უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი, 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება, მეტიც, შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.
„ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მისი შეფასებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ფაქტორია, უკრაინას ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა, რუსეთის ტერიტორიაზე მათი თანამედროვე იარაღის გამოყენების ნებართვა მისცენ. ამასთან, როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, უკრაინისთვის სასიცოცხლოს აუცილებელია, სწრაფად მიიღოს ის იარაღი, რაც მას ამ ომში სჭირდება.
„ვფიქრობ, რაღაცას უნდა მოიაღწიონ წლის ბოლომდე, ანდა აშშ-ს არჩევნებამდე. „გამარჯვების გეგმას“ წერენ კომპეტენტური ადამიანები, სამხედროები და პროფესიული უნდა იყოს ეს გამარჯვების გეგმა. აუცილებელია შესრულდეს ორი ძირითადი პირობა: მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას მაქსიმალურად მიაწოდონ ის იარაღი, რაც მას მიაჩნია, რომ სჭირდება და ამას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები.
მეორე: ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ნებართვა უნდა მისცენ უკრაინას, რომ მან საომარი მოქმედებები აწარმოოს რუსეთის ტერიტორაზე. ღრმად მწამს, რომ „გამარჯვების ფორმულა“ იმუშავებს. როგორც მიიღებენ ექსპერტები რამშტაინის შეხვედრაზე ზელენსკის „გამარჯვების ფორმულას“, იმდენადვე განხორციელდება ეს ფორმულა. მთავარი დასავლეთზეა დამოკიდებული, რამდენად მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას უფლება მისცენ განახორციელოს შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის შესაძლო საპასუხო დარტყმას და მუქარას, რომ ამ შემთხვევაში ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ კრემლი მხოლოდ იმუქრება და ის ამის გამოყენებაზე არ წავა, რადგან ეს მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.
„მგონია, რომ რუსეთი მხოლოდ იმუქრება, მან კარგად იცის, რომ საპასუხო დარტყმა დასავლეთის წინააღმდეგ, რუსეთის თვითმკვლელობა იქნება - თუკი რუსეთი დაუშვებს ბირთვული იარაღის გამოყენებას იქ, სადაც ბირთვული იარაღი მის წინააღმდეგ არ გამოიყენება, ეს იქნება აბსურდის აბსურდი - ეს ხელს გაუხსნის ყველა იმ სახელმწიფოს, ვისაც ბირთვული იარაღი აქვს. ეს მიუღებელი იქნება ჩინეთისთვისაც კი, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა.
რუსეთის ეს დაშვება, რომ მან შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, ვინც უკრაინას ეხმარება, ალოგიკურია. მგონია, რომ ეს უბრალოდ მუქარაა და რუსეთი ვერ გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას.
დასავლეთის დაზვერვამ უნდა იცოდეს, რუსეთი რამდენად არის მზად ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. თუ აქვს ყველა ის მონაცემი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი მხოლოდ ბაქი-ბუქოს, მაშინ მათ უფლება უნდა მისცენ უკრაინას გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიაზე თანმედროვე იარაღი, რათა მიაღწიოს წარმატებას“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბარში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს და შეერთებული შტატები მის გვერდით დგომას გააგრძელებს.
საპასუხოდ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და განაცხადა, რომ „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
„უკვე ვემზადებით „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის. ერთად უნდა მოვიგოთ ეს ომი, უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და მთელმა თავისუფალმა სამყარომ და მოვიგებთ მას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა და გრძელვადიანი უსაფრთხოება.
„ყველაფერი, რაც [გამარჯვების] გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს „გამარჯვების გეგმაში“ წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა - გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება.
ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე - სწორედ ისე, როგორც „მშვიდობის გეგმით“ არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.