„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს მეორედ აყენებს. რა სახის პოლიტიკური დატვირთვა აქვს „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას და ვის რა დივიდენდს შესძენს ეს ფაქტი?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ „ოცნებას“ სხვა გზა არ ჰქონდა და მას პრეზიდენტის ამ ევროპულ ვოიაჟებზე და კონსტიტუციის ცინიკურ დარღვევებზე პასუხი უნდა გაეცა. წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი დიდხანს მისი მოქმედებების იგნორიებას ვერ შეძლებდა, რადგან ეს საკუთარ ამომრჩეველში სისუსტის განცდას ტოვებდა.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელახლა აღძრას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა და მოამზადოს ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომლიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
„ოცნებაში“ ამბობენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს. ამას კი უფრო სიმბოლური დატვირთვა ექნება, რადგან ზურაბიშვილის უფლებამოსილება ისედაც იწურება და ის მაქსიმუმ, ერთი თვით ადრე შეიკვეცება, რითაც იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.
„არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით, „ოცნება“ არა მხოლოდ პრეზიდენტს უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ ამით, ფაქტობრივად, სრულიად ცივილიზებულ დასავლეთს ასამართლებს.
ოპოზიცია მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების უკან შიშს კითხულობს და ამბობენ, რომ, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტს დეკემბერში ვადა ეწურება, „ოცნების“ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო კომიკურად გამოიყურება და კიდევ უფრო აჩვენებს მათი გარდაუვალი მარცხის პროგნოზს. მეორე მხრივ კი, პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ მნიშვნელობას შესძენს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტის ხელმეორედ იმპიჩმენტის დაყენების საკითხს ორი სახის პოლიტიკური დატვირთვა აქვს მმართველი გუნდისთვის. ანალიტიკოსის აზრით, „ოცნება“ პრეზიდენტის ქმედებებს და ამ ევროპულ ვოიაჟებს, რომლიც ისევ კანონის დარღვევით მიდის, ბოლომდე ვერ დააიგნორებდა. პოლიტიკური რეაგირება უნდა მოეხდინათ, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
„პოლიტიკურად „ოცნების“ ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან სხვანაირად ამ საკითხს ვერ დატოვებდნენ. დიდი ხანი პრეზიდენტის ქმედებების იგნორირებას ვერ მოახდენდნენ და რაღაცა სახის რეაქცია ამაზე უნდა ჰქონოდათ. ამას კი სხვადასხვა სახის პოლიტიკური დატვირთვა აქვს. პირველ რიგში ის, რომ „ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს აჩვენებს, რომ ზურაბიშვილის თავგასულობაზე რეაქცია აქვს. მეორე მხრივ, იმედს აძლევს თავის ამომრჩეველს, რომ მესამე ვადით ხელისუფლებაში დაბრუნდება, თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობით, რადგან იმპიჩმენტის პროცედურას 100 კაცამდე ხმა სჭირდება. ამით დამატებით მოტივაციას აძლევს თავის მხარდამჭერებს, რომ არჩევნებეზე მივიდნენ.
მმართველი გუნდი ხედავს, რომ პრეზიდენტი აქტიურობს, ცდილობს ოპოზიციის ლიდერი გახდეს და რაღაცა პოლიტიკური პორცესების მართვის სადავეები ხელში აიღოს. ამით კი ჩნდება საფრთხე, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ყურადღებას მიიპყრობს. ის „ოცნების“ ლოგიკით ოპოზიციას ეხმარება იმაში, რომ რაღაცა კორდინაციის საშუალება ჰქონდეთ. ამიტომ ამით ცალკე ისევ პრეზიდენტის გაშავებას ცდილობენ. მართალია „ოცნება“ თავად ამ ჟესტით ამომრჩევლის გაზრდას ვერ შეძლებს, თუმცა ის სტაბილური ამომრჩეველი, რომლიც მას ჰყავს, გარკვეულწილად კმაყოფილი იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციის ადგილას ასე მშვიდად არ იქნებოდა, რადგან „ოცნებას“ რესურსი აქვს და ის არ არის ისეთი მილევად ხელისუფლება, რომ ძალაუფლება სრულად დაკრაგოს.
„ოცნებას“ მხარდამჭერები ჰყავს, როგორც ბიზნეს სექტორში, ასევე საჯარო სამსახურებში და რეგიონებში. მას ჰყავს ის სტაბლური ამომრჩეველი, რომელიც ჰაერიდან არ მოსულა და ამ წლების განმავლობაში მმართველ გუნდს რაც არ უნდა გაეკეთებინა, მაინც მათ გვერდით არის. ამიტომ პოლიტიკურად მათაც უნდა ეცადონ, რომ შეძლონ და რაღაცა სახის შეთანმხებამდე თუნდაც პრემიერობის კანდიდატზე შეჯერდნენ. წინაღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ ყველაფერს პოლიტიკურად სათავისოდ გამოიყენებს. თანაც „ედისონ რისერჩის“ კვლევებით „ოცნებას“ სადღაც 32%-ანი მხარდაჭერა აქვს. ამას მივუმატოთ ის, რომ მმართველი გუნდი ამ და სხვა კამპანიებით მეტის მობილზიებას შეძლებს. დავუშვათ 35%-იც რომ აიღოს, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციაში 15-მდე დეპუტატს ვერ ნახავს, რომ გადაიბიროს? რა თქმა უნდა, ნახავს, ამიტომ რაღაცებზე ოპოზიციას უფრო მეტი მოქმედება სჭირდება“,-ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ სხვა გზა არ ჰქონდა და პრეზიდენტის ამ თავგასულობაზე პასუხი უნდა გაეცა. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ „ოცნება“ სისუსტეს იჩენს და პრეზიდენტის ამ ცინიკურ ქმედებებს არაფერს პასუხობს.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს ჯიბრი და ცინიკური მოქმედებები „ოცნებას“ წინასაარჩევნოდ აზიანებს. მათ რაღაცით უნად აჩვენონ, რომ ამაზე პასუხს სცემენ. წინაღმდეგ შემთხვევაში, ეჭვები და ნიჰილიზმი მისსავე ამომრჩეველში გაჩნდება. მმართველი გუნდი ამით ცდილობს საკუთარ ამომრჩეველს და თუნდაც დასავლელ პარტნიორებს დაანახოს, რომ მოღალატეების მიმართ მისი პასუხი მკაცრი იქნება. ზეწოლის მიუხედავად ისინი მაინც კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს პასუხის გასაცემად გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, ეს პროცესები ყველაზე მეტად მერყევ და ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე მოქმედებს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ელექტორატს არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალები“ ამიტომ პრეზიდენტის მოქმედება მათ ინტერესს იწვევს.
სწორედ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველია, ვისი იმედიც დანარჩენ ოპოზიციას აქვს თორემ „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ თავისი ჰყავთ. ამიტომ ამ ე.წ. ახლად გამომცხვარ ლიდერ პრეზიდენტს პასუხი უნდა გასცენ წინასაარჩევნოდ, თორემ მას, როგორც ვხედავთ, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც საკუთარი წინაასარჩევნო კამპანია აქვს გაჩაღებული. მართალია, მას ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდ ნაწილში არა აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ამ ევროპაში ვიზიტებით, შეხვედრებით, როცა „ოცნებას“ პარტნიორები ყველა მხრიდან აწვებიან, ქმნის ილუზიას, რომ ფსონი მასზე იზრდება. ამით კი საკუთარი პოლიტიკური წონადობის გაზრდა უნდა. „ოცნებამ“ კი სწორედ იქ დაარტყა პოლიტიკურად ისევ და დაიწყო მისი მხილება, რომლის შეფუთვასაც ის ცდილობს. „ოცნების“ მოქმედება პოლიტიკურად სწორია“, - ამბობს საყვარელიძე.