ნაციონალები კეზერაშვილის ფულს მისტირიან და საფრანგეთს შველას სთხოვენ

ნაციონალები კეზერაშვილის ფულს მისტირიან და საფრანგეთს შველას სთხოვენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პარტიის ფინანსების მომძიებელი იყო, თუმცა, უმცირესობა ირწმუნება, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რა გზით გახდა მილიონერი.

for.ge დავით კეზერაშვილის „გამილიონერების“ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის საფრანგეთის მთავრობისადმი წარგზავნილ წერილში პარტიის „ხერხემლად“ წარმოაჩინა.

უმცირესობის შეფასებით, მარსელის ციხეში მყოფი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს, რათა მათი შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ამჟამინდელი პატიმრობა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივობების დაფინანსების მნიშვნელოვან შემცირებას და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის წართმევას ნიშნავს.

„დავით კეზერაშვილის გარეშე, ფინანსების მოძიების აქტივობები და ჩვენი პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, საფრთხის ქვეშაა. პარტია პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას ვეღარ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფრანგი სამართალდამცველების იმედი გვაქვს, რომ ექსტრადიციაზე უარს განაცხადებენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ მოთხოვნაზე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ დავით კეზერაშვილის პატიმრობაში დარჩენით. შესაბამისად, ურყევად ვაცხადებთ, რომ საფრანგეთში არსებული რეგულაციების თანახმად, ის გირაოს საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს, იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური აქტივობის საშუალება მიეცეს. დავით კეზერაშვილის მიერ პატიმრობაში ყოველი გატარებული დღე „ნაციონალურ მოძრაობას“ სირთულეებს უქმნის იყოს ლეგიტიმური და დემოკრატიული ოპოზიციური ძალა - საქართველოში“, - აღნიშნულია პარტიის მიერ მომზადებულ წერილში.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფრანგული მხარე და მოხდება თუ არა დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, საინტერესოა ის, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პარტიაში ჩარიცხული ფინანსებით თუ რატომ არ ინტერესდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, for.ge-სთან საუბარში, უმცირესობის ლიდერები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ პარტიაში ფული კეზერაშვილს მიჰქონდა, თუმცა, მათ არ იციან ის, თუ როგორ გახდა მილიონერი კეზერაშვილი.

გიგი წერეთელის ცნობით, ბოლო პერიოდში, კეზერაშვილი ბიზნესით იყო დაკავებული და ეს არ იყო საიდუმლო ინფორმაცია.

„კეზერაშვილი პარტიის მთავარი დამფინანსებელია თუ არა, ეს არ ვიცი და ვერც იმას გეტყვით, თუ როგორ გახდა მილიონერი. თუ კითხვები იქნება, მას პასუხს თავად კეზერაშვილი გასცემს. მართალი გითხრათ, რთულია მილიონერობა და მილიარდელობაც. თავის დროზე, შეიძლება, ვიღაცა უცებ გამდიდრდა, მაგრამ ეს არ ვიცი. ამასთან, როგორც დასტურდება, არალეგალურ ბიზნესზე საუბარი არ არის, მაგრამ დეტალები არ ვიცი. თეორიულად შეიძლება ადამიანმა ფული იშოვოს, მაგრამ მილიონის შოვნა მართლაც ძნელია. თუ როგორ გახდა მილიონერი და თუ რა ბიზნესი აქვს კეზერაშვილს, ეს გაცილებით უკეთ მან იცის. ვიცი, რომ მან საქართველოში „გალფი“ შემოიყვანა, მაგრამ ბიზნესს საკითხებზე მასთან არასოდეს მისაუბრია“, - განუცხადა for.ge-ს წერეთელმა, რომლის მსგავსადაც დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილის ბიზნესს აქტივობების ექსპერტად, ის ვერ გამოდგება.

დარჩიაშვილის ინფორმაციით, კეზერაშვილი პარტიის ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერია, რადგან ის იყო პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ის არის ბიზნესს წრეებთან პარტიის ინტერესების ადვოკატი და მათი ხელშემწყობი.

„ეს 2008 წლიდან ასე ხდებოდა. იცით, რომ ის ახალგაზრდა კაცია, რომელიც საკმაოდ ენერგიულია და მას ჰქონდა ისრაელის მოქალაქეობა. ამასთან, მას ისრაელში ბიზნესს კონტაქტები ჰქონდა და ბიზნესის კუთხით, აქტიური აღმოჩნდა. ის, რომ თითქოს, მან ვიღაცეებს ქონება წაართა, ეს სასამართლოში გამოჩნდება, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ მას ვიღაცისთვის რაიმე წაერთმია და სახელმწიფოს ხარზე თავისი ბიზნესი გაეკეთებინა. ის ფაქტი, რომ მმართველი პარტიის ლიდერი იყო, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მისდამი საერთაშორისო ბიზნესს ინტერესს აძლიერებდა, მაგრამ აქ არაფერზე მეტყველებს სახელმწიფოს თანხების მითვისება და გაფლავა. ძალიან ხშირია, როცა მაღალი თანანმდებობის პირები მოგვიანებით წარმატებული ბიზნესმენები ხდებიან“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა, რომელიც „მონაჭორს“ უწოდებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის ინფორმაციას, რომ კეზერაშვილი ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობდა.

ოპოზიციონერის შეფასებით, ეს ინფორმაცია არის სრული ბოდვა, რაც სასამართლოში დამტკიცდება.

თუ როგორ და რა გზით გახდა მილიონერი კეზერაშვილი, ამის თაობაზე არაფერს ამბობს მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ თუ საიდან ჰქონდა ფული კეზერაშვილს, ამას თავად იტყვის და დაასაბუთებს.

კანონმდებელის განცხადებით, ქონების წარმომავლობის შესახებ კეზერაშვილს დოკუმენტები აქვს და ამაზე სასამართლო სხდომაზე თავად ისაუბრებს.

„ვადასტურებ, რომ ის იყო პარტიის აქტიური წევრი და მას შემდეგ, რაც ის თავდაცვის მინისტრი აღარ იყო, თანხების მოზიდვაში გვეხმარებოდა. ამას გარდა, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია deloitte-ის დასკვნა გასაჯაროვდა და როცა, ადამიანს უკანონო შემოსავალი აქვს, ის ამ კომპანიას აუდიტის ჩატარებას არ დაუკვეთავს, ეს გამორიცხულია. ამდენი ტვინი ყველას უნდა ჰქონდეს, რომ ამას მიხვდეს. მითუმეტეს, მას ეს დოკუმენტი საფრანგეთის სასამართლოში სჭირდებოდა, სადაც დაუსაბუთებელ ქონებასთან დაკავშირებით, მკაცრი კანონები მოქმედებს, თუ ვინმემ დოკუმენტები არ წარადგინა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბარში მაჭავარიანმა, რომელიც საფრანგეთის მთავრობისადმი წარგზავნილ წერილს ეხმაურება და თანაგუნდელების მსგავსად აცხადებს, რომ წერილს გრიფი „საიდუმლო“ არ ედო და ის საფრანგეთში კეზერაშვილის ადვოკატებს გაუგზავნეს.

თანაპარტიელების მსგავსად, ლევან ბეჟაშვილი ინფორმაციას არ ფლობს თუ როგორ გახდა მილიონერი კეზერაშვილი, თუმცა, კანონმდებელი „ლეგენდას“ და „სისულელეს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა.

დეპუტატის შეფასებით, საფრანგეთის სასამართლო საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხს იხილავს და არანაირ იარაღის საერთაშორისო უკანონო ბრუნვასა და ვაჭრობაზე საუბარი არ არის.

„ეს ცალკეული პიროვნებების გამოგონებაა“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი, რომლისგან განსხვავებითაც, მისი ოპონენტები ეჭვებს გამოთქვამენ, რომ წლების განმავლობაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფოს კუთვნილი აქტივების ხელში ჩაგდების გზით დიდძალ ქონებას აგროვებდნენ.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო და მის გარშემო განვითარებული პროცესების გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კიდევ ერთი ძალიან ცუდი დილა გაუთენდათ.

„ის, რომ სააკაშვილი ითხოვს, კეზერაშვილის ექსტრადირება არ მოხდეს, აღვივებს ეჭვებს, რომ რაღაც დაკავშირებულია ფინანსებთან. კეზერაშვილის საქმით მხოლოდ ჩვენი ქვეყანა არ არის დაინტერესებული. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მის არალეგალურ საქმიანობასთან, ბიზნესაქტივობასთან და სხვადასხვა პროდუქციით მის სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან მალე, მოსახლეობა და საერთაშორისო თანამეგობრობა გაიგებს თუ რასთან გვაქვს საქმე. კეზერაშვილის თემა, ძალიან აქტუალურია და ეს არის სკანდალი. ეს არის იმის მტკიცებულება, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდ ქონებას აგროვებდნენ და ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო აქტივების ხელში ჩაგდებას. რაც შეეხება კეზერაშვილის მხრიდან სხვადასხვა ბიზნესმენებზე განხორციელებულ ზეწოლას, მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა, პრემიერი ვერ აკონკრეტებს იმას, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, მან პოლიტიკოსების მოსაზრებებები მოისმინა, რომ კეზერაშვილის კაპიტალი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან.

„ჩემი მხრიდან ამის თქმა, არასერიოზული იქნება. ამას მტკიცებულებები სჭირდება. მოხდება თუ არა მისი დაკითხვა, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ამას გამოძიება გამოკვეთავს. პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ არცერთი შეკითხვა არ გაჩნდეს“, - დასძინა პრემიერმა.

თუ რა გზით იშოვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მილიონები, ამას სავარაუდოდ, გამოძიება დაადგენს, თუმცა, deloitte-ის დასკვნის მიხედვით, Future products company-ს შვილობილი ერთ-ერთი კომპანიაა „FPC“, რომლის 100-პროცენტიანი დამფუძნებელი და მეწილე არის კეზერაშვილი. ამასთან, დასკვნით ირკვევა, რომ 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, სეიშელის კუნძულებზე კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე კაპიტალის ბრუნვამ მილიარდი დოლარი შეადგინა. დასკვნის თანახმად, შვილობილი კომპანიები დარეგისტრირებული იყო გიბრალტარის, ბაჰამისა და სხვა კუნძულებზე და მას შემდეგ, რაც 2009 წელს „FPC“-მა საქმიანობა დაიწყო, მისმა ბრუნვამ 870 228 დოლარი შეადგინა, ამავე წელს თანხების ბრუნვა 103 311 883 დოლარამდე გაიზარდა და 2010 წელს 795 245 102 დოლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 14 ოქტომბერს, ქართველი სამართალდამცველების ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე, დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააპატიმრეს და ის ამ დრომდე, პატიმრობაში რჩება. ქართული მხარე მას სპირტის ბიზნესიდან დიდი თანხების მიღებასა და ტელეკომპანია „იმედის“ მითვისებას ედავება.