მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში წულუკიანი არ მონაწილეობს

მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში წულუკიანი არ მონაწილეობს

მთავარი პროკურორის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. კანონი, იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევისას განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ანიჭებს.

თუმცა, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუშაობს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მისთვის უცნობია რომელ გვარებზე შეიძლება იყოს საუბარი. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძე ისე დანიშნა, რომ იუსტიციის მინისტრი საქმისს კურსში არ იყო. მაშინ, თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ის პრემიერის არჩევანს მთლიანად ენდობა, თუმცა, აქვე დასძენდა, რომ ფარცხალაძეს არ იცნობდა. ფარცხალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, წულუკიანს კომენტარი არც მისი გადაგომის შემდეგ გაუკეთებია. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი მთავარი პროკურორის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს შორის კონსულტაცია არ გამართულა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და ახალი მთავარი პროკურორი უახლოეს დღეებში დასახელდება. თუმცა, ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის თანამდებობას, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. პრემიერს არც ის დაუსახელებია ვისთან გადის კონსულტაციას.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორის პოსტს, ამავე უწყების მაღალჩინოსანი, ირაკლი შოთაძე დაიკავებს. თეა წულუკიანი ამ კანდიდატურას მხარს, მისი წარსულიდან გამომდინარე არ ეთანხმება, ვინაიდან ირაკლი შოთაძე ხელს აწერს საბრალდებო დასკვას, რომლის მიხედვით, გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა შეეფარდა.

რატომ არ მონაწილეობს იუსტიციის მინისტრი კონსულტაციაში, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურში. კომენტარს არ აკეთებენ არც უმრავლესობის წევრები.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი ტრადიციულად ტელეფონს არ პასუხობს. ა-რ წევრების განცხადებით, ამგვარი განცხადება მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იუსტიციის მინისტრის მონაწილეობას მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ფორმალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რითაც აკნინებს კანონის შინაარსს.

მათივე განცხადებით, კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ იუსტიციის მინისტრმა თავად აიღოს პასუხისმგებლობა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. ა-ო პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს.

„პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი მონაწილეობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში არის გარანტია აღნიშნულ თანამდებობაზე ისეთი პირის დანიშვნისა, რომელიც მორალურად და პროფესიულად შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას.

იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან კი ირკვევა, რომ, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, იგი ჩამოცილებულია მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განზრახული აქვს, ერთპიროვნულად შეარჩიოს კანდიდატი, რომელიც მთავარი პროკურორის თანამდებობას დაიკავებს“, - ნათქვამია ა-ო განცხადებაში.