ლარის კურსის ვარდნის ფონზე, მსხვილ სავაჭრო ქსელებში უკვე საუბრობენ ფასების შესაძლო გაზრდაზე, მცირე მაღაზიებში კი პროდუქციის გაძვირება უკვე დაწყებულია. უფრო ადრე საკუთარი პროდუქცია გააძვირეს სააფთიქო ქსელების წარმომადგენლებმა. ზოგადად კი, პირველადი მოხმარების საქონელზე ძველ ფასს, უკვე, ვეღარავინ ინარჩუნებს.
ჯერ კიდევ 13 იანვარს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის დასტაბილურებაზე საუბრობდა. როგორც ნოდარ ხადურმა მაშინ განაცხადა, სამომავლოდ პროცესების გართულებას ადგილი არ ექნებოდა. მინისტრს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ლარმა ახალი სიმაღლეები „დაიპყრო“. მას შემდეგ კურსის დამუხრუჭება ვერ ხერხდება.
დედაქალაქის სხვადსახვა უბანში მდებარე მაღაზიებში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საკვები პროდუქტები გაძვირდა: მაგალითად, ფასმა მოიმატა ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე.
ფასების ზრდის საფრთხეებზე უკვე „კარფურშიც“ საუბრობენ. მათი აზრით, ლარის გაუფასურებამ, შესაძლოა, ქსელში არსებული პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვიოს.
როგორც „კომერსანტს“ „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა ჟან ლუი კლერმა განუცხადა, „კარფურის“ გუნდი მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს ის გავლენა, რომელიც შეიძლება ფასების მატების კუთხით მომწოდებლების მხრიდან წამოვიდეს.
ფასების გაზრდას არ გამორიცხავენ კომპანია „გუდვილშიც“. მათი განცხადებით, იმპორტიორებს პროდუქციის 5-10%-ით გაზრდის სურვილი უკვე აქვთ, თუმცა „გუდვილი“ მაქსიმალურად ცდილობს ფასების შენარჩუნებას და ლარის გაუფასურება მათთან წარმოდგენილი პროდუქტების ფასებზე ჯერჯერობით არ ასახულა.
დაახლოებით იგივე პოზიციაზეა სავაჭრო ქსელების მფლობელი და კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ნიკორა“.
„სხვა ქართული კომპანიების მსგავსად, „ნიკორა“ წარმოებისათვის იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს. უცხოელი პარტნიორებისგან ნედლეულის შეძენა კი, რა თქმა უნდა, უცხოურ ვალუტაში ხდება. შესაბამისად, კომპანიას ადგილზე მაღალი კურსით უწევს აღნიშნული ვალუტის შეძენა, რაც მუდმივი პროცესია და, საბოლოოდ, კომპანიის მუშაობაზე არასახარბიელოდ აისახება“, - აცხადებენ „ნიკორაში“.
კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ლარის გაუფასურება ბანკების წინაშე აღებული ვალდებულებების დაფარვის წნეხს კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან კრედიტის მომსახურებაც უცხოურ ვალუტაში ხორციელდება.
სპეციალისტებიც უკვე ღიად საუბრობენ ეეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეულ საფრთხეებბსა და ბაზარზე არსებულ საფასო ცვლილებებზე.
„ვფიქრობ, ლარის რყევისთვის ყურადღება მისაქცევია. შეიძლება ეს გრძელვადიანი პროცესი არ იყოს, მაგრამ მოკლე პერიოდშიც გარკვეული აქტიური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს კურსის უფრო დაბალანსებისთვის. დაახლოებით, 6%-ს აღწევს უკვე ლარის გაუფასურების მაჩვენებელი და ეს ის კრიტიკული ზღვარია, როდესაც იმპორტორორები ფასებს აუცილებელად გადახედავენ და ეს აუცილებლად გამოიწვევს ფასის გაძვირებას. ამასთან, მოსახლეობასაც გაუჩნდება შიშის მოლოდინი და შეეცდებიან ლარში არსებული დანაზოგები დოლარში გადაიყვანონ“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.
სხვათა შორის, პროდუქციის გაძვირებამ თავისებური ასახვა უკვე ჰპოვა სტატისტიკურ მონაცემებში. დეკემბერში საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის, წინა თვესთან შედარებით, 4,3 ლარით (3%-ით) გაიზარდა და 155.1 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საშულო ოჯახის საარსებო მინიმუმს, ერთ თვეში 7,2 ლარით მოიმატა და 260.2 ლარს მიაღწია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ასეთი მაღალიმაჩვენებელი ბოლოს 2012 წლის მარტში დაფიქსირდა.