სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. ამ პროცედურას წინ უსწრებდა ე.წ. ქარტია, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის ლოდერები ხელმოწერით შეუერთდნენ და როგორც პრეზიდენტმა თქვა, რომ არა დასავლეთის ზეწოლა, ოპოზიცია ქარტიას ხელს არ აწერდა. ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ქარტია არის ძალაუფლების უზურპაციის მიზნით შეთქმულების მოსაწყობად დადებული ავაზაკური შეთანხმება შეთქმულ ზურაბიშვილსა და სხვა შეთქმულ პარტიებს შორის. მისი თქმით, ამავე ქარტიაში მოხსენიებულია აშშ, როგორც ერთ-ერთი მთავარი „იმედი“ ამ შეთქმულებისა, როგორც სინათლე გვირაბის ბოლოს, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ უზურპატორი სინამდვილეში სწორედ ეს „იმედია“.
for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ქარტია“? პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაისში გამოსცა ე.წ. ქარტია და ყველა ოპოზიციურმა ძალამ მოაწერა ხელი, დარჩენილი იყო გახარია, რომელიც ბოლოს მაინც აიძულეს, რომ მოეწერა ხელი. პრეზიდენტმა თქვა, რომ დასავლეთის ზეწოლა გახდა ფაქტორი, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწერა ქარტიას. თვითონ ქარტია თავისი შინაარსით გვეუბნება, რომ ეს არის გარედან თავსმოხვეული შეთანხმება, რომელიც როგორც „ოცნების“ ისე ოპოზიციის ამომრჩევლებს ეუბნება, რომ არ აინტერესებს ისინი რას ფიქრობენ და ვის ირჩევენ. პრეზიდენტი არაპოლიტიკოსებისგან დააკომპლექტებს დროებით, ტექნიკურ მთავრობას და ვინაა ეს ხალხი, წარმოდგენა არ გვაქვს. არ ფიქრობთ, რომ მორიგ აბსურდთან გვაქვს საქმე?
დავით ზარდიაშვილი: ზურაბიშვილის „ქართული ქარტია“ საფუძველშივე ღრმად ანტიქართულია. მას არავითარი სამართლებრივი საზრისი კონსტიტუციურობის შენარჩუნების პირობებში არა აქვს, რადგან თუ ხელისუფლება დაკომპლექტდა დემოკრატიული არჩევნების გზით, კონსტიტუციითა და მოქმედი კანონებით შეუძლებელია ვინმემ, გარეშემ ან შინაურმა, ვინც გინდა იყოს, შეზღუდოს პარლამენტი ან მთავრობა, მას კონსტიტუციის მიღმა წინასწარ დაუწესოს საქმიანობის ფარგლები, ფუნქციები და უფლებამოსილებების ვადა, შექმნას რა ე.წ. დროებითი პარლამენტი ანდა ე.წ. ტექნიკური მთავრობა. სწორედ ესაა განზრახული ამ ანტიქართული ე.წ. ქარტიით.
„ქარტია“ აქტუალური შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები საერთოდ ჩაიშლება, ვერ შედგება ანდა მის შედეგებს არ ცნობენ ლეგიტიმურად და შეიქმნება ე.წ. საგანგებო მდგომარეობის პირობები. ასეთ შემთხვევაში, როგორც ამას სალომეს მიერ შეთქმულებაში მოპატიჟებული ექსტრემისტული ჯგუფები, რაც „პარტიებად“ იწოდება, მიიჩნევენ, უერთდებიან რა ამ დოკუმენტს, „ქარტია“ ჩაანაცვლებს კონსტიტუციას, ანუ მოხდება, არც მეტი, არც ნაკლები ძალაუფლების მიტაცება და მისი უზურპაცია: კანონიერი პარლამენტისა და მთავრობის მაგივრად შეიქმნება ამ ე.წ. ქარტიით გათვალისწინებული საგანგებო პარლამენტი და საგანგებო მთავრობა, რომლის ძირეული ფუნქცია იქნება რიგგარეშე არჩევნების მომზადება, პოლიტიკური სივრციდან „ქართული ოცნების“ გაძევება და სავარაუდოდ, ლიკვიდაცია-დასჯა, ხოლო შემდეგ, ავაზაკურად მიტაცებული ძალაუფლების ამ „გამარჯვებულ“ ავაზაკთა შორის გადასანაწილებლად ვითომცა სამართლიანი არჩევნების ორგანიზება.
რასაკვირველია, ფაქტობრივად, ეს ქარტია ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის, გადატრიალების მოწყობის გეგმაა, შეთქმულებაა, მხოლოდ და მხოლოდ ეს მნიშვნელობა აქვს. გამაოგნებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უდგას ამას სათავეში, მაგრამ ყველამ ისიც ვიცით, რომ იგი უბრალოდ მარიონეტია და ნამდვილი უზურპატორი ძალზე საშიში გარეშე მტერია. იმედია, ქართველი ხალხი, სახელმწიფო, სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტო და სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიჩენენ კეთილგონივრულობას, სიმტკიცეს, თანმიმდევრულობას და შეძლებენ კონსტიტუციურობის მყარად დაცვას. ასეთ შემთხვევაში შეთქმულება ვერ შედგება, მიუხედავად გარეშე და შიდა მტრების ძალზე სერიოზული მობილიზებისა, რასაც ახლა ვხედავთ.
ეს ე.წ. ქარტია კიდევ ერთი მყარი არგუმენტი და ფაქტობრივად უდავო, დოკუმენტირებული მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, არამედ იმპიჩმენტით იქნეს მოშორებული პრეზიდენტის სავარძელს და შეთქმულების მოწყობისათვის გასამართლდეს. აი, ეს, იმპიჩმენტისათვის საჭირო ხმები პარლამენტში, კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. ეს მიზეზი არ დასახელებულა, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა, მით უფრო ზურაბიშვილის უცხოეთში ბოლოდროინდელი ვიზიტების გამო, რაც მისი შეთქმულების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ეს მას არ უნდა შერჩეს. იგი სამართლიან მსჯავრს, მკაცრ სასჯელს და სამუდამო შერცხვენას იმსახურებს!
დავუშვათ, ჯამურად, ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლებაზე მეტი ხმა და შევიდა პარლამენტში, ამ შემთხვევაშიც კი, ოპოზიციის ამომრჩეველსაც ეს ქარტია ეუბნება, რომ არც თქვენი აზრი არ მაინტერესებსო. ანუ, ნებისმერ შემთხვევაში, უნდა დაიშალოს ეს პარლამენტი, არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს, მერე კი პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქვეყანას მოამზადებს არჩევნებისთვის, თუმცა მანამდე ამ ქარტიის მიხედვით გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ანუ, კონსტიტუციაში შეიძლება ცვლილებები შეიტანონ? გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც ოპოზიციას ეუბნება, რომ თუნდაც, თქვენ მოიგოთ არჩევნები, მაინც უნდა დათმოთო. ამ შემთხვევაში დათმობს თუ არა ოპოზიცია ესეც საინტერესოა, მაგრამ რეალურ სურათს თუ შევხედავთ, ოპოზიცია ვერ იგებს არჩევნებს და ამიტომაც მოაწერეს ხელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ემზადებიან 27 ოქტომრისთვის და ამისთვის ინახავენ მთელ რესურსებს.
- ეს ე.წ. ქარტია, როგორც აღვნიშნე და ხაზგასმით ვიმეორებ, სამართლებრივ საზრისს საერთოდ მოკლებულია. მას სამართლებრივ სივრცესთან ვერანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ ექნება და თუკი ქვეყანა კონსტიტუციურობას შეინარჩუნებს, არანაირი სამართლებრივი შედეგი მას არ მოჰყვება, გარდა ერთისა: ეს დოკუმენტი გახლავთ შეთქმულების დამადასტურებელი მყარი, უდავო მტკიცებულება! ამ დოკუმენტით მოქმედება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - შეთქმულება უნდა შედგეს, ე.ი. ან 26 ოქტობრის არჩევნები საერთოდ ჩაიშალოს, ანდა ამ არჩევნების შედეგები იმ ზომით იქნას არალეგიტიმურად შერაცხული, რომ გამოიწვიოს ამბოხება (შეიძლება სისხლიანიც!) და შეუძლებელი შეიქმნას პარლამეტის შეკრება „ქართული ოცნების“ დეპუტაციის მონაწილეობით.
მაშინ „პარლამენტი“ შეიძლება დაარქვან ისეთ შეკრებას, სადაც მხოლოდ ეს შეთქმული პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, რაც გზას გაუხსნის ვითომ ლეგიტიმურ პრეზიდენტს (რომელმაც კონსტიტუციის მრავალჯერადი უხეში დარღვევით, ხოლო საბოლოოდ ამ დოკუმენტით კანონგარეშე დააყენა თავი) შექმნას ე.წ. ტექნიკური მთავრობა. მაგრამ ეს იქნება ძალაუფლების მიტაცება, კლასიკური უზურპაცია და თვითმარქვია მთავრობა, სხვა არაფერი. ვიმედოვნებ და მოველი, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაშიც, მსგავსი კოშმარი შეუძლებელია რეალურად მოხდეს და ეს მხოლოდ შეთქმულთა „აღქმებში“ დარჩება.
„ქართული ოცნება“ წააგებს თუ მოიგებს არჩევნებს, ყველა შემთხვევაში უნდა ცნონ არალეგიტიმურად, გაცხადებული აქვთ, რომ ეს ხელისუფლება რევოლუციური გზით უნდა შეცვალონ. დავუშვათ, რომ ამ სცენარით განვითარდა მოვლენები, მერე რა ხდება, სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ ძალა-უფლება? ამაზე რამდენად წამსვლელია დღევანდელი ოპოზიცია?
- „ქართული ოცნება“ თუ არჩევნებს წააგებს (რაც ვერ მოხდება მოვლენათა ყველაზე უარეს რეალურ სცენარშიც კი, მაგრამ თეორიულად მაინც დავუშვათ), და ქვეყანა კონსტიტუციურობის ფარგლებიდან არ გავა, ეს ე.წ. ქარტია მაინც შინაარსს მოკლებული ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდება: თუ „ოცნება“ გადავა ოპოზიციაში, ახალმა უმრავლესობამ უნდა შექმნას ახალი მთავრობა, რისთვისაც საჭირო გახდება პრემიერ-მინისტრის და მინისტრების კანდიდატურებზე ეს ახალი უმრავლესობა შეთანხმდეს. თუ უმრავლესობა მრავალპარტიული აღმოჩნდება (რაც ძალზე ალბათურია), ეს შეთანხმებაც ინტერ-პარტიული იქნება, რაც ნიშნავს მთავრობის დაკომპლექტებას სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელთა მიერ. ცხადია, ასეთ დროს არც ეს ე.წ. ქარტია და არც სალომე არავის გაახსენდება.
თუ ახალი უმრავლესობა ახალ მთავრობას ვერ შექმნის არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან მაქსიმუმ ორი თვის ვადაში, უფლებამოსილებას შეინარჩუნებს ძველი, ე.ი. კობახიძის მთავრობა და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, რაც ერთი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. ასეთია კონსტიტუციური განაწესი და ბუნებრივია, არანაირი მნიშვნელობა და სამართლებრივი დატვირთვა ამ ე.წ. ქარტიას აქ ვერ ექნება. ქარტიას მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ქვეყანა ანტიკონსტიტუციური გზით წავიდა, რისთვისაც შედგა და ხელმოწერილი იქნა ეს დოკუმენტი.
პირდაპირ ჩანს, რომ გახარია არ დაათანხმდა „ლელოსთან“ გაერთიანებას, მაგრამ ქარტიას მოაწერა ხელი, ამ შემთხვევაში უკან ვერ დაიხია. ცხადია, რომ პრეზიდენტს სურს ძალა-უფლების ხელში აღება, მაგრამ რამდენად დაუთმობს ამას ოპოზიცია, რომელსაც ხელი აქვს ქარტიაზე მოწერილი და ნებისმირე შემთხვევაში ცხვირ-წინ აუფრიალებენ ამ ქაღალდს, რა პროცესები უნდა განვითარდეს მერე?
- არავინ ძალაუფლებას საკუთარი ნებით არავის არ დაუთმობს. ეს ე.წ. ქარტია ხელმოწერილია სწორედ იმიტომ, რომ „ოცნებას“ არაკონსტიტუციურად წაგლიჯონ ძალაუფლება და ამის მერე, ერთმანეთში თავიდან გაინაწილონ. ეს ავაზაკური შეთანხმებაა და მისი არსი - შეთქმულება გახლავთ. ცხადია, თუ არჩევნებით მოიპოვებენ, რის მოსაპოვებლადაც შეთქმულებასაც არ ერიდებიან, იმას სხვას როგორ დაუთმობენ?!
საერთოდ, ეს ქარტია რა არის? ამ ქარტიაზე ამყარებს დასავლეთი იმედს?
- როგორც აღვნიშნე, ეს ქარტია გახლავთ ძალაუფლების უზურპაციის მიზნით შეთქმულების მოსაწყობად დადებული ავაზაკური შეთანხმება შეთქმულ ზურაბიშვილსა და სხვა შეთქმულ პარტიებს შორის. მაგრამ ამავე ქარტიაში მოხსენიებულია აშშ, როგორც ერთ-ერთი მთავარი „იმედი“ ამ შეთქმულებისა, როგორც, ასე ვთქვათ, სინათლე გვირაბის ბოლოს. ეს აშკარად მიანიშნებს, რომ უზურპატორი სინამდვილეში სწორედ ეს „იმედია“, თვითონ შეთქმულები კი, მოდით, ასე ვთქვათ, საკუთარი რაც შეიძლება მეტი გამორჩენისთვის იმედად არიან „ამ იმედით“.
რამდენად გამორიცხულია ზურაბიშვილისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომ ტექნიკური მთავრობის მოყვანის შემდეგ კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილება და პრეზიდენტის უფლებამოსილება გაზარდოს და უკვე გაძლიერებული რესურსით მოინდომოს ქვეყნის მართვა?
- კონსტიტუციის ლეგიტიმურად შეცვლა ასეთი სცენარის შემთხვევაში, რაც ე.წ. ქარტიაშია მოცემული, აბსურდის ყოველგვარ საზღვრებს ცდება და ცხადია, ამაზე სერიოზული მსჯელობაც კი წარმოუდგენელია. კონსტიტუცია ერთჯერადი ცხირსახოცი ნამდვილად არ არის, სიბინძურეში გასვარო, სანაგვეში მოისროლო და მერე პაკეტიდან ახალი ამოიღო, თანაც ისევ გასასვრელად. რასაც ავაზაკი შეთქმულები შეეხებიან - ყველაფერი თავისთავად გასვრილია. სადაც ეს ავაზაკური ქარტიაა, იქ არანაირი კონსტიტუცია აღარ არსებობს და პირიქით.
ზურაბიშვილი წერს, რომ პროფესიონალებით დააკომპლექტებს ტექნიკურ მთავრობას და არც ერთი პოლიტიკოსი არ იქნებაო. ვინ არიან ეს პროფესიონალები - გიგაური, ლომჯარია და საერთოდ, არასამთავრობოთა ჯგუფი? საინტერესოა ისიც, რომ სენატში მიიწვიეს ეკა გიგაური და არა ოპოზიციის ლიდერები...
- რიტორიკული შეკითხვაა. დიახ, ალბათ, ტექნიკური მთავრობა ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან იქნება, თუმცა ვაშაძე და სხვა „ვაშა კაცი“ თუ „ვაშა ქალი“ ე.წ. პოლიტიკოსები ამას არ ეთანხმებიან და ალბათ, გააპროტესტებენ, მაგრამ თუ შეთქმულებაში შევლენ, ბოლოს აუცილებლად დათანხმდებიან. რადგან მთვარი პირობა ეს არის - ძალაუფლება ჯერ „ოცნებას“ უნდა წავართვათ და მხოლოდ ამის მერე ერთმანეთში გავინაწილოთ. ხოლო განაწილებისთვის ტექნიკური მთავრობა გვინდა, რომელსაც სალომე შეგვიქმნის და მის უკან კი „დიდი იმედი“, აშშ დგას. სულ ეს არის.
ეს ქარტია არის გარედან თავს მოხვეული და მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიციასაც კი არ ენდობიან და ფსონი დადეს სალომეზე? აშკარად ჩანს, რომ დასავლეთის მიზანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, რადგან ოპოზიციის გაერთიანება ვერ შეძლეს, დაქსასულები არიან, ამიტომ, ეყრდნობიან პრეზიდენტს, რომელსაც მიანიჭეს ძალა-უფლება? მაგრამ, სწორედ აქ არის პრობლემა - არ იცნობენ ქართულ მენტალობას და რეალურ ვითარებას, იმ ზურაბიშვილზე დებენ ფსონს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მას არაფრად აგდებს...
- სალომე შეთქმულების მენეჯერად აირჩიეს ორი მიზეზით - მისი დასავლური წარმომავლობის გამო და ასევე იმიტომ, რომ იგი ერთადერთია, რომელსაც ფორმალურად მაღალი ლეგიტიმაცია აქვს. ასე თუ ისე - სახელმწიფოს მეთაურია. ქართველთა უმრავლესობას იგი არც უყვარს და არც ეზიზღება, უფრო პირიქით: სწორედ მას ეზიზღება ქართველთა უმრავლესობა, თორემ თავის ქვეყანას შეთქმულებას არ მოუწყობდა!