რუსეთის ორმაგი თამაში, რომელიც წინასაარჩევნოდ ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევის მცდელობაა - ასე აფასებენ ანალიტიკოსები for.ge-სთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცახდებას, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“. ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას თქვა, რომ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
ჯერჯერობით, ლავროვის განცახდებას მმართველი გუნდი არ გამოხმაურებია, ხოლო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნების“ წინასაარჩევნო პროპაგანდას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ, ლავროვმა ამ განცხადებით წერტილი დაუსვა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის წინსვლის ერთადერთი გზა არის წინ - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი მარიონეტ ჯიოევთან შეხვედრისას ასევე შეეხო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დისკუსიების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის თემას.
„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა ჩვენ ვნახავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ სახის შეხვედრის ორგანიზება“, - თქვა მან.
ლავროვი 4 ოქტომბერსვე მეორე მარიონეტს - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბასაც შეხვდა.
ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანის შესახებ ინიციატივებს მოსკოვი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი რამდენიმე თვეა აჟღერებენ. ვარიანტებად დასახელებული იყო მინსკი და ბაქო.
აღნიშნულთან დაკავშირებით თებერვალში განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის განცახდებები და ქცევა ნიშნავს იმას, რომ ის ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენა მოახდინოს. საყვარელიძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთს საკუთარი თამაშის წესები აქვს და საქართველოში სიტუაციის დაძაბვა და დაპირისპირება აწყობს.
„ლავროვის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცახდებები, თუნდაც ის, რომ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და აღუთქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკა არ გადაიხედება, ცხადყოფს იმას, რომ კრემლს საქართველოში თავისი თამაშის წესები აქვს. ისინი ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და პროცესებზე გავლენის მოხდენას. ამით კი ბათილდება ოპოზიციის ბრალდებები, რომ „ოცნება“ თითქოს და კრემლის ინტერესების გამტარია და მათი მოკავშირე ხელისუფლებაა. ლავროვმა, ფაქტობრივად, ბოლო დროს გაკეთებული განცახდებებით ეს სრულიად გააბათილა. თუმცა რუსები ამით ცდილობენ ოპოზიციას ფორა მისცენ და ის განცხადებები, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით „ოცნების“ მხრიდან კეთდებოდა, გაბათილებული იქნას.
კრემლი აკეთებს ასეთ რამეს - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებასთან ჯერ შემოაგდო რაღაცა თემა და გააჩინა გარკვეული მოლოდინი, შემდეგ კი როცა დაინახა, რომ ამას აფხაზეთში და ოსეთში ვენბათაღელვა მოჰყვა, ახლა მათი დამშვიდება დაიწყო. თითქოს აი, ნუ გეშინიათ, რაღაცა არასწორად გაიგეთ. ეს არის კრემლის კარგად ნაცადი ძველი ხერხი, რომლის იქითაც რა რეალობა იმალება კაცმა არ იცის. ამიტომ ის რაც საჯაროდ ჩანს, მაინც და მაინც არ მგონია იყოს დამაჯერებელი. რუსების ნდობა რომ დიდად არ შეიძლბა, ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდანაც კარგად ვიცით“,-ამბობს საყვარელიძე.
პაატა დავითაია კი ამბობს, რომ გამორიცხულია ქართულმა მხარემ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. დავითაია for.ge-სთან ფიქრობს, რომ ლავროვის განცხადებები გასაკვირი არ არის. მისი თქმით, რუსები არაფრის დამთმობები არ არინ, სანამ თბილისში სამხედრო კომენდატი არ ეყოლებათ.
„რუსებს მთლიანად საქართველო სურთ და ეს უნდათ სამხედრო კონტროლის სახით და არა რაიმე პოლიტიკური მოკავშირის ყოლა. რუსებმა ამ განცხადებებით იმ ილუზიას, რომ რაიმე სახის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოში შესაძლებელია, ხაზი გადაუსვეს. აფხაზები და ოსები დაამშვიდეს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება. ამიტომაც გვჭირდება ჩვენ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა, რომ ეს არაღიარების პოლიტიკა გარანტირებული იყოს. თუ ჩვენ დაპირისპირების რეჟიმში ვიქნებით დასავლეთთან და ევროკავშირთან, სიტუაცია კიდევ უფრო რთული იქნება არაღიარების პოლიტიკის კუთხით. მარტო პირისპირ რუსეთთან დარჩენა ძალიან დიდი რისკია, რადგან რუსეთი ყველაფერს გაააკეთებს, რათა აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას აღიარებინოს.
არაერთხელ მითქვამს, რომ ის ეიფორია, რაც ბოლო დროს ხდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ილუზია იყო. რუსები ვერ მოითმენდნენ და დიდხანს ჩუმად ვერ იქნებოდნენ. არ ყოფილა რუსეთის ისტორიაში ჯერ, რომ სამხედრო გზით ტერიტორიები წაუღიათ დაა ვინმესთვის მშვიდობიანად დაებრუნებინოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და იმ გზაზე სვლისკენ, რასაც ევროკავშირი და ევროატლანტიკური გზა ჰქვია. რუსების იმედად როცა ვიყავით, ყოველთვის გაგვყიდეს. ამათი ნდობა არ შეიძლება“, - ამბობს დავითაია.