სააკაშვილი - ფლეტჩერის სკოლის პირველი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე

სააკაშვილი - ფლეტჩერის სკოლის პირველი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე

საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იანვრიდან ფლეტჩერის სამართლის და დიპლომატიის სკოლაში პირველ „მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელედ“ იმუშავებს. 

მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის (Senior Statesman) პოზიცია ახალი იდეაა. მისი მიზანია სტუდენტებს ხელი მიუწვდებოდეთ საერთაშორისო მასშტაბის ლიდერებსა და სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსებზე, ამბობს ფლეტჩერის სკოლის დეკანი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი. 

„ჩვენი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ შევეცდებით ყოველ წელს რომელიმე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო პოლიტიკურმა ფიგურამ ითანამშრომლოს ფლეტჩერის სკოლასთან“, ამბობს იგი. 

სააკაშვილმა, რომელიც პრეზიდენტად მუშაობდა ორი ვადით 2004-2013 წლებში, დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სათავეში ედგა „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც გადადგომა აიძულა საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს. 

სააკაშვილი არ იმუშავებს სრული განაკვეთით ფლეტჩერის სკოლაში, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში ის სავარაუდოდ 3-4-ჯერ ეწვევა სკოლას ორივე სემესტრში. 

სტავრიდისის თქმით, სააკაშვილი დიდი ენთუზიაზმით ელოდება სტუდენტებთან თანამშრომლობას ფლეტჩერის სკოლაში, როგორც არაფორმალურ ასევე სასწავლო გარემოში. 

„მე მიყვარს სტუდენტებთან საუბარი“, თქვა სააკაშვილმა. „ყოველთვის მიყვარდა მათთან ლაპარაკი, აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის დროსაც“
კიევში, ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სააკაშვილი შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა სამართლის შესასწავლად, მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში და დოქტორის ხარისხი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 1995 წელს, მან მიიღო დიპლომი ადამიანის უფლებების სამართალში სტრასბუგის ადამიანის უფლებების ინსტიტუტში, საფრანგეთში. 

თავდაპირველად, სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში 1995 წელს აირჩიეს და ხუთი წლის შემდეგ ის ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გახდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის, მისი წინამორბედის მთავრობაში. 2004 წელს, უსისხლო რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილი ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ნაციონალური პრეზიდენტი და საქართველოს რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი გახდა. 

„თავისი პრეზიდენტობის დროს, [სააკაშვილმა] დრამატულად გააუმჯობესა ეკონომიკა, შეამცირა კორუფცია სახელმწიფოში და ის დასავლეთს, შეერთებულ შტატებს და ნატოს დაუკავშირა“, ამბობს სტავრიდისი. „ის პროფესიონალი დიპლომატია ძალიან პრობლემური პოზიციით პატარა ქვეყნიდან, და ძალიან კარგი საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის შემდეგ“ 

სტავრიდისის აზრით, სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მან საქართველოს გაუკეთა „ვარდების რევოლუციის“ მართვა იყო - ოცდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელიც დასრულდა საბჭოთა ეპოქის ტოტალიტარული პერიოდის ხელისუფლების დასრულებით. სააკაშვილი შესანიშნავად მართავდა რევოლუციის დროს აქციებს, რომელშიც 100 000 ზე მეტი დემონსტრანტი მონაწილეობდა.

„ამდენი ადამიანით უსისხლო რევოლუციის მოწყობა მართლაც აღსანიშნავი ფაქტია“, ამბობს სტავრიდისი. „ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება პირადად [სააკაშვილის] ხელმძღვანელობის და მისი ქარიზმატული ფიგურის დამსახურებაა“. 

ფლეტჩერის სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელის იან ჯონსთოუნის თქმით, სააკაშვილის გამოცდილება ძალიან ღირებული იქნება სტუდენტებისთვის და ფაკულტეტისთვის ფლეტჩერის სკოლაში. 

„[სააკაშვილი] ძალიან ცოცხალი ფიგურა იყო მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში და შესაბამისად ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა“, ამბობს ჯონსთოუნი. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის გაგვიზიარებს ამ გამოცდილებას და შეხედულებებს... შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე ავტორიტარულიდან დემოკრატიულ ხელისუფლებამდე ევოლუციის და ანტიკორუფციული ზომების შესახებ - ეს ყველაფერი მისი საპრეზიდენტო გამოცდილებაა“. 

სააკაშვილმა ფლეტჩერის სკოლა და „მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის“ პოზიციის დაკავება იმის გამოც არჩია, რომ სკოლა პრესტიჟულია, აქ ბევრი ფაკულტეტია და სტუდენტები მისი რეგიონით არიან დაინტერესებული, თქვა მან.

„ფლეტჩერის სკოლა მართლაც საუკეთესო სკოლაა თავის კატეგორიაში მსოფლიო მასშტაბით“, ამბობს იგი. „შემოთავაზება რამდენიმე შესანიშნავი უნივერსიტეტიდან მივიღე, რომელთაგან ზოგიერთი [შეერთებულ შტატებშია]. შეიძლება ძალიან კარგ უნივერსიტეტში იყო შეერთებულ შტატებში, მაგრამ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდეთ იმ რეგიონზე საიდანაც მე ვარ ან პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ. ფლეტჩერში ასე არ არის“. 

გარდა ფლეტჩერის კავშირებისა მის რეგიონთან, სააკაშვილი მოხიბლა ასევე სკოლის ხასიათმა და ინტელექტუალურმა ბუნებამ, თქვა მან. 

„რაც მომწონს ტაფტის უნივერსიტეტსა და ფლეტჩერის სკოლაში არის ის, რომ პირველ რიგში აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და ისინი რაღაცისკენ მიისწრაფვიან“, თქვა სააკაშვილმა. „ამ ადამიანებს [ფლეტჩერში] მართლაც სურთ წარმატების მიღწევა. მე ყოველთვის მინდოდა ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც წარმატებისკენ მიისწრაფვიან, სწრაფად მოქმედებენ უკეთესი ცვლილებებისაკენ. ვფიქრობ ერთად ამის გაკეთებას შევძლებთ“. 

ჯონსთოუნს სჯერა, რომ სააკაშვილი სკოლას კიდევ უფრო გააცოცხლებს და ინტელექტუალური სტიმული გახდება, როგორც ფლეტჩერის სკოლის, ასევე ტაფტის უნივერსიტეტისთვის ზოგადად. „გვიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ ინტერესს გააჩენს და მისი აქ ყოფნის დროს ბევრი საინტერესო დისკუსია და დებატი გაიმართება, იმ კრიტიკული როლის გათვალისწინებით, რომელიც მან ითამაშა“, თქვა ჯონსთოუნმა. „ვიმედოვნებ, რომ ფლეტჩერის სტუდენტებსა და ტაფტის სტუდენტებისათვის მისი აქ ყოფნა სასარგებლო იქნება“. 

სტავრიდისის აზრით ფასდაუდებელია სააკაშვილის პრაქტიკული გამოცდილებაც და მისი პირადი ხასიათიც. „[სააკაშვილი] ძალიან დინამიკური, ინტელექტუალური ადამიანია, რომელიც უდიდესი შენაძენი იქნება ჩვენი თანამეგობრობისთვის ფლეტჩერის სკოლასა და ტაფტის უნივერსიტეტში“, თქვა სტავრიდისმა.


foreignpress.ge