ახალი დაპირება: კურსი 1,7-სა და 1,8-ს შორის იქნება

ახალი დაპირება: კურსი 1,7-სა და 1,8-ს შორის იქნება

ხელისუფლება ლარის კურსის დასტაბილურების პირობას კიდევ ერთხელ დებს, მაგრამ ვადებს არ ასახელებს. სპეციალისტები კი უკვე ფიქრობენ, რომ საქმე ძალიან რთულადაა, რადგან „კურსის გაუფასურებას ფასების გაზრდა და ქვეყნის გაღარიბება მოჰყვება“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ინსტრუმენტი, რათა მნიშვნელოვან ინფლაციას ადგილი არ ჰქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის განცხადებით, თუ ინფლაციაზე სერიოზული გავლენა იქონია ლარის კურსის ცვლილებამ, ისინი ინტერვენციას მოახდენენ და ეს საკმარისია, რათა პანიკის საფუძველი არ იყოს.

„ლარის კურსის ცვლილება ბუნებრივი პროცესია და იმ ინვესტიციების გათვალისწინებით, რისი განხორციელებაც წელს საქართველოში იგეგმება, ხელისუფლება ფიქრობს, რომ საგანგაშო არაფერია“, - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის პროგნოზით, ლარის კურსი 1.7 და 1.8 ნიშნულის ფარგლებში იქნება და ამ პროცესს ბაზარი დაარეგულირებს. იგი ვარაუდობს, რომ 2014 წლიდან ყველა ძირითადი მაკროეკონომკური მაჩვენებელი დადებითი იქნება. წელს ეკონომიკა 5-6%-ით გაიზრდება და ლარის კურსიც დასტაბილურდება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

დეპუტატის განცხადებით, ინვესტორები შემოდიან და იწყება სერიოზული პროექტები. ასეთი ოპტიმიზმის ფონზე ონოფრიშვილს სრულიად სხვა საფიქრალი უჩნდება - ლარის კურსი ზედმეტად არ გამყარდეს. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს.

„ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო ხელისუფლება არა საბჭოთა, არამედ საბაზრო ეკონომიკას აშენებს“, - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ონოფრიშვილი ამახვილებს ყრუადღებას, არის საქართველოდან 2013 წელს გასული დოლარის მასა. 2013 წელს საქართველო დატოვეს იმ ბიზნესკომპანიებმა, ვინც ჩათვალა, რომ ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება უსაფრთხო არ იყო:

„ამან გააჩინა დოლარისა და ლარის მასას შორის გარკვეული დისპროპორცია და მოხდა კურსზე ზეწოლა. ხდებოდა ლარის კურსის ზრდა დოლართან მიმართებაში. ის, რომ კურსი იყოს ფიქსირებული, დღეს ამას არავინ ცდილობს, რადგან ეს პროცესი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. თუ მოხდა ინფლაციის ზრდა და შესაბამისად გაიზარდა ფასები, მაშინ პროცესში ეროვნული ბანკი ჩაერევა და მოხდება ინფლაციაზე ზეწოლა“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპტიმიზმს არ იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები. გიორგი აბაშიშვილის აზრით, ლარის კურსი შეუქცევად ვარდნას განიცდის, რაც ძალზე დამაფიქრებელია.

„როდესაც ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და შემდეგ კურსი 4 დღის განმავლობაში ვარდნას აგრძელებს, ეს სხვა რამეზე მეტყველებს.

მე ვთხოვდი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელებს, რომ კურსის ვარდნაზე ადეკვატური განცხადება გაეკეთებინათ, თუმცა დღემდე ეს ასე არ გაუკეთებიათ. ვფიქრობ, უკვე შეინიშნება პანიკის ნიშნები და ძალიან მალე ინფლაციური მოლოდინის შექმნაა მოსალოდნელი მოსახლეობაში“, - აცხადებს აბაშიშვილი.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე კიდევ უფრო კატეგორიულია. მისი აზრით, კურსის გაუფასურების სწრაფი ტემპი ქვეყნისთვის საფრთხეების შემცველია და ეს მხოლოდ სპეკულაციების შედეგია.

„კურსის გაუფასურებას ფასების გაზრდა და ქვეყნის გაღარიბება მოჰყვება“, - ამბობს გიორხელიძე.