იქნება თუ არა სასულიერო პირი შუამავლი ბიძინა ივანიშვილსა და შტატებს შორის? - ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი ამერიკაში იმყოფებოდა და ის 3 ოქტომბერს ამერიკის მაღალჩინოსანთან, ო’ბრაიენთან შეხვედრას გეგმავდა. ვის მიერ არის წარგზავნილი მეუფე იაკობი ამერიკაში ან ჰქონდა თუ არა ბოდბელ მთავარეპისკოპოსს ამერიკაში გასამგზავრებლად პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, კვლავ უცნობია. სასულიერო პირს უცხოეთში გასამგზავრებლად საპატრიარქოს ნებართვა სჭირდება.
მეუფე იაკობმა რამდენიმე კვირის წინ ქადაგებაში თქვა, რომ ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა. ბოდბელმა მთავარეპოსკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ „ამერიკელები მარტივად მოსალაპარაკებელი ხალხია“.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და CDD-ის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა 3 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ჯიმ ო’ბრაიენს მართლაც შეხვდა. შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30-ზე, თბილისის დროით კი 19:30-ზე იყო ჩანიშნული და ის მედიისთვის დახურული იყო.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პლატფორმა X-ზე ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ გაავრცელა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე კი უკვე შემდეგ გამოჩნდა, რომ შეხვედრა ოფიციალურად იყო დღის წესრიგში ჩასმული. უცნობია რაზე ისაუბრეს სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელმა და მეუფე იაკობმა დახურულ შეხვედრაზე, სანამ მეუფე ამის შესახებ განმარტებას თავად არ გააკეთებს.
„მეუფე იაკობის ვიზიტი აშშ-ში საპატრიარქოს ორგანიზებული არ არის“ - ამბობს მედიასთან პროპტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძე.
„ეს საპატრიარქოდან არ არის ორგანიზებული. არკვევენ ახლა, ალბათ, დაუკავშირდებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები“, - თქვა ზვიადაძემ მედიასთან საუბრისას.
თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამ ეტაპზე დუმს. ის მედიის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შესაბამისად, უცნობია ბოდბელი მიტროპოლიტის ვიზიტის მიზანი.
თავად ბოდბელ მიტროპოლიტთან დაკავშირებაც ვერ მოხერხდა.
„ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დალაგება ყველას პასუხიმგებლობაა. თუმცა „ოცნების“ რიგებში ისეთებიც არიან, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკასთან დასალაგებელი არაფერია.
„არ ვარ საქმის კურსში, ვერ გეტყვით, ჩვენ ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა იყოს კარგი და ეს დალაგდება. ქვეყანა არის ეროვნულ-ბეროვნული ისტორიულად და ამას ნუ ვუღალატებთ. საოზგადოება არის მთელი თავის განწყობაში. ყველა უნდა ზრუნავდეს ქვეყანაზე“, - ამბობს ლადო კახაძე მედიასთან საუბრისას.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილს მეუფე იაკობი ამერიკაში შუამავლად გაეგზავნა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, მეუფე იაკობი ამერიკაში იყოს და ჰქონდეს თუნდაც ო’ბრაიენთან შეხვედრა, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი ამხელა პრობლემებს მეუფეს დონემდე გადასაწყვეტად გახდიდა.
„მეუფე იაკობი არ არის პოლიტიური ფიგურა, ეპისკოპოსობა არაფერს შველის. ეჭვი მეპარება და არ მგონია, რომ ივანიშვილმა მეუფე საკუთარი უფლებების დასაცავად ამერიკაში გაგზავნა. სასულიერო პირს არა აქვს არანაირი არც გავლენა და არ იმ წონადობის ფიგურაა, რომ თუნდაც ამერიკელებმა ასე ღიად ამ პრობლემებზე მასთან ისაუბრონ. პოლიტიკოსისთვის მეუფე ძალიან არალეგიტიმური ფიგურაა. ამერიკელები პოლიტიკას ამ დონემდე არ უდგებიან. იქ არსებობს საქართველოს საელჩო, ასევე არსებობენ თუნდაც ისეთი გავლენიანი ბიზნესმენები, ან სხვა უფრო წონადი ფიგურები, რომელთა მეშვეობითაც ივანიშვილს ამერიკელებთან კონტაქტი შეუძლია.
თავად საელჩოში არიან ადამიანები, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაციასთან, თუნდაც ო’ბრაიენთან აქვთ ასეთი კომუნიკაცია. ამიტომ მაინც და მაინც ახლა ივანიშვილს რატომ უნდა გასჩენოდა სურვილი, რომ მეუფე ამერიკაში გაეშვა? თუ ივანიშვილს ო’ბრაიენთან შეხვედრა სურდა, ის აქ იყო ჩამოსული და თავისუფლად შეეძლო დალაპარაკებოდა. არა მგონია ასეთი ფორმით ივანიშვილმა ამერიკელებთან საქმის მოგვარება დაიწყოს. მე არავის ვაკნინებ, მაგრამ მეუფე არ არის ის ფიგურა, ვისზეც ახლა ივანიშვილი იმედებს დაამყარებს. ივანიშვილი პირადად არ შეხვდა აგერ ჩამოსულ კაცს და ახლა მეუფეს აბარებს რაღაცებს და გადაეცი ასე და ისეო, - ცოტა არასერიოზული დისკუსია მგონია. კობახიძეს არ შეხვდნენ ოფიციალურად და ახლა მეუფეს შეხვდება ვინმე? მე მაინც ვფიქრობ, რომ კობახიძეს კარს მიღმა მაინც შეხვდნენ და აქ რაღაცა ინფორმაცია ჩამოიტანა. რაღაცა სხვა რიტორიკა შეიმჩნევა მის განცხადებებში. სრულიად სხვა კომენტარებს აკეთებენ ახლა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ამერიკაში საკმაოდ ბევრი ადამიანია უფრო მაღალი ლეგიტიმურობის მქონე, ვისთანაც ივანიშვილს ადმინისტრაციასთან ნებისმიერი სახის კონტაქტი შეუძლია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მართლა არ არის ისე სიტუაცია, რომ მეუფეს იმედად იყოს ვინმე და საერთოდ, კომუნიკაცია იყოს გაწყვეტილი.
„ამერიკაში საქართველოდან ინფორმაციის მიტანის და გაცვლის პრობლემა არაა. რამდენად იაკობია ამისთვის აუცილებელი, მე ამაში ეჭვი მეპარება. არც აქედან გაუშვეს პოლიტიკური ემისრობისთვის და არც ისინი მიიღებენ პოლიტიკაზე სასაუბროდ. მე უფრო მგონია, რომ ეს დროში დაემთხვა და ამას პოლიტიკური კონტექსტი მიეცა. ზოგადად, ამერიკა დაინტერესებულია მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციებით რუსეთთან დაკავშირებით, მით უმეტეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები აინტერესებთ, სადაც ეკლესიებში რუსეთის საპატრიარქოს გავლენები ჩანს. ჩვენ ვიცით მეუფე იაკობის დამოკიდებულება რუსეთთან და რუსებთან დაკავშირებით. ვნახეთ ეკლესიაში რუსები რომ არ შეუშვა. მე, რა თქმა უნდა, ამას არ ვემხრობი და ქრისტიანობას არა აქვს ეროვნება, თუმცა ეს იქით იყოს. მეუფის პოზიციები ცნობილია ამერიკელებისთვის. ის იქ პირველად არ იმყოფება და არა ერთხელ ჩასულა. ამიტომ მე მაინც ეს ინტერესი მგონია თუნდაც ო’ბრაიენის მხრიდან და არ ვემხრობი ვერსიას, რომ ვითომ ივანიშვილმა ის ამერიკელებთან მოსალაპარკებლად გაგზავნა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.