მასკარადები ათონელიდან

მასკარადები ათონელიდან

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ორბელიანების სასახლის კარი ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის გააღო, თუმცა დაგეგმილ კონსულტაციებზე საუბარი ამ ეტაპზე აღარ ისურვა. სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში პირველ შეხვედრაზე გვარამია-მელიას კოალიცია მიიპატიჟა. დახურულ კარს მიღმა, ერთსაათიანი მოლაპარაკების ბოლოს, გაირკვა, რომ მთავარ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა. შეხვედრა, სადაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე უნდა ემსჯელათ, კონკრეტული გვარების დასახელების გარეშე დასრულდა.

ზურაბიშვილი ქარტიის ხელმომწერებს ორბელიანების სასახლეში კვლავ ელოდება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ პროცესს არასერიოზულად მიიჩნევს და ემიჯნება, „გირჩია“, თუმცა პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტის ერთგული თავად ხელმომწერებიც არ არიან. ოპოზიციის ნაწილს პრეტენზია ერთი წლის შემდეგ დანიშნულ მორიგ არჩევნებზე, ნაწილს კი დროებითი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით აქვს. ამაზე ხმამაღლა საუბრობენ, რორგორც გახარიას პარტიაში, ასევე „ნაციოანლურ მოძრაობაში“.

მმართველი გუნდი კი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესი უცხო ქვეყნების მიერ იმართება, მიზანი კი ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენაა.

ათონელის რეზიდენცია ყურადღების ცენტრში, მინიმუმ, შემდეგი ორი დღის განმავლობაში იქნება. ზურაბიშვილი სასახლეში ელოდება ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ ყველა პარტიას.

„ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ტექნიკური მთავრობის შექმნის აუცილებლობას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი გუნდი და სწორედ ის მოვა ხელისუფლებაში.

კალაძის მტკიცებით, „რაღაცებს იგონებენ, რადგან მათ ქვეყნის მოსახლოებისთვის სათქმელი აღარაფერი აქვთ“.

„ესეც ჩვეულებრივი სისულელეა, რადგან სათქმელი აღარაფერი აქვთ ქვეყნის მოსახლოებისთვის და რაღაცას მოიგონებენ, დაჯდებიან, დაავალებენ და ამ სისულელეს აჟღერებენ. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გააჟღერებინეს უცხოელებმა ეს განცხადება, რაც არის აბსურდი, არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, იმიტომ რომ ქვეყანაში არის მმართველი გუნდი და ის მოვა ხელისუფლებაში ქართველი ხალხის დახმარებით, კონსტიტუციური უმრავლესობით“, - განაცხადა კალაძემ.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საერთოდ გასულია კონსტიტუციის და უფლებამოსილების ჩარჩოებს. შესაბამისად, მის მიერ დაწყებული მოლაპარაკებები ათონელის სასახლეში ოპოზიციასთან სრული ბლეფია, რომელსაც არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური სახე არა აქვს.

„არ ვიცი პრეზიდენტის მოქმედებებს რა სახელი დავარქვა. რას ცდილობს, რა უნდა? ნეტავ, თავად ოპოზიციაში მაინც თუ იციან? ამ ქალბატონს ერთხელ მაინც რომ გადაეკითხა კონსტიტუცია და საკუთარი უფლებამოსილება გაერკვია, ხომ ეცოდინებოდა, რომ მას პრემიერის კანდიდატის წარდგენის უფლება არა აქვს. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერის დასახელებას? ან ამხელა ოპოზიციონერი ლიდერები რომ დადიან ამ ათონელის რეზიდენციაში და ქვეყნის მართვის სადავეების გადაბარების ამბიციები აქვთ, ხომ ყველაზე კარგად იციან, რომ ზურაბიშვილს პრემიერის კანდიდატურის დასახელების უფლება არა აქვს. აქ მაშინ ორ რამესთან გვაქვს საქმე - პრეზიდენტის ვირეშმაკობასთან ან უცოდინრობასთან.

მე უფრო ვირეშმაკობა მგონია და ვფიქრობ, ის კონკრეტულად გაწერილი გეგმით მოქმედებს, რითაც საკუთარი მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს. ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია ნულს ქვემოთ არის და წინასაარჩევნო კამპანიასაც ვერ მართავს. მათ მაგივრად საარჩევნო კამპანიას ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი და ამერიკის ელჩი დანიგანი მართავენ. რაღაცას იტყვიან მედიებთან და მერე მთელი ოპოზიცია ამ დღის წესრიგს მისდევს. ზურაბიშვილი ცდილობს სრულიად მომაკვდავ ოპოზიციას კოორდინაცია გაუწიოს და პლუს, აქედან პირადი გამორჩენაც მიიღოს. ამ ქალბატონის ამბიციები რომ ცნობილია, მას ან პრეზიდენტობა სურს მეორე ვადით, რაც ისედაც დაადასტურა, ან უფრო შორს მიდის და პრემიერობის კანდიდატურა თავად უნდა. ბევრი ვერსიები შეიძლება განხილული იყოს“, - ამბობს ახვლედიანი.

რაც შეეხება იმას, მოქმედებს თუ არა ზურაბიშვილი დასაველთთან ერთად კორდინაციაში და რა დირექტივებს შესაძლოა ის იღებდეს? ახვლედიანი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, მას მოქმედებისკენ მოუწოდებენ და ისიც დასავლეთთან თავის მოსაწონებლად ხან ქარტიებს იგონებს და ხან რაღაცა შეხვედრებს გეგმავს.

„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი ამას საკუთარი ინიციატივით არ აკეთებს, ის მოქმედებს კარგად გაწერილი გეგმით. ეს გეგმა რაც არის და ვინც დგას ამის უკან, უკვე ყველამ ვიცით. ზურაბიშვილის ეს ილუზიური რაღაცა შეკრებები და ლიდერობის თამაში მართლა სასაცილოა. როგორც ჩანს, საფრანგეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაცია აქვს, ლამის, ყოველ კვირას საფრანგეთშია. თან იქ ისეთი დიდი ამბით იღებენ, თითქოს სახალხო ლიდერია. ზურაბიშვილის ინციატივა იყო ზუსტად, რომ გახარია და ხაზარაძე გაერთიანებულიყვნენ. თუმცა ყველა ასეთი ჩავარდნილი გაერთიანება თუ პრემიერობის ე.წ. კანდიდატის დასახელება, ოპოზიციურ ამომრჩეველში ნიჰილიზმს აჩენს. ეს თავად ოპოზიციაზე მოქმედებს უარყოფითად. ახლაც იგივე მოხდება, ესენი არანაირი პრემიერობის კანდიდატზე შემთანხმებლები არ არიან. ამიტომ ეს პროცესიც ჩაიშლება და ოპოზიციის ნდობა საზოგადოებაში კიდევ უფრო ნაკლები იქნება“, - ამბობს ახვლედიანი.