სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის კიმ იონ ხიონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად საკუთარი მებრძოლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.
„რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის რეგულარული ჯარის გაგზავნას [უკრაინაში], რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამხედრო კავშირის ტოლფასია, ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ჯარისკაცების გაგზავნის ალბათობა მაღალია“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ცნობები ქალაქ დონეცკთან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დაჭრასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით სიმართლეა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას უკრაინულმა გამოცემამ Kyiv Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ექვსი ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი და სამი რიგითი უკრაინის სარაკეტო იერიშის დროს დონეცკთან ახლოს დაიჭრა.