ენერგეტიკის მინისტრმა თავისი დანაპირები აასრულა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელებთან უმკაცრესი საუბარი გამართა. კახა კალაძე იმდენად კატეგორიული იყო, რომ კომპანიის გენდირექტორმა ჩარევას ჩაყოლა ამჯობინა. მან პირობა დადო, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნებს აუცილებლად შესრულებს. მართალია, კალაძე წარსულში საქართველოს ნაკრებში მცველად თამაშობდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, თავდასხმაც კარგად ეხერხება.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ელექტროგამანაწილებელ ქსელში არსებულ პრობლემებზე კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები და სემეკის თავმჯომარე ირინა მილორავაც დაესწრო.
„დიდთოვლობის გამო ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული გათიშვები გვქონდა აჭარის რეგიონში და არ მოგვეცა საშუალება, შევხვედროდით და გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ქსელში არსებობს. ზაფხულში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების ხელმძღვანელებს შევხვდით და ქსელში არსებული პრობლემების შესახებ ყველა გამგებელი საუბრობდა და თქვენგან ითხოვდნენ დახმარებას. ეს პრობლემა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. წლების განმავლობაში ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა. თუ წინა ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავდა და არ აკეთებდა შენიშვნებს, მე და ჩემი გუნდი ასე არ მოვიქცევით.
ძალიან სერიოზული პრობლემებია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროგამანაწილებელ ქსელში, უკმაყოფილო ვართ ენერგეტიკის სამინისტრო და ქვეყნის მოსახლეობა და ამ ყველა პრობლემას სჭირდება გადაჭრა“, - განაცხადა შეხვედრაზე კახა კალაძემ.
„მედიანიუსის“ ინფორმაციით, მინისტრი გამოეხმაურა 2 დღის წინათ ოზურგეთის რაიონში მომხდარ ფაქტსაც, როდესაც უცებ მოვარდნილმა ძლიერმა ძაბვამ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუწვა. კალაძის თქმით, კომპანიის არცერთი ხელმძღვანელი, გარდა პიარის ერთ-ერთი თანამშომლისა, არ გამოვიდა და მოსახლეობას არ აუხსნა, რა მოხდა და რითი შეძლებდა კომპანია მათ დახმარებას.
„მე ვავალებ ჩემს მოადგილეებს, რომ უახლოეს პერიოდში მოიძიონ ინფორმაცია, თითოეული ოჯახის შესახებ და კომპანიას აანაზღაურებინონ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი - თუ შეკეთებას დაექვემდებარება, შეუკეთონ დაზარალებულ ოჯახებს ტექნიკა და თუ არადა, ახალი შეუძინონ.
დავალებას ვაძლევ კომპანიას და სემეკს, წარმოადგინონ გეგმა ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდება ქვეყანაში ქსელის გაუმჯობესების კუთხით. კომპანია ვალდებულია, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა კალაძის მწვავე შეფასებები უსიტყვოდ მოისმინა და გარკვეულწილად დაეთანხმა კიდეც. „რასაც ითხოვს ენერგეტიკის სამინისტრო, ვალდებული ვართ, გავაკეთოთ“, - განაცხადა ნიკოლოვმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმა მზად იქნება. „მინისტრი ძალიან კრიტიკული იყო. ჩვენ განვიხილეთ ყველაფერი, რაც მოხდა დეკემბრიდან მოყოლებული. აჭარაში შტორმით დაწყებული ჭიათურა-საჩხერის მოვლენებით დასრულებული, ასევე იმერეთში ერთი კვირის წინათ მომხდარი.
სამინისტრო ითხოვს და ვალდებულნი ვართ, გავაკეთოთ. საუბარია სამოქმედო გეგმაზე, რა გავაკეთოთ, როგორ გავაუმჯობესოთ სიტუაცია, როგორ გავზარდოთ ინვესტიცია, რომელ სფეროებში გავაკეთოთ ეს, რომ ეფექტი მოგვცეს. უახლოეს მომავალში იქნება მზად გეგმა და მას წარმოვადგენთ“, - განაცხადა ნიკოლოვმა.
მოხდება თუ არა „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ სანქციების დაწესება ან დადგება თუ არა მისი ბაზრიდან გასვლის საკითხი? ენერგეტიკის მინისტრი თვლის, რომ საკითხი ასე არ დგას:
„ამჯეარდ სანქციებს და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბაზრიდან გასვლას გამოვრიცხავ, რადგან საინტერესო საუბარი შედგა. კომპანიის წარმომადგენლებს კარგად აქვთ გაცნობიერებული თუ რა მდგმარეობაა ქსელში. ეს პრობლემა წლებია დგას და გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ამიტომ, კარგად ესმით, რომ ქსელის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია ინვესტიციები“, - აღნიშნა კალაძემ.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთან, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.
კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 000-ლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.