ხასიათის შედეგად:

-არსებითად გაუარესდა მოსახლეობის ცხოვრების პირობები, ამაღლდა სიღარიბის დონე, წარმოიშვა ”სიღარიბის ხაფანგები“ (იმიგრაციის პოტენციური წყარო) და გაუფასურდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები;

-ვერ მოხერხდა პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის დაწყებამდე არსებული და გარდამავალი პერიოდის საწყის ეტაპზე განადგურებულ–დეკვალიფიცირებული ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის სათანადო დონეზე განახლება. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ეფექტიანი, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება;

-ჩამოყალიბდა შემოსავლებზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომლისთვისაც დამახასიათებელია: ჭარბი მოხმარება, იმპორტზე ტოტალური ორიენტაცია, მაღალი უმუშევრობა და ემიგრაცია.

ამრიგად, საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასტაბილური ვითარება მიუთითებს, რომ ცალკეული წლებში ამა თუ იმ პარამეტრის მიხედვით მიღწეული პოზიტიური შედეგების მიუხედავად (მაგ., ეკონომიკური ზრდის ტემპის, საერთაშორისო რეიტინგებში აღნიშნული ცალკეული მიღწევების), ქვეყანამ თავი ვერ დააღწია სისტემურ ეკონომიკურ კრიზისს.

სისტემური ეკონომიკური კრიზისის ჩამოყალიბებაში, ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოური პერიოდისაგან მემკვიდრეობით მიღებულმა წარმოების დაბალმა ეფექტიანობამ და პროდუქციის დაბალმა კონკურენტუნარიანობამ, აგრეთვე ათეულობით წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სამეურნეო კავშირების რღვევამ და სხვა ეკონომიკურმა მიზეზებმა, მაგრამ მათ ნამდვილად ვერ მივიჩნევთ პოსტსაბჭოურ სივრცეში არნახული მასშტაბის კრიზისის ფორმირების ძირითად ფაქტორებად. სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გამწვავება-გახანგძლივება საქართველოში ძირითადად გამოწვეულია არაეკონომიკური მიზეზებით, კერძოდ:

-1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებითა და შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობით;

-შიდა და გარე მტრული ძალების მიერ ხელოვნურად ინსპირებული ეთნოკონფლიქტებით;

-სათანადო პასუხისმგებლობის დონით – ხელისუფლების უფლებამოსილებათა დაუბალანსებლობით;

არაეკონომიკური მიზეზების ასეთმა თანხვედრა–კომბინაციამ და მოსახლეობის ცალკეულ ფენებში შესაბამისი განწყობილება–ემოციების (ელიტაში მიმთვისებლურ– მომხმარებლური დამოკიდებულების, ხოლო მოსახლეობის დიდ ნაწილში აპათიური განწყობილების) და მოლოდინების ფორმირებამ პრაქტიკულად გამორიცხა სამამულო წარმოების აღორძინებისათვის აუცილებელი სისტემურ–კომპლექსური ხასიათის ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და მით უფრო მათი წარმატებული განხორციელება. ამიტომ, აღნიშნულ მიზეზებს ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ვერ მოხერხდა სამამულო წარმოების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინსტიტუტებისა და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბება და სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

ამგვარად, ვინაიდან განწყობილება–ემოციები და მოლოდინები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზროვნების ხარისხს და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების ხასიათს, ამიტომ აღნიშნული არაეკონომიკური მიზეზების გასანეიტრალებლად და ჩატეხილი ხიდეების გასამთლიანებლად გონივრული, მიზანმიმართული პოლიტიკაა გასატარებელი. საინტერესო ისაა, თუ ვინ შეძლებს გორდიას კვანძის გახსნას, ან თუნდაც მის გაკვეთას ისე, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, შედეგი ყველამ აღიაროს და ქვეყანაში საყოველთაო ოპტიმისტურმა განწყობილებამ დაისადგუროს.

საქართველოში საკმაოდ მაღალია კომფორტული ცხოვრების მოთხოვნილებანი, რომლის დაკმაყოფილებაც ეკონომიკური კეთილდღეობის სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფისა და სათანადოდ ანაზღაურებადი დასაქმების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაუჭრელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ემიგრაციის ახალი ტალღის წარმოშობა. ამასთან, მხოლოდ ტრადიციული დარგების აღორძინება (რაც რა თქმა უნდა აუცილებელია) და ამ გზით სამუშაო ადგილების შექმნა საკმარისი არაა. მაღალტექნოლოგიური დარგების განუვითარებლობის შემთხვევაში კატასტროფულ ზღვარს მიაღწევს ინტელექტუალური კაპიტალის უცხოეთში გადინება. ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან ქართველი ერი ნიჭიერი, სიახლის მაძიებელი და ცოდნას მოწყურებული ერია. თუკი ქვეყანაში არ შეიქმნება სათანადო პირობები ქართველი ერის ნიჭისა და უნარის რეალიზაციისათვის, თითოეული ადამიანის ნიჭისა და უნარის დაფასება–გამოყენებისათვის, მაშინ, დღევანდელი გლობალიზაციის ეპოქაში საქართველო საბოლოოდ დაიცლება აბორიგენი მოსახლეობისაგან.

ჩვენი სამშობლოს ზემოაღნიშნული სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება დაეთმოს ეკონომიკურ პრობლემებს, ქართულ ნიადაგზე მათი გადაჭრის გზების მოძიებას, სათანადო ინსტიტუტებისა და პირობების ფორმირებას. 80-იან წლების მეორე ნახევარში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების უკანა პლანზე გადაწევა და ეროვნულისათვის უპირატესობის მინიჭება ობიექტური რეალობით იყო ნაკარნახევი. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობას მაშინ არ აწუხებდა სიღარიბის პრობლემა და ურიგოდ არც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები გამოიყურებოდა. თანაც დამოუკიდებლობა-წართმეული ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისათვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება და ეროვნული თვითიდენტურობის რეალიზაციის ახალი პერსპექტივების დასახვა, რასაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გზით მოსულმა ხელისუფლებამ წარმატებით გაართვა თავი და რომ, არა 1991–92 წლების ტრაგიკული მოვლენები, ჩვენ ახლა განვითარების სულ სხვა ეტაპზე ვიქნებოდით.

დღეისთვის გარკვეულწილად განსხვავებული ვითარებაა. ეროვნულთან ერთად წინა პლანზე წამოიწია სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმაც და მათი ერთმანეთისგან მოწყვეტილად, ცალ-ცალკე განხილვა დიდი შეცდომა იქნება.

პირიქით, საჭიროა, რომ ქართულმა საზოგადოებამ, მისმა პოლიტიკურმა ელიტამ ძალისხმევა თანაბრად გააძლიეროს, როგორც ეროვნული, აგრეთვე ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.

მანამ, ვიდრე გადავალ იმ უმთავრესი პრიორიტეტების დახასიათებაზე, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების მოდერნიზაცია საქართველოში უნდა განხორციელდეს ეროვნული ფასეულობებისა და ჯანსაღი ტრადიციების მაქსიმალური გათვალისწინებით, ანუ მოდერნიზაცია აუცილებელია ადაპტირებულ იქნას ეროვნული თვითმყოფადობის განმსაზღვრელ რელიგიურ-ზნეობრივ და კულტურულ ფასეულობებთან. ეროვნული ეკონომიკის განვითარების ასეთი მოდელის არჩევის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი შეიცავს ვესტერნიზაციის, ე.ი. ჯანსაღი ტრადიციული ღირებულებების, ჩვეულებების, ინსტიტუტების, ზნეობრივი ნორმების, ანუ ეროვნული კულტურის უარყოფისა და უცხოურით ჩანაცვლების, ანუ ქართველობის, როგორც ეთნოკულტურული გენოტიპის ევოლუციური განადგურების საფრთხეს, რაც ქართული ეთნოსის ფიზიკური განადგურების ტოლფასია. ამიტომ, დასავლური ტიპის სამართლებრივი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ფორმირებისას საჭიროა ეროვნულ ფასეულობებისა და თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინება, მათი დაცვისთვის აუცილებელი ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავება, რაც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატებული განვითარების აუცილებელი პირობაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალური და იმავდროულად სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის (და არა ულტრალიბერალურის, ამა ქვეყნის ძლიერთა თავაშვებულ ინდივიდუალიზმსა და შეუზღუდავ ძალაუფლებაზე ორიენტირებულის) ფორმირება, საბაზრო ინსტიტუტების განახლება-განვითარება, მართლმსაჯულების სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბება და ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლეგიტიმურობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალება, მიგვაჩნია საქართველოს ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირების აუცილებელ პირობად.

ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული პრიორიტეტებიდან ყურადღება ძირითადად გვინდა გავამახვილოთ: სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის, ეფექტიანობასა და სოციალურ სამართლიანობას შორის გონივრული ბალანსის დაცვის, სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარების, განათლების სისტემის ეფექტიანობის ამაღლების, მეცნიერების განვითარების, ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკისა და ა.შ. აქტუალურ საკითხებზე.

სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილად მიმაჩნია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

1. სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების უზრუნველყოფა, საკუთრების უფლების რეალური გარანტიების შექმნა და კერძო საკუთრების ლეგიტიმურობის ხარისხის ამაღლება. საკუთრების უფლების დაბალი ლეგიტიმურობა გამოწვეულია: ა) 1991-92 წლების ტრაგიკული მოვლენების შემდეგ სახელმწიფო საკუთრების განუკითხავი მიტაცება-მითვისებით, აღნიშნული საკუთრების შემდგომი მიტაცება-გადაფორმებით ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ძალებისა და მათი მხარდამჭერების მიერ; ბ) პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის განვლილ პერიოდში გადასახადების გადახდისგან თავის მასიური არიდებით, რაც საეჭვოს ხდის ამ გზით მიღებული შემოსავლების ხარჯზე ფორმირებული საკუთრების ლეგიტიმურობასაც.

საკუთრების უფლების დაბალმა ლეგიტიმურობამ წინა ავტორიტარული ხელისუფლების ელიტარულ წარმომადგენლებს მისი ჩამორთმევა-მითვისება-გადაფორმებისა და საზოგადოების წინაშე ერთგვარი მორალური გამართლების საბაბი მისცა. წლების მანძილზე საკუთრებისადმი ასეთმა მტაცებლურმა დამოკიდებულებამ განაპირობა ნომენკლატურული ბიზნეს–სტრუქტურების მასშტაბური აღორძინება, ბიზნეს–გარემოს გაუარესება, სამეწარმეო აქტივობის ზრდის ტემპის შენელება და უმუშევრობის დონის ზრდა.

მომავალში მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ან თუნდაც მინიმუმამდე დასაყვანად, საჭიროა კერძო საკუთრების ლეგიტიმურობის ხარისხის ამაღლება, რისთვისაც აუცილებელია მისი ლეგალიზება-დაკანონება ქონებრივი უფლების სფეროში საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე. საკუთრების აშკარად კრიმინალური, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გზით მოპოვების შემთხვევებში, მაგალითად, კერძო საკუთრებაში არსებული ქონების, მიუხედავად მისი წარმოშობის კანონიერებისა (აქ საუბარია არაკანონიერი გზით მითვისებულ, თავის დროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქონებზე), კრიმინალურ-ძალადობრივი გზით ჩამორთმევისა და გადაფორმების შემთხვევაში, მათი ლეგალიზება-დაკანონებისა, თუ ჩამორთმევის საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოს მეშვეობით, ყველა პროცესუალური ნორმისა და ეტაპის გათვალისწინებით.

კერძო საკუთრების ლეგალიზება-დაკანონების პროცესისადმი ნდობის ფაქტორის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული პროცესის შედეგების აღიარებისა და კერძო საკუთრების, მ.შ. ამნისტიის გზით ლეგალიზებულის, მომავალში ხელშეუხლებლობის ერთ-ერთ გარანტიორ მხარედ, ხელისუფლების მიერ მოწვეულ იქნას რომელიმე საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაცია (უცხოური ორგანიზაციების მოწვევა დამატებით ვალდებულებებსა და შესაბამისად, დამატებით პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ თუკი საკუთარი ძალებით არ შეგვიძლია პრობლემის მოგვარება, მაშინ მათი მოწვევის გარდა, თუნდაც განსაზღვრული, შეზღუდული პერიოდით, სხვა გზა არ არსებობს).

ქონებრივი უფლების სფეროში საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე კერძო საკუთრების ლეგიტიმიურობის ხარისხის ამაღლება, საბოლოო ანგარიშით, ხელს შეუწყობს: მეწარმეთა ნდობის ფაქტორის ამაღლებას მთავრობის პოლიტიკისადმი და მათი გრძელვადიანი განწყობა–მოლოდინების პოზიტიურ კალაპოტში ჩაყენებას, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების ხარისხის ამაღლებას და უცხოეთში, ძირითადად სხვადასხვა ოფშორულ ტერიტორიებში გატანილი კაპიტალის ეტაპობრივ დაბრუნებას.

2. მცირე მეწარმეობის წახალისება. ამ მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირე საწარმოთათვის მოგების გადასახადის განაკვეთის შემცირება 8–10%–ის ფარგლებში.

აღნიშნული შეღავათის დასამკვიდრებლად, უწინარეს ყოვლისა აუცილებელია მცირე საწარმოს სტატუსის განსაზღვრა ეკონომიკის განვითარების მიმდინარე საჭიროებათა გათვალისწინებით.

დღეს არსებული საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ”მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს“. ამასთან, მცირე ბიზნესის აღნიშნული შემოსავალი გამარტივებული წესით პირდაპირ იბეგრება 3–5 %–ის ფარგლებში.

მცირე ბიზნესის გამარტივებული რეჟიმით დაბეგვრის ნაკლოვანებები იმაშია, რომ:

-იგი არ ვრცელდება იურდიულ პირებზე და იმ ინდმეწარმეებზე, რომლებსაც კანონის საფუძველზე არ ენიჭებათ მცირე ბიზნესის სტატუსი;

-აღნიშნული რეჟიმი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო ხარჯიანი და წამგებიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვეულებრივი წესით დაბეგვრა, რომელსაც ადგილი აქვს მაგალითად, მცირე ბიზნესის სტატუსს მიღმა დარჩენილი ინდმეწარმეების შემთხვევაში, რომელთა ამონაგებიდან ხარჯების გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი შემოსავლი იბეგრება 20%–ით;

-ძალიან დაბალ დონეზეა განსაზღვრული წლიური ბრუნვის მოცულობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია იურდიული პირებისათვის და ინდმეწარმეებისათვის მცირე საწარმოს სტატუსი განისაზღვროს მცირე ბიზნესის სტატუსისგან დამოუკიდებლად, მინიმუმ 1 მილიონი ლარის წლიური ბრუნვის მიხედვით (ამასთან, მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის გამარტივებული წესის მიერ რეალური და არა მოჩვენებითი შეღავათის უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების შემოსავალი, ზემოაღნიშნული 100 ათასი ლარის ფარგლებში, დაიბეგროს მაქსიმუმ 2%–იანი განაკვეთით, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა ისინი გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტებს).

გარკვეულ პრობლემას ქმნის იმ საწარმოების დაბეგვრა, რომელთა დანახარჯების მოცულობა ნაკლებია, ხოლო ამონაგები კი მეტია ზემოაღნიშნულ მილიონ ლარზე. ასე მაგალითად, საწარმოს დანახარჯებმა შეადგინა 950 ათასი ლარი, ხოლო ამონაგებმა 1100 ათასი ლარი. ამ შემთხვევაში, სხვაობა მცირე საწარმოს სტატუსის განმსაზღვრელ ბრუნვის მოცულობას, ანუ მილიონ ლარსა და აღნიშნულ დანახარჯებს შორის, ანუ 50 ათასი ლარი უნდა დაიბეგროს ახალი შეღავათიანი განაკვეთით, ანუ 8–10%–ით, ხოლო დარჩენილი მოგება, ანუ 100 ათასი ლარი კი ჩვეულებრივ, დღეს მოქმედი განაკვეთით, ანუ 15 %–ით.

3. დაბეგვრის სისტემის გამარტივების, მეწარმეობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მოგების გადასახადის გაუქმება და მის ნაცვლად დივიდენდების სახით გაცემულ შემოსავლებზე ერთიანი 20%–იანი საგადასახადო განაკვეთის შემოღება დღეისთვის არსებული 5%–იანი განაკვეთის ნაცვლად. ამასთან, მცირე საწარმოების საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილია აღნიშნული განაკვეთი დადგინდეს 10–12%–ის ფარგლებში. მოგების გადასახადის აღნიშნული ტრანსფორმაცია, როგორც ამ პუნქტის დასაწყისში აღვნიშნეთ, წაახალისებს მეწარმეთა ინვესტიციური აქტივობის ამაღლებას. ამასთან, აღმოიფხვრება წინა წლის წლიური მოგების საფუძველზე მიმდინარე წლის ყოველ კვარტალში მოგების გადასახადის გადახდის (წინა წლის წლიური მოგების მეოთხედის ფარგლებში) მანკიერი წესი და გადასახადის გადახდა უშუალოდ დაუკავშირდება დივიდენდების გაცემას.

4. მცირე საწარმოთათვის მოგების გადასახადის განაკვეთის 8–10 %–მდე შემცირების (რაზეც საუბარია ზემოთ მე–2 პუნქტში) და თუნდაც აღნიშნული საწარმოებისათვის მოგების გადასახადის 15%–ის დონეზე უცვლელად დატოვების შემთხვევაშიც მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაბეგვრის სპეციფიკური რეჟიმის შემოღება: მოგების (საშემოსავლო) გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს ამა თუ იმ დარგში, ან ქვედარგში დასაქმებული მცირე საწარმოს მიერ მიღებული მოგების, ან შემოსავლის (ამონაგებიდან ხარჯების გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი შემოსავალი – ინდმეწარმეებისათვის) ნაწილი, რომელიც აღემატება აღნიშნულ დარგში, ან ქვედარგში ფუნქციონირებადი მცირე საწარმოების საფუძველზე გაანგარიშებული მოგების (ან შემოსავლის) საშუალო ნორმის შესაბამისი თანხის სიდიდეს (მოგების გადასახადის საერთოდ გაუქმებისა და მცირე საწარმოების მიერ დივიდენდების სახით გაცემულ შემოსავალზე 10–12%–იანი განაკვეთის დადგენისას, რაზეც საუბარია წინა მე–3 პუნქტში, მოცემულ პუნქტში აღნიშნული დაბეგვრის სპეციფიკური რეჟიმის შემოღების მიზანშეუწონლობის შესახებ აღნიშნულია ამ პუნქტის ბოლოში).

მოცემული საგადასახადო შეღავათის არსი შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი მაგალითის საფუძველზე:

დავუშვათ, რომ რომელიღაც დარგში, მაგალითად, კვების მრეწველობის სფეროში, ან მის რომელიმე ქვედარგში, საანგარიშო წელს დასაქმებულია 20 მცირე საწარმო (ვთქვათ ყველა იურდიული პირია) და მოგების საშუალო წლიურმა ნორმამ შეადგინა 10%. ასევე დავუშვათ, რომ ზემოაღნიშნული საწარმოებიდან, მხოლოდ სამმა მიიღო მოგების საშუალო ნორმაზე მაღალი მოგება, პირველმა 12,5%, მეორემ 20%, მესამემ 25%. ამასთან, ვთქვათ, რომ თითოეული საწარმოს დანახარჯმა შეადგინა 800 ათასი ლარი. ცხადია, რომ პირველი საწარმოს მიერ მიღებული მოგება შეადგენს 100 ათას ლარს (800 ათასი ლარის 12,5 პროცენტი), მეორე საწარმოს მიერ მიღებული – 160 ათას ლარს (800 ათასი ლარის 20 პროცენტი), მესამე საწარმოს მიერ კი – 200 ათას ლარს (200 ათასი ლარის 25 პროცენტი). მოგების საშუალო ნორმის (10%) შესაბამისი თანხა კი სამივე საწარმოსთვის შეადგენს 80 ათასს ლარს (800 ათასი ლარის 10 პროცენტი).

პირველი საწარმოს მიერ მიღებული მოგება 20 ათასი ლარით აჭარბებს მოგების საშუალო ნორმის (10%) შესაბამის მოგებას – 80 ათას ლარს, მეორე საწარმოს მიერ მიღებული 80 ათასი ლარით, მესამეს მიერ მიღებული კი – 120 ათასი ლარით. სამივე საწარმოს შემთხვევაში მოგების გადასახადით უნდა დაიბეგროს მოგების საშუალო ნორმის შესაბამისი თანხა, ანუ 80 ათასი ლარი და არ უნდა დაიბეგროს მოგების საშუალო ნორმის გადამეტებით მიღებული თანხები. ე. ი. თითოეულ საწარმოს დღევანდელი 15 %–იანი საგადასახადო განაკვეთის პირობებში (ე.ი. თუკი მოგების გადასახადის განაკვეთი უცვლელი დარჩება) გადასახდელი ექნება მხოლოდ 12 ათასი ლარი (ხოლო თუ მცირე საწარმოებისათვის მოგების გადასახადის განაკვეთი შემცირდება ვთქვათ 10%–მდე, მაშინ თითოეულ საწარმოოს გადასახდელი ექნება მხოლოდ 8 ათასი ლარი). გადახდილი თანხა პირველი საწარმოსთვის შეადგენს მთლიანი მოგების 12%, მეორე საწარმოსთვის – 7,5%, მესამე საწარმოსთვის კი მხოლოდ – 6%.

ამ შემთხვევაშიც გარკვეულ პრობლემას ქმნის იმ საწარმოების დაბეგვრა, რომელთა დანახარჯების მოცულობა ნაკლებია, ხოლო ამონაგები კი მეტია ზემოაღნიშნულ მილიონ ლარზე და ამასთან, მიღებული მოგება აღემატება მოგების საშუალო ნორმის შესაბამის დონეს. მაგალითად, როგორ უნდა მოვიქცეთ ისეთი საწარმოს მოგების დაბეგვრისას, რომლის დანახარჯებია 800 ათასი ლარი, ხოლო რეალიზაციიდან ამონაგები – 1002 ათასი ლარი. ვინაიდან აღნიშნული თანხა 2 ათასი ლარით აღემატება მცირე საწარმოებისათვის დადგენილ მილიონ ლარს, ამიტომ მოგების თანხა (202 ათასი ლარი) წესით უნდა დაიბეგროს 15%–იანი გადასახადით, ანუ 30300 ლარით. მაგრამ ამ შემთხვევაში მოგების გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხა 171700 ლარი (202000–30300) ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზემოთ აღნიშნული იგივე 800 ათას ლარიანი დანახარჯებისა და 200 ათას ლარიანი მოგების მქონე მესამე საწარმოოს (მცირე სტატუსის მქონეს) განკარგულებაში დაბეგვრის შემდეგ დარჩენილი 188 ათას ლარიანი მოგება (200000–12000). იმისათვის რომ არ დაზარალდეს ჩვენს მიერ განხილული მეოთხე, ყველაზე ეფექტიანი საწარმოო, ამისათვის მისი 202 ათასიანი მოგების დაბეგვრა უნდა მოხდეს შემდეგი წესით: მოგების საშუალო ნორმის შესაბამისი თანხა – 80 ათასი ლარი უნდა დაიბეგროს ჩვეულებრივ 15%–იანი გადასახადით, ანუ 12000 ლარით; მოგების საშუალო ნორმის ზემოთ მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მიიღება მცირე საწარმოებისათვის საშეღავათო რეჟიმის განმსაზღვრელი თანხისგან, ანუ მილიონი ლარისგან დანახარჯების, ანუ 800 ათასი ლარისა და მოგების საშუალო ნორმის შესაბამისი თანხის, ანუ 80 ათასი ლარის გამოკლებით, ე. ი. 120 ათასი ლარი – არ უნდა დაიბეგროს. დარჩენილი თანხა, ანუ 2 ათასი ლარი უნდა დაიბეგროს ჩვეულებრივი 15 %–იანი გადასახადით, ანუ 300 ლარით. ამრიგად, აღნიშნული საწარმოს მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს, მხოლოდ 12300 ლარს, მოგების გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხა კი – 189 700 ლარს (202000–12300).

აღნიშნული საგადასახადო შეღავათის დანერგვის შემთხვევაში აუცილებელია შეღავათის გათვალისწინების პერიოდის ზუსტი განსაზღვრა. დარგში, ან ქვედარგში არსებული მოგების საშუალო ნორმა, როგორც წესი, გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ. ე.ი. საანგარიშო პერიოდის მომდევნო კვარტალში უნდა გადაწყდეს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში მოქცეულ საწარმოებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის ან დაბრუნება, ან მათი ჩათვლა მომდევნო საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადის გადახდისას.

ამა თუ იმ დარგსა, თუ ქვედარგში მოგების საშუალო ნორმაზე უფრო მაღალი მოგების მიმღები მცირე საწარმოების მიმართ ზემოაღნიშნული საგადასახადო პოლიტიკის გატარება და ამ გზით მათი მატერიალური წახალისება ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის სფეროში დასაქმებულ ფირმებს შორის კონკურენციის გაღრმავებას, მათ მიერ რესურსების ყაირათიან გამოყენებას და საკუთარი საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოგების გადასახადის გაუქმებისა და მის ნაცვლად დივიდენდების სახით გაცემულ შემოსავლებზე მცირე საწარმოებისათვის ერთიანი 10–12%–იანი, ვთქვათ, 10%–იანი საგადასახადო განაკვეთის დაწესების შემთხვევაში (რაზეც საუბარია ზემოთ მე–3 პუნქტში), ამ მე–4 პუნქტში მითითებული დაბეგვრის სპეციფიკური რეჟიმის შემოღებისას, ზემოთ მითითებულ პირველ სამ საწარმოში 10%–იანი განაკვეთით უნდა დაიბეგროს მოგების საშუალო ნორმის შესაბამისი თანხის, ანუ 80 ათასი ლარის ფარგლებში გაცემული დივიდენდი, ხოლო დანარჩენი მოგებიდან გაცემული დივიდენდი კი – არ უნდა დაიბეგროს. დაბეგვრის ასეთმა რეჟიმმა შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული საწარმოების ინვესტიციური აქტივობის შემცირება.

ამიტომ, მოგების გადასახადის გაუქმების შემთხვევაში და მის ნაცვლად დივიდენდების სახით გაცემულ შემოსავლებზე ერთიანი საგადასახდო განაკვეთის შემოღებისას, მოცემულ მე–4 პუნქტში მითითებული დაბეგვრის სპეციფიკური რეჟიმი არ უნდა ამოქმედდეს, ანუ დივიდენდების სახით გაცემული მთელი შემოსავალი უნდა დაიბეგროს ზემოაღნიშნული 10%–იანი საგადასახადო განაკვეთით.