„ნაციონალების“ საარჩევნო შტაბი - ასე აფასებეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ საკოორდინაციო პლატფორმას „ქართული ოცნება“. პრეზიდენტის განმარტებით, შტაბს მონიტორინგის ფუნქცია ექნება, თუმცა კონკრეტულად რა ფუნქცია, მოვალეობები დაეკისრება, ჯერჯერობით უცნობია. მამრთველი გუნდისთვის პრეზიდენტის მორიგი ინიციატივა კვლავ კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან მათი თქმით, პრეზიდენტს არა აქვს უფლებამოსილება, რომ ის რომელიმე მხარეს წარმოადგენდეს. ის კი საკუთარ თავს უკვე ოპოზიციის ლიდერად წარმოაჩნეს და მათ ათონელის სასახლეში საარჩევნო შტაბსაც კი უხსნის.
„ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე და არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი. არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ კონსტიტუციის დარღვევასთან და პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად გადააქცევს.
„არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდევაც. დიდი ხანია ზურაბიშვილი კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და მისი ნებისმიერი განცხადება და ინიციატივა არაკონსტიტუციურია. ქალბატონმა სალომემ, „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ და მათმა ლობისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გაყალბება გამორიცხულია. ამ კუთხით ზედმეტი მტკიცება საჭირო არც არის. სწორედ ამიტომ არჩევნების წინასწარი დისკრედიტაცია ხდება.
ქალბატონი სალომე დიდი ხანია მხარედ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერად იქცა, ვისი ხელდასმითაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი იმისა, ქვეყნის შიგნით საარჩევნო კამპანია აწარმოონ, მიბმული არიან უცხოელი პატრონებსა და ლობისტებზე“, - ამბობს კირცხალია.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი როლში ისეა შეჭრილი, რომ საკუთარი თამაში აქვს წამოწყებული და ცდილობს მთელი ოპოზიცია თავის ჭკუაზე ატაროს. თუმცა „ნაციონალებმა“ ყველაზე კარგად იციან ის რასაც წარმოადგენს, ბოლომდე მაინც არავინ ენდობა და დასავლეთის მოსაჩვენებლად მის ყველა აბსურუდულ წინადადებას იღებენ.
„საერთაშორისო თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტირებული პრეზიდენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონდამრღვევად სცნო. მიუხედავად ამისა, მას დასავლეთში იღებენ, ხელს ართმევენ და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ის არის საქართველოში ქართველი ერის გადამრჩენელი. ზურაბიშვილიც ამას იფერებს და ახლა საარჩევნო შტაბის გახსნა დააანონსა ათონელის სასახლეში, როცა მას კანონით საერთოდ პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია მოეთხოვება. ის იმდენად გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, რომ ერთი, ოპოზიციის მთავარ ლიდერად აღარ აცხადებს თავს და ალბათ, ამასაც გააკეთებს.
მისი ყველა ქმედებები საერთოდ კანონგარეშეა. ის არის დე ფაქტო პრეზიდენტი, რომლიც ამ სტატუსს მხოლოდ „ნაციონალების“ დახმარებით ინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ამას ეს პლატფორმა სჭირდება იმისთვის, რომ არჩევნების არალეგიტიმურობა გამოაცხადოს. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად მისი ეს შტაბი იქნება პირველი, საიდანაც ამაზე განცხადება გაკეთდება. მე არ ვიცი რა სახით მოხდება და როგორ, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ის კარგად გაწერილი სცენარის მთავარი ფიგურანტია. ოპოზიციაში გგონიათ ვინმეს მასზე ის აზრი შეცვლილი აქვს, რაც აქამდე ჰქონდათ? არანაირად, ყველა ისევ იმ პოზიციაზეა. უბრალოდ, ეს არის დასავლეთის მოსაჩვენებლად, რომ მერე ოპოზიციას არ წამოაძახონ, აი, გაერთიანება და კორდინაცია თქვენ არ გინდათ, პრეზიდენტს არ უსმენთ და ა.შ.“, - ამბობს მამარაძე.
მისივე თქით, პრეზიდენტი სასახლეში აწყობს ტრიბუნას, საიდანაც დასავლეთის მთელ პრესას და მედიას მოედება, რომ თვით საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. მამარაძის აზრით, სწორედ ეს არის ამ პლატფორმის შექმნის მთავარი იდეა.
„ზურაბიშვილი აპირებს, რომ იმ ტრიბუნიდან, რომლესაც პლატფორმა უწოდა, გამოვა და გააკეთებს განცხადებას, რომ „ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლება ისევ ხელთ იგდო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმავე წუთში მთელი დასავლური მედია ზურაბიშვილის ამ განცახდებებით აჭრელდება. რა თქმა უნდა, ამაზე დიდი რეზონანსი რაღა უნდა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს. კონსტიტუციის მიხედვით კი, ასეთ დროს პრეზიდენტია ლეგიტიმური. აი, ეს არის ქალბატონი პრეზიდენტის და მისი დასავლელი კურატორების მთავარი ჩანაფიქრი“, - ამბობს მამარაძე.
„ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ლადო ბოჟაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ დე ფაქტო პრეზიდენტია, რომელიც სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, რას დააანონსებს და რა კიდევ ათას აბსურდს მოიგონებს, რათა ყურადღების ცენტრში მოექცეს.
„სამწუხაროდ „ოცნებამ“ ის 2018 წლის არჩევნებზე ყველაფრის ფასად აირჩია. გვახსოვს ის სიძულვილის და ბულინგის ენა, რაც მის მიმართ სწორედ ამ ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა. მიუხედავად ამისა, გამოვიდა, რომ ჩვენ ავირჩიეთ რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტი. რამდენი ბოღმა ჰქონდათ ნაციონალებს, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს, რადგან პირობა აქვთ, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს. თუმცა ხედავენ, რომ ამ შეწყალებასაც აზრი არა აქვს და სააკაშვილს მეორე დღესვე ისევ ციხეში შებრუნება მოუწევს. თუმცა მეორე პირობა აქვთ, რომ ზურაბიშვილმა ქვეყნის მავნებლობა, მის წინააღმდეგ მოქმედება უნდა გააგრძელოს. ნაცები აიმედებენ, რომ გააკეთე ყველაფერი, ნუ გეშინია, ჩვენ შენს გვერდით ვართ.
აი, ასე, ფრთებშესხმული, რასაც უნდა იმას აანონსებს, რაღაცა იდეებს აყენებს, რეალურად კი ის დე ფაქტო პრეზიდენტია. სრულად გადართულია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში. ადამიანს, რომელსაც საერთოდ პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია უნდა ჰქონდეს, იბარებს ხან ორ პარტიას და მათ გაერთიანებას ავალებს, ახლა ვიღაც პრემიერობის კანდიდატი შეურჩევია და ამათ უმალავს, რისი უფლებაც ასევე კონსტიტუციით არა აქვს. ახლა რაღაცა საარჩევნო შტაბს აანონსებს, რომელიც, ფაქტობრივად, ნაცების საარჩევნო შტაბი იქნება. რა ტექნიკურ მთავრობაზე საუბობს და რა არაპოლიტიკურ პრემიერზე?! ეგენი ხელისუფლებაში თუ მოვიდნენ, ერთ წელში ზურაბიშვილის სიტყვაზე ხელისუფლებას დათმობენ?! ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ქვეყნის მავნებლობაზე რომ არ იყოს უკვე გადასული“, - ამბობს ბოჟაძე.